რატომ ნიშნავს დემოკრატია, რომ ადამიანები აირჩევენ ზუსტად თავისნაირს, რაც საზოგადოების განვითარების მუხრუჭად შეიძლება, იქცეს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 07.06, 2023 წელი
დემოგრაფია ჩვენი სახელმწიფოს უმწვავესი პრობლემაა, თუმცა, გარდა ამისა, ჩვენს მომავალს კიდევ უფრო აბუნდოვნებს დამატებითი პრობლემებიც. მაგალითად: ახალგაზრდების მიდრეკილება ნარკოტიკული თრობისკენ (თანამედროვე ტიპის ნარკოტიკი, შეგახსენებთ, რეპროდუქციისთვის უვარგისს ხდის სპერმას, იმის პარალელურად, რომ გვარიანადაც აჩლუნგებს ტვინს); არ გვივარგა განათლების სისტემა (30 წელია, წარმოდგენა არ გვაქვს, ვის ზრდის ქართული განათლების სისტემა), მეორე მხრივ, ახალგაზრდები მასობრივად არც კი იყენებენ ტექნიკური პროგრესის მიღწევებს თვითგანვითარებისთვის; ამას ემატება ის, რომ ახალგაზრდები საეთერო თუ ვირტუალური სივრცეებიდან აკვირდებიან უფროსებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო ამაზრზენად იქცევიან: ამჟღავნებენ უმეცრებას, უკულტურობასა და გაუზრდელობას; ასევე, ტრადიციულად ბოლო ადგილებს იკავებენ ჩვენი მოსწავლეები წაკითხულის გააზრებასა და ნებისმიერი სხვა უნარის ფლობაში, რაც დემოგრაფიის რაოდენობრივ პრობლემას ხარისხობრივადაც ამძიმებს. რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით ამ დიდი პრობლემის არსის განხილვას.
– ამ ახალგაზრდებმა უნდა მართონ ჩვენი სახელმწიფო, როდესაც ამის დრო მოვა. არსებული პრობლემები კი, ვფიქრობ, ძალიან უიმედო პერსპექტივას გვიჩვენებს: არც რაოდენობა და არც ხარისხი არ გვეყოფა ქვეყნის სამართავად. დიდი ქვეყნები ამას გაუძლებენ, მაგრამ ჩვენ არ მგონია, გავუძლოთ.
– უფრო დიდი პრობლემები არის თქვენ მიერ ლოკალურად დაყენებულ საკითხში, რადგან ის მხოლოდ საქართველოს არ ეხება. გეთანხმებით, რომ ნებისმიერი ტიპის კრიზისი უფრო ძნელი გადასატანი იქნება ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის. რაც თქვენ ჩამოთვალეთ და რამაც მე მაიძულა, გამხსენებოდა საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც, გამოხატავს იმას, რომ ეს დემოკრატიული წყობა ოხერი წყობაა მორალურად და სამართლებრივად, ნაწილობრივ პოლიტიკურადაც აბსოლუტურად გამართლებული, მაგრამ ამ წყობაში დევს ერთი ნაღმი: ხელისუფლების ავტორი არის ერი. მაშინ, როდესაც, მაგალითად, ფეოდალიზმის დროს ხელისუფლების ავტორი არის ერთი შტო, თავისი გენეტიკით და იქ პრობლემა ის იყო, რომ შეიძლებოდა, გენეტიკას ეღალატა და პირველი პირი ყოფილიყო, რბილად რომ ვთქვათ, ავადმყოფი.
– თუმცა ფეოდალიზმში, სწორედ იმიტომ, რომ გენეალოგიური შტო არ გაფუჭებულიყო, პასუხისმგებლობაც მეტი იყო.
– იყო რაღაც მექანიზმები, მაგრამ – რისკებიც. მთავარი რისკი კი მაინც უფლებების არათანაბარი გადანაწილება გახლდათ, რაც იწვევდა უკმაყოფილებას და მივიღეთ კიდეც ის, რაც მივიღეთ: დემოკრატიისკენ წავიდა მთელი მსოფლიო. მაგრამ დემოკრატია ნიშნავს, რომ უკვე საზოგადოება ირჩევს თავის მმართველს, გენეტიკა გვერდზე გადაიდო, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება აირჩევს ისეთ მმართველს, რომელიც მას შეეფერება: მუსიკოსები არ აირჩევენ ადამიანს, ვისაც სმენა არ აქვს; მხატვრები არ აირჩევენ ისეთს, ვინც ხატვა არ იცის. თუ აი, ამ პრინციპიდან ამოვალთ, აღმოჩნდება, რომ დემოკრატიაზეა ყველაზე მეტად მორგებული ფორმულა, რომ ყველა ერს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელსაც იმსახურებს.
– რაც, ასევე, ამუხრუჭებს ერის განვითარებას, ვინც გმართავს, უნდა გჯობდეს, რომ შენც განგავითაროს.
– დიახ, მერე მივდივართ უკვე მუხრუჭებამდე: ეს ხან კარგია, ხან – ცუდი. რადგან საქართველოზე ლაპარაკობთ, მოვიტანოთ ჩვენი მაგალითები: განათლებული დავით აღმაშენებელი აარსებდა გელათის აკადემიას; იტალიაზე არაფერს ვამბობ. ხელისუფლების მოქმედება მოსახლეობის მოთხოვნილების ანარეკლი რომ არ ყოფილიყო, გელათის აკადემია დაარსდებოდა საქართველოში?!
– არ მგონია. ამასთან, ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი და ძლიერი მთარგმნელობითი სკოლა. ესეც ხომ განათლებას უწყობდა ხელს? იმიტომაც გვაქვს მწერლობა და ამ დროს დღეს აზრს ვერ გამოიტან, ვინ რას ამბობს, სიტყვების მნიშვნელობა აღარ იციან.
– დიახ, სიტყვების დონეზე თქვით, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა იმ სიტყვებით გამოხატული აზრის გააზრება. კიდევ ერთი მაგალითი დავამატოთ: როგორც კი მოსე მოშორდა თავის ხალხს, ეგვიპტიდან გამოყვანილებს, რომ ღმერთთან განმარტოებულიყო, ჩამოსულმა ნახა, რომ მისმა ხალხმა უკვე ოქროს კერპი ააგო. ანუ, როგორც კი ლიდერის ხელი მოაკლდათ და თავის ნებაზე დაიწყეს მოქმედება, მივიდნენ ოქროსა და კერპთაყვანისმცემლობამდე. ყველას ვერ მოსთხოვ იმას, რის მომტანიც მოსეა და საკმარისია, დემოკრატია შეიტანო და უთხრა, აირჩიე, ვინც გინდა, შანსი დიდია, რომ მათ შეიძლება, მოსე არ აირჩიონ. ისევე, როგორც თავის დროზე ადამიანებმა ქრისტე კი არ აირჩიეს, არამედ ბარაბა. ასე რომ, მასობრივი ცნობიერების ნდობა, როგორც ჭეშმარიტების კრიტერიუმის, არ არის გამართლებული და არ არის გამართლებული ფსიქოლოგიის მხრიდანაც. ვახსენეთ ბიბლიური მაგალითები, მოიძებნება უამრავი ისტორიული მაგალითიც და ექსპერიმენტულიც. ბევრი ადამიანი ერთად აღებული, უფრო ჭკვიანი არ არის, ვიდრე ცალკე აღებული.
– ჩემი აზრით, დემოკრატიას აქვს კიდევ ერთი მინუსი: სახელმწიფო ინტერესი ხშირად გულისხმობს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამით უკმაყოფილო ხალხი, მომავალ არჩევნებზე აღარ აგირჩევს, რაც ხელისუფალს უკლავს სურვილს, განავითაროს სახელმწიფო.
– ზუსტად. დემოკრატიის ისტორიას რომ გადახედო, ჩანს, რომ, ვინც გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც მართებულად მიიჩნია, მათ საზოგადოება დაუპირისპირდა. მაგალითად, ჩერჩილი გადააგდეს.
– დე გოლიც.
– ასე რომ, ეს უფრო რთული პრობლემაა, რადგან, იმისთვის, რომ საზოგადოებამ სწორი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს, ანუ პოლიტიკური ფსონი სწორ პოლიტიკურ პარტიასა და პერსონაზე დადოს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური განათლება, პოლიტიკური ინტელექტი და, თუკი საზოგადოებაში განათლების, ინტელექტისა და კულტურის დეფიციტია, ეს უკვე არჩევნებში გამოვლინდება და მივიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. უზარმაზარი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, ალტერნატივა იყო არჩევანი ნახევრად შეშლილ ტრამპსა და ნახევრად დაძინებულ ბაიდენს შორის. ეს არჩევანი გააკეთა ამერიკამ, უკეთესი ვერ მოიფიქრა და რა, ამერიკას ვინმემ დაუნიშნა კანდიდატები?! ეს ხომ ხალხის არჩევანია?! ამდენად, ასეთი მძიმე სურათი დემოკრატიის სურათია.
– უბრალოდ ისინი ბევრნი არიან რაოდენობრივად და მათი ნორმალური ათი პროცენტი ბევრია, ჩვენთან ეს 10 პროცნტი ძალიან ცოტაა. არ გვეყოფიან.
– არც მათ ეყოფათ, უბრალოდ, იმ ქვეყანას, როგორც უფრო დიდს, ეკონომიკურად უფრო ძლიერს და ასე შემდეგ, აქვს საიმისო სისტემური რესურსი, რომ, თუ ჩაყვინთა, ისევ ამოყვინთოს. ჩვენი კი, თუ ჩავყვინთეთ, შეიძლება, ვეღარ ამოვყვინთოთ. ესაა ჩვენი პრობლემა. ადვილად ვლაპარაკობ დემოკრატიის ხარვეზებზე, ვინაიდან იმავე ჩერჩილმა თქვა, დემოკრატია მართვის საუკეთესო ფორმა არაა, მაგრამ უკეთესი არ მოუფიქრებია ადამიანსო. სოციალური სისტემების მენიუ საკმაოდ მცირეა: სამიოდე ალტერნატივაა: პიროვნული დიქტატურა; პარტიული დიქტატურა, რაც ბოლშევიზმსა და ნაციზმში გამოვლინდა და დემოკრატია. თუ დემოკრატიას ხარვეზები აქვს და ვეჭვობ, აქვს, ესე იგი, ამ მიმართულებით კიდევ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას კაცობრიობამ. კურტ ლევინი იყო ფსიქოლოგი, რომელმაც გამოიკვლია და საფუძველი ჩაუყარა მმართველობის ტიპოლოგიას: ავტოკრატიულს, დემოკრატიულსა და ქაოტურს. სახელმწიფოს არა, მაგრამ ქარხნის, სკოლის მოდელებზე შეისწავლა მათი ეფექტიანობა და აღმოაჩინა, რომ ავტოკრატიული მართვა, ანუ დიქტატურა ყველაზე კარგია შედეგის მისაღებად, თუმცა ადამიანები უკმაყოფილოები არიან; დემოკრატია ყველაზე კარგია დაბალანსებული მდგომარეობის მისაღწევად, ანუ ადამიანები კმაყოფილები არიან, ოღონდ, თუკი არჩევნებში მონაწილეთა ინტელექტი დაბალია, ისინი აუცილებლად მიიყვანენ სისტემას, ქარხანას, სკოლას და ასე შემდეგ კრიზისამდე, ანუ დაანგრევენ.
– რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ.
– დიახ, ვუყურებთ მთელ მსოფლიოში. ჩვენი ქვეყანა უკვე მსოფლიოს დუბლიკატი გახდა. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ვიცით, რომ, მაგალითად, სკანდინავიურ ქვეყნებში მოხერხდა მართვისა თუ სახელმწიფო სისტემების ისე აგება, რომ მინიმუმამდე დაიყვანეს დემოკრატიის რაღაც ხარვეზები. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მცირე ქვეყანამ, ეს შეიძლება, პლუსად ვაქციოთ. თუკი მოვახერხებთ აზრზე მოსვლასა და ინტელექტის დაძაბვას, შესაძლებელია, აქ ლოკალურად შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც დემოკრატიის ხარვეზებისგან დაცული იქნება. მაგალითად, თუ მფარველობით პოლიტიკას გაატარებს იმ სფეროების მიმართ, რაც ხელსაყრელია, დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მფარველობითი პოლიტიკა საქართველოს პომიდვრის მიმართაც კი არ აქვს. მაგრამ თეორიულად ასეთი შესაძლებლობა არსებობს. თუ საქართველო დაფიქრდება ამ პრობლემებზე, შესაძლებელია, მოახერხოს მათი გადაწყვეტა. თქვენ მიერ წამოჭრილი პრობლემები, ვიმეორებ, პოლიტიკური მომავლის პრობლემებია. ეს ახალგაზრდები პოლიტიკურ მომავალს თუ შექმნიან, ხომ, ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან საეჭვოა.
– მეც ეს მადარდებს სწორედ: ამ ახალგაზრდებმა უნდა ჩაიბარონ ქვეყანა და როგორ უნდა მართონ, თუ ორი ბატი არ ენდობათ?! დავუშვათ, არ ვარგა განათლების სისტემა. ცოდნის მიღების უამრავი საშუალებაა, აი, ეს თვითგანვითარების მოთხოვნილება რატომ არ აქვთ?
– სად ხედავთ თვითგანვითარების მოთხოვნილებას?! არსებობს თვითგანვითარების მაგალითები სპორტში: ხვიჩა კვარაცხელია თვითგანვითარებით გახდა, ვინც გახდა, მაგრამ სპორტი ისეთი რამაა, რომ შენ თვითონ შედიხარ შეჯიბრებაში. იქ უფროსი არ გჭირდება, მხოლოდ დამხმარე. სხვა სფეროებში არაფერი გაიძულებს, იყო უკეთესი. როდესაც პრესის კანონზე ვმუშაობდი, დიდი ბრძოლები გადავიტანე. ერთ-ერთმა, მაშინ ძალიან გავლენიანი ტელევიზიის დირექტორმა, მითხრა შინაურულად, რაში მჭირდება მე ეფექტიანი საზოგადოებრივი არხი, ის ხომ ჩემი კონკურენტიაო და ყოველმხრივ იბრძოლა პროექტის წინააღმდეგ, რომ საზოგადოებრივი უკეთესი არ გამხდარიყო. მისმა მეორე მხარდამჭერმა, ის გაზეთში მუშაობდა და დღესაც მუშაობს, რაში მჭირდება კარგი ჟურნალისტი, ის, ხომ მეტ ანაზღაურებას მომთხოვსო?! მირჩევნია, პრეტენზია რომ გაუჩნდება ჟურნალისტს, გადავაგდო და ავიყვანო ახალბედა, ვინც ნაკლებს მომთხოვსო. ხარისხი-მეთქი და, მე ვინ მთხოვს ხარისხსო?! ასე რომ, ერთმანეთის მოთხოვნებზე ვართ დამოკიდებული და თუ არის რაღაც რგოლი, რომელსაც არავინ არაფერს სთხოვს, ის გულგრილი იქნება განვითარებისადმი და ასეთი რგოლი, რომელსაც არავინ არაფერს სთხოვს, ძალიან ბევრია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





