პოლიტიკა

რატომ ემთხვევა მსოფლიოში დღეს განვითარებული მოვლენები სამივე აბრაამისტულ რელიგიაში აღწერილ მეორედ მოსვლის ნიშნებს

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 27.04, 2022 წელი

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

თავდაპირველად კაცობრიობას კოვიდპანდემია დაატყდა თავს (იქნებ დაატეხეს), ახლა უკვე მესამე მსოფლიო ომის დაწყების მაღალ ალბათობაზე ალაპარაკდნენ (უკრაინის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, სასაკლაოა მოწყობილი), დამატებით კი, აშშ-ის პრეზიდენტმა და FAO-მ (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ) გვამცნეს, რომ 2022-2025 წლებში სურსათის დეფიციტია მოსალოდნელი. შეთქმულების თეორიებს ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც ნებისმიერ თეორიას, განსაკუთრებით, ამ ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც სიმართლე და ტყუილი, ნაღდი და ყალბი რთულად გასარჩევი გახდა. ეს მოვლენები შემთხვევით წაეწყო ერთმანეთს თუ რაღაც ერთიანი სცენარის ნაწილებია? – ამ თემაზე სოსო მანჯავიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– უკვე საფუძვლიანად მიჩნდება ეჭვი, რომ დაგეგმილ ამბებს ჰგავს, რაც ახლა ხდება მსოფლიოში თუ ეს მაინც შემთხვევითობაა?

– შემთხვევითობა არ არსებობს, მოდი, ასე ვთქვათ. შემთხვევითობას ვუწოდებთ ისეთ კანონზომიერებას, რასაც ვერ ვაცნობიერებთ. ანუ შემთხვევითობასაც აქვს თავისი კანონები. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება, ანუ გლობალური მოვლენების ეს ქარგა აღწერილია წმიდა წიგნებში.

დავიწყოთ „ბიბლიით“: მეორედ მოსვლა და სამყაროს აღსასრული ყველაზე ხშირადაა ნახსენები „ბიბლიაში“. „ბიბლიის“ მთელი ლაიტმოტივი მეორედ მოსვლაა. და ამაზე ლაპარაკობს ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველი. მაგალითად, „მათეს სახარების“ 24-ე თავში პირდაპირ ეკითხებიან მოსწავლეები იესოს, როდესაც ის ტაძრიდან გამოდის, როდის იქნება ამ სოფლის აღსასრული და იესო აღწერს იმ ნიშნებს, რომლებიც მოასწავებს მეორედ მოსვლას. ეს ნიშნები მოცემულია მოციქულთა ეპისტოლეებში და რა არის ეს ნიშნები? პირველია ისრაელის აღდგენა, ანუ ისრაელის სახელმწიფოს აღდგენა; შემდეგ წერია იერუსალიმის ტაძრის აღდგენის შესახებ, რომელშიც დაჯდება ანტიქრისტე, რაც ნიშნავს გარყვნილების ტოტალურ ზრდას დედამიწაზე, ისეთსავეს, როგორიც იყო სოდომსა და გომორში. შემდეგი ნიშანი იკითხება იესოს სიტყვებში ლაოდიკიის ეკლესიის მიმართ – რაშიც იგულისხმება, რომ ეკლესია გახდება ცოდვის მიმართ მიმტევებელი და ის იქცევა ამ ცოდვების გავრცელების საშუალებად.

– შესაძლოა, სხვა საუკუნეებშიც ხდებოდა მსგავსი მოვლენები: ომები, პანდემიები, შიმშილობები, გარყვნილებები. თუ ვინმე მართავს ამ პროცესს, იქნებ და, მიჰყვებიან ამ ნიშნებს, რომ ვიფიქროთ, აი, დგება სამყაროს აღსასრული. მაშინ მათი მიზანი რა არის? რა მიზანს ემსახურება ადამიანების მასობრივი დაშინება?

– კიდევ ჩამოვთვლი ნიშნებს და შემდეგ გიპასუხებთ. განვიხილოთ, როგორ ხედავენ მეორედ მოსვლის ნიშნებს ქრისტიანები, მუსლიმები, იუდეველები, ინდუისტები... სწორედ ისაა საინტერესო, რომ ყველა რელიგიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დადგება ეპოქა, თუმცა სხვადასხვა ტერმინებით გამოხატავენ ამ აზრს და სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ. მაგრამ ყველა რელიგია ლაპარაკობს მეორედ მოსვლაზე. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

– ყველა რელიგიის წარმომადგენელი ელის თავის მხსნელს.

– დიახ. გავაგრძელოთ იმ ნიშნების ჩამოთვლა, რაც დავიწყეთ: ქრისტიანების საყოველთაო სიძულვილი და მათი დევნა, ეპიდემიები და ტოტალიტარული მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება. საინტერესოა, ასევე, რომ მოცემულია დროც. „სახარებაში“ წერია, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც „სახარება“ ყველგან იქნება ნაქადაგები. ანუ იგულისხმება ჩვენი ეპოქა, როდესაც არსებობს ინტერნეტი და ინფორმაციის გავრცელება არანაირი სირთულე არაა. არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვინც არ იცის ქრიტეს შესახებ. კიდევაა სხვა ნიშნები, რომელთა ჩამოთვლასაც აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ამ ნიშნებით ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ მეორედ მოსვლა ახლოსაა. რაც მთავარია, გავიხსენოთ, როგორაა აღწერილი იოანეს „გამოცხადებაში“ მეორედ მოსვლა? აპოკალიფსის ოთხი მხედარი: ეპიდემია, ომები, შიმშილი და სიკვდილი. მეორედ მოსვლის ნიშნები აღწერილია ისლამშიც, თუმცა ისლამში ეს პროცესი უფრო დეტალიზებულია არა მხოლოდ „ყურანში“, არამედ „ჰადისებშიც“, როგორ მოდის ჯაჯალა, ანუ ანტიქრისტე, აღწერილია მისი გარეგნობა, რას გააკეთებს, როგორ აცდუნებს და გადაიბირებს ადამიანებს, როგორც ვითომ მხსნელი, ვინ უჭერს მას მხარს და წერია, რომ მას მხარს დაუჭერენ იუდეველები. შემდეგ მოდის იმამი მახთი და ისიც აღწერილია, როდის მოდის ისა – მარიამის შვილი, ვინც უდიდეს წინასწარმეტყველად ითვლება ისლამში. სწორედ ისა წარუძღვება ჯარს იერუსალიმისკენ, სადაც მას 70 000-იან არმიით ხვდება ჯაჯალა. ისას სუნთქვით ისინი გადნებიან, ჯაჯალა გაიქცევა და ლოდის ჭიშკართან მას მოკლავენ. ანუ ისლამში, ისევე, როგორც ქრისტიანობაში, მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ვნახოთ, რას ამბობს მესამე ამბრაამისტული რელიგია – იუდაიზმი: იქაც იგივე პროცესია აღწერილი. ქრისტიანობისა და ისლამის გაჩენამდე იყო იუდაიზმი და, რაც უკვე ვთქვით, რომ მეორედ მოსვლის გარდაუვლობითაა გაჟღენთილი „ძველი აღთქმა“, ნიშნავს, რომ იუდაიზმიც ელის მხსნელს, მაშიახს. წინააღმდეგობა ამ სამ რელიგიას შორის ინტერპრეტაციაშია: ვინ არის ჯაჯალა, ვინ არის მაშიახი, ვინ არის იესო.

– მაგრამ სამივე შემთხვევაში ეს მაინც მდგომარეობაა და არა კონკრეტული პირებიო, როგორც წმიდა მამები და კაბალისტები განმარტავენ.

– ეს უკვე ვერსიებია. ფაქტია, რომ ამ სამ აბრაამისტულ რელიგიაში მეორედ მოსვლის ნიშნები ემთხვევა. თუმცა დეტალები განსხვავებულია. ახლა ვნახოთ, რას ამბობენ სხვა, არააბრამისტული რელიგიები. ინდუიზმში, რომლისთვისაც სამყაროს განვითარება ციკლურია, აღწერილია ოთხი ეპოქა: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის, ანუ კალი-იუგა, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და სწორედ კალი-იუგაა ეპოქა, როდესაც უნდა მოხდეს დიდი ნგრევა, ანუ მეორედ მოსვლა და სამყარო უნდა გადავიდეს განვითარების ახალ სტადიაზე. ოღონდ ინდუისტურ ინტერპრეტაციაში ეს პროცესის ნაწილია, ციკლია. და იქაც დეტალურადაა აღწერილი ნგრევის პროცესი. ერთ პასაჟს მოვიტან „ბჰაგავატ გიტადან“, როდესაც არჯუნა უნდა შეებრძოლოს თავის ბიძაშვილებს, დიდ ეჭვებშია, ვერ ხვდება, რატომ უნდა ჩაებას ძმათამკვლელ ომში. იქ კრიშნა, რომელსაც არჯუნა იცნობდა, როგორც თავის მეგობარს ადამიანურ გამოვლინებაში, მას თავის ღვთაებრივ, ნამდვილ სახეს აჩვენებს და ასწავლის არჯუნას იმ ოთხ იოგას, ანუ ცხოვრების გზას აჩვენებს. არჯუნა ეკითხება კრიშნას, როდის მოდიხარ სამყაროშიო და კრიშნა პასუხობს, როდესაც ღვთაებრივი ცოდნა იკლებს ხალხში, მაშინ მამაკაცები კარგავენ თავიანთ ფუნქციას (მამაკაცის ფუნქცია უნდა ყოფილიყო ღვთაებრივი ცოდნის ფლობა), რის გამოც მართვა გადადის ქალების ხელში, რომლებსაც არ აქვთ ჭეშმარიტი ცოდნის გატარების უნარი და ამიტომ ზრდიან არასასურველ შთამომავლობას და მე მოვდივარ, რომ გავანდგურო ეს არასასურველი შთამომავლობაო. იგულისხმება ფუნქციონალური არევა, მათ შორის, ჰომოსექსულიზმიც, ზოგადად, გარყვნილება, ანუ, როდესაც კაცობრიობა ვერ ასრულებს თავის მისიას, რისთვისაც გააჩინეს, მოდის სასჯელი. ისლამი კი ამბობს, როდესაც ქალები დასხდებიან საბჭოებში, ჩაიცვამენ და მოიქცევიან, როგორც მამაკაცები, მაშინ ელოდეთ ჯაჯალას მოსვლასო. ეს ეხმიანება ინდუიზმს. სხვათა შორის, ინდუისტური და ისლამური მეტაფიზიკა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.

როდესაც ვამბობთ, რომ მიზანმიმართულად ხდება ის, რაც ხდება, უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ საკითხს: თუ მოვლენათა ასეთი განვითარება ნაწინასწარმეტყველებია, მინიმუმ, 30-35 საუკუნის წინათ, როდესაც იმ ადამიანებს არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ იმ პროცესებზე, რომლებიც შემდეგ განვითარდა და იმ სინამდვილეზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხომ ცხადია, რომ წინასწარმეტყველებდნენ იმას, რაც არ შეიძლებოდა, სცოდნოდათ?! წინასწარმეტყველი რას ხედავს? იმას, რაც უნდა მოხდეს. ის წარსულს, აწმყოსა და მომავალს ხედავს ერთ წამში. ერთ-ერთ „სურაში“ აღწერილია, რომ, როდესაც მუჰამედი ადგა, ფეხი გაჰკრა წყლით სავსე დოქს და სანამ წყალი დაიღვარა, მანამდე ნახა ჯოჯოხეთიც, სამოთხეც და გონს რომ მოეგო, წყალი ჯერაც ბოლომდე არ გადმოღვრილიყო დოქიდანო. როგორც „ვეფხისტყაოსანშია“: „... ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად. ანუ წამში ხდება ეს ყველაფერი. ეს მდგომარეობა ყველა ადამიანს აქვს გამოცდილი სხვადასხვა დოზით, როდესაც ის ხვდება, რომ ძალიანაა შეზღუდული სამყაროს აღქმის ჩვენი შესაძლებლობაა. იმის თქმა მინდა, რომ ის წინასწარმეტყველებები ითვალისწინებენ იმ ძალებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები და ეს მეტაფიზიკური ძალებია. შაითანი, სატანა, ანუ ყველა რელიგიაში სხვადასხვა სახელით აღინიშნება ის ძალა, რომელიც გაბატონდება დედამიწაზე და რომლის დასამარცხებლადაც მოვლენ ქრისტე, მაშიახი, კრიშნა, რომ გადაარჩინონ ის ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ სულიერებას. ის სიუჟეტი, რომელიც დღეს ვითარდება, სწორედ აქედან გამომდინარეობს.

– ადამიანები მზად არიან რამე ახლის სახილველად? არ ვიცი სხვაგან როგორაა, მაგრამ ჩვენთან ცოტა არაადეკვატური რეაქციებია ყველაფრისადმი. ადამიანი თუ არ შეიცვალა, რა შეცვლის იმ გარემოს, რომელშიც ის ადამიანი ცხოვრობს?

– ჩვენი მთავარი პრობლემაა ემოციებისა და გონიერების აღრევა. სადაც გონებაა საჭირო, ერთვება ემოცია; სადაც ემოციაა საჭირო, ერთვება რაციონალიზმი. არაფერს ვამბობ იმ ბაკქანალიაზე, რაც გამეფებულიაა სოციალურ ქსელებში, მედიაში, სხვათა შორის, ეს დემონიზაციის ნიშანია, ასეთი თვისებების გაბატონება ამა თუ იმ ეთნოსში იწვევს ამ ეთნოსის დეგრადაციას. ჩვენ, ადამიანები, საკუთარ თავს ვერ ვუყურებთ გვერდიდან, არადა ჩვენ ხომ ერთი მოდგმა ვართ?! მაგალითად, ადამიანები ვართ 8 მილიარდამდე, ჩვენი მასა რომ შევადაროთ დედამიწის ბიომასას, უსასრულოდ მცირეა. ჩვენ, სულ რაღაც, 500 მილიონ ტონას ვიწონით. ჟინვალის სავსე წყალსაცავში არსებული წყლის მასის ტოლია ჩვენი, კაცობრიობის, წონა. და ამ დროს გარშემო ვანადგურებთ ყველაფერს. მოვიხმართ კოლოსალური რაოდენობის რესურსს, ვამახინჯებთ და ვსპობთ დედამიწას და არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ჩვენს ნამოქმედარზე. ერთ ადამიანზე გამოშვებულია 10 000 ტყვია, ჭურვი, ნაღმი, ქიმიური, ბიოლოგიური, უამრავი იარაღი. ამას დავუმატოთ თვითგანადგურების ატომური საშუალებები. და ადამიანს, რომელიც, როგორც ბულგაკოვი ამბობს, უეცრად მოკვდავიაო, ჰგონია, რომ პროცესებს თვითონ მართავს. სინამდვილეში ეს პროცესი სულ სხვა ძალით იმართება, რაზედაც საუბარია წმიდა წიგნებში და არმაგედონი წინ ელოდება კაცობრიობას.

– იქნებ დაწყებულია: ავიცრა-არ ავიცრა, წავიდე ომში-არ წავიდე და ასე შემდეგ?

– ინდივიდუალური არმაგედონი ყოველდღიურია, მაგრამ კოლექტიური არმაგედონიც არსებობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი