„ლურჯი ტალღის“ ეფექტი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 14 წუთის წინ
ანუ „კოჭლი იხვის“ მომავალი…
ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები, სახელად „ლურჯი ტალღა“, დასრულდა, რის შედეგადაც „დემოკრატებმა“ კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს. სახელდობრ, „რესპუბლიკელებისგან“ დაიბრუნეს კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე (სენატსა და წარმომადგენელთა პალატაზე). რაც ყველაზე საინტერესოა, გაიმარჯვეს, ეგრეთ წოდებულ, „წითელ“ შტატებში, ანუ სენატის ადგილები მოიპოვეს ისეთ ტრადიციულად კონსერვატორულ, მაშასადამე, „რესპუბლიკურ“ შტატებში, როგორებიცაა: ტეხასი, კანზასი, აიოვა, ოჰაიო, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა და მეინი. უფრო მეტიც, მაგალითად, კანზასში „დემოკრატმა“ სენატორმა, საერთოდაც, ბოლო 94 წლის განმავლობაში პირველად გაიმარჯვა.
ოღონდ „ლურჯი“ ტრიუმფი ამით არ ამოწურულა: „დემოკრატებმა“ რამდენიმე საკვანძო შტატში (ოჰაიო, ტეხასი, ჯორჯია) გუბერნატორის პოსტებიც მოიგეს, რის შედეგადაც, ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად, შტატების უმრავლესობას დემოკრატი გუბერნატორები ეყოლება.
თუმცა ამ არჩევნებს სხვა ექსკლუზივებიც ახლავდა: ანუ რამდენიმე რამ პირველადაც კი მოხდა. კერძოდ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პირველად გახდება ფერადკანიანი პოლიტიკოსი; ტეხასში 1988 წლის შემდეგ პირველად დემოკრატი სენატორი აურჩევიათ, ხოლო მიჩიგანმა შტატების ისტორიაში პირველად – მუსლიმი სენატორი.
„რესპუბლიკელების“ მწარე მარცხის მიზეზად აშშ-ში ცხოვრების გაძვირებასა და ნავთობის ფასის ზრდას ასახელებენ, თუმცა იბადება კითხვა: რის საშუალებას აძლევს „დემოკრატებს“ მოპოვებული გამარჯვება?! გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად შეუზღუდავს დონალდ ტრამპს ძალაუფლებას (ცხადია, პრეზიდენტობის დარჩენილი ორი წლის განმავლობაში). რატომ? იმიტომ რომ „დემოკრატები“ აკონტროლებენ კონგრესს, რომელსაც აქვს ბიუჯეტის დაბლოკვისა და ოფიციალური საგამოძიებო პროცესების დაწყების ბერკეტები.
ჩვენ, ცხადია, არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ანუ განაგრძობს თუ არა აშშ სიდიადისკენ მიმავალ გეზს (ანუ MAGA-ს), თუ წაბორძიკდება და ისევ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ექსპორტს დაუბრუნდებიან, თუმცა დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებამდე გვპირდებოდა, რომ არამც და არამც არ იქნება „კოჭლი იხვი“, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, ვვარაუდობ, რომ აწი და აწი სანახაობა არც ოკეანის გაღმიდან მოგვაკლდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





