პოლიტიკა

რატომ გადის აზერბაიჯანის რეგიონული ლიდერობა საქართველოს პორტებზე

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.07

ვასილ პაპავა
დაკოპირებულია

თურქმენეთში კასპიის ზღვის ქვეყნების მეთაურთა მეექვსე სამიტზე ერთმანეთს ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებიც შეხვდნენ და ორივე მათგანმა ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სავაჭრო-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. ამის პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს პაკისტანის დაზვერვის ხელმძღვანელობაც შეხვდა, ანუ, სანამ დასავლეთი რუსეთს ებრძვის და პირიქით, აღმოსავლეთში მეტად საინტერესო პროცესები ვითარდება, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის მიმართულებით და, რაც მთავარია, აზერბაიჯანის მონაწილეობით. ამ თემას ექსპერტთან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავასთან, ერთად განვიხილავთ.

– უკავშირდება თუ არა სამხრეთ კავკასიაში ირანისა თუ პაკისტანის აქტიურობას ის ფაქტიც, რომ რუსეთს ახლა ამ რეგიონისთვის არ სცალია. დრო იხელთეს ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახისას?

– ყარაბაღის მეორე ომმა სამხრეთ კავკასიაში, ფაქტობრივად, დააკანონა ახალი მოთამაშეების წარმომადგენლობა და მათი ინტერესები უფრო თვალსაჩინო გახდა. უპირველესად, იგულისხმება თურქეთი, რომლის მჭიდრო სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობა აზერბაიჯანთან ცალკე განსახილველი თემაა. თურქეთის როლის ჩამოწერა ყარაბაღის მეორე ომში არასერიოზული იქნება, თუმცა არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც ცდილობენ, სამხრეთ კავკასიაში შეავსონ ის გეოპოლიტიკური ვაკუუმი, რაც გამოწვეულია რუსეთის არააქტიურობით, განსაკუთრებით, უკრაინასთან ომის ფონზე. ეს სახელმწიფოები არიან: ირანი, რომელსაც ისტორიულადაც აქვს რეგიონისადმი გეოპოლიტიკური ინტერესები, უბრალოდ, მრავალწლიანი სანქციების ფონზე ვერ ახერხებდა სერიოზული კონკურენციის გაწევას თურქეთის ინტერესებისთვის, რომელსაც გაცილებით ხელსაყრელი პოზიცია ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. ირანს აქვს პოტენციალი, რომ თავისი პოზიცია გაიმყაროს სამხრეთ კავკასიაში.

– რა იგულისხმება ირანის პოტენციალში?

– უპირველესად, ურთიერთობის გაღრმავება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან. ირანსა და სომხეთს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა, ძირითადად, ეკონომიკურ სფეროში. სამხედრო თვალსაზრისით, ირანი საერთოდ არ არის წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში: არც რამე სამხედრო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული და არც ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. სრული კარტბლანში აქვთ თურქეთს, რუსეთსა და დასავლეთს. დასავლეთს – საქართველოსთან, თურქეთს – აზერბაიჯანთან, რუსეთს – სომხეთთან. საგარეო პოლიტიკის მხრივ, ყველაზე მოქნილი და აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვს ბაქოს. მან წლების განმავლობაში თავისი ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი ეფექტიანად დახარჯა. შეიძლება, დიდ ეკონომიკურ წინსვლას ვერ მიაღწია, მაგრამ საქართველოსა და სომხეთთან შედარებით მაინც მოწინავეა. აზერბაიჯანმა, თურქეთის დახმარებით, ძალიან ძლიერი შეიარაღებული ძალები შექმნა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისრაელის როლი აზერბაიჯანის სამხედრო მანქანის მოდერნიზებაში.

– ისრაელს მოეწონება ირან-აზერბაიჯანის დაახლოება?

– ამ ურთიერთობების გაღრმავებას, თავისთავად, აქვს წითელი ხაზები. ილჰამ ალიევსაც ესმის, რომ თეირანთან ისეთივე მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, რაც თურქეთთან აქვს, არ გამოუვა, თუმცა ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აზერბაიჯანსაც სურს, ვინაიდან ითვალისწინებს რეგიონისადმი თეირანის შესაძლებლობებსა და ამბიციებს. მაგრამ არის რიგი სფეროები, რომლებშიც ირანთან თანამშრომლობა აზერბაიჯანის ინტერესებსაც ემსახურება და დიდწილად არც ლახავს თურქეთის რეგიონულ ინტერესებს. მაგალითად, თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის სფეროში, ტვირთბრუნვის გაფართოება, კასპიის ზღვასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება – კასპიის ზღვაზე არის სადავო მონაკვეთები და ირანთან თანამშრომლობის გარეშე ამ საკითხებს აზერბაიჯანი ვერ მოაგვარებს.

– თან, ირან-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგორესურსების სფეროში არც თურქეთისთვისაა წაგებიანი, ხომ მაინც თურქეთში უნდა გაიაროს?

– დიახ. პაკისტანიც ახსენეთ: სამხედრო წვრთნები თურქეთ-აზერბაიჯან-პაკისტანის მონაწილეობითაც ჩატარდა და აზერბაიჯანიც, თავის მხრივ, აღრმავებს პაკისტანთან ურთიერთობას, ძირითადად, სამხედრო სფეროში. აზერბაიჯანი დაინტერესებულია პაკისტანური სამხედრო თვითმფრინავების შეძენით, რაც გულისხმობს ტექნიკურ მომსახურებას, პერსონალის გადამზადებას და ასე შემდეგ. პაკისტანისთვისაც ხელსაყრელი ნიადაგია, რომ თავისი ინტერესები გაზარდოს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. თუმცა, ეკონომიკური პოტენციალით, პაკისტანი აზერბაიჯანისთვის ვერასდროს ჩაანაცვლებს თურქეთს.

– თურქეთისა და რუსეთისთვის პაკისტანის გამოჩენა სამხრეთ კავკასიაში არ იქნება ხელშემშლელი? წინააღმდეგობა არ იქმნება?

– ეს არ არის იმ მასშტაბების თანამშრომლობა, რომ ჩაანაცვლოს თურქეთის სამხედრო გავლენა აზერბაიჯანზე და, მეორე, აზერბაიჯანსაც თურქეთი ყველა სფეროში ვერ დაეხმარება. პაკისტანისგან გამანაგურებლების შეძენა და პაკისტანელების მიერ აზერბაიჯანული სამხედრო კონტინგენტის გაწვრთნა ხელს ვერ შეუშლის აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობას.

რაც შეეხება რუსეთს: მისთვის შესაძლოა, არ არის ხელსაყრელი აზერბაიჯანის ისე გაძლიერება, რომ არ დარჩეს მასზე ზეწოლის ბერკეტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერს ვერ გასწვდება, რადგან, როგორც რუსეთი მუშაობს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, ასვე მუშაობენ სხვა სახელმწიფოებიც; თითოეულს აქვს ჩავარდნებიც და მიღწევებიც, ყველა ცდილობს, მოძებნოს რაღაც ხვრელები, რომ შემოვიდნენ სამხრეთ კავკასიაში და გამოიყენონ ის წინააღმდეგობები და უნდობლობა, რაც ამ რეგიონის სახელმწიფოებს აქვთ რუსეთისადმი. უპირველესად, ალაგებენ ურთიერთობას აზერბაიჯანთან, რომელიც სამხრეთ კავკასიის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ იქიდან გამოიყენონ ქართული პორტებიც. თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა.

– რამდენი გაზი და ნავთობიც უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანს და რამდენიც უნდა მიიღოს ირანიდან თუ თურქმენეთიდან, ესეც შორეული პერსპექტივაა, ამას სჭირდება გზა, რომელიც გადის საქართველოზეც. მანამდე ისიც ვთქვათ, რაზე ისაუბრეს კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებმა?

– ეს შეხვედრა გაიმართა აშხაბადში, ერთმანეთს შეხვდნენ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები: რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, აზერბაიჯანი. ამ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებიც. შარშანდელთან შედარებით ამ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა 20-25 პროცენტით გაიზარდა. ბუნებრივია, საუბარია იმ ტვირთებზე, რომლებსაც სანქციები არ ეხება. ირანის ენერგორესურსები სანქციების ქვეშაა, აზერბაიჯანი ამას ითვალისწინებს და, შესაბამისად, ირანიდან ენერგორესურსებს არ იღებს. თურქმენეთთან კი დიდი ხანია, დაწყებულია საუბარი თურქმენული გაზის აზერბაიჯანისა და საქართველოს, შემდეგ თურქეთის გავლით ტრანპორტირებაზე ევროპისკენ. თურქმენეთის წინამორბედი პრეზიდენტი, თუ არ ვცდები, 7 წლის წინათ იყო საქართველოში და მაშინ ითქვა, რომ თურქმენეთი დაინტერესებულია გაზსადენის მშენებლობით, რომ თურქმენული გაზი გავიდეს ევროპისკენ. ბოლოს და ბოლოს. თურქმენეთი გაზის მარაგებით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში. თურქმენეთის შიდა პოლიტიკური რეჟიმი, ჩრდილო კორეის მაგვარი, დასავლეთისთვის ნაკლებად საკრიტიკოა, რადგან მათთვის ენერგოუსაფრთხოებაა წინა პლანზე.

– როდესაც ევროპა ალტერნატიულ გაზზე ლაპარაკობს, ჩამონათვალშია აზერბაიჯანული გაზიც, მაგრამ აზერბაიჯანს ხომ ამდენი გაზი არ აქვა? იგულისხმება თურქმენული?

– როდესაც ტრანსკასპიური გაზსადენის შენებლობაზეა საუბარი, უპირველესად, იგულისხმება თურქმენული გაზი. აზერბაიჯანმა რაც უნდა მოინდომოს, ევროპის მომარაგება მისი გაზის მარაგით სასაცილოა, მაგრამ თურქმენული გაზი არ არის სანქცირებული და საჭიროა ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა, რაშიც ფულის დაბანდების მსურველები ევროპაში არიან. რამდენიმე თვის წინათ ალჟირის მთავრობამ, როდესაც უკრაინის საკითხი გამწვავდა, ევროპას შესთავაზა გაზით მომარაგება და იმ დანაკლისის ანაზღაურება, რაც გამოიწვია ომმა. თავისთავად, ევროპას არ სურს, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული. გაზის დიდი მარაგი ალჟირსაც აქვს, ყატარსაც და ერაყსაც, თან, რაც მეტია შემომთავაზებელი, მით ნაკლებია ფასი და პირიქით. ამდენად, ყველაფერი დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ აქტიურობაზე, შეძლებენ თუ არა ისინი თურქმენული გაზის საკითხის მოგვარებას, ბუნებრივია, ჯერ სათავისოდ. თუმცა ირანის ჩართულობის გარეშე ამის მოგვარება შეუძლებელი იქნება: ირანს მარტივი რამ უნდა, რომ მისი ინტერესებიც გაითვალისწინონ და მოუხსნან სანქციები ენერგორესურსებზე. ეს შექმნის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, რის პროგნოზირებაც ძნელია, მაგრამ ამის შემდეგ ირანი რომ მყარად მოიკიდებს ფეხს სამხრეთ კავკასიაში, ეს ეჭვს არ იწვევს.

– მესმის, რომ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ლიდერების შეხვედრას საქართველო ვერ დაესწრებოდა, მაგრამ ასეთი აქტიური პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის კონტექსტში რას მოუტანს საქართველოს? ფაქტია, ჩვენ გარეშე ალაგებენ ურთიერთობებს.

– თურქეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოსადმი საფრთხეს ვერ ვხედავ. უბრალოდ ისაა სამუშაო, ჩავსხდებით თუ არა ამ ახალ სინამდვილეში საქართველოს სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კავკასიაში ენერგოპროექტების განხორციელება დაიწყება, ეს საქართველოს გარეშე ვერ მოხერხდება, თუმცა, თუ ჩვენს შიდა პოლიტიკური ვითარების დინამიკას გადავხედავთ, არ ჩანს ჩვენი რეგიონული აქტივობა, მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ინტერესებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ საქართველოს რეგიონულ პოლიტიკას. შეიძლება, მუშაობენ და მე არ ვიცი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩვენც გვაჩვენებენ. ხომ ვერ ვიმკითხავებთ, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო რეგიონულ დონეზე?! რამდენიმე დღის წინათ, თეირანში აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ განიხილება „სამს პლუს სამი“ ფორმატი. იგულისხმა საქართველოც, მაგრამ ვინმემ გვკითხა, რას ვაპირებთ?!

– ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ გარეშე განგვიხილავენ.

– ეს ფორმატი მაინც ბუნდოვნად მიმაჩნია, რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, მით უმეტეს, უკრაინის ომის ფონზე ეს რიტორიკად რჩება და ამ ქვეყნების სურვილად. მეეჭვება, რომ ამ ქვეყნებმა მოახერხონ საქართველოს ჩართვა ამ ფორმატში. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის გარდა ამ ფორმატის ყველა სახელმწიფო აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ჩართვა, რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით, ცოტა უცნაური იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო