პოლიტიკა

პოლიტპარალელები

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ საქართველოდან სენეგალამდე

გასულ კვირას ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ერთობ უარყოფითი შინაარსის ანგარიში დაამტკიცა (436 ხმით 145-ის წინააღმდეგ), თუმცა გვარწმუნებს, რომ სრულ სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხისადმი (იმიტომ რომ ისინი, ანუ ქართველი ხალხი განაგრძობს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის).

ევროპარლამენტის გაგებით, ევროპული და დემოკრატიული საქართველო, არც მეტი, არც ნაკლები, გულისხმობს ევრორეკომენდაციების, ანუ დირექტივების, უსიტყვო შესრულებას და, რა თქმა უნდა, მათ შორის, არასრულწლოვნებისთვის „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდის აკრძალვის გაუქმებას. მოკლედ, არ მოვაცდენ თქვენს ყურადღებას ევროპარლამენტის ანგარიშზე (ამას უჩემოდაც მშვენივრად ართმევენ თავს ქართული ტელევიზიები და ბეჭდურ-ელექტრონული მედია), მაგრამ, სამაგიეროდ, სენეგალში გადავინაცვლებ (სადაც არანაკლებ აქტუალური ყოფილა „ელ გე ბე ტე“ თემა).

კერძოდ, სენეგალის ეროვნული კრების თავკაცი (უსმან სონკო) აცხადებს, რომ არასდროს გააუქმებენ კანონს, რომელიც მიმართულია ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. ხსენებული ბატონი აქტიური მომხრეა იმისა, რომ სენეგალში გამკაცრდეს კანონმდებლობა და თუკი ახლა ერთნაირსქესიანთა ქორწინება 1-დან 5-წლამდე პატიმრობით ისჯება, ეს სასჯელი, არც მეტი, არც ნაკლები, გაორმაგდეს (5-დან 10-წლამდე).

საინტერესოა, რომ სენეგალის ევროპელი პარტნიორები (თქვენ წარმოიდგინეთ, ევროკავშირი სენეგალთანაც თანამშრომლობს, ისევე, როგორც საქართველოსთან) სენეგალს ემუქრებიან, რომ „ელ გე ბე ტე“ თემისადმი ასეთი სასტიკი დამოკიდებულების გამო ეკონომიკურ დახმარებას შეუწყვეტენ, რადგან ვერ აიტანენ ადამიანის უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას, თუმცა სენეგალის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პრინციპული და შეუვალია და აცხადებს, რომ მზად არიან, უარი თქვან ევროპულ დაფინანსებაზე, საკუთარი ტრადიციული და რელიგიური ფასეულობების დასაცავად.

ბუნებრივია, პატიმრობა ზედმეტად მკაცრი ზომაა, ოღონდ ეს მაინც სენეგალის საქმეა და არა ჩემი, ხოლო, თუ გავიხსენებთ პასაჟს „არსენა მარაბდელიდან“, როდესაც ხორეშანი რუსის თავგასულ „სალდათებს“ ახსენებს, რომ ეს ოსმალეთი არ არისო და ისინი პასუხობენ, ჩვენთვის საქართველო და ოსმალეთი ერთი და იგივეაო, გამოდის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისა საქართველო და სენეგალი ზუსტად ერთი და იგივე ყოფილა, ოღონდ კი „ელ გე ბე ტე“ თემი იყოს ბედნიერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი