პოლიტიკა

რატომ გაანაწყენა უკრაინის ხელისუფლება განსაკუთრებით საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებების ქცევამ

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.11, 2022 წელი

სოსო ცინცაძე
დაკოპირებულია

უცნურია, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი პრეტენზიებს უცხადებს საქართველოს, ხოლო, ზოგადად, უკრაინის ხელისუფლება – ისრაელის სახელმწიფოს. მაგალითად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თეთრ სახლს მიმართა მოთხოვნით, გააძლიეროს ზეწოლა ისრაელზე, რათა ამ უკანასკნელმა მათ სათანადო სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. მეტიც, 28 ოქტომბერს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც ისრაელს მოსთხოვეს, გაანადგუროს ბირთვული იარაღი, რომლის არსებობასაც ისრაელი ოფიციალურად არ აღიარებს და ამ რეზოლუციას მხარი უკრაინამაც დაუჭირა, ისევე, როგორც რუსეთმა. მეორე მხრივ, ისრაელი 500-მილიონიან მტრულ გარემოცვაში მარტოდმარტო იბრძვის და არასდროს წაყენებია მსოფლიოსთვის პრეტენზია, რომ დედამიწის არსებობა ისრაელის ყოფნა-არყოფნაზეა დამოკიდებული, არც უპირობო მხარდაჭერა მოუთხოვია და არც სამყაროს ჭიპად გამოუცხადებია თავი. საქართველოსადმი პრეტენზიებიც რომ გვერდზე გადავდოთ, რატომ გახდა ისრაელი უკრაინის ხელისუფლების სამიზნე და არის თუ არა ეს მიდგომა საფუძვლიანი და პროდუქტიული? – ამ თემაზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– მაინც საქართველოთი დავიწყოთ, რა აჩემებაა ეს, მე თუ დავიქეცი, დაიქეცი შენც? რა შეგვიძლია გარდა იმ დახმარებისა, რასაც ვუწევთ უკრაინას?

– ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. მე კახეთში ნათესავები მყავს და ისინი ცხოვრობენ იმით, რომ ატამი გააქვთ რუსეთში. შენ რომ ახლა კახელ მევენახეს უთხრა, ღვინო რუსეთში ვეღარ გავა, ის რევოლუციას მოგიწყობს. ამდენად, 100 პროცენტით მომხრე ვარ იმის, რომ რუსეთს სანქციები არ დავუწესეთ. თან, ჩვენი გაგვჭირვებია და რუსეთს მაინც ვერაფერს დააკლებ იმით, თუ ღვინოს არ შეიტან, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი 24 მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, ამდენი ოჯახი დაობლდა, ყველანი ახალგაზრდები იყვნენ, ზოგს 2 შვილი დარჩა, ზოგს – სამი და ვინ არჩენს ჩვენი დაღუპული მეომრების შვილებს?! ზელენსკი დაუნიშნავს პენსიას?! მაგრამ ეს მაინც არახამიას ფოკუსები მგონია. მას, ეტყობა, თავისი ინტერესი აქვს, უნდა, იქ თქვას, რომ აი, მე ეთნიკური ქართველი ვარ და ნახეთ, საქართველო როგორ უდგას მხარში უკრაინას, რუსეთს დაუწესა სანქციებიო. მაგრამ ჩვენ რომ ახლა რუსეთისთვის სანქციები გამოგვეცხადებინა, კრილოვის იგავ-არაკის პერსონაჟს დავემსგავსებოდით, პატარა ძაღლს, რომელიც სპილოს უყეფს და რომ ეკითხებიან, ამით რას დააკლებო, პასუხობს, იმას მაინც იტყვიან, რა ძლიერია, სპილოს უყეფსო. აი, ზუსტად ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, მეორე მხრივ, თუ ეს მნიშვნელოვანია, მაშინ ევროპამ გაგვიხსნას ბაზარი. მით უმეტეს, ჩვენი ხილი ეკოლოგიურად სუფთაა და გემრიელი. რაც შეეხება ისრაელს: უკრაინის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ისრაელის მორალური ვალია, დაეხმაროს უკრაინას. მით უმეტეს, რომ ისრაელს აქვს საუკეთესო თავდაცვითი იარაღი, რაც დღეს უკრაინას ჰაერივით სჭირდება. სხვათა შორის, ისრაელი ძალიან ეხმარება უკრაინას, მაგრამ არა იარაღით. ეხმარება ფინანსურად, ჩაფხუტებით, ღამის ხედვის მოწყობილობით, სურსათის პაკეტებით, ამას წინათ გადასცა რამდენიმე საველე ჰოსპიტალი. თუმცა, აქამდე ისრაელი აცხადებდა, რომ იარაღით არ ეხმარება უკრაინას, ვინაიდან ერიდება რუსეთის განაწყენებას, იმიტომ რომ სირიაში თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდით უკრაინას, მაგრამ არ გვაქვს ამდენი იარაღი, ვერ დავაცარიელებთ ჩვენს არსენალებს, იმიტომ რომ მუდმივად გვიწევს „ჰამასის“ მოგერიებაო.

– უნდა დააცარიელონ?

– უკრაინელები თვლიან, რომ ისინი იბრძვიან მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის. მით უმეტეს, უკრაინაში ძალიან დიდია ებრაული მოსახლეობის ხვედრითი წილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეთნიკური ებრაელები არიან პრეზიდენტიც და პრემიერიც. დღეს უკრაინა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველას სთხოვს დახმარებას. უკრაინის მხარეზე არის დიდი მორალური ფაქტორი: თუ რუსეთმა უკრაინა დაამარცხა, მაშინ ყველას შეექმნება პრობლემები რუსეთისგან. დღეს ცივილიზებული სამყაროს ნომერი პირველი პრობლემაა პუტინის შეჩერება და დღეს ამის შანსი მხოლოდ უკრაინას აქვს.

– მე ასე ვიტყოდი, უკრაინის მეშვეობით აქვს დასავლეთს.

– დასავლეთი აწვდის იარაღს, მაგრამ უკრაინა გაიღებს თავისი მოქალაქეების სისხლს.

– დიახ, სწორედ ამას ვამბობ, მძიმე სცენარია. უკრაინული სისხლით მიმდინარეობს დაპირისპირება.

– უკრაინელებმა გაბედეს ის, რასაც ვერავინ გაბედავდა ევროპაში, ამერიკელებიც ვერ ბედავენ. რუსეთი თავისი ტერიტორიიდან, ბელორუსიიდან ბომბავს, ანადგურებს უკრაინას, მაგრამ ამერიკელები უკრაინელებს იმ ჭურვებსაც არ აძლევენ, რომლებიც 300 კილომეტრზე ისვრის, იმის შიშით, რომ უკრაინელებმა რუსეთი არ დაბომბონ და რუსეთმა საპასუხოდ რამე საშინელება არ ჩაიდინოს, მაგრამ რუსეთი, რაც შეუძლია, ყველანაირ საშინელებას სჩადის უკრაინაში.

–ამიტომ მეუცნაურა ისრაელთან დაპირისპირება მაშინ, როდესაც დასავლეთი რუსეთის ტერიტორიას არ გაბომბინებს.

– უკრაინელები ისრაელისგან მოითხოვენ, ცალსახად დადექით ჩვენ გვერდით, ორ სკამზე ნუ სხედხართო. ისრაელი, მართლაც, უნიკალური სახელმწიფოა, მაგრამ ისრაელს არ უნდა არც რუსეთის მომდურება, მით უმეტეს, რომ ახლა ნეთანიაჰუ მოვიდა ხელისუფლებაში, პუტინის მეგობარი და არც რუსეთის გაძლიერება, იმიტომ რომ რუსეთი მფარველობს ირანსა და სირიას. ამდენად, თუ მორალური პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, ისრაელიც არ იქცევა სწორად. ვინ არის ისრაელის ნომერი პირველი მტერი? ირანი. მაგრამ ირანს უკვე ისეთი რაკეტები აქვს, რომლებიც რუსეთსაც კი არ აქვს. ამდენად, უკრაინის დახმარება საკუთარი თავის დახმარებაა. მით უმეტეს, რომ ევროპელები გაზულუქდნენ და ეს ამერიკელების ბრალია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მით უმეტეს, როდესაც „ნატო“ შეიქმნა, ამერიკელებმა ევროპელებს უთხრეს, აღარ დახარჯოთ შეიარაღებაზე ფული, ჩვენ თქვენთან განვალაგებთ ბირთვულ იარაღს და რუსეთი ბუზსაც ვერ აგიფრენთ. ეს ფული გამოიყენეთ სოციალური ხარჯებისთვისო და მართლაც, ვროპამ მოიწყო კარგი ცხოვრება და საერთოდ არ ხარჯავდა შეიარაღებაზე არაფერს „ნატოს“ 30 წევრიდან მხოლოდ 5-6 თუ იხდის თავისი მშპ-ის 2 პროცენტს. მაგალითად, ლიტვა-ლატვია- ესტონეთი იხდის და გერმანია და საფრანგეთი არ იხდიან. არადა, ხომ ვხედავთ, როგორ იქცევა პუტინი? ჰიტლერსაც არ ჰქონია ასეთი პოლიტიკა, მხოლოდ ცოტა ხნით ჰქონდა ლონდონის განადგურების გეგმა და შემდეგ შეაჩერა. პუტინი კი საჯაროდ აცხადებს, გავანადგურებ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ეს კი ენერგოსისტემაა, ანუ უნდა, რომ გაუთიშოს წყალი, გათბობა, შუქი... ერთი ისაა, რომ ატომურ ბომბს ვერ ისვრის, იმიტომ რომ ამერიკელებმა უთხრეს, ძვირად დაგიჯდებათო. ამდენად, აუცილებელია პუტინის შეჩერება, ვინაიდან, თუ პუტინს ეს გაუვიდა, მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება. ზელენსკიმ კი იცის, რომ ებრაელია, ისრაელი კი ებრაული სახელმწიფოა...

–ვერ დაგეთანხმებით, რა მნიშვნელობა აქვს, ებრაელია თუ ფრანგი, უკრაინის პრეზიდენტია, ესე იგი, უკრაინელია.

– მე ებრაელი ვარო, არასდროს უთქვამს, მაგრამ ეს იგულისხმება, თან, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იტყუება, აქვთ „რკინის გუმბათი“, მაგრამ არ გადასცემენ.

– ამერიკას არ აქვს ეს „რკინის გუმბათი“?

– რაც აქვს, აძლევს. საქმე ისაა, რომ ამერიკაც და ევროპაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვულ იარაღზე გადაერთნენ და როცა ბირთვული იარაღი გაქვს, რად გინდა ქვემეხების შექმნა?! ამერიკა ვეღარ აწვდის ქვემეხებს უკრაინას, იმიტომ რომ არ აქვს, ახლა ქმნიან, ანუ, თან ქმნიან იარაღს და თან, აწვდიან. ახლახან 500 გენერატორი გაუგზავნეს, რომ სიბნელეში არ იყვნენ. ზელენსკი ამბობს, თავის დროზე რომ ევროპასა და ამერიკას მეტი სიმტკიცე გამოეჩინათ, პუტინი ვერ გაბედავდა ომის დაწყებასო, მაგრამ პუტინი მაინც მოტყუვდა, არ ელოდა, რომ ევროპელები და ამერიკელები დაეხმარებოდნენ უკრაინას. არადა ხშირად მომხდარა მსგავსი რამ ისტორიაში. მაგალითად, პირველ მსოფლიო ომზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საზონოვი თავის მემუარებში წერდა, ინგლისელებს რომ აშკარად ეგრძნობინებინათ გერმანელებისთვის, ვილჰელმ მეორისთვის, ჩავერთვებით ომშიო, გერმანია ომს არ დაიწყებდა, არც რევოლუცია მოხდებოდა და ბოლშევიკები არ მოვიდოდნენ რუსეთშიო. ბოლო 20 წლის განმავლობაში პუტინიც დარწმუნდა, რომ ყველაფერი გასდის: საქართველოში გაუვიდა, ყირიმში გაუვიდა, ევროპელები მხოლოდ შეშფოთდნენ და ისევ გააგრძელეს რუსეთთან ურთიერთობა იაფი გაზის გამო და ახლაღა მიხვდნენ, რომ, თურმე, პუტინი გაზს იარაღად იყენებს. ასე რომ, ეს ძალიან ჩახლართული ამბავია და ძალიანაც ბევრს ნუ ვითხოვთ ზელენსკისგან, ეს კაცი საკადრო პოლიტიკოსი არ არის. შემთხვევით მოსული ადამიანია.

– ევროპამ და ამერიკამ ვერ გათვალეს, იაფი გაზი და შეშფოთება ჯობდა თუ სხვა პოლიტიკა რუსეთისადმი. ზელენსკი შემთხვევითაა პრეზიდენტი და მე რატომ მაქვს მაინც ვალები გასასტუმრებელი?

– ზელენსკი ამბობს, მე თქვენი საქმისთვის ვიბრძვი, უპირველესად, ჩემი საქმისთვის, მაგრამ რუსეთი ყველას მტერიაო.

– მესმის და რუსეთიც მარადიულად გვამადლის, რომ ჩვენი თავი გამოგლიჯა სპარსეთსა და ოსმალეთს, გაგვაერთიანა და შეგვინარჩუნა სარწმუნოება, არადა თავისი ინტერესები ჰქონდა და ჩვენ ხურდაში მოვყევით და გაგვიმართლა. არ უომია რუსეთს ჩემი ბედნიერებისთვის. მგონი, ყველა იმადლება ისრაელის გარდა.

– ისრაელი, რასაკვირველია, არავის არაფერს ამადლის, მაგრამ არც ისრაელია ანგელოზი. პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკები მაქვს ნანახი გასული საუკუნის 70-ანებში, მართლაც, მძიმე სანახაობა იყო, ღამეები არ მეძინა. და მართლაც, პალესტინელებს რატომ უნდა გადაეხადათ ფასი იმისთვის, რომ ისრაელმა სახელმწიფო დაკარგა 2 000 წლის წინათ?! შემდეგ, უბრალოდ, როტშილდები გაურიგდნენ გაეროში და სტალინი რომ არ ყოფილიყო, დღეს ისრაელის სახელმწიფო არც იარსებებდა. თუმცა ისრაელმა უდაბნოში საოცრება შექმნა და რაც მთავარია, სახელმწიფო, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია, ყოველდღიურ ომშია, მაგრამ სამხედრო დიქტატურა არ დაუმყარებია, სამოქალაქო დემოკრატიას ინარჩუნებენ. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში გენერლები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. რასაკვირველია, ეს ებრაელი ხალხის დიდი მიღწევაა, მაგრამ ებრაელების უკან ამერიკელებიც დგანან. წესით, ისრაელის ინტერესია უკრაინის დახმარება, იმიტომ რომ უკრაინა დღე დღეზე დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს ირანთან: აი, ახლა, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, პატრუშევი თეირანშია, რაკეტების გადაცემის შესახებ ატარებს მოლაპარაკებას და ეს ისრაელს არ უნდა აწუხებდეს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი