გაცამტვერებული ხიბლი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 21:00 30.06
ანუ ევროკავშირი = საბჭოთა კავშირს?!
სანამ ჩვენ ევროკავშირის კართან ვდგავართ, ისინი კი დღე დღეზე უვიზო მიმოსვლის გაუქმებით გვემუქრებიან და გვარწმუნებენ, რომ, თუ ასე მოხდა, ეს „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება და არა მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხისადმი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქცია, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ზედ წამწამზე უზით (დიახ, ასე იცის წრეგადასულმა სიყვარულმა), გაირკვა, რომ ახალ წევრებს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისთვის ვეტოს დადების უფლება არ ექნებათ. ესე იგი, გამოდის, რომ ძველი ევროკავშირელები ახალ წესებსაც თავად განსაზღვრავენ, ძველი წესები კი ისედაც თავად აქვთ განსაზღვრული; სხვათა შორის, მეტად საინტერესოდაა შეფუთული ეს უთანასწორობა. სახელდობრ: თუ ენა შეუბრუნე და რომელიმე საკითხი დაბლოკე, ან გაბედე და ხმა წინააღმდეგ მიეცი, ეს უკვე წესების დარღვევად ჩაითვლება და არა მარტო ვეტოს, ხმის უფლებასაც შეგიზღუდავენ.
ამავე „ოპერიდანაა“ ვალდებულება, რომ, თუ მიგრანტების მიღება არ გინდა, მაშინ თითოეულზე 20 000 ევრო უნდა გადაიხადო. გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი (განსაკუთრებით, საბჭოეთის ფონზე) სწორედ იმით იყო მიმზიდველი, რომ გადაწყვეტილებები ერთხმად მიიღებოდა და მიუხედვად ზომა-წონისა, ყველა ქვეყანას თანაბარი უფლებები ჰქონდა – ვერავინ ვერავის მოახვევდა თავზე თავის მოსაზრებებს და თუ ეს ყველა ხიბლი გაცამტვერდა, საბჭოთა კავშირში ხომ უკვე ვიყავით?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





