ნორჩი დემოკრატი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 06.10
ანუ „სულ მთლად გადარეული ვარ“
რაკი სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტზე არ ვრცელდება ხალხური სიბრძნე – „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ (თურმე თეთრდება და მერე როგორ?! ტერორისტი ნორჩ დემოკრატადაც კი იქცევა, როდესაც ამას გეოპოლიტიკური შხაპი მოითხოვს), ოდესღაც ალ-ჯულანი გაეროს სხდომას დაესწრო, თუმცა მედიის ცნობისმოყვარე კამერებმა ის ფრიად სამარცხვინო საქციელზე წაასწრეს (ნუ ღელავთ. ამჯერად თავი არავისთვის წაუცლია), არც მეტი, არც ნაკლები, „ინსტაგრამს სქროლავდაო“ (თუმცა, ვფიქრობ, ესეც მისი გათეთრების ნაწილია, თითქოს სხვა ზადი არ აქვს და არც ჰქონია), თან, როდის?! როდესაც პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოდიოდაო. თანაც, არა მხოლოდ სქროლავდა, ზედაც, „რილსებსაც“ აგზავნიდა.
რაც მთავარია, გვამცნეს, რომ ვიდეო სწრაფად გავრცელებულა სოციალური ქსელებით და ფართო გამოხმაურებაც გამოუწვევია. შესაბამისად, პირადად მე მიჩნდება კითხვა, რამ გააუცნაურა (დანდობილად ვამბობ, თორემ ამ მდგომარეობას გაცილებით ხისტი შეფასება მოუხდება) თანამედროვე ადამიანი, როდესაც ის აღარ უკვირს, ტერორისტს რომ ანგელოზად აჩვენებენ და რილსების გაგზავნა კი პოლიტკომპრომატად ჩაუთვლია.
უცნაურთა შორის, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო ვილსონიც მოხვდა: მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზემოხსენებულ ალ-შარაასთან შეხვედრის შესახებ ამცნო ფართო საზოგადოებას. კერძოდ, პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ „მოხარული ვარ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შევხვდი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას. ბაასისტური სოციალისტური დიქტატურისა და ასადების სასტიკი კრიმინალური ოჯახის 54-წლიანი მმართველობის შემდეგ, სირია იბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიოში და წარმოადგენს აშშ-ის ძვირფას პარტნიორს.“
ბუნებრივია, აშშ-ის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მისთვის ძვირფასი პარტნიორი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ალ-ჯულანის ადგილსამყოფლის დასადგენად თანხაც ჰქონდა დასახელებული და ორგანიზაცია, რომელსაც ეს აწ ნორჩი დემოკრატი ხელმძღვანელობდა, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავდა შეყვანილი, მით უფრო, რომ მესამე სამყაროს ქვეყნებისადმი ვაშინგტონის დამოკიდებულება ცნობილია (ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია), მაგრამ მაინც აუხსნელია, ზემოხსენებულ ჯო ვილსონს რაღა მაინცდამაინც საქართველოს ხელისუფლების არჩეული ორგანოები არ ეპიტნავა?! თუ, რა თქმა უნდა, ეს ის ბანალური შემთხვევა არ არის, როდესაც სიყვარულმა შენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯო) კი არა, გადარია ტარიელი...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





