რატომ იქცევა სამხრეთ კავკასია მორიგი გეოპოლიტიკური დაპირისპირების არენად უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
სომხეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ბუნებრივად იბადება კითხვა: რისთვის სჭირდება დასავლეთს, ოკეანის გაღმა – ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო ევროპისკენ – ევროკავშირს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს წრეგადასული ქება და ისეთი მისიების სიტყვიერად დაკისრება, რაც უბრალოდ, ეწინააღმდეგება მის გეოგრაფიას. ამ თემას დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– რა მიზნის მიღწევას შეიძლება, აპირებდეს, ერთი მხრივ, ევროკავშირი, მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები და ემთხვევა თუ არა ამ ორის მიზანი ერთმანეთს?
– იმისთვის, რომ გავიაზროთ, რა ხდება, ზედაპირული ემოციები და შეფასებები ამ ძალიან ღრმა პროცესისა, ალბათ, არ გამოგვადგება. საქმე ის არის, რომ ორი პარალელური პროცესი მიდის; უფრო სწორად, რამდენიმე, მაგრამ ამჟამად ორ ლოკალურ პროცესზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთია უკრაინის მოვლენა და მეორე – სამხრეთ კავკასიის მოვლენა. უკრაინის დღევანდელი სიტუაცია, ხედავთ, სრული კატასტროფისკენ მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ არის რესურსი და მთავარი მიზანი აქ არის რუსეთის ყირიმისგან მოჭრა. ეს არის ამერიკული პროექტი. კარგად იცით, რა იყო 2014 წელს მთავარი მიზანი, რასაც მაიდანი მოჰყვა. ყირიმში უნდა ყოფილიყო ამერიკის საზღვაო ბაზა. რას ნიშნავდა ეს? რომ რუსეთი, ფაქტობრივად, უნდა განეიტრალებულიყო, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეძლებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სრული თანხმობის, უფრო სწორად, მის დაქვემდებარებაში ყოფნის გარეშე. ანუ რუსეთი, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე, იქნებოდა განადგურებული. ზუსტად იგივე მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაშიც, როდესაც უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დასრულდება, სამხრეთ-კავკასია დარჩება, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკის მთავარი არენა, სადაც მთავარი მოთამაშეების ბალანსის საერთოდ არანაირი კონტური არ არის ჯერ გამოსახული. მით უმეტეს, რომ სომხეთს იმავე ტიპის ხელისუფლება ჰყავს, რაც საქართველოს ჰყავდა და ჰყავს, არანაირი განსხვავება არ არის წინა და დღევანდელ ხელისუფლებებს შორის, გეოპოლიტიკური მორჩილების თვალსაზრისით. ამდენად, აქაც მთავარია ისევ და ისევ რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან განდევნა და მაშინ დარჩება შუ აზია, სადაც, ასე თუ ისე, შესაძლებელი იქნება შემდეგ, რაღაც ფორმით, რუსეთის შეზღუდვა. ანუ რუსეთი იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც იზოლირებული იქნება მთავარი მაგისტრალებიდან და მთავარი პოლიტიკური საყრდენებისგან. აი, ესაა მთელი ისტორია.
გასაგებია, რომ ევროკავშირს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ მოთამაშეს არ წარმოადგენს და მხოლოდ პერიფერიის დონეზეა, აქვს თავისი მიზნები, იმიტომ რომ იმედი აქვთ, რუსეთს, ადრე თუ გვიან, ამას არც მალავენ ევროპის ხელმძღვანელები, დააჩოქებენ. შესაბამისად, თუ მიაქციეთ ყურადღება, ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, კამერები რომ არ იყოს, ვაჩვენებდი, ეგრეთ წოდებული, უღირსი ჟესტით, თუ რის წაღებას შეძლებენ რუსეთიდანო. დიახ, ევროპის სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომ გასაგებია, რა რესურსი შეიძლება, გამოიყენონ. ზუსტად ამ კონტექსტში არის ზეწოლა საქართველოზე, მაგრამ აქ ჩვენ ზუსტად უნდა დავალაგოთ სიტუაცია – ევროპა ისეთია, როგორიც არის. ჩვენ ევროპასთან არც საომარი გვაქვს, არც გასაყოფი, ჩვენ გვინდა კარგი თანამშრომლობა და არა ქვემძრომი პოლიტიკა, რომელიც ბოლო 23 წელიწადია ტარდება. ისინი გეუბნებიან, შენ თუ გინდა ჩვენთან, ფულს გაძლევთ, რაღაც პრეფერენციებს გიკეთებთ და კეთილი ინებეთ, შეასრულეთ, რასაც ვითხოვთ. ხელისუფლებაც ასრულებს, როგორც წინა, რასაც ევროპელები ითხოვენ, მაგრამ ხალხისაც ეშინიათ და ამიტომ ფრთხილობენ.
– რას გულისხმობთ, რომელ მოთხოვნებს ასრულებენ?
– მთავარი მოთხოვნა, რაც სრულდება, არის ის, რომ არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს მიწის გაყიდვაზე. ერთი ისაა, იციან, რომ, დღეს თუ არა ხვალ, ქართველი ხალხი აუცილებლად იხუვლებს და მაშინ ამ ხელისუფლებისა და არაფორმალური მმართველობის საქმე ცუდად იქნება. მეორე, რაც აშკარაა, არის ის, რომ უკვე ორი ათეული წელია, არანაირად არ იზღუდება „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა და ამ კატეგორიის ხალხს აქვს სრული თავისუფლება, იმიტომ იყო მცდელობები რუსთაველის გამზირზე გეიაღლუმების ჩატარების. ანუ ეს მოთხოვნა ძალაშია, იმიტომ რომ თვითონ ევროპა არის დღეს ასეთი. მესამე – მიგრაციის არანაირი შეზღუდვა. და, რა თქმა უნდა, შემდეგი მოთხოვნაა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გათანაბრება სხვა ეკლესიებთან, მისი დაშლა და სრულად მოშლა ევროპელების ზეწოლით. საქართველოს ბოლო ორმა ხელისუფლებამ დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, მაგრამ აქაც ფრთხილობს დღევანდელი ხელისუფლება. იცის, რომ, ადრე თუ გვიან, ამას აფეთქება მოჰყვება. აი, ასეთი ვითარებაა. ჩვენი „დიფ სტეიტთან“ მებრძოლი ხელისუფლება სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს და ყველანაირად ცდილობს, დაუმტკიცოს ევროპას, რომ მისი ნაწილია.
– კონკრეტული მაგალითები რომ თქვათ, დღევანდელი ხელისუფლება ხელს უწყობს „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდას და ქართული ეკლესიის დაშლას.
– არავის მიუყენებია იმხელა დარტყმა ქართული ეკლესიისთვის, როგორიც „ოცნებამ“ მიაყენა. „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა კი ხალხის წინააღმდეგობამ შეაჩერა, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და არც მოიხსნება, სანამ ევროპაში ეს ხელისუფლებებია, რომლებიც არის და სანამ საქართველოში ეს ხელისუფლებებია.
– სომხეთს რისთვის ამზადებენ აშშ და ევროკავშირი?
– ერთადერთი რამისთვის: ეს არის რუსეთის პროვოცირება, რომ უკრაინასთან ძალების კონცენტრაცია ვერ შეძლოს და მას დაჭირდეს სამხრეთ კავკასიაში გარკვეული ძალების გადასროლა. საქმე ისაა, რომ, თუ რუსეთი სერიოზულ მობილიზაციას არ გამოაცხადებს, მას არ შეუძლია ორ ფრონტზე შემაჩერებელი რამე მოქმედება, მისთვის კი არასასურველია ასეთი მობილიზაცია. ხედავთ, რა ხდება უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია. ამერიკელებისა და რუსების ერთმანეთში მოლაპარაკება ძნელია, მაგრამ ზეწოლა უკრაინაზე გრძელდება და რუსეთის რესურსი გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინელების რესურსი, მათ შორის, ევროპული დახმარების მიუხედავად.
– ვარაუდობთ, რომ სომხეთში მოსალოდნელია ძალისმიერი სცენარი, ძალისმიერი ჩარევა რუსეთის მხრიდან?
– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმებს მიიღებს პროვოკაცია. ხედავთ, რა დონის პროვოკაციებია ბალტიისპირეთში. იქიდან უპილოტო საფრენი აპარატებიც გაუშვეს პროვოცირებისა და განცხადებების გაკეთების მიზნით. ეს, ფაქტობრივად, სრული კატასტროფაა. წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ. ხედავთ, რა სცენარი თამაშდება უკრაინაში, რა ხდება ბალტიისპირეთში და, თუ სამხრეთ კავკასიაც აფეთქდება, მაშინ უკვე სულ სხვა სიბრტყეში უნდა გადავიდეს დაპირისპირება. ამ ესკალაციას ჯერჯერობით რუსეთიც უფრთხის და ევროკავშირიც, მაგრამ ფარული მუშაობა მიდის, არც ამერიკელები აკლებენ ხელს. ერთი მხრივ, რუბიომ მიულოცა კიდეც რუსეთის დღე საკმაოდ თბილი სიტყვებით, მაგრამ რეალური პოლიტიკა სულ სხვა არის და ყველაფერი რუსეთის შევიწროებისკენ მიდის. ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ სომხეთი. სომხეთს არანაირი წარმატება არ აქვს, პირიქით, ძალიან ცუდი პერსპექტივა ელის სომხეთის სახელმწიფოს. ეს მარტივად არ ჩაივლის, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რომელსაც უკვე რუსეთშიც ხმამაღლა ამბობენ: სამ მთავარ მოთამაშეს შორის აშკარად ჩანს, რომ ყველაზე სუსტი რუსეთია, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერია. და თუკი შეერთებული შტატები და ჩინეთი გარკვეულ ინტერესს დააბალანსებენ, რუსეთი ან ჩინეთის უმცროსი ძმა უნდა იყოს, ან ამერიკის შეერთებული შტატების, იმისთვის, რომ რუსული გეოპოლიტიკური ინტერესი შენარჩუნდეს. დამოუკიდებელი ბლოკის შესაქმნელად რუსეთს ძალა არ ეყოფა, იმიტომ რომ ეს არის უსაშველო კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა და მისი ელიტები მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, იძარცვება ქვეყანა. ამდენად, ეყოფათ თუ არა ძალა, რომ შეძლონ ამ ჭაობიდან გამოსვლა, რთული სათქმელია.
– ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, გვერდზე რომ გადავდოთ არეულობის გამო შექმნილი პრობლემები, სამხრეთ კავკასიაში რუსეთი იქნება დომინანტი, აშშ თუ ევროკავშირი? რამე დადებითი შეიძლება, მოგვიტანოს რუსეთის გაძევებამ ჩვენი რეგიონიდან?
– მოდი, ვთქვათ პირდაპირ, ეს კარგია თუ ცუდი, უნდა აიწონოს, იმიტომ რომ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გეოპოლიტიკურ ეპიცენტრში მოხვედრის გამო არის ის, რომ ინტერესების ბალანსი არსებობდეს, დიდი სახელმწიფოების ბალანსი არსებობდეს, რადგან რომელიმე მხარის დომინირება საქართველოს სახელმწიფოს პერსპექტივისთვის არაფრის მომცემია. პირიქით, უბედურების მეტი არაფერი შეიძლება, მოიტანოს, იმიტომ რომ სახელმწიფო ყიდის მიწებს, შემოჰყავს მიგრანტები, უკვე 300 000-ით გაზარდა საქართველოს მოქალაქეების რიცხვი აფრიკელებისა და არაბების ხარჯზე და ეს პროცესი გაგრძელდება და როგორც კი ეროვნული დისბალანსი შეიქმნება, შემდეგ აქ აღარაფერი დარჩება ქართველების გადასაწყვეტი.
– და იგივე სიტუაცია იქნება სომხეთშიც, ალბათ.
– იქ უფრო რთულადაა საქმე, იმიტომ რომ რუსული ჯარი დგას. ქართველებმა უნდა გავიგოთ მთავარი: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოგვწონს თუ არა რუსეთი. საქართველო ამერიკელებსაც და ევროპელებსაც სჭირდებათ ერთადერთი მიზნით: იყოს პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ და იმის შესახებ, თუ რას მოგვიტანს ეს, სერიოზული მსჯელობა და პროფესიული გარჩევები უნდა იმართებოდეს. თორემ, ვის რა ორიენტაცია აქვს გეოპოლიტიკაში, ამაზე მსჯელობა სასაცილოა.
– აზერბაიჯანის მომავალს როგორ ხედავთ?
– აზერბაიჯანს, ამ ორ სახელმწიფოსთან შედარებით, გაცილებით უკეთესი პოზიცია აქვს, იმიტომ რომ ის არის შემდგარი სახელმწიფო. თუ რაღაც პოლიტიკურ შეცდომას არ დაუშვებს, მას საკმაოდ კარგი გეოპოლიტიკური მომავალი აქვს. შეცდომა კი ის იქნება, რომ არ გამოაყენებინოს თავი თურქულ-ებრაულ-ინგლისურ ინტერესებს. არადა ამის ნიშნები აშკარად არის; აგრეთვე, აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ბალანსია დარღვეული და დარღვეულია საქართველოს სისუსტის გამო. სამხრეთ კავკასიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში აქ აზერბაიჯანის დამაბალანსებელი სახელმწიფო უნდა არსებობდეს. საქართველო ამ როლს ვერ ასრულებს. თუ საქართველო და სომხეთი შეცდომას დაუშვებენ, ამას აზერბაიჯანი გამოიყენებს თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის გაფორმებული არ არის, ამიტომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ბაქოს კიდევ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მიმართაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





