პოლიტიკა

რატომ იქცნენ ბანკები სახელმწიფოდ სახელმწიფოში და როგორ დააგროვეს ხელისუფლებებზე ზემოქმედების ბერკეტები

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ ბანკები საქართველოში სახელმწიფოდ სახელმწიფოში იქცა და იმდენად დიდი ძალაუფლება შეიძინეს, რომ ხელისუფლებისთვის პირობების კარნახიც კი შეუძლიათ. ამასთან, სახელად ჰქვიათ ქართული ბანკები, სინამდვილეში კი, მათი მფლობელები, ძირითადად, უცხოელები არიან, ქართველ მფლობელებს ძალიან სიმბოლური წილები აქვთ; მეტიც, „ბლექ როკმაც“ კი შეიძინა „საქართველოს ბანკისა“ და „თი ბი სის“ წილები. საბანკო სექტორის საცეცები ეკონომიკის ლამის ყველა სეგმენტს მისწვდა – არაპროფილური ბიზნესის წარმოება ბანკების ფუნქციონირების თითქმის აუცილებელი პირობა გახდა და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საბანკო სფერო ერთგვარ ხელშეუხებელ სფეროდ იქცა.

რატომ აძლევს ყველა ხელისუფლება ბანკებს მოსახლეობის, პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით, ძარცვის უფლებას? ამ თემას ეკონომიკის ექსპერტთან, იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– როგორ გაძლიერდნენ ბანკები იმდენად, რომ ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებიც კი აქვთ?

– საბანკო სექტორი კომერციული საქმიანობის სფეროა, თუმცა ეს განსაკუთრებული სფეროა და გვინდა თუ არა, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ ფულად-საკრედიტო სისტემა, რაც ბანკების მეშვეობით ხორციელდება, არის ჩვენი ეკონომიკის, ხატოვნად რომ ვთქვათ, გულსისხლძარღვთა სისტემა. ანუ საკმარისია, სისხლის ეს მოძრაობა შეჩერდეს, რომ დაიწყება ორგანიზმის კვდომა. ამდენად, საზოგადოების და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს თვითგადარჩენის ინსტინქტი განაპირობებს იმას, რომ ბანკები ფუნქციონირებდნენ და მათ გარკვეულწილად კარტბლანში მიეცეს.

– და ამიტომ მათ ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეთ?

– უფრო სწორად, ბანკების საქმიანობას ხელისუფლება უქმნის ინსტიტუციურ პირობებს იმისთვის, რომ მათ იფუნქციონირონ და უზრუნველყონ ფულის მიმოქცევა – პროგნოზირების საშუალება მიანიჭონ ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს. ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლების დროს, რომელსაც ერთი დღეც არ უმოქმედია საბჭოთა კავშირის გარეშე, იმიტომ რომ მისი ხელისუფლება დაემთხვა საბჭოთა კავშირის არსებობას – საბჭოთა კავშირი მხოლოდ 1991 წლის 25 დეკემბერს დაიშალა, როდესაც თბილისში, ცენტრში, უკვე ზარბაზნებს ისროდნენ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მოასწრო გარკვეული კანონების მიღება, რომ საბანკო სექტორს ემუშავა. ეს მიანიშნებს, რომ ის ხელისუფლებაც კი მიიჩნევდა, რომ აუცილებელია ამ სფეროს მოწესრიგება. ესე იგი, ჯერ კიდევ 1991 წელს მიიღეს კანონი ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ. შეიქმნა კომერციული ბანკების ორსაფეხურიანი სისტემა და შემდეგ უკვე თანდათანობით დაიწყო საბანკო რეფორმები, დაიშვა ბანკების ლიცენზირება, რაც თანდათან გამკაცრდა. თუმცა იყო დრო, როდესაც შეიძლებოდა ბანკის გახსნა ყოველ მესამე სადარბაზოში და 90-ან წლების დასაწყისში საქართველოში 229 ბანკი ფუნქციონირებდა. საწესდებო კაპიტალად განსაზღვრული იყო 5 000 დოლარი. შემდეგ ეს თანხა გაიზარდა: ჯერ 5 მილიონი გახდა, მერე – 12 მილიონი, 2010-ანი წლების შუა ხანებში კი – 50 მილიონი ლარი. ეს არის მინიმალური თანხა საიმისოდ, რომ შეიქმნას ბანკი და, შესაბამისად, ბანკების რაოდენობა შემცირდა 17-მდე, თუმცა მათი საწესდებო კაპიტალი, ჯამურად, დეპოზიტებისა და გაცემული სესხების, დაახლოებით, 60-70 პროცენტია. მარტო ფიზიკური პირების დეპოზიტები კომერციულ ბანკებში თითქმის 37 მილიარდ ლარს აღწევს. მეორეს მხრივ, გაცემული სესხების ოდენობაც საკმაოდ დიდია. აქაც მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპი. თუ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, მაშინ მიმწოდებელი და, ზოგადად, ბაზარი რეაგირებს ავტომატურ რეჟიმში და ფასები იზრდება. იმას, რომ ჩვენთან მაღალია საპროცენტო განაკვეთები, ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ისიც არის, რომ საკმაოდ დიდია მოთხოვნა საკრედიტო რესურსზე და ბანკები ამით სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასები და შემოსავლები გაიზარდა, მოსახლეობას საბანკო სექტორისადმი საკმაოდ მაღალი დავალიანება აქვს. თითქმის ხუთჯერ უსწრებს ჩვენი შრომითი მიგრანტების თანხების რეპატრიაციას ან გზავნილების სიდიდეს. დავალიანება იმას ნიშნავს, რომ იმ დავალიანებას აქვს თავისი ფასი. საბანკო პროცენტი მაღალია, ამიტომ ფულადი გზავნილების სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი მიიმართება საბანკო სექტორში ადრე აღებული ვალდებულებების გასასტუმრებლად.

– ესე იგი, ემიგრაციაც ბანკებისთვის მუშაობს.

– დიახ, ბანკებისთვის მუშაობენ, ფაქტობრივად. ასეთი მოცემულობაა და საბანკო სექტორი ამით საგებლობს. ჩვენთან შედარებით ნაკლებადაა განვითარებული საფონდო ბაზარი და იმის ნაცვლად, რომ რომელიღაც კომერციულმა სტრუქტურამ საქმიანობის გაფართოებისა თუ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, გარბის კომერციულ ბანკში და იღებს სესხს. ესეც დამატებით პრივილეგიებს უქმნის საბანკო სექტორს, მაშინ, როდესაც შესაბამისი კულტურის ან წესის არსებობის შემთხვევაში კომერციულ სექტორს შეეძლო, გამოეშვა ფასიანი ქაღალდები, ანუ სახსრების მობილიზაცია მოეხდინა კომერციული ბანკების გვერდის ავლით. ამიტომ ესეც მუშაობს და აძლიერებს ბანკებს.

– ქართულად წოდებული ბანკების მფლობელები, ძირითადად, უცხოელები არიან და ეს ძალიან მომგებიანი სეგმენტია. ესე იგი, ბანკების მოგებაც გადის ქვეყნიდან?

– ნაწილი გადის, ნაწილი რჩება. შესაბამისის სამსახური ყოველკვარტალურად აქვეყნებს ინფორმაციას და ინვესტიციებში საკმაოდ მაღალი წილი უკავია რეინვესტირების მოცულობას; რეინვესტირებაა არა მარტო რეალურ სექტორში, არამედ მომსახურების სექტორში. კერძოდ, საფინანსო სექტორში და, მათ შორის, საბანკო სექტორში. ისინიც, რა თქმა უნდა, იხდიან შესაბამის გადასახადებს და საფინანსო სექტორში, საქსტატის მონაცემებით, დაახლოებით, 35 000-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს საკმაოდ მაღალკვალიფიციური კონტინგენტია, რომლებიც მაღალ ანაზღაურებას იღებენ.

– რატომ აქვთ საქართველოში ბანკებს ამდენი არაპროფილური ბიზნესი – კლინიკები, სამშენებლო კომპანიები? ასეთი პრაქტიკაა მსოფლიოში თუ ქართულად წოდებული ბანკების უცხოელი მფლობელები, რის უფლებასაც თავიანთ ქვეყნებში არ აძლევენ, აქ ახორციელებენ ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე, იმიტომ რომ ჩვენ განვითარებადის სტატუსი მოგვანიჭეს?

– ბანკების ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ეს არის გარდამავალი ქვეყნის საბაზო ეკონომიკა, გარდამავალი ქვეყნის, ეგრეთ წოდებული, საყმაწვილო სენი.

– რომ ბანკებმა აუცილებლად უნდა გაძარცვონ მოსახლეობა?

– არა, ბანკებმა არ უნდა ძარცვონ მოსახლეობა. აქ საუბარია იმაზე, რომ მოთხოვნისა და მიწოდების ასიმეტრიულობის გამო, ინსტიტუტი – საბანკო სფეროს სახით – ამ დროს ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ჩვენ მათ ვერ მოვთხოვთ ალტრუიზმისა და ემპათიის კატეგორიებით მოქმედებას და ეს შეუძლებელიცაა.

– ამას არც ვთხოვ: აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბანკებს არაპროფილური ბიზნესი? არ ჰყოფნით ის მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სესხების გაცემის სქემებით მიღებული შემოსავლები? საკომისიოებით, ფაქტობრივად, არაფრისგან შოულობენ ფულს.

– ესეც საყმაწვილო სენში შედის. თუ კანონმდებლობა აძლევს ამის შესაძლებლობას, ისინი ამით ისარგებლებენ და სარგებლობენ კიდეც. ამიტომ, ეს საყვედური ბანკებს არ უნდა ვუთხრათ.

– დიახ, ხელისუფლებაა ამის ადრესატი: რატომ აძლევენ ბანკებს ამხელა ძალაუფლებას და უზომო შემოსავლების წყაროებს?

– გეთანხმებით, საკანონმდებლო სფერომ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი. ხელისუფლებას შეუძლია, რაღაც ნიშნის ან კრიტერიუმის მიხედვით, დაუშვას ან აკრძალოს ასეთი საქმიანობა. არაპროფილური საქმიანობა არ უნდა უშლიდეს ხელს ბანკებს, მათი ყურადღება უნდა იყოს მიმართული მათი ძირითადი საქმიანობის სფეროზე. ეს გაზრდიდა კონკურენციას როგორც საბანკო სექტორში, ისე, ზოგადად, საზოგადოებაში; შექმნიდა უფრო ჯანსაღ სამეწარმეო გარემოს, უფრო მეტ სამუშაო ადგილს და შეასუსტებდა ოლიგოპოლიური გარიგებების ალბათობასა და შესაძლებლობას, რაც არა მარტო საბანკო სექტორში შეინიშნება.

– თქვენ რით ხსნით, რომ სახელმწიფო ასეთი რბილი და დამთმობია ბანკებისადმი? ეშინია მათი?

– არა, ანგარიშს უწევენ მათ ისტორიულ დამსახურებას, რაც საბანკო სექტორმა მოახერხა გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საქართველო გამოიყვანეს ეკონომიკური კოლაფსიდან.

– იმ ანეკდოტის არ იყოს, ჩამაგდე ისევ ორმოშიო, რაღაც ეტაპზე არ შეიძლება, სახელმწიფომ ბანკები დააბრუნოს საბანკო საქმიანობის სფეროში, თუ უკვე რთული იქნება, ჩამოერთვათ მადაგახსნილებს ის პრივილეგიები, რაც აქვთ?

– იურიდიულად ამის განხორციელება შეიძლება. ჩვენ ხომ გვაქვს იმის პრეცედენტი, რომ საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პირებს ეკრძალებათ კომერციული საქმიანობა, მაგრამ ისინი ფორმალურად გადასცემენ ხოლმე მართვის უფლებას სხვა პირს. დაახლოებით, იგივე მოხდება საბანკო სექტორშიც, თუ ამ ტიპის რეორგანიზაცია ჩატარდება. ფორმალურიდან არაფორმალური მართვის პრინციპზე გადავა, ხოლო საზოგადოების ამოცანა კი არის მეტი საზოგადოებრივი კონტროლი, მეტი ინფორმირება, რაშიც მედიასაშუალებებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

– რა ტიპის ძალაუფლება აქვთ ბანკებს ხელისუფლებაზე? რა ბერკეტები აძლევთ მათ საშუალებას, დარჩნენ ხელშეუხებლები?

– ცოტა ირონიულად გიპასუხებთ. გავიხსენებ ლენინის გამონათქვამს ოქტომბრის რევოლუციის შესახებ: უპირველესად უნდა დავიკავოთ რკინიგზის სადგურები, ბანკები, ხიდები და ასე შემდეგ... ესე იგი, ბანკები პროლეტარიატის ბელადმა თავისი ყურადღების ცენტრში მოაქცია. ის საკმაოდ კარგად ერკვეოდა ეკონომიკაში და იცოდა ბანკების როლი ამ მიმართულებით. ამდენად, რა თქმა უნდა, ბანკების ინსტიტუციური კონტროლი და მათი ჩარჩოებში მოქცევა ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ სახელმწიფომ წარმატებით იფუნქციონიროს და საბოლოო სიტყვა თქვას, ანუ გადამწყვეტი როლი საზოგადოების განვითარების ვექტორის ფორმირებაში შეასრულოს არა რომელმე ინსტიტუტმა, იქნება ეს ბანკები თუ რეალური სექტორის რომელიმე სხვა მსხვილი მოთამაშე, არამედ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი