პოლიტიკა

რატომ მიაჩნიათ რუსეთში პეტრე პირველის მიერ დაწყებული ევროპეიზაცია შეცდომად

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 25.01

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს დაუწესდა სანქციები, რუსი ბიზნესმენებისა და ოლიგარქების, ისევე, როგორც რუსული სახელმწიფო მოხელეებისა და სახელმწიფოს ფულიც გაყინეს უცხოურ ანგარიშებზე, არამედ საშუალო სტატისტიკურ რუსეთის მოქალაქეებსაც ავიწროებენ, ბუნებრივია, ხელისუფლებაზე მათი ზეწოლის გაძლიერების მიზნით. არის თუ არა ეს მეთოდი ეფექტიანი, - ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

- როდესაც რუსეთის მოქალაქეებს ავიწროებენ, რას მოელიან, რომ ისინი პუტინს მოკლავენ? ზემოქმედების რა ფსიქოლოგიური მექანიზმია ეს და არის თუ არა ასეთი მოლოდინი ეფექტიანი? ცდილობენ, გაიზარდოს რუსეთის მოქალაქეების უკმაყოფილება, რომ შემდეგ მათ ზემოქმედება მოახდინონ პუტინზე.

- რა თქმა უნდა... გახსოვთ, რომ, როდესაც ჩვენთან ვარდების რევოლუცია მოხდა, ეს შეფასდა, როგორც დემოკრატიული პროცესი, იმიტომ რომ ხალხმა, ანუ დემოსმა ტირანია დაამხო და გზა მისცა რეფორმატორებს. დაახლოებით, იგივე აზროვნების ტიპი დგას ამ ქმედების უკანაც, რომ აი, ხალხი მიიყვანონ იქამდე, რომ მათ იბრძოლონ დემოკრატიისთვის და არა - ტირანიისთვის.

- მაგრამ რუსი და ქართველი განსხვავებული ეთნოსებია.

- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ საქართველოში მიტინგზე 30 000 ადამიანი იდგა, უბრალოდ, მთავარი იყო ხელისუფლება შეცვლილიყო. რუსეთში ეს უფრო რთულია, ვინაიდან საპროტესტო მიტინგებია არამრავალრიცხოვანი.

- 145-მილიონიან სახელმწიფოში 100 000-იანი საპროტესტო გამოსვლაც არაფერს ნიშნავს.

- დიახ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ უფრო მცირედმაც მიაღწიოს შედეგს. იმიტომაც ვახსენე ვარდების რევოლუციის დროინდელი 30 000 გამომსვლელი, ეს არც საქართველოსთვისაა დიდი რიცხვი, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა. ანუ ცოტა ადამიანის საშუალებითაც შეიძლება, შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ რუსებისადმი კიდევ ერთი ლოგიკა გამოიყენება და თბილისშიც გაიგონებდით ანალოგიურ ფრაზას, თქვენი ბრალია, პუტინი რომ ხელისუფლებაშია, იმიტომ რომ, არჩევნებში თქვენ მიეცით მას ხმა.

- ჩვენთან გაყალბებაც ახსენეს.

- გაყალბება იყო, მაგრამ გაყალბება მაინც ვერ იქნება ისეთი მასშტაბის, რომ ხალხის პასუხისმგებლობა მოხსნას, იმიტომ რომ, ამხელა გაყალბება შეუძლებელია. მაქსიმუმ, 10 პროცენტია გაყალბების ზღვარი. მით უმეტეს, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ვრცელდება უამრავი ჩანაწერი, თუ რა დიალოგია ჯარისკაცებსა და მათ ახლობლებს შორის. უმეტესწილად, ეს ახლობლები, რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა, აქეზებენ თავიანთ ოჯახის წევრ ჯარისკაცებს, რომ ებრძოლონ უკრაინელ „ფაშისტებს“, დახოცონ ისინი და ასე შემდეგ. ამდენად, დამოკიდებულება, რომ ხალხია დამნაშავე, ასეთი ხელისუფალი რომ ჰყავს, ამ ტიპის მასალების ფონზე უკვე უსაფუძვლო აღარ არის.

- მე უკვე ვეღარაფერს ვიჯერებ უპირობოდ და საინტერესოა ასეთი ოჯახის წევრების რაოდენობაც. მაგალითად, ჩვენც დაგვემუქრნენ ჩვენივე თანამემამულეები, რომ ტანკებით გადაგვივლიან, მაგრამ, თუ ორი ტვინგახურებული ასე ფიქრობს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქართველების უმეტესობა ასეთი ვართ?

- თქვენს წისქვილზე დავასხამ წყალს: მთელი ნაციაც რომ მაგ ჭკუაზე იყოს, არც ამას აქვს მნიშვნელობა. ისტორიულად, ვიცით, რომ გერმანელი ნაცია ერთ ხანს სწორედ მაგ ჭკუაზე იყო და დანარჩენ მსოფლიოს სასჯელი რომ შემოეღო გერმანელი ტურისტებისთვის, შეიცვლებოდა გერმანიაში ვითარება?! როდესაც ამა თუ იმ საზოგადოებაში ჩნდება საომარი მოქმედების მხარდაჭერის ტალღა, ეს ხომ ჩვეულებრივი მდგომარეობა არ არის და არც ისეთი მდგომარეობაა, რომ აი, დასხდნენ, გადაწყვიტეს და მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან?!

- დიახ, ეს ემოციური ფონია, სულ რომ არ გინდოდეს, ისე მოექცევი გავლენის ქვეშ.

- დიახ. ასე რომ, მოქალაქეებზე, იმ მიზეზით ნადირობა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესს, რატომ დაუჭირეთ მხარი, როდესაც მთელი საზოგადოება უჭერდა მხარს, რბილად რომ ვთქვათ, გამართლებული არ არის.

- და ეფექტიანი თუ იქნება?

- არანაირი ეფექტი არ ექნება. ვიმეორებ, გერმანელებისადმიც ასეთი მძაფრი დამოკიდებულება ჰქონდა, როდესაც კოალიცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ამის გამო გერმანიამ შეიცვალა ხასიათი?! ბუნკერში იყო ჩაკეტილი ჰიტლერი, ბერლინში იყვნენ შესული მოკავშირეების ჯარები, მაგრამ გერმანელები მაინც იბრძოდნენ.

- მაშინაც იყო მოწოდებები, რომ გოეთე და შილერი უნდა აეკრძალათ, ანუ გერმანული კულტურაც.

- როგორ არა?! სტალინმა გადაარჩინა, თორემ გერმანელი ერის კასტრაციაც იყო ჩაფიქრებული. სამეული რომ საუბრობდა, ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ. ამ ტიპის სასჯელები არ ცვლის ხოლმე ვითარებას, პირიქით, ამძაფრებს.

- გერმანელების მაგალითი ახსენეთ, რუსები სხვა აზროვნების ტიპის ეთნოსია, მით უფრო, საკმაოდ ჭრელი ეთნოსი და არც ის ვიცი, ვინ იბრძვის ომში უმეტესად. ანუ ფიქრობთ, რომ ასეთი ზეწოლა საპირისპირო შედეგს გამოიღებს?

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ არარუსები იბრძვიან დიდი რაოდენობით. ისევ გერმანიის მაგალითს დავუბრუნდები: ჰიტლერი რამ გააჩინა?! გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და ძალიან ძლიერი ზეწოლა განიცადა დანარჩენი მსოფლიოსგან, რაც თავად გერმანელების მიერ შეფასდა, როგორც უსამართლობა. სასჯელის სიმძიმემ გერმანიაში ის აგრესია მოამზადა, რასაც შემდეგ ჰიტლერი მოაჯდა.

- როგორც ვიცი, ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც საფრანგეთი დაიპყრეს, დააწვევინა ის ვაგონი, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას კაპიტულაციაზე მოაწერინეს ხელი. რუსეთი რამ გაამწარა, რატომ გრძნობს თავს დაჩაგრულად? სიმართლე გითხრათ, ვერც იმას ვიგებ, ამდენი მიწა რად უნდათ?

- კიდევ ცალკე საკითხია, ზოგადად, ადამიანებს რად უნდათ იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდებათ. თვითონ რუსების დამოკიდებულება დანარჩენი მსოფლიოსადმი, განსაკუთრებით, ევროპისადმი, სათავეს იღებს ძალიან შორი ისტორიული წარსულიდან. ვიცით, რომ რუსეთში ორი მიმართულების აზრია, ერთი ნაწილის აზრით, პეტრე პირველის ნაბიჯები პროგრესული იყო, მეორეთა აზრით კი, პეტრე პირველმა რუსეთს წაართვა საკუთარი თავი.

- ფანჯრის გაჭრით ევროპაში?

- დიახ. ამდენად, მიუღებლად მიაჩნიათ ევროპიზაციის ის პროცესი, რაც პეტრეს შემდეგ დაიწყო და გრძელდება. მიიჩნევა, რომ ეს პროცესი რუსული თვითმყოფადობის წინააღმდეგაა მიმართული, ოღონდ მთლიანად ევროპული სინამდვილისადმია უკვე ეს აგრესია. იმიტომ რომ, პეტრესეული ევროპიზაცია აღქმულია, როგორც რუსული იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ არასამხედრო, მშვიდობიანი აგრესია და ამ აგრესიას აგრესიითვე პასუხობენ. ანუ რატომ დამაჭერით წვერი, რატომ ჩამაცვით საცვალი, რატომ არ დამტოვეთ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავი, რად მინდოდა ეს ევროპელობა.

- პირდაპირ რომ ვთქვათ, რად მინდოდა სუფთა, დახვეწილი, ჩაცმულ-დახურული, ტკბილმოუბარი ცხოვრება.

- დიახ და ეს ინტონაციები მეტ-ნაკლებად ქრისტიანობასაც ეხება. იმ ნაწილისთვის, რომელიც ჭეშმარიტ რუსობას ეძებს, წარმართული რუსეთი უფრო მომხიბვლელია. რუსები ევროპას ვერ იტანენ, იმიტომ რომ, მათი კონკურენტია; დაპყრობილ ხალხებს ვერ იტანენ, იმიტომ რომ, როგორ შეიძლება, დაპყრობილი ხალხი გიყვარდეს?! სერიოზული დამოკიდებულება აქვთ აზიის მიმართ, მაგალითად, ჩინეთისადმი. ისტორიულად ჩამოყალიბდნენ ასეთ ტიპებად და დღეს რაც ხდება, ამ ისტორიული ტენდენციების გამოხატულებაა.

- ამას წინათ, შემთხვევით გადავაწყდი საინტერესო მოსაზრებას: არ არსებობს რუსული იდენტობა, ეს არის სახელმწიფო და ეთნოსი იდენტობის გარეშე, უამრავი ეთნოსი ცხოვრობს და როგორია რუსი, ეს არ იცის არავინო.

- დიახ და ამიტომ მიძვრებიან ძველი სლავური ფესვებისკენ. მათი პეტრესადმი აგრესია არალოგიკური არ არის. ევროპის შემოყვანით დაკარგა რუსეთმა თავისთავადობაო და ამიტომ ბრაზდებიან ევროპაზე.

- არადა ევროპასთან ურთიერთობით იშვა რუსული კულტურა, ლიტერატურა, მხატვრობა, მეცნიერება. ეს ხომ მსოფლიოს საგანძურია და ეს როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს?

- დიახ, ევროპული ლიტერატურა რომ არ წაეკითხათ, არც თავად დაწერდნენ იმას, რაც დაწერეს და შექმნეს. თუმცა ჩვენც გვაწუხებს მსგავსი რამეები, მათ შორის, სპარსული კულტურის გავლენა.

- ეს არ იყო ცუდი გავლენა. პირიქით, ყველა გავლენამ გაამდიდრა ქართული კულტურა.

- მელაპარაკებით, როგორც პიროვნება ნინო, მაგრამ ჩვენ საკითხს ვაფასებთ ზოგადად. ეროვნულ დონეზე არ არის მიღებული, რა კარგია სპარსულის გავლენაო. ჩვენ ვცდილობთ, ხაზი გავუსვათ, რომ რაღაც გამოკვეთილად ქართულია. არ არის საცივი ქართული, არც ხინკალი და მერე რა?! არადა უცხოელები, რომლებიც აქვეყნებენ კულინარიულ ცნობებს, არ არკვევენ, რომელი კერძი საიდან იღებს სათავეს, მათთვის საცივი და ხინკალი ქართული კერძებია, იმიტომ რომ, უნიკალურია ის სპეციფიკა, რაც ქართულ სინამდვილეში შეიძინეს. ფრანგული სუფრის 90 პროცენტი იტალიურია, მაგრამ, რაც შევიდა საფრანგეთში და მიიღო ფრანგულმა სამზარეულომ, ის უნიკალურია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი