ელვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:11
ანუ „ზურიკელა სულძაღლიანსა და ილარიონა ცხვირას“...
„ელვა: ზურიკელა სულძაღლიანს და ილარიონა ცხვირას. ვიზიარებ თქვენს ღრმა მწუხარებას ძვირფასი მურადას ტრაგიკული დაღუპვის გამო, თქვენთან ერთად ცხარე ცრემლებით დავსტირი მის მძორს. განუზომელია ჩემი მწუხარება და გულისტკივილი, არ ვიცი როგორ მოვინელებ ამ დანაკლისს. ვწუხვარ, დაკრძალვას ვერ ვესწრები. არ ვიცი, როგორ განუგეშოთ, ძაღლი მიგაკვდათ ორივეს სულში. ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს. კურდღელზე სანადიროდ როდის მიდიხართ, არ გამომაპაროთ. გკოცნით ორივეს შუბლზე. – დამწუხრებული”.
ეს ილიკოს წერილია იმის აღსანიშნავად, რომ სანადიროდ წასულ ილარიონს კურდღლის ნაცვლად ძაღლი შემოაკვდა. ეს კი ამონარიდია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს ეხება. მეორე მხრივ, მსგავსი რეზოლუციები გასაკვირი არ არის, ვინაიდან ვხედავთ და ამას არც ევროპელი პატიოსანი გვამები მალავენ, რომ უკრაინა შესაშურად ასრულებს ევროპის დამცველის ფუნქციას და, ფაქტობრივად, უფასო ჯარით აღწევენ ევროპელები თავიან მიზნებს; ხოლო ქართველებმა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს ევროსაბჭოელებისა და ევროკავშირლებისთვის, ამ როლზე უარი განაცხადეს, რაც, რასაკვირველია, გასაბრაზებელია (ევროპული დემოკრატიის სიმაღლეებიდან), მაგრამ ჩვენ კვლავ ზემოხსენებულ რეზოლუციას დავუბრუნდეთ, უფრო ზუსტად, ამონარიდს რეზოლუციიდან (ბუნებრივია, მომყავს ციტატა): „საქართველოში დემოკრატიის მუდმივი კრახი და ასამბლეის რეკომენდაციებზე ამ საკითხის გადაჭრის შესახებ რეაგირების არარსებობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს ხელისუფლების მზაობასთან დაკავშირებით, შეასრულოს საქართველომ წევრობისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებები“.
ცხადია, დემოკრატიის კრახში იგულისხმება მეტად კონკრეტული რამ, რომ საქართველოში ხელისუფლების სათავეში ის პოლიტიკური ძალები არ არის, რომლებიც მოსწონს ევროსაბჭოს (რასაკვირველია, ევროკავშირსაც) და ისევ მწვავედ დგას დღის წესრიგში გამჭვირვალობის კანონის გაუქმების საკითხი (იმიტომ რომ დასავლეთიდან წამოსული დაფინანსება წმიდათწმიდაა და მასში ეჭვის შეტანა დემოკრატიის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ანუ დემოკრატიის ღალატია, რაც, ბუნებრივია, სამშობლოს ღალატზე მძიმე დანაშაულია).
ერთი სიტყვით, რეზოლუციის ტონი მძიმე და ხისტია, რაც, როგორც თავად შენიშნავენ, ქართული დემოკრატიის კრახითაა გამოწვეული, შესაბამისად, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივუსამძიმროთ ილიკოს სტილში, ბუნებრივია, „ძაღლი მიგაკვდათ სულში“ პასაჟის გამოკლებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





