პოლიტიკა

რა მსგავსება და განსხვავებაა თეიმურაზ მეფისთვის ირანის შაჰისა და რუსეთის იმპერატორის მიერ მიწერილსა და ტრამპის კობახიძისადმი მიწერილ წერილებს შორის

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 54 წუთის წინ

კონსტანტინე ჟღენტი
დაკოპირებულია

საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროკავშირი და ევროსაბჭო საკმაოდ მძაფრ განცხადებებს აკეთებენ და არცთუ სასიამოვნო რეზოლუციებსაც იღებენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევისა და ირაკლი კობახიძის მხრიდანაც ისმის ზემოხსენებული ორგანიზაციების მისამართით კრიტიკა, განსაკუთრებით, ხისტია აზერბაიჯანის პირველი პირი. ამის პარალელურად, ევროკავშირი ძალიან აქებს სომხეთს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს მხოლოდ მასზე აგებს შავი ზღვის სტრატეგიას. არის თუ არა კოორდინირებული ბაქოსა და თბილისის განცხადებები? – ამ თემას დიპლომატთან, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველთან საერთაშორისო საკითხებში, კონსტანტინე ჟღენტთან ერთად განვიხილავთ.

კონსტანტინე ჟღენტი: მე მგონია, რომ ალიევისა და კობახიძის განცხადებები არ უნდა იყოს კოორდინირებული, რაც შეეხება იქიდან განცხადებებს: ისინი კი უნდა იყოს კოორდინირებული, იმიტომ რომ ამ განცხადებებს ერთი და იგივე ძალები აკეთებენ ერთი და იმავე ინტერესიდან გამომდინარე. ვერ იტანენ ვერც აზერბაიჯანის, ვერც საქართველოს და ვერც ვერავის დამოუკიდებელ პოლიტიკას. ამდენად, აქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი. როცა დასჭირდებათ, შეეცდებიან, მაქსიმალურად გამოიყენონ როგორც აზერბაიჯანი, ისე ჩვენ. ვგულისხმობ ტერიტორიებსა და შესაძლებლობებს, ხოლო, როდესაც პოლიტიკაზე მიდგება საქმე და როდესაც საფრთხე ემუქრება მათ ლიბერალ-გლობალისტურ იდეებს აზერბაიჯანსა და საქართველოში, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი მიდგომა ერთნაირია ბაქოსა და თბილისისადმი. არ პატიობენ აზერბაიჯანსა და საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას და მათი მხრიდან განცხადებებიც ამის შედეგი მგონია.

– როგორ ფიქრობთ, კოორდინირებულად რომ მოქმედებდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აზერბაიჯანი და საქართველო, ეს უფრო ეფექტიანი არ იქნებოდა?

– ბაქო და თბილისი ერთად მოქმედებენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხში. ჩვენი ქმედებები ისედაც კოორდინირებულია, ფაქტობრივად, ყველაფერში: პოლიტიკით დაწყებული და უსაფრთხოებითა და ეკონომიკით დამთავრებული. რაც შეეხება განცხადებებს: არ მგონია, რომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მათ, ვინც ევროპიდან ასეთ განცხადებებს აკეთებს, თორემ, სერიოზული საკითხი რომ დადგეს, რა თქმა უნდა, კოორდინაციაც იქნება: მინისტრებით დაწყებული და სახელმწიფოს მეთაურებით დამთავრებული. მოკლედ, თუ საჭირო იქნება კოორდინაცია, დარწმუნებული ვარ, განხორციელდება კიდეც. განცხადებებზე რეაგირება კი, რომ რაღაც თქვა კალასმა...

– ეს არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს რეზოლუციებია.

– ბევრჯერ მითქვამს, რომ ამ რეზოლუციებს არ აქვს შესრულების ვალდებულება. ესენია რეკომენდაციები. ხომ მოუსმინეთ, რა თქვა ალიევმა? ჩვენ მსგავსი განცხადება არასდროს გაგვიკეთებია და რომ დაფიქრდება, საერთოდ იყოს თუ არა ევროსაბჭოს წევრი აზერბაიჯანი. ამდენად, არ მგონია, რომ აქ საჭირო იყოს კოორდინაცია, სხვა საკითხები კი შეთანხმებულია და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება კოორდინაცია.

– მაშინ, როდესაც განცხადებები კეთდება ცალკეული ევროპელი მოხელეებისა და ევროსტრუქტურების მიერ, რაც გამოიხატება რეზოლუციებში, თუნდაც, სარეკომენდაციო ხასიათით, ის დიდი პროექტები, რაც ევროკავშირსა და საქართველოს, აზერბაიჯანსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიას შორის ხორციელდება, მიმდინარეობს. რას ნიშნავს სიტყვისა და საქმის ასეთი განსვლა?

– ამას ესადაგება აღმოსავლურიდან გადმოქართულებული გამონათქვამი, რომ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო. და ეს ქარავანი სულ ივლის, იმიტომ რომ ის ქარავანი გაცილებით სერიოზულ საკითხებსა და ინტერესებს უკავშირდება, ასევე, გაცილებით სერიოზულსა და წამყვან ძალებს მსოფლიოში. ამიტომ მგონია, რომ ეს ქარავანი არათუ ივლის, უფრო მეტსა და უკეთესადაც ივლის, რა განცხადებებიც უნდა აკეთონ.

– ესე იგი, ერთი ხელით ხელს აწერენ რეზოლუციებს და მეორე ხელით – პროექტებს?

– ძალიან ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევები მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიაში. ამჯერად მაგალითად ავიღოთ ახლო აღმოსავლეთი: მიუხედავად იმ მუდმივი დაძაბულობისა და აჯანყებებისა, ენერგეტიკული პოლიტიკა გრძელდება, იმიტომ რომ საერთო ინტერესია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მხრიდანაც და რეგიონის ქვეყნების მხრიდანაც. შეიძლება, გარკვეული განცხადებებისა და მოქმედებების გამო ნავთობის ფასმა აიწიოს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზიანი მიაყენოს ენერგეტიკულ და არა მხოლოდ ენერგეტიკულ ინტერესებს როგორც რეგიონის, ისე მსოფლიო წამყვანი ქვეყნებისა, მაგრამ, როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია გამოსწორდება, ეს ლაგდება ხოლმე და ისევ ძველებურად გრძელდება. მე მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიტანე, მაგრამ სხვა რეგიონებშიც გვქონია მსგავსი მაგალითები. ამდენად, მთავარი არის ის, რაც ხდება ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში როგორც სამხრეთ კავკასიისა და მის გარშემო, ისე დიდი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე. აი, ეს საერთო ინტერესი ყოველთვის გადაწონის ხოლმე და ჩვენ ზუსტად ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ რეგიონი ინტერესთა დაპირისპირების ადგილიდან უნდა გადაიქცეს თანამშრომლობისა და საერთო სარგებლის მიღების რეგიონად. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება მომავალში.

– სომხეთის, როგორც შავი ზღვის აუზის საკვანძო ქვეყნის, წარმოჩენა რას ემსახურება? თქვენ ცუდები ხართ, ერევანი კი კარგიაო? გვახარბებენ?

– რეალობაა, რომ სომხეთი არის სამხრეთ კავკასიის ქვეყანა. მასაც თავისი მნიშვნელობა აქვს როგორც სტრატეგიული, ისე სხვა თვალსაზრისით, იმიტომ რომ სხვადასხვა ძალას უნდა მისი უფრო მეტად ჩართვა რეგიონულ პროექტებში. ფაქტობრივად, მარტო რუსეთი დარჩა, რომელსაც, სომხეთის ქმედებებიდან გამომდინარე, არ უნდა, რომ ასე მოხდეს. მაგრამ აქეთ უფრო ძლიერი ძალებია და მე მგონია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რომ არსებულ პროექტებს მიუერთდეს სომხეთიც და ის გახდეს საერთო სტრატეგიის ნაწილი. სომხეთის ცალკე გამოყოფა არც გეოგრაფიულად შეიძლება, არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად.

– ბუნებრივია, სომხეთი უნდა ჩაერთოს რეგიონის პროექტებში. ეს გადამეტებული და გაბუქებული შეფასებებია ცოტა კომიკური.

– არის სიტუაციები, როდესაც ეს გადამეტებულია, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ეს არის ძალიან მოკლევადიან ტაქტიკასთან დაკავშირებული მიზეზები და არა შორ სტრატეგიასთან.

– ივარაუდება, რომ, როგორც კი უკრაინაში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება კონფლიქტი, რუსეთი აუცილებლად მოიცლის სამხრეთ კავკასიისთვის. რა საფრთხე ემუქრება, ამ მხრივ, როგორც რეგიონს, ისე საქართველოს?

– ჯერ ერთი, არ მგონია, რომ იქ რამე დამთავრდეს, დასტაბილურებას კი საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ხანმოკლე პერიოდში ეს არ მოხდება. ამასთან, მრავალი სხვადასხვა ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი: დაწყებული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ფაქტორებით და დამთავრებული სუფთა ეკონომიკურით, თუმცა სუფთა ეკონომიკური ფაქტორები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს მსოფლიოში. იმ დანგრეულის აღდგენას რამდენი დრო დასჭირდება, კაცმა არ იცის და ამას რა გავლენა ექნება მიმდებარე რეგიონებზე. ამდენად, არ მგონია, რომ ეს სწრაფად მოხდეს.

– ჩემთვის არის ძალიან უცნაური და გაუგებარი, ჯერ ერთი, ომის მიმდინარეობის პირველივე წელს რომ ჩატარდა პრაიდები უკრაინის ქალაქებში, ახლა კი უკრაინის „რადამ“ პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ეს აზრები უკრაინელი კანონმდებლების თავში მწიფდება, თუ გარე ლიბერალური დღის წესრიგია, რაც მათთვის კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის უკრაინას?

– რა თქმა უნდა, გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგია; თუ გააკეთებ იმას, რასაც ჩვენ გეტყვით, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ და უფრო მეტად მოგეხმარებით. ეს არის ზელენსკისა და მისი გუნდის მოქმედების შედეგი, თორემ, როგორც კი იქ შეიცვლება სიტუაცია, დარწმუნებული ვარ, შეიძლება, ისევ დადგეს იმ კანონების გაუქმების საკითხი, რომლებიც ზელენსკისა და მის გუნდს მიაღებინეს.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ ტრამპის წერილზე; რატომღაც, მაშინვე გამახსენდა „ბაში-აჩუკი“, როდესაც თეიმურზს წინ ორი წერილი უდევს, ერთი მუქარით აღსავსე და მეორე – დათაფლული, ანუ შეფარული მუქარით. თითქოს მეორდება ისტორია.

– ისტორია ყოველთვის მეორდება ხოლმე და ცნობილი ნათქვამია, უფრო ხშირად, როგორც ფარსიო. მაინცდამაინც ისტორიას ნუ შევადარებთ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, იმიტომ რომ დაემთხვა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლას ვაშინგტონში და იმ ღონისძიებაში მონაწილეობას, ტრამპისა და რუბიოს გვერდით დგომას და ვიცით, ვინც გაბრაზდა ამის გამო. ამდენად, როდესაც ვიღაცები ამბობენ, რომ ეს, უბრალოდ, წერილი იყო, რომელიც ყველა ქვეყანას დაუგზავნეს, ვინც იმ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობასო, მე არ მჯერა. სხვადასხვანაირი წერილები გაიგზავნებოდა და არც ყველა ქვეყანას გაუგზავნიდნენ. ოდესღაც ეს ჩვენი ურთიერთობა ამერიკელებთან გაცილებით სხვა დონეზე უნდა ავიდეს, ვიდრე იმ დონეზე დარჩეს, როგორც ბაიდენმა გააფუჭა. იმედი მაქვს, ასეც იქნება, მაგრამ ეს რომ ძალიან მალე არ მოხდება, ესეც ფაქტია. ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. ასევე, ხედავთ, როგორია ტრამპის პოლიტიკა. ის დგას ერთ რამეზე და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ინტერესი და მოგება. ამის იქით ხან ერთი ტიპის განცხადებებს აკეთებს, ხან – მეორე ტიპისას, იმის მიხედვით, რა ხდება. უცბად შეიძლება, თავში რაღაც აზრი მოუვიდეს რაღაც მოვლენასთან დაკავშირებით და განცხადება გამოაცხოს. ასეთი სტილისაა მისი პოლიტიკა.

– და აი, ამ წერილში გამოვლენილი კეთილგანწყობის სანაცვლო რა შეიძლება, იყოს? დავით საყვარელიძემ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელმა, თქვა, რომ გვაქვს ისტორიული შანსი, შევთავაზოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენი ტერიტორია პლაცდარმად ირანის წინააღმდეგ, რაც ჩვენ აგვაყვავებს, როგორც იაპონია ააყვავა ომებმა. რაღაც ამგვარის იმედი შეიძლება ჰქონდეს შტატებს?

– მსგავსი რამ არ მგონია. ირანთან ჩვენი ურთიერთობები, დარწმუნებული ვარ, პირდაპირი თუ არაპირდაპირი განცხადებებით, ძალიან კარგად ესმით ამერიკელებს. თან, ეს ესმოდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაციას, უბრალოდ, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ რაღაც-რაღაცებს გვთხოვდნენ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, არ მოგვთხოვენ ისეთ რამეს, რაც გულისხმობს ირანთან ჩვენი ურთიერთობის რადიკალურად შეცვლას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი