პოლიტიკა

რატომ განახლდა საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიის ლანძღვა უწმიდესის დაკრძალვის დღესვე

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

მომავალი პატრიარქის არჩევის პროცედურა ცნობილია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ძალიან ასწია პატრიარქობის თამასა და მომდევნო პატრიარქს მართლაც დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, რომ იტვირთოს მწყემსმთავრობა. ამის პარალელურად, ოპოზიციამ განაახლა ძველებური ნარატივი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი: რუსული გავლენები და ეგზარქოსი და, რატომღაც, არ იმჩნევენ, რომ მეუფე შიო თანამოსაყდრედ სწორედ კათოლიკოს-პატრიარქმა დანიშნა. შესაბამისად, სწორედ მას აყენებენ ჩრდილს, როდესაც მის მიერ დანიშნულ თანამოსაყდრეს ეგზარქოსად მოიხსენიებენ. ნიშნავს თუ არა საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ამ მიმართულებით გააქტიურება, რომ ეკლესიაზე შეტევა გაგრძელდება და განახლდება? - ამ საკითხზე თავის აზრს მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს: ეკლესიაზე შეტევა არც არასოდეს შეწყვეტილა. მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმითა და მგზნებარებით. ამდენი ხანია, ამ პროცესების მონაწილე ვარ და თითქმის არ ყოფილა ბოლო წლებში დიდი საეკლესიო მოვლენა, რომ არ ყოფილიყო მისი სკანდალური გადაფარვის მცდელობა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პატრიარქის ეპისტოლეს მნიშვნელოვანი თეზისები არ გადაფარულიყო თითიდან გამოწოვილი თუ ყურით მოთრეული სხვა, ძალიან უმნიშვნელო საკითხებით. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არათუ მიმდინარე, არამედ რომელიმე სასულიერო პირის რამდენიმე წლის წინანდელი განცხადება გაეხადათ მთავარ თემად და ამით გადაეფარათ საეკლესიო დღესასწაული, მიეყენებინათ შეურაცხყოფა მრევლისთვის და ტალახი ესროლათ ეკლესიისთვის. ასეთი თემების წინ წამოწევა, როდესაც სვეეტიხოვლობას, შობას, აღდგომას ვზეიმობ მორწმუნე ადამიანი, თავისთავად უკვე მეტყველებს, რომ, როგორც ეშმაკი ჯვრის დანახვაზე თრთის, ისე ვერ იტანენ სიმშვიდეს; ვერ იტანენ, რომ ჯანსაღი პროცესები ვითარდება. დღეს თითქმის მთელი ერი გლოვობს პატრიარქს და რაც მოხდა, არის ქართველი ერის გაცემული პასუხი ყველა კითხვაზე. ვინმეს წარმოგვედგინა, რომ ქართველი შეიძლება, იდგეს რიგში 11-12 საათის განმავლობაში და იქ იყოს სიმშვიდე?! არ იყოს ხმაური?! აი, ასეთები ვართ ქართველები.

- არადა რამდენი ფული დახარჯეს ტვინების გამოსარეცხად და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ წყალში გადაყარეს.

- დიახ, თან, ხომ ვერავინ იტყვის, რომ მოტყუებით, მანიპულაციით, ფულით, ძალადობით მიიყვანეს ხალხი იქ პატარა ბავშვებით?! იქ ვიყავი მთელი ამ ხნის განმავლობაში და იშვიათად, რომ ბავშვები ატირებულიყვნენ და მშობლებისთვის ეთხოვათ, წამიყვანე სახლში, დავიღალეო. ეს არის პასუხი: ნუ ვისვრით ამ ტალახსა და ქვებს. ეს არ მუშაობს; პირიქით უკან უბრუნდება მსროლელს. აქედან გამომდინარე, იმავეს გაგრძელება პატრიარქის დასაფლავებიდან მეორე დღეს მეტყველებს სახარებისეულ ერთ-ერთ თეზაზე, რომ ეს გაქვავებული გული და გაყინული ტვინი ზოგიერთთან უკვე ვეღარ გალღვება, თუ იმანაც არ აგითრთოლა გული, რაც ხდება. იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს მივეხმაროთ; იგივე გრძელდება. დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაში იმყოფება მიტროპოლიტი შიო. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდება ისეთივეს, როგორიც მისი უწმიდესობა ილია მეორე იყო - დიდი ჯვრის მატარებელი, რაც ძალიან რთულია. არის ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ჩაჰკირკიტებენ ნიუანსებს, რიმ იქნებ პატარა ბზარი მაინც გააჩინონ; იქნებ რომელიმე სასულიერო პირს რაღაც წამოსცდეს და ამისგან სკანდალი აგორდეს. ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მთელი სინოდი, იმიტომ, რომ ისინი და ჩვენ, ყველანი, მთელი ამ ხნის განმავლობაში პატრიარქის ძლიერი ფრთების ქვეშ ვიყავით. რაც უნდა შეცდომა დაგვეშვა, პატრიარქი ყველას გვიფარავდა, გვაწონასწორებდა. დღეს ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე ვითარებაში, იმიტომ, რომ უწევთ თავიანთ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და ნებისმიერს გაუჭირდება, აიღოს ილია მეორის ჯვარი. ამიტომ უმეტესობა ცდილობს, რასაც მე ვუყურებ საპატრიარქოშიც, სამებაშიც, სიონშიც, როგორმე შეუდგნენ ამ ჯვარს და ერთად ზიდონ. და როდესაც ამ დროს ვიღაც ცდილობს, რომ ადრინდელი ინტერვიუდან რაღაც ფრაზა წამოწიოს და ამ პროცესს ხელი შეუშალოს, უკვე მტრობაა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს მომხრე არ უნდა იყოს; არ ნიშნავს, რომ ვიღაცას, თავისი სუბიექტური აზრით, ვინმე არ უნდა მოსწონდეს. მე ვლაპარაკობ იმას, რომ ამით ხელს უშლი ამ პროცესს. პირიქით, დღეს ჩვენი გულის ძახილი უნდა იყოს, რომ აბა, წმიდა სინოდის წევრებო, ერთმანეთს ესაუბრეთ, თუნდაც, იკამათეთ, მაგრძნობინეთ, რომ ერთიანია სინოდი, ეკლესია. ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც უკავშირდება ურწმუნო თომას ეპიზოდს „სახარებიდან“: რაოდენ დიდი ამბავი მოხდა, გარდაცვალება, ჯვარცმა, აღდგომა და თავად შეიცვალნენ სულიწმიდის მადლით. ჩვენც უნდა შევიცვალოთ, არ შეიძლება, ისევ ისე ვიცხოვროთ, როგორც ვცხოვრობდით ერთი კვირის წინათ; არ შეიძლება, იმავე ლექსიკით ვიმეტყველოთ, იმავე შემართებით ისეთივე საქმე ვაკეთოთ. უნდა შევიცვალოთ, აი, იმ ერთობამ, რომელიც შედგა ამ დღეების განმავლობაში, უნდა შეგვცვალოს და უნდა ვეცადოთ, რომ ცოტათი უკეთესები გავხდეთ.

- არანაკლები სირთულეა, რაც გამომჟღავნდა, იმის შენარჩუნება, ვინაიდან, ჩვეულებისამებრ, პირიქითაც ხდება ხოლმე: როდესაც ასეთი გამოღვიძება უფრო დიდ განსაცდელს იწვევს.

- მახსენდება 9 აპრილს როგორი ერთსულოვანი იყო ქართველი ხალხი, მაგრამ იყო გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ ერთობას ხელს უშლიდნენ. ამდენად, კიდევ ერთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ: სინოდის მომავალი სხდომა, ახალი პატრიარქის არჩევა. საერთოდაც, საეკლესიო ცხოვრება უკვე სხვა სიმაღლეზე უნდა ავიდეს და თითოეულ ჩვენგანს, ვართ თუ არ ვართ მრევლი, ჩვენი ფუნქცია და როლი გვაქვს და უნდა ვაგრძნობინოთ ყველას, რომ ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურსა თუ ეკლესიის წინააღმდეგ ღია თუ ფარულ ბრძოლას აუცილებლად გაეცემა პასუხი ქართველი ხალხისგან.

- რასაც ჩვენ ვუყურეთ და არა მხოლოდ ჩვენ, არის ერთგვარი, პოლიტიკური ტერმინებით რომ ვთქვათ პოლიტიკური მესიჯი იმ ძალებისადმი, რომლებსაც სულ სხვა გეგმები აქვთ საქართველოსა და რეგიონისადმი. მათგან როგორ რეაქციას უნდა ველოდოთ? ტაქტიკის შეცვლას, გეგმების შეცვას? იმას გარდა, რომ უტაქტო იყო ევროკავშირის ხელმძღვანელობის დუმილი.

- მათი ეკლესიური ცხოვრება, მათი დამოკიდებულება საკუთარ რელიგიებისადმი სულ სხვა საუბრის თემაა. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველმა ერმა, მთელ მსოფლიოს გავუგზავნეთ შეტყობინება, რომ ვიცით ადამიანის დაფასება; შეიძლება, ყოველდღიურად არ ვცხოვრობთ ქრისტიანული ცხოვრებით, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში ვდგავართ ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ღირებულებების გვერდით და დღეის შემდეგ, ალბათ, მეტად შეიძლება, მოგვაყურადონ მიკროსკოპის ქვეშ. დამთავრდა დიდი ეპოქა, რომელიც პატრიარქმა თავისი ბეჭებით მოიტანა აქამდე. ახლა საჭიროა ინსტიტუციონალიზაცია. ახლა საჭიროა, რომ ჩვენ გადავინაწილოთ ფუნქციები, გადავინაწილოთ ქმედებები, რომ უკვე სისტემაში გადავიდეს საეკლესიო მართვაც და საეკლესიო ცხოვრებაც; რომ მარტო ემოცია არ არის საჭირო; ორგანიზაციული თემებიც უნდა წამოვიდეს წინა პლანზე... ჩვენზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და თუ ამას შევძლებთ, სამყარო ჩვენ გარშემო შეიცვლება. თუ არ ვცდები, სერაფიმ საროველის გამონათქვამია: შენ დადექი სწორად და შენ გარშემო ათასები გადარჩებიანო. ჩვენ უნდა დავდგეთ სწორად; ჩვენ უნდა დავდგეთ ჭეშმარიტებასთან და ჭეშმარიტება კი არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ინდულგენციად ან უბრალოდ სხვისთვის საჩვენებლად, არამედ ქრისტიანული ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ. როდესაც ასე ვიცხოვრებთ, მტერი და მოყვარეც ამას მაშინვე იგრძნობს. ავიღოთ, თუნდაც, მსოფლიო პატრიარქის შესამოსელი. მის შესამოსელზე ბოლნური ჯვარი იყო გამოსახული. ესეც ხომ თავისებურად გამოხატვაა დამოკიდებულების, პატივისცემისა და დაფასების?! მაშინ, როდესაც ზოგიერთი ეკლესია მისი უწმიდესობის, პატრიარქის ტიტულატურასაც არ ცნობს. ესეც უნდა დავიმახსოვროთ და ყველაფერს ჩვენი ცხოვრების წესით უნდა გავცეთ პასუხი. მარტო სიტყვებით არა - ჩვენი ცხოვრების წესით. ის, რაც პატარა ბავშვებმა ნახეს, მათ ხომ არ დაავიწყდებათ?! მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ. ამიტომ არ შეიძლება, რომ ამ ბავშვებს იმედი გავუცრუოთ; არ შეიძლება, რომ ჩვენ ამ ბავშვებს არ დავანახვოთ ის, რასაც მისი უწმიდესობა გვასწავლიდა. საერთოდ, პატრიარქის ცხოვრება ძალიან სიმბოლური იყო, იმ გაგებით, რომ თავად მას მოუწია ღირებულებათა სიმბოლოდ გახდომა. საშობაო ეპისტოლეში, სახელმწიფოს გაქრისტიანების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, ამბობდა, რომ ამ ღირებულების მარტო წარსულის პატივისცემა და ერთგულება კი არ არის, არამედ მომავალიცო. ჩვენი ორიენტაციის უმთავრესი პირობაც ეს უნდა იყოს. ამ ბავშვებს სჭირდება, რომ ჩვენ ეს დავანახვოთ ჩვენი ცხოვრებით; რომ არა მარტო ერთი კვირის განმავლობაში შეგვიძლია იმის დაცვა, რაც მისმა უწმიდესობამ დაგვიბარა, არამედ მუდმივად, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარხვის დაწყებამდე ბოლო საჯარო მიმართვა ჰქონდა მის უწმინდესობას და აი, იმ საჯარო მიმართვაში გვითხრა, გთხოვთ, შემინდოთ ჩემი შეცოდებები და უძლურებაო. ესე იგი, კაცმა, რომელიც ჩვენ ცოდვებს შეგვინდობდა, იქით ითხოვა შენდობა. ამით მაგალითი მოგვცა, რომ ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ, რომ უკეთესები გავხდეთ; რომ არ მივაქციოთ რაღაც-რაღაცებს ყურადღება და თუკი ჩვენ ამას შევძლებთ, ნამდვილად გაგვიმართლებს.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: როგორი პასუხიც გასცა ქართველმა ერმა უწმიდესის დასაფლავებაზე მოსვლითა და თვითორგანიზებით, აი, ეს არის ყველაზე საინტერესო. ვინც დღეს ტალახისა თუ ქვის სროლას აპირებს, ასევე უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ორგანიზებულობით, რომ მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდეს საქართველოს ეკლესიაში. სიონში, სადაც დასაფლავდა უწმიდესი, ძალიან საინტერესო რამ მომხვდა თვალში. საფლავთან, ზევით, მისი უწმიდესობის სურათია, გვერდზე, ცოტა აქეთ ილია ჭავჭავაძის ხატია დაბრძანებული. შუაში კიდევ ერთი ხატი იყო დაბრძანებული და ის მოხსნეს, გამოიღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც 1989 წელს ჩამოაბრძანეს. ეს მოხდა ზუსტად 9 აპრილის შემდეგ, მერამ კოსტავა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. არ დამავიწყდება მერამ კოსტავას სიტყვები, აეროპორტში რომ დავხვდით, როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს, გადავრჩითო, დედაღვთისმშობელმა კალთა გადმოგვაფარაო. ძალიან სიმბოლურად შეიკრა ეს ყველაფერი. ეს უნდა გავითვალისწინოთ და შესაბამისი პასუხი გავცეთ ყველას. საერთოდაც, თუ ჩვენ არ ავყვებით ამ ყოველივეს, თუ ჩვენ ამას სკანდალში არ გადავზრდით, თუ ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ბუნებრივია, დაკარგავს აზრს. თუ საზოგადოება ამ გამოხდომებზე არ ირეაგირებს, თვითონვე დაიხრჩობა ეს გამოხდომები თავისსავე ბოღმაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი