პოლიტიკა

რატომ არიან ახალგაზრდები ყველაზე იოლად გამოსაყენებელი გარე დაინტერესებული ძალებისთვის ქვეყნის ასარევად

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

ფაქტია, რომ მოზარდები და, ზოგადად, ახალგაზრდები ყველაზე მსუყე სამიზნე ჯგუფია მავნე ზეგავლენებისთვისაც და დაინტერესებული უცხო ძალებისთვისაც, რომ მათზე გავლენით ქვეყანაზე მოიპოვონ ზეგავლენა და ქვეყანაში მათთვის სასურველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები გამოიწვიონ. რაც მთავარია, ახალგაზრდებზე მავნე და დამანგრეველი ზეგავლენა ქვეყნის დასუსტებისა და დანგრევის ძალიან ეფექტიანი გზაცაა, იმიტომ, რომ, თუ ჯანსაღი მომავალი თაობა არ ეყოლება, არც ქვეყანას ექნება მომავალი. ამ თემაზე თავის მოსაზრებას ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი გაგვიზიარებს.

– რატომ არის ყველაზე მოწყვლადი, სუსტი თუ მგრძნობიარე ჯგუფი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, თუკი ოჯახებისგან მოშორებით ცხოვრობენ, გარემოს თუ უცხო ქვეყნის დაინტერესებული ჯგუფების, ანუ სპეცსამსახურების გავლენისადმი და რატომ არიან ახალგაზრდები ყველაზე იოლად სამართავები გარემოს მიერ?

– ასაკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაცილებით მოწყვლადი არიან ბავშვები, „თინეიჯერები“, გამოცდილების მქონე და რეალობის, გარემოსა და საკუთარი თავის მცოდნე მომწიფებული საზოგადოებისგან განსხვავებით, ვინაიდან სიმყარე, ავთენტობა და ხედვები და მოთხოვნილებები, რომლებიც ადამიანს აქვს, მოდის, ერთი მხრივ, იმ მყარი განწყობიდან, რომელიც მას უყალიბდება ცხოვრებაში და, მეორე მხრივ, გამოცდილებიდან. ფსიქოთერაპიაში, ფსიქოლოგიაში კიდევ უფრო მეტსაც ამბობენ, რომ ჩვენ საკუთარ გამოცდილებაზე ვდგავართ და არა სხვის აზრსა და სხვის შეხედულებებზე. ამდენად, „თინეიჯერები“ ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან გარე ზეგავლენისადმი, თუ რას ამბობს გვერდში მყოფი; რას ამბობს მოდა, მეზობელი, მეგობარი, თანატოლი. ესე იგი, „თინეჯერობის“ ასაკი განსაკუთრებით მოწყვლადია გარემოსა და მისი თანატოლი საზოგადოების ზეგავლენისადმი; ასევე, მოდისადმი, რომელიც ყოველ თაობას თავისი აქვს და ის მოაქვს იმ სიტუაციასა და გარემოს, რომელშიც ტრიალებს მოზარდი და ხშირად რადიკალურად განსხვავდება წინა თაობის შეხედულებებისგან. მეორე მიზეზია გამოცდილების არქონა. და აი, ეს არის „თინეიჯერების“ ყველაზე მწვავე პრობლემა. საკუთარი გამოცდილების არქონა ძალიან მოწყვლად და მყიფეს ხდის მის ორიენტაციას რეალობაში. ამიტომ ისინი უფრო ხშირად გარემოს უყურებენ, თუ როგორ იქცევიან სხვები, რომ გაიმეორონ და „თეთრი ყვავები“ არ იყვნენ თავიანთ თანატოლებში. ის, რომ რაღაც ჯგუფს მიეწერება, ძალიან დიდი შვებაა ახალგაზრდისთვის.

– ესე იგი, პასუხისმგებლობის მოხსნაა მიზეზი იმისა, რომ მოზარდს სურს, გარემოს დაემსგავსოს?

– ასე ვიტყვი, არ აქვთ საკუთარი გამოცდილება და, აქედან გამომდინარე, ურთულდებათ, განასხვავონ რეალობის ფერები. ფერებში ვგულისხმობ იმას, თუ რა არის და არ არის მისაღები, რა არის სწორი თუ არასწორი. ხშირად ეს შეფასებები მოდის გარემოს, თანატოლებისა და მოდისგან. ამიტომაც გარემო ყველაზე ძლიერად სწორედ „თინეიჯერებზე“ მოქმედებს.

– რატომ ვერ ახერხებს გავლენას ოჯახი, ან ქვეყნის შიგნით რაღაც იდეოლოგია? ვიცით, რომ ახალგაზრდებს ხშირად იყენებენ გადატრიალების მომწყობი ბირთვის შესაკვრელად. ფერადი რევოლუციების ტალღა სწორედ ახალგაზრდების აყოლიებით იწყებოდა და მათთვის რატომ არის ავტორიტეტული გარეშეს, უცხოს სიტყვა, იმდენადაც კი, რომ ხშირად ზომბებივით იქცევიან?

– 12 წლამდე, ანუ „თინეიჯერობის“ ასაკამდე ბავშვებისთვის ავტოროტეტია მშობლები და საკუთარი გარემო, ანუ ოჯახი, პირდაპირ კალკირებული აქვს იქ გამეფებული შეხედულებები. 12 წლამდე ბავშვი მოკლებულია გამოცდილებას და ვერ არჩევს, რა არის კარგი და ცუდი იმ შეხედულებებიდან, რასაც აკოპირებს ოჯახიდან და გარემოდან, მაგრამ 13 წლიდან მათ განვითარებაში იწყება ახალი პერიოდი და ავტორიტეტი ხდება არა ოჯახის წევრი ან მშობელი ან, ზოგადად, უფროსი, არამედ თანატოლი, ანუ იმავე ასაკის მეგობრების წრე. შემოდის გარემო, ფაქტობრივად, მისი ასაკის საზოგადოება და ამ გარემოსადმი იგივე დამოკიდებულება უყალიბდება, რაც მანამდე ჰქონდა ოჯახისადმი და, შესაბამისად, ნეგატიური ხდება ოჯახისადმი. იმის საპირისპიროს ამბობს, რასაც ოჯახში ამბობენ მშობლები და ყოფილი ავტორიტეტები. დამოუკიდებლობის შეძენის გამო იწყება ერთგვარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა. ამდენად, „თინეიჯერს“ უკვე უჩნდება იმ პროტესტის გამოხატვის სურვილი, რაც მასშია დაგროვილი იმ დამყოლობის გამო, რომელიც 12 წლამდე ბრმად ახასიათებდა. ახლა უკვე ბრმადვე უჩნდება პროტესტი და საპირისპირო აზრებს გამოთქვამს, იმ აზრებს, რაც ტრიალებს მისი თანატოლების გარემოში. ამ დროს იწყება იმ ტიპის ქცევები, როგორიც არის, მაგალითად, სიგარეტის მოწევა ალკოჰოლის გასინჯვა, ნარკოტიკის მოხმარება და სხვა ანტისაზოგადოებრივი ქცევები. ესე იგი, ყველაფერი ის, რაც 180 გრადუსითაა იმის საწინააღმდეგო, რასაც მანამდე აკეთებდა და ამბობდა. ამავე დროს შემოდის ისეთი მოდაც, რაც გაუგებარი იყო წინა თაობისთვის. მაგალითად, თუ მანამდე ვიწრო შარვლებს იცვამდნენ, ახლა შეიძლება, ეგრეთ წოდებული, შლაქსები ჩაიცვან; იცვლება მუსიკაც და ეს მუსიკა იმ მუსიკაზეა პროტესტი, რომელსაც მანამდე უსმენდნენ. ჩვეულებრივ, ეს არის უცხოსადმი დამყოლობა და ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა საქართველოში. ეს ჩანს ჩვენს ენაშიც, უცხო ნიშნავდა ძვირფასს, სანაქებოს, ღირებულს, მნიშვნელოვანს. საბჭოთა კავშირის დროს ეს კიდევ უფრო გამოიკვეთა, როდესაც დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად გახდა სამოთხის გამომხატველი, ხოლო საბჭოთა კავშირი იყო ჯოჯოხეთი. რკინის ფარდის იქით ყველაფერი საუკეთესო იყო: საღეჭი რეზინა, ჯინსები, როკენროლი და ეს ასოცირდებოდა თავისუფლებასთან.

– ვერაფრით ვიგებ, რატომ არის თავისუფლების საზომი, რამდენად გახდილი ვარ მე, ანუ ქალი.

– ესეც იმ დასავლურ ღირებულებებს უკავშირდებოდა. და ამ ყველაფერმა: სექსმა, ნარკოტიკებმა, როკენროლმა თავისი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის დანგრევაში და, მეორე მხრივ, გაჩნდა ახალი სენი: ნარკოტიკები. სექსუალური თავისუფლებაც იმავეს გამოხატავდა. მაგალითად, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ქალის ჩაცმულობის სრულიად სხვანაირი მოდა იყო და 60-იანი წლების ნიავმა საქართველოშიც შემოაღწია. ახლაც ჩაცმულობა უკავშირდება ქალის თავისუფლების თემას, რაც კულტივირებულია დასავლურ საზოგადოებაში. თავისუფლების კულტივირება „თინეიჯერებისთვის“ საშიშია, იმიტომ რომ უამრავი რამ მოიფიქრა იმავე დასავლურმა საზოგადოებამ, მაგალითად, სიგარეტის სლოგანიც არის, რომ, თუ თავისუფალი, ესე იგი, დამოუკიდებელი ხარ, მაშინ უნდა გააბოლო და „თინეიჯერი“ ყიდულობს სიგარეტს, რომ იყოს თავისუფალი. ანუ ინდუსტრია იყენებს ამ მექანიზმებს და „თინეიჯერი“ ადვილად ექცევა პროპაგანდისა და ზეგავლენის ქვეშ.

– და რა შეიძლება, მოიმოქმედოს ამის გასანეიტრალებლად ოჯახმა?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „თინეიჯერს“ ჰყავდეს ისეთი გარემოცვა, ანუ ოჯახი, რომ ის ადვილად არ ჩაითრიოს ცდუნების მოდურმა ინსტიტუტებმა და უამრავი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, ჩაითრიოს. დღეს ნარკომანია ძალიან დიდი სენია საქართველოში გოგონებსა და ვაჟებს შორის... კრიმინალური ქცევებიც, ანტისოციალური ტენდენციებიც...

– და რატომ ვერ ერევიან ამას მშობლები?

– ჯერ ერთი, იმიტომ რომ სოციალურად ეს ეტაპი უკვე გავლილია და ახალი ეტაპი მოდის, რომელშიც ეს შეუძლებელია, ამიტომ მშობელმა უკვე სხვანაირად უნდა მოახერხოს, უკვე მეგობრული გარემოს მეშვეობით, რადგან მას თავად აღარ აქვს ძველებური ძალაუფლება შვილზე და მხოლოდ შესაბამისი გარემოს შექმნით შეუძლია მისი აღზრდა. ესე იგი, უნდა შეუქმნას ისეთი გარემო, რომ არ ჩაადენინოს კრიმინალური, ანტისოციალური თუ თვითდამაზიანებელი ქცევები. მშობლის მიზანი უნდა იყოს, შეუქმნას ისეთი სამეგობრო წრე, რომ მათთან ყოფნით ჰქონდეს გავლენა; რომ იმ წრისგან მოდიოდეს ფასეულობები, რომლებიც მართლაც გაამდიდრებს მოზარდს და არ იქნება დამღუპველი მისთვის. როგორ გარემოშიც მოხვდება მოზარდი, ფაქტობრივად, ის აღიბეჭდება მასზე და ამიტომ შვილზე ზრუნვა ნიშნავს ისეთ გარემოში მოხვედრას, რაც მის პიროვნულ ზრდას შეუწყობს ხელს. სადაც კულტივირებული იქნება სპორტი, კულტურული ღირებულებები, რომლებიც ავითარებს უნარებს და აძლევს მოზარდს თავისი ნიჭის გამომჟღავნების საშუალებას, როგორიცაა მუსიკა, ლიტერატურა, რაღაცის წერა ან მეცნიერული ტენდენციები. მაშინ მოზარდი უკვე იმ გარემოს მიჰყვება, სადაც, ასევე, იქნება კონკურენციაც, ვინ უფრო კარგი სპორტსმენი გამოდგება, ვინ უფრო კარგი მწერალი ან პოეტი იქნება და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც, თუ მოზარდს ასეთი გარემო არ ექნა, შესაძლებელია, განუვითარდეს ანტისოციალური, კრიმინალური ქცევები, რომლებიც მას გაანადგურებს.

– გამოდის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვი რჩებოდეს მშობლების თვალსაწიერში და ოჯახიდან შორს გაშვება, როდესაც მოზარდი არ არის ჩამოყალიბებული, შეიძლება, ზიანის მომტანი იყოს მისთვის. ამიტომ, ალბათ, აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს, რომ სპორტული, მუსიკალური, ზოგადად, სახელოვნებო წრეები იყოს ხელმისაწვდომი.

– დიახ და ამის ყველაზე კარგი მაგალითია ჰოლანდია. ჰოლანდიის ახალგაზრდობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა სავსეა ტურისტებითა და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მომხმარებლებოთ, მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

– ჰოლანდიაში ნარკოტიკები დაშვებულია, მაგრამ ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ ანტინარკოტიკულ პროგრამებზე.

– რა თქმა უნდა. მთელი პროგრამებია, რომლებშიც იყენებენ ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებსაც, რომ მათ გარშემო იყვნენ ახალგაზრდები, გამარჯვებულები, წარმატებულები, ჩემპიონები და ეს დაფასებულია საზოგადოებაში. ასეთი ზეგავლენები მართლაც ჭრის და ისინი, რომც დააძალო, არ მისდევენ თვითდამანგრეველ ქცევებს. არც ნარკომანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ იქ ყრია ნარკოტიკები; არც მავნებელ საკვებს იღებენ და ფიზიკურადაც და ჯანმრთელობითაც ძალიან გამოირჩევიან. იგივე ხდება საუნივერსიტეტო სფეროშიც და ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, რომ გარემო იყოს მაცდური, დამღუპველი, გაჯერებული ნარკოტიკებით და სხვა ანტისოციალური ელემენტებით და ამისკენ არ ჰქონდეთ მიდრეკილება მოზარდებს, ახალგაზრდებს. ისინი აკეთებდნენ სწორ არჩევანს და, მიუხედავად „თინეიჯერობისა“, მაინც ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. ჰოლანდიაში ეს ხერხდება, ხოლო საქართველოში, სამწუხაროდ, ამის 180 გრადუსით საპირისპირო რეალობაა, ჩვენი ახალგაზრდობა პირდაპირ მიექანება აი, ამ დამღუპველი სენისკენ, თვითგადანგურებისკენ. არადა ის ფასეულობები შეიძლება, ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ამას სჭირდება პედაგოგიური აღზრდა, განათლება, სასკოლო სისტემა, საუნივერსიტეტო სისტემა – ყველაფერი ის, რაც ქმნის მართლაც ღირებულსა და დამხმარე გარემოს „თინეიჯერებისთვის“, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, საუნივერსიტეტო თაობისთვის, ზოგადად, ახალგაზრდებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი