პოლიტიკა

რატომ შეჩერდა კორონას გავრცელება თითქმის სრულად ვაქცინირებულ ავსტრიასა და ავსტრალიაში, თითქმის აუცრელ აფრიკაში, მაგრამ ინფიცირება გრძელდება ორჯერადად აცრილ სხვა დასავლურ ქვეყნებში

№51

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.12, 2021 წელი

გირტ ვანდენ ბოში
დაკოპირებულია

ფსიქოლოგიაში ცნობილი ექსპერიმენტის თანახმად, ცდისპირებს წყალში დასველებულ ბამბას აყნოსინებდნენ და ეკითხებოდნენ, თუ რისი სურნელი ასდიოდა. ვინაიდან მათ, კითხვიდან გამომდინარე, ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ სითხეს რაღაცის სურნელი უნდა ჰქონოდა, თითოეული მათგანი სხვადასხვა სურნელს ასახელებდა, თუმცა, სინამდვილეში, ბამბა წყალში იყო ამოვლებული. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი იოლად ექცევა გავლენის ქვეშ (სწორედ, ამის თავიდან ასაცილებლად ებოძა ადამიანის ტვინს კრიტიკული აზროვნების უნარი, თუმცა მას გავარჯიშება სჭირდება, რაც მეტად რთულია თანამედროვე ტექნოლოგიებით მოზღვავებული ინფორმაციის ზღვაში, სადაც მეტი წილი დეზინფორმაციაა).

ადამიანების ფსიქიკა კორონაპანდემიამაც დათრგუნა: მით უფრო, რომ სტრესი, თავისთავადაა ზიანის მომტანი, რასაც დაემატა იზოლაცია და შემაშინებელი სტატისტიკა – რომ დედამიწაზე მომაკვდინებელი პანდემია მძვინვარებს. პანდემია შესაძლოა, მართლაც მომაკვდინებელი და მძიმეა, თუმცა პანიკა მას კიდევ უფრო მძიმესა და მომაკვდინებელს ხდის. მით უფრო, რომ ინფორმაცია, ჩვეულებისამებრ, ცალმხრივია და ვირტუალურ სივრცეში იბლოკება განსხვავებული აზრი, ხოლო მათ, რომლებიც კითხვებს სვამენ პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ, უკვე შეარქვეს „ანტივაქსერები“, რაც ასოცირდება „სიბნელესა“ და „გაუნათლებლობასთან“. ოღონდ, როდესაც საქმეში ფულია ჩართული – ვაქცინები კი შემოსავლის მსუყე და სტაბილური წყაროა – ყოველთვის ჩნდება უსიამოვნო ეჭვი. მეორე მხრივ, მსოფლიო პრობლემაა ზედმეტი და ზოგჯერ ჯანისთვის მავნე მედიკამენტების დანიშვნა. და პანდემიამდე თვით დემოკრატიულ დასავლეთშიც კი არაერთი ცნობილი მეცნიერია მხილებული წამყვან სამედიცინო გამოცემებში უვარგისი წამლების ვარგისიანობის დამამტკიცებელი რეცენზიების გამო. და ამ ფონზე აგერ უკვე ლამის მესამე წელია, დედამიწა კორონის ვირუსს ებრძვის, რომელიც არავის უნახავს მიკროსკოპში.

ყველა ინფო, რომელსაც მოგაწოდებთ გამყარებულია შესაბამისი ოფიციალური ლინქებით, რის გადამოწმების საშუალებაც თითოეულ თქვენგანს აქვს. დავიწყოთ ჰარვარდის ბოლო კვლევით (https://link.springer.com/.../10.1007/s10654-021-00808-7), რომელიც ვაქცინირებულთა და კოვიდით ინფიცირებულთა ურთიერთკავშირს ეხება. კვლევის თანახმად, ვაქცინაცია ვერ აჩერებს ინფიცირებას, მეტიც – ზოგჯერ პირიქითაც ხდება: რაც მეტი ვაქცინირებულია ქვეყანაში, მით მეტია დაინფიცირების შემთხვევა. მეორე მხრივ, თუკი ამ კვლევამდე მიიჩნეოდა, რომ ვაქცინაცია აცრილებს სიკვდილისაგან იცავდა, CDC-ის მონაცემებით, აღმოჩნდა, რომ 2021 წლის იანვრიდან მაისამდე 0-დან 15 პროცენტამდე გაიზარდა აცრილთა სიკვდილიანობა.

საინტერესო ფაქტია, რომ, მაგალითად, ნიგერიაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტია აცრილი (მოგეხსენებათ, ნიგერიაში 200 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ფრიად ახალგაზრდა ერია), კოვიდით, საერთო ჯამში, დღეის მონაცემით, 2 900 ადამიანი გარდაიცვალა (იხ. გრაფიკი 1).

მეტიც – აფრიკის კონტინენტზე, სადაც სრულად აცრილთა ოდენობა 5 პროცენტს არ აღემატება, კოვიდით სიკვდილიანობა დაბალია, განსხვავებით მაღალი პროცენტით აცრილი სამხრეთ ამერიკისგან, აშშ-ისგან, ევროპისგან და რუსეთისგანაც კი. საკმაოდ დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინდოეთში – გემახსოვრებათ ინდოეთი „დელტა“ შტამის „მშობელია“, ეს კი ის „დელტა“ შტამია, რომლითაც რამდენიმე თვის წინათ გულები დაგვიხეთქეს. არანაკლებ უცნაურია, რომ დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია არა მხოლოდ აუცრელ აფრიკასა და ინდოეთში, არამედ მაღალი პროცენტით აცრილ კანადასა და ავსტრალიაშიც (განსხვავებით სხვა მაღალი პროცენტით აცრილი ქვეყნებისგან). ასევე, ძალიან დაბალია კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ავსტრიაშიც, თუმცა ავსტრიასა და ავსტრალიაში უმკაცრესი ზომები ტარდება მოსახლეობისადმი (ამ ინფორმაციის მართებულობის გადამოწმება შესაძლებელია ლინქზე https://www.reuters.com/.../health-coronavirus-india).

მართალია, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ - გამოჩენას ჯანმოც და ჩვენებური ოთხეულიც შეშფოთებულები დახვდნენ, მაგრამ პირველადი მონაცემები აშკარად დამაიმედებელია. ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, „ომიკრონი“ ყველაზე მეტად სამხრეთ აფრიკასაა მოდებული, მაგრამ საქმეც ისაა, რომ, მიუხედავად ინფიცირების სწრაფად ზრდისა, იკლებს სიკვდილობის მაჩვენებელი (აქვე შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტია აცრილი).

ვიცით, რომ ანტიკოვიდური აცრები ააქტიურებს ადამიანის სპეციფიკურ იმუნიტეტს, საერთო იმუნიტეტი კი დაუცველია. ამდენად, მათთვის, ვისაც ადარდებს საერთო იმუნიტეტი და იმავდროულად, აცრილია, წესით, მეტდ დამაიმედებელი უნდა იყოს გირტ ვანდენ ბოშის (ვაქცინების მკვლევრის) მოსაზრება, რომ „ომიკრონმა“ შესაძლოა, აცრილთა საერთო იმუნიტეტი საწყის მუშა მდგომარეობას დაუბრუნოს. შესაბამისად, მკვლევარი ორჯერადად აცრილ ადამიანებს ურჩევს, აღარ გაიკეთონ დამატებითი აცრები, თუ სურთ თავიანთი იმუნიტეტის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება, მათ შორის, არც განახლებული ანტი-ომიკრონ ვაქცინით ურჩევს აცრას; სამაგიროდ, ფიზიკურ აქტივობებს, ჯანსაღი და კალორიული რაციონის შერჩევას, სტრესისა და დაძაბულობის შემცირებას სთავაზობს. გთავაზობთ ამონარიდს გირტ ვანდერ ბოშის ინტერვიუდან (https://www.voiceforscienceandsolidarity.org).

„– შეიძლება, ომიკრონმა მაინც დააავადოს ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ ბუნებრივი იმუნიტეტი აღუდგა?

გირტ ვანდენ ბოში: დიახ. თუმცა, უნდა გავიაზროთ, რომ ჯანმრთელ ვაქცინირებულებში, რომლებიც ბუსტერს არ გაიკეთებენ, მძიმე ავადობის ალბათობა ძალიან დაბალია. თუმცა, რადგანაც „ომიკრონი“ ძალიან გადამდებია, როგორც ვაქცინირებულები, ისე არავაქცინირებულები შეიძლება, ადვილად დაინფიცირდნენ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მათში ჯერ კიდევ არსებობენ მცირედ შემაკავებელი ანტი-ომიკრონული S ანტისხეულები, რომლებიც მსუბუქი ან ასიმპტომური ინფიცირების შედეგად წარმოიშვა. ამან მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში, განსაკუთრებით, ვაქცინირებულებში შეიძლება, გამოიწვიოს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ავადობა. ვაქცინირებულებში იმიტომ, რომ ვაქცინაციის გამო მათ აქვთ ანტი-ვუჰანური S პროტეინის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ვაქცინირებულებში კი იმიტომ, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის წვრთნის პროცესი შეჩერდა. თუმცა მოველი, რომ ეს ფაზა ხანმოკლე იქნება, ვინაიდან ინფიცირების ძალიან მაღალ სიჩქარეს („ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება) თან მოჰყვება ინფექციის გავრცელების მკვეთრი კლება (იმის წყალობით რომ ასიმპტომატური ან მსუბუქად დაავადებული ადამიანების დიდი ოდენობა მასობრივად წარმოქმნის ვირუსის მასტერილიზებელ იმუნიტეტს). გარდა ამისა, რაც უფრო მეტი ადამიანი შეიკავებს თავს განახლებული ანტი-ომიკრონ ვაქცინით აცრისგან, მით მეტად შევამცირებთ ინფექციურ წნეხს მოსახლეობაზე – როგორც ანტი-ვუჰანის შტამის ვაქცინით აცრილები, ასევე, აუცრელებიც. აქედან გამომდინარე, შევამცირებთ დაავადების სიმპტომებს და მივაღწევთ პოპულაციურ იმუნიტეტს იმ გამანეიტრალებელი იმუნიტეტის წყალობით, რომელსაც ჩვენს სრულფასოვნად მოქმედ ბუნებრივ იმუნიტეტს უნდა ვუმადლოდეთ. ეს დიდწილად ხელს შეუშლის ჯანმრთელი ადამიანების დაინფიცირებას და დაიცავს მათაც, რომლებსაც თანმხლები დაავადებების გამო სრულფასოვანი იმუნური პასუხი არ გააჩნიათ.“

უკვე რამდენიმე თვეა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აქვეყნებს ჩაშლილ სტატისტიკას, აუცრელთა და აცრილთა მიერ ინფექციის გავრცელების, დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის შესახებ, ასევე, ასაკობრივ ჯგუფებში ვირუსის გავრცელების შესახებ. რეპორტები განახლდება თითოეული კვირის პარასკევს (https://www.gov.uk/.../covid-19-vaccine-weekly). დავიწყოთ იმით, რომ დიდ ბრიტანეთში აცრილია მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი. ჩაშლილი სტატისტიკით კი ჩანს, რომ ვაქცინირებულები 4-ჯერ ხშირად ინფიცირდებიან, ვიდრე აუცრელები, 2-ჯერ უფრო მეტად ავრცელებენ ინფექციას, ვიდრე აუცრელები, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი, დაახლოებით, თანაბარია აცრილებსა და აუცრელებში. დარწმუნებული ვარ, ეს მონაცემები გასააზრებელია და უპრიანია, საქართველოს ჯანდაცვის უწყებაც აქვეყნებდეს ჩაშლილ სტატისტიკას, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას აცრისა თუ აუცრელობის ეფექტიანობა-არაეფექტიანობის შესახებ. და თუმცა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე არ გამოჩენილა არც ერთი პოლიტიკოსი, ვინც თავის კრიტიკულ აზრს გამოთქვამდა იძულებითი ვაქცინაციის შესახებ, განსხვავებული ვითარებაა დასავლეთში. მაგალითად, ამერიკელი სენატორი რონ ჯონსონი ყურადღებას ამხვილებს პანდემიის არასწორ მართვაზე, რაშიც ჯანმოსა და სახელმწიფოების მმართველებს აქტიურად ეხმარება მედია-საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც იბლოკება ალტერნატიული აზრი და იკრძალება კითხვის დასმაც კი. სენატორი ჯონსონი მიუთითებს, რომ ჯანმოს ერთიანი პროტოკოლის შემუშავებით ექიმებს მოუსპეს პაციენტების მკურნალობის საშუალება, რომ ერთადერთ გამოსავლად დარჩენილიყო ვაქცინაცია. ის არასწორად მიიჩნევს კოვიდის სამკურნალო საშუალებებიდან ქლოროლვილისა და ივერმექტინის ამოღებას და ამტკიცებს, რომ რემდესევირი, რითაც ახლა კოვიდს მკურნალობენ, არც სათანადოდაა გამოკვლეული და ვერც ეფექტიანობით გამოირჩევა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ორჯერადადაა აცრილი სრულწლოვანი მოსახლეობის მესამედი, არ მოვიტან სენატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აცრებით გამოწვეული უმძიმესი გვერდითი მოვლენების შესახებ (სენატორის გამოსვლის სრული ვერსია შეგიძლიათ, იხილოთ ლინქზე https://www.youtube.com/watch?app=desktop&v=b08Hi3kBp Ss&feature=share &fbclid=IwAR3KoDAT34F Cdm2G4p5WkC5zhMAQLTA0yLdnJ-z4kggUUTeQoIC3bpldMkE).

ხოლო, რაკი „პლაცებოს ეფექტი“ არავის გაუუქმებია და ის მუშაობს ორივე მიმართულებით (ანუ, ვისაც ჰგონია, რომ ვნებს ვაქცინა, მას ავნებს, ხოლო, ვისაც ჰგონია, რომ რგებს, მას შეერგება): ადამიანის უფლებაა, გააკეთოს გააზრებული არჩევანი და ადამიანები ინფორმაციის მანიპულირებით არ დააპირისპიროს ერთმანეთთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი