ენერგოგარიგება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:00
ანუ ნავთობის ეშხით
რაკი შეუცნობელია გეოპოლიტიკის გზანი, Israel Hayom-მა, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, გვაცნობა, რომ ვაშინგტონმა, თქვენ წარმოიდგინეთ, ფარულად, კატარული სახსრების თეირანში გადარიცხვა დაამტკიცა, რამაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების თავისუფლად გადაადგილება უნდა უზრუნველყოს, ამის სანაცვლოდ კი ირანი მათ თავს აღარ დაესხმება.
ამ სქემის შემუშავების მოტივი და მიზანი, ცხადია, ნავთობზე გაზრდილი ფასების შეკავებაა. რაც მთავარია, ეს საიდუმლო შეთანხმება ერთი თვის წინ გაიმასქნებულა და, ასე განსაჯეთ, სწორედ ეს დაედო საფუძვლად ურთიერთგაგების იმ მემორანდუმს, რომელიც ამჟამად მუშავდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის.
მეტიც, მხარეები თითქოს გრძელვადიანად შეთანხმდნენ, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შესრულდება თუ არა ეს შეთანხმება (დასახულ გრძელ ვადაში), იმიტომ რომ, საბოლოოდ, ნავთობის ფასების რეგულირება არ არის აშშ-ისა და ისრაელის მთავარი მიზანი.
მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის სამიტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა, რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი აღარ გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონში ენერგომატარებლების ფასების ზრდის შესაკავებლად მიიღეს, მაგრამ, რაკი, როგორც დონალდ ტრამპი ამტკიცებს, ირანთან ომი დასრულდა, შეერთებულ შტატებს უკვე აქვს საშუალება, ისევ აუკრძალოს ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენა.
ამ გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია: თუ მე მჭირდება, ეშმაკიც ანგელოზია და თუ არ მჭირდება, ანგელოზი ეშმაკად იქცევა (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთია გეოპოლიტიკური ლოგიკა), მხოლოდ ისაა გულდასაწყვეტი, რომ მათთვის, ვისაც დედამიწის მართვის პრეტენზია აქვს, ის კი არ არის შემაკავებელი ფაქტორი, რომ ადამიანები იხოცებიან, არამედ მხოლოდ ის, რომ ნავთობის გაძვირების გამო მათ ფინანსებს ექმნება საფრთხე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





