რატომ „ერევა“ ტრამპს აზერბაიჯანი კამბოჯაში, სომხეთი კი - ალბანეთში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:07 07.10

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას თან ახლავს, ერთი შეხედვით, უცნაურობა: დასავლეთი აცხადებს, რომ უკრაინა იცავს მათ უსაფრთხოებას, თუმცა, იმავდროულად, აცხადებენ, რომ დახმარება უანგარო არ არის და, განსაკუთრებით, აშშ მოითხოვს უკან თავის ფულს. მეტიც, მომავალში აღარ ვაპირებთ დახმარების გაწევასო. ამის პარალელურად, ტრამპი ამბობს, რომ ომებს ასრულებს და საჯარო გამოსვლებისას აზერბაიჯანი კამბოჯაში ერევა, ხოლო სომხეთი – ალბანეთში. გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ არ იცის, ამით უფრო იმას მიანიშნებს, რომ მისთვის კამბოჯა და აზერბაიჯანი სულერთია. არანაკლებ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ისრაელი, რადგან დასავლეთის სახელმწიფოების ნაწილმა აღიარა პალესტინა (ოღონდ გაუგებარია, რა საზღვრებში). ჩვენთან, როგორც წესი, მეტად გულუბრყვილოდ აფასებენ გეოპოლიტიკას და ის ემყარება წარმოდგენას, რომ კარგ ქვეყნებს ჩვენი ბედნიერება სურთ, ხოლო ცუდებს – ჩვენი განადგურება. რეალური პოლიტიკის სიხისტეზე ანალიტიკოს დავით წერეთელთან ერთად ვისაუბრებთ.
– რატომ გაშიშვლდა გეოპოლიტიკური ინტერესების ნამდვილი განზრახვები?
– ცოტა მძიმე საკითხია და ამიტომ წინაპირობებიც უნდა ვახსენოთ. მთელი მსოფლიო, ჩემი გადასახედიდან, არის ერთი ამბის მოლოდინში და ეს არის სი ძინპინისა და ტრამპის შეხვედრა. ის, რომ ტრამპს ვითომ ერევა ქვეყნების სახელწოდებები ან არ იცის და ეს არაერთხელ დაემართა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს. რეალურად, ვფიქრობ, ეს შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის გამოძახილია, როდესაც ჩინეთი თითქოს ფსონებს მაღლა სწევს ამერიკელებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ და ეუბნება, აი, ეს შემიძლია, გავაკეთოო. აქედან გამომდინარე, ამერიკელები, მათ შორის, ტრამპიც, იძულებული ხდება, რომ ფსონი ასწიოს. ამის გამოძახილია, ასევე, ინგლისში სტარმერთან ვიზიტი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცევა, მაგრამ ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ერთიანი პროცესია.
– და ამავე სცენარში ეწერება, მაკრონის კორტეჟი ვითომ შემთხვევით რომ გააჩერა პოლიციელმა.
– ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ მაკრონს უთხრეს, არავინ ხარო. შემდეგ ვითომ ვიღაცას მერიიდან დაარეკინეს, რომელმაც პოლიციელს უთხრა, გაატარეთო. ამის კომენტირებაც შეუძლებელია. ხომ გასაგებია, რომ ტრამპსა და ევროკავშირის მმართველ ელიტას შორის დაპირისპირება უკვე ყველანაირ გონებრივ ზღვარს სცდება და იმდენად შიშველია, რომ ეს პირდაპირ ჩანს. ეს არ არის ევროპასთან დაპირისპირების თემა, ეს არის მმართველ ელიტასთან დაპირისპირება, იმიტომ რომ მათი პლატფორმები აბსოლუტურად განსხვავებულია. თუმცა ტრამპმა ისიც ძალიან კარგად იცის, რომ, საბოლოო ჯამში, მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი. ჩინეთთან სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში ევროპის გარეშე მას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, სწორედ აქედან გამომდინარე, ევროპას ეუბნება, თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც მე გეტყვით, რასაც, ეჭვი მეპარება, ევროპა დათანხმდეს. იმიტომ, რომ ჩინეთისთვის იმ სანქციების დაწესება, რასაც ტრამპი ითხოვს, არის ხარაკირი ევროპის ეკონომიკისთვის. მაგრამ ტრამპისთვის სულერთია, ევროპის ეკონომიკას ხარაკირი დაემართება თუ სხვა რამ. ისიც ხომ გასაგებია, რომ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონი, მან, ფაქტობრივად, თავისი სახელი დაარქვა იმ გზას.
– ზანგეზურის დერეფანს, რაც ძალიან უცნაურია.
– დიახ, ძალიან უცნაურად ჩანს. როგორ შეიძლება, რაღაცას შენი სახელი დაარქვა?! დაიწყეს ლაპარაკი, რომ ტრამპი ავადაა, დემენცია დაეწყო, ხელებზე სილურჯეები აქვს და ასე შემდეგ, ამ შეთქმულების თეორიებს არასდროს ავყოლილვარ. ფაქტი ერთია, ადამიანი, როდესაც ასეთ სერიოზულ პროექტს საკუთარ სახელს დაარქმევ, მით უმეტეს, ტრამპისნაირი ტიპი, ესე იგი, მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ხომ ჩანს, როგორი ადამიანია?! უზომოდ პატივმოყვარე. სტარმერთან ერთობლივ კონფერენციას ყველანი ვუყურებდით და ვნახეთ, რომ სტარმერმა, ფაქტობრივად, ლამის ალოკა, როგორც ნამცხვარი. ტრამპმაც ეს ისე მიიღო, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. აქედან გამომდინარე, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ტრამპს რამე არ ახსოვს ან ერევა. ვფიქრობ, ეს „დავიწყებები“, გარკვეულწილად, ფსონების აწევაა სი ძინპინთან შეხვედრის წინ. ორივენი ფსონებს სწევენ.
– და რას ეუბნება ტრამპი ამ სახელწოდებების არევებითა და ევროპის დამცირებით. ამ ქვეყნებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო?
– დიახ, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. იქნება ისე, როგორც მე ვამბობ და ეს იქნება ალბანეთი თუ აზერბაიჯანი, სომხეთი და კამბოჯა ან ვიღაც სხვა, მნიშვნელობა არ აქვს, ამ რეგიონში იქნება ისე, როგორც მე ვიტყვი. ჩინეთისთვისაც არ არის მარტივი სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რაც ირანში მოხდა ახლახან, როდესაც იქ ჩინური ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა განადგურდა. ოღონდ, ბუნებრივია, ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი გვადარდებს. როდესაც გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს ატარებ და იმ ქვეყანას არ პატიჟებ, რომლის შვილი იყო მთავარსარდალი, ცოტა მძიმე ამბავია. სხვა საკითხია, კარგი იყო თუ ცუდი, სტალინი ისეთი ფიგურაა, რომ, სანამ კაცობრიობა იარსებებს, მის შესახებ ყოველთვის იკამათებენ. მაგრამ არაშორსმჭვრეტელი უნდა იყო, ვერ ხედავდე, რომ ძალიან დიდი პოლიტიკოსი და ძლიერი ფიგურა იყო. მისი სამშობლოდან რომ არავის დაპატიჟებ და, თან, იმ ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებ, ჩემთვის ეს მძიმე ვითარებას მიუთითებს. მეშინია, იზოლაციაში არ მოვხვდეთ ყველა მხრიდან.
– სიმართლე გითხრათ, ასე მძიმედ არ აღვიქვამ ამ საკითხს და ვერც იზოლაციას ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას: აზერბაიჯანი და სომხეთი ვითომ არ არიან იზოლაციაში, ტრამპი შეხვდა თეთრ სახლში, აქო და ადიდა ისინი და შემდეგ კამბოჯა და ალბანეთი უწოდა. და რით ჯობია ახლა მათი არაიზოლაცია ჩვენს, დავუშვათ, იზოლაციას?
– მესმის, რასაც ამბობთ, ოღონდ ამოსავალი წერტილი რა არის, იცით: ამით რეალობა ხომ არ იცვლება?! ღმერთმა დაიფაროს და იზოლაციაში მოვექცეთ, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. თუმცა, მეორე მხრივ, აზერბაიჯანისადმი დიდი პატივისცემისა, მათ ისეთი პოლიტიკური წყობა აქვთ, როგორიც მოსწონთ, დასავლეთის მხრიდან რომ შევხედოთ, სად აზერბაიჯანის პოლიტიკური კონიუნქტურა და სად საქართველოსი?! ჩვენ ბევრად უფრო დემოკრატიული ვართ და ბევრად უფრო წინ ვართ, არა მხოლოდ ადამიანის უფლებების მხრივ. მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ვიპრესებით და კითხვა უნდა დაისვას: რატომ ვიპრესებით მაინცდამაინც ჩვენ? რატომ არის მაინცდამაინც ჩვენ მიმართ ასეთი ხისტი დამოკიდებულება?!
– თუნდაც, იმიტომ, რომ აზერბაიჯანმა გადადგა ის ნაბიჯები, რასაც მისგან მოითხოვდნენ და მიიღო დარტყმა მისმა ეკონომიკამ და კიდევ რა მოხდება მომავალში, არავინ იცის.
– აზერბაიჯანმა ნაბიჯები კი არ გადადგა, აზერბაიჯანი, უბრალოდ, დაჰყვა სიტუაციას, რადგან მიხვდა, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.
– მე მაინც მგონია, რომ ალიევსაც უნდა ძალაუფლებისა და ქონების შენარჩუნება. ძალიან კომიკურია, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ პუტინი რამდენიმე ათეული წელია, რუსეთის სათავეშიაო და ამ დროს აზერბაიჯანს ბოლო სამი ათეული წელია, ალიევები მართავენ.
– ალიევები კი არა, ჩაიხედონ და ნახონ, ფრაუ მერკელი რამდენ ხანს მართავდა გერმანიას. ერთს თუ დაინახავ, მეორესაც უნდა შეხედო ადამიანმა. ყველგან არის პლუსიც და მინუსიც და ამ ყველაფერში უნდა დაინახო, რა არის საუკეთესო ჩვენთვის.
– და, თქვენი აზრით, რა არის საუკეთესო ჩვენთვის?
– სხვა თემაა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ცუდია თუ კარგია, მაგრამ ჯერჯერობით ამ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ორომტრიალში სხვა უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის არაფერი არსებობს. ჯერჯერობით სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ამას ვამბობ, როგორც პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელი ადამიანი. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. ახლა ხისტ პოლიტიკაზე გადასვლამ ჩვენ შეიძლება, ისე დაგვაზარალოს, რომ საერთოდ მოვისპოთ. მაგრამ არ მომწონს ეს გამოკვეთილი ანტიამერიკანიზმი, თუმცა ბევრად უფრო შერბილებულია, ვიდრე, ვთქვათ, ექვსი თვის წინ და ეს მომწონს. მოდი, სიმართლე ვთქვათ, დავუშვათ, წავიდა ეს „ოცნება“, ცუდია და წავიდა, ვინ მოგვყავს დღევანდელ სიტუაციაში?! შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკური ლანდშაფტი და ვითარება მიზანმიმართულად შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იყოს. შექმნა თუ არ შექმნა, რეალობა არის ასეთი.
– რომელი სახელისუფლო პარტია ქმნის, თავისი ნებით, ძლიერ ოპოზიციას, რომ შემდეგ იმ ოპოზიციამ ჩამოართვას ძალაუფლება. ასეთი პრეცედენტი არც მახსენდება.
– რასაკვირველია. ხშირად ამბობენ, გახსოვთ, ივანიშვილმა რომ თქვა, მე თვითონ შევქმნი ოპოზიციასო. ადამიანმა შეიძლება, ყველაფერი თქვას, მაგრამ რეალობას ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი?! როგორ შეიძლება, იმ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელიც ქვეყანაშია, დაეყრდნო და გადააბარო ქვეყნის სათავეები?! შეიძლება, მე ვცდები, მაგრამ პირადად მე ჯერჯერობით სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ ამ ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ დღეს უკეთესს ვერ ვხედავ.
– გამოდის, რომ ეს პოზიცია – ეცადო, იყო უჩინარი და არაფერში გაერიო, ოპტიმალურიც კი არის შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობაში.
– მე იმას ვიტყვი, რა არ მომწონს ჩვენთან. არ მომწონს ის, რომ ასეთ სიტუაციაში მყოფი საქართველო არ ცდილობს, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს ჯარი, მაღალ დონეზე აიყვანოს განათლება. ეს რომ არ კეთდება, არ მომწონს, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, გვაქვს კი საშუალება, რომ დღეს მილიტარიზაციის რელსებზე გადავიდეთ?! ამის ფინანსური, თუ, გნებავთ, ინტელექტუალური რესურსი?! იქნებ, ჯერ უნდა მოვძლიერდეთ ცოტა სხვა მიმართულებით და შემდეგ გადავიდეთ ამაზე?! ესეც ხომ დასანახია?!
– თან, ეს ღია კარის პოლიტიკა, საერთოდაც, მძიმედ შემოგვიტრიალდება. მე მოვკვდე ომში, რომ შემდეგ მიგრანტებმა იცხოვრონ აქ?
– ეს კიდევ ცალკე მძიმე პრობლემაა და ამაშიც ბევრ შეცდომას ვხედავ, მაგრამ, სამწუხაროდ, იძულებულები ვართ, ანგარიში გავუწიოთ მსოფლიო ტრენდებს. მარტონი ამის წინააღმდეგ ვერ ვიბრძოლებთ. თუმცა, შესაძლებელია, ისეთი შიდა კანონები მივიღოთ, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგალითად, იაპონიაში ბიზნესს ვერ დაიწყებ, თუ იაპონიის მოქალაქე არ გყავს 51-პროცენტიან წილში. რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოშიც იგივე კანონი იყოს?! როგორ შეიძლება, ქვეყანაში ბინადრობის უფლება მისცე ადამიანს, თუ 100 000-დოლარიან ბინას იყიდის?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან