გასათეთრებელი მენავთობეები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:12
ანუ გათეთრებული ტრამპი
მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს, რეალურად, ორთვიან ზავს და დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელებით გვაცნობა, რომ ირანი ბირთვულ ინსპექტირებას დათანხმდა, ნავთობის ფასმა კლება იწყო და, საბოლოოდ, შეგვატყობინეს, რომ ფასები ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. ამის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დანარჩენ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ ირანთან ომში გაიმარჯვა, მიუხედავად ავისმოსურნეთა მიერ გავრცელებული ცრუ ინფოებისა, რომლებიც ცდილობენ, აშშ-ის გამარჯვება დააკნინონო.
ამასობაში კი ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ტრამპს დაავალა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი ირანთან და გამოიყვანოს რეგიონიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია, აშშ-ის პრეზიდენტი სენატის ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს, რაც, ვფიქრობ, უფრო აშშ-ის გათეთრების მცდელობაა ომში, რომელიც (რაც უნდა ამტკიცოს აშშ-ის პრეზიდენტმა, მოვიგეო) აშშ-მა ვერ მოიგო, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც საწვავის ფასებია, თუმცა, ერთი მხრივ, ჩვენებური ნავთობიმპორტიორები გვარწმუნებენ, რომ ეგრეთ წოდებული, პლაცის ფასებით მუშაობენ, მეორე მხრივ, საწვავის ფასი მაინც არ იკლებს (ძველებური მოტივით: ძვირად აქვთ ნაყიდი), შესაბამისად, სანამ ამოყიდიან მარაგებს, იბადება რიტორიკული კითხვა: გადაესხმებათ კი ტრამპის წყალი, ანუ ვინ გაათეთრებს ამ ჩვენს ბედკრულ მენავთობეებს?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





