პოლიტიკა

რატომ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში კორუფცია ლობიზმის სახით დაკანონებული

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 58 წუთის წინ

ნოდარ კაპანაძე
დაკოპირებულია

ლობიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტული ინტერესების ოფიციალურად გატარების სისტემაა, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, დაკანონებული კორუფცია, როდესაც ლეგალურად იტყუები და იხდი გადასახადებს. შესაბამისად, გამოდის, რომ, ვისაც ფული აქვს, ის მართალიცაა და მისთვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო, ვისაც ფული არ აქვს, მისი საზოგადოების თვალში გაშავება და გამტყუნება უმარტივესია. ამის მაგალითები თავადაც ვიწვნიეთ, უფრო ზუსტად ვიწვნევთ: ამერიკელი კანონმდებელი ჯო ვილსონი ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტის გავლით რუსეთი ირანს იარაღით ამარაგებს და მსგავსი შინაარსის შეკითხვა მან ბ-ნ რუბიოსაც დაუსვა. ამდენად, აბსურდი სავსებით ლეგალური და დამაჯერებელია, – ამ თემაზე თავის მოსაზრებას სტატისტიკის სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე გაგვიზიარებს.

– რა სარგებელი მოაქვს ლეგალიზებულ კორუფციას და რატომ არ უქმნის ეს უხერხულობას არავის?

– დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის კაპიტალისტური სისტემის მექა. აქედან გამომდინარე, იქ მართავს ფული. რაც შეეხება ლობირების კანონს: დიახ, ეს არის ოფიციალური კორუფციის ფორმა, კანონის ჩარჩოში მოქცეული და, ამდენად, უკვე, სულაც, არ არის დანაშაული. ჩვენ შეგვიძლია, ეს მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, ანუ ჩვენი აზრი გვქონდეს ამის შესახებ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც კანონმდებლობით ოფიციალურად აღიარებული კორუფციის მქონე ხალხი ჩემი საწყალი „გაიშნიკების“ 2-ლარიან კორუფციაზე რომ მამუნათებდნენ. ეს ცოტა სასაცილოა. ამ დროს საქმე ელემენტარულადაა: ვითარებას უნდა შევხედოთ ყოველგვარი ემოციების გარეშე და ამის შემდეგ დავინახოთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ჯონ ვილსონმა, თავისი, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, გადაკეცა მორიგი 1 000 დოლარი და თქვა რაღაც ისეთი, რაც, საერთო ჯამში, სისულელეა, მაგრამ მას, უბრალოდ, გადაუხადეს ამისთვის. შესაბამისად, ჩვენ აქ არ უნდა გვქონდეს განწყობა და ისეთი დამოკიდებულება, რომ, რადგან ვაღაცამ სენატსა თუ კონგრესში ან სახელმწიფო დეპარტამენტში რაღაც თქვა, ის ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტების მეტაფიზიკური მცველია და შეუცდომელია, რომ მას არასდროს გაექცევა სიმრუდისკენ ხელი. ასეთი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს მათი ნათქვამებისადმი, ისევე, როგორც გასული საუკუნის 80-იანების ბოლოს გვეგონა, რომ, მაგალითად, „ჰოლივუდი“ იყო ანგელოზების თავშესაფარი. იქ არის ეს კანონი და ამისთვის შემიძლია, მხოლოდ მადლობა ვუთხრათ ამერიკის შეერთებული შტატების იმ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს, იმიტომ რომ, ეს მაინც ასე ხდება და რადგან ასე ხდება, მოდი, ამ ყველაფერს დავარქვათ სახელი.

– და კორუფციას დაერქვა ლობირება.

– დიახ და ეს ნორმალური ამბავია. გენიალური ფრაზაა, რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია კანონდარღვევა. ამდენად, როდესაც თქვენ რაღაცას კრძალავთ, თქვენ ამ მოვლენას კი არ აუქმებთ, არამედ ის, უბრალოდ, თქვენი თვალთახედვის არედან გაგაქვთ. ანუ დუღილის პროცესი გადაგაქვთ დახურულ ჭურჭელში, რომელიც აუცილებლად გასკდება და რაც უფრო გვიან, მით უფრო ცუდად. ასე რომ, უბრალოდ, არ უნდა გვქონდეს მადიდებლური დამოკიდებულება, რაშიც ჩვენს ქვეყანასა და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში არიან შემჩნეული ცალკეული ამხანაგები. მე, მაგალითად, მივესალმები, თუ აქაც იქნება მსგავსი კანონმდებლობა. რაც შეეხება ტყუილის თქმასა თუ ტყუილების დაბრალებას, ეს აბსოლუტურად ლეგალიზებულია. თან, ის ასე ხედავს და ამბობს თავის ხედვას.

– ხედავს, რომ არარსებული პორტიდან იარაღი მიეწოდება ირანს?

– დიახ, ასე ხედავს. აქვს გადაუმოწმებელი ინფორმაცია. გამოთქვამს თავის ეჭვს, მაგრამ ჩვენ ამაზე რატომ უნდა ვიდარდოთ?!

– მე არ ვდარდობ, ვინ რას ბოდავს, უბრალოდ, ქვეყანაზე არასწორი წარმოდგენა იქმნება. ამ ლობისტებს, ხომ, უსმენენ?

– ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ ამ ლობისტებს; ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საქმე და არ უნდა გავიხადოთ თავი დამოკიდებულები იმაზე, თუ რას განაცხადებს ჯო ვილსონი, ჟიგიმანტასი და სხვა მოწინავე ამხანაგები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საქმე. ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორუფცია მოაქციეს საკანონმდებლო ჩარჩოში და ძალიანაც კარგი. მაგრამ, ნახეთ, რამხელა პრობლემები შეიძლება, შეექმნას, თუ ამ კანონმდებლობის გვერდის ავლით, ანუ, თუ გადასახადების დამალვის მოტივით, გაუწევს ლობირებას. ეს არის ოფიციალური კორუფცია, ჩვენთან რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას უწოდებენ. ოღონდ, ვიმეორებ, ეს ყველაფერი საკანონმდებლო ჩარჩოშია მოქცეული. პრობლემა არ არის ეს კანონი, პრობლემა არც მათი განცხადებებია, პრობლემა არის ერთადერთი: ჩვენ აქედან, რატომღაც, გვაქვს დამოკიდებულება, რომ აი, ვილსონმა თუ ვიღაც სხვამ ესა და ეს განაცხადა. ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საქმე; ჩვენი საგარეო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს შიდა პოლიტიკის მიერ წარმოებული და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რას განაცხადებენ ის ამხანაგები, რომლებიც ოფიციალურად იღებენ ამაში ფულს. „ფარას“ კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნდება დეკლარაციები, ვინ რა აიღო ამა და ამ განცხადებაში. შესაბამისად, მადლობა მათ ამ გულახდილობისთვის, ჩვენ, უბრალოდ, ამაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული.

– მაგრამ ამ განცხადებებს ხომ იყენებენ შიდა თუ გარე მოხმარებისთვის? იქმნება მცდარი წარმოდგენები, რომლებიც ემსახურება უსამართლო პოლიტიკის წარმოებას.

– რა თქმა უნდა, გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, შეეცდებიან, გამოიყენონ, მაგრამ, თუ თქვენი დამოკიდებულება ამისადმი იქნება ისეთი, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინ რა განაცხადა, ზემოქმედება შემცირდება. არის ოფიციალური სტატისტიკა, ოფიციალური განცხადებები და რაღაც კულუარული ინფორმაცია. ჩვენ პოლიტიკას ვერ ავაგებთ ამაზე. რაც უნდა, ის განაცხადოს ვილსონმა, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პატრონები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ და რა გვინდა. ამისთვის არის საჭირო ის მიზნები, რომლებიც ჰორიზონტზე ჩანს. ამას სახელად ჰქვია განვითარების პროგრამა, ამას სახელად ჰქვია განათლების რეფორმა, ფასების რეგულირება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, სოფლის მეურნეობის განვითარება, საშუალო ფენის ზრდა, დამამუშავებელი ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ამ ჩვენს საკეთებელს წაადგება.

– ლობირებას რა მოაქვს შედეგად, გარდა იმისა, რომ ვინც ლობირებს, შემოსავალს იღებს, ანუ როგორ მოქმედებს ლობირება შიდა და საგარეო პოლიტიკაზე?

– მე არანაირი ინსაიდერული ინფორმაცია არ მაქვს, რას ამბობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტები ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და კონგრესში არსებულ წყალქვეშა დინებებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, ვთქვა: რამდენადაც ჩვენ თვითონ ვიქნებით ჩვენს თავზე, ჩვენს ინტერესებზე ორიენტირებულები, იმდენად მოუსმენენ ისინი ამ სხვადასხვა პასკვილს. შეიძლება, იქ ვიღაცამ რაღაც თქვას, მაგრამ ეს ყველაფერი არის შიდა საუბრები, ჩვენთვის კი მთავარია, რა გვინდა ჩვენ. აი, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმის შესახებ, თუ რა განაცხადა ვილსონმა და სხვებმა. რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული და ნაკლებად გავიხდით თავს ვალდებულს, ყველას ნათქვამი გავითვალისწინოთ, მით უფრო გაგვიადვილდება ჩვენი საქმის კეთება.

– მე ვიგულისხმე, რა ზემოქმედებას ახდენს ლობირება თავად აშშ-ის შიდა და გარე პოლიტიკაზე. აქვს გავლენა? ითვალისწინებენ ლობისტების განცხადებებსა და ინფოს?

– შეიძლება, მიაქციონ კიდეც ყურადღება. რა თქმა უნდა, ვიღაც ამას გაითვალისწინებს, ვიღაც მოისმენს, ვიღაც დაიჯერებს კიდეც, მაგრამ, როდესაც საქმე რეალური გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება, მაშინ ყველა მაინც რეალურ სტატისტიკას უყურებს და არა რაღაც გამოგონილ ამბებს, რასაც საქართველოდან უხვად ავრცელებენ ხოლმე ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეები.

– მაგრამ ფაქტია, რომ იარაღის მწარმოებლებს ჰყავთ ძლიერი ლობი, ისრაელს ჰყავს ძლიერი ლობი და ისინი ახდენენ გავლენას რეალურ გადაწყვეტილებებზე. ესე იგი, მაინც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის აქვს ბევრი ფული.

– დიახ, იმიტომ რომ ეს არის კაპიტალიზმი, კაპიტალიზმში კი ფული მეფობს. იქ არის გავლენების რამდენიმე შრე. რაღაც დონემდე ფულს აქვს გავლენა, მაგრამ რაღაც დონის შემდეგ უკვე ფულზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები იწყება. ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს კანონი ძალიან გულწრფელი კანონია. შეიძლება, კარგია, შეიძლება – ცუდი მაგრამ გულწრფელი ნამდვილად არის. ეს არის მცდელობა, რომ კორუფცია, რომელიც მაინც იქნება, მოაქციონ კანონში.

– ეს იმას ჰგავს, იუსტიციის სახლში ბევრ ფულს გადაიხდი, იმაზე მეტსაც კი, რასაც ქრთამად აძლევდი და იმავე დღეს მიიღებ საბუთს.

– დიახ, თუ გინდა, რომ პასპორტი ერთ დღეში აიღო, ფული უნდა გადაიხადო.

– თუმცა ერთია, პასპორტში ფულის გადახდა და მეორე, უკაცრავად გამონათქვამისთვის, რაღაც უვარგისის რეკლამირება.

– ეს არის კაპიტალიზმი. კაპიტალიზმის და, მით უფრო, ლიბერალური კაპიტალიზმის დევიზი არის წარმატება ნებისმიერ ფასად. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, ამ კანონმდებლობასა და ამბებზე საერთოდ არ ღირს ნერვიულობა. გავიმეორებ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა, თორემ შენს სასარგებლოდ არსად არავინ არასდროს არაფერს განაცხადებს. ყველა თავისი ინტერესების შესაბამისად აცხადებს.

– როგორ ფიქრობთ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რატომ არ უყვარს ლობისტების მომსახურების მიღება?

– მე არ ვარ ხელისუფლებაში, მაგრამ, რომ ვიყო, ერთ კაპიკს არ დავხარჯავდი ლობირებაში. მივხედავდი ჩემს ქვეყანაში საქმეს, ჩემს ხალხს მივხედავდი უპირვეელესად. ეს არის მთავარი, ყველაფერი დანარჩენი მეათეხარისხოვანია. დავუშვათ, დავხარჯეთ ფული, გამოვიდა ხუთი სენატორი და განაცხადეს რაღაც კარგი ჩვენ შესახებ, აქ რამე მოხდება ჩემთვის სასიკეთო?!

– მაგალითად, პროტესტს მოაკლდება მოტივაცია. თუ იმას ამბობთ, რომ ლობისტები არაფერს ცვლიან?

– ცვლიან რაღაც განწყობებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეშმაკი იმდენად გეპატრონება, რამდენადაც ამის უფლებას აძლევ და თუ მისცემ უფლებას, რომ განგისაზღვროს, განგისაზღვრავს; თუ არ მისცემ უფლებას, ვერ განგისაზღვრავს. რა თქმა უნდა, მათ განცხადებებს რაღაც წონა რომ არ ჰქონდეს, ლობიზმის კანონი არ იარსებოდა. საკმაოდ დიდი ფული მოძრაობს ამ სფეროში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი