პოლიტიკა

რატომ არის ქართველი საზოგადოება მიდრეკილი შფოთვისკენ და მოსწონს მუდმივ სტრესში ცხოვრება

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 43 წუთის წინ

ვაკა გორგილაძე
დაკოპირებულია

მართალია, ადამიანი ზოგადადაა მიდრეკილი შფოთისკენ, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ჩვენი საზოგადოებაც შფოთიანობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. შესაბამისად, წრეგადასულად ღელავს, როდესაც გაწვიმდება, გათოვდება, ქარი ამოვარდება, ვიღაც უმსგავსოდ მოიქცევა, ვიღაც აღმაშფოთებელ განცხადებას გააკეთებს. აქედან გამომდინარე, მუდმივი სტრესის ქვეშ ცხოვრობს, რაც, ვფიქრობ, ასეთი საზოგადოების მართვასაც ართულებს და საზოგადოების წევრებს ცხოვრებასაც ურთულებს. ამ თავისებურებაზე სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– იმას გარდა, რომ ჩვენი საზოგადოება მიდრეკილია შფოთისკენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსწონს კიდეც გამუდმებული სტრესის ქვეშ ცხოვრება და სულ კიდევ უფრო აღვივებს ამ მდგომარეობას, რომ უფრო უბედური იყოს და ეს ერთგვარ სიამოვნებასაც ანიჭებს.

– უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ არ ვართ გამონაკლისები. ამას საერთო გლობალური კონტექსტი აქვს: მსოფლიო გახდა აგრესიული. ეს განპირობებულია იმით, რომ ხდება სიღრმისეული ტრანსფორმაცია ბევრი მიმართულებით, ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ეკოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესება, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რაც აისახება, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობაზე. დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეს კაცობრიობა ბევრად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე, მაგალითად, კარიბის კრიზისის დროს იყო. ანუ კიდევ უფრო ახლოს ვართ გლობალურ კონფლიქტთან, როდესაც ლოკალიზაცია გაქრება და ამ კონფლიქტში შეიძლება, ჩაებას უკვე ცივილიზაციები, სხვადასხვა ქვეყანა... ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ადამიანი ხშირად ვერ ხედავს ხვალინდელ დღეს. ესე იგი, რაც ადამიანში ქვეცნობიერის დონეზე ხდება – ხვდება, რომ საფრთხე ემუქრება, გარეთ გამოდის შფოთის სახით. როდესაც შენ არ გესმის, რა ხდება, როდესაც არ ხარ დარწმუნებული ხვალინდელ დღეში, როდესაც შენ გეშინია, როდესაც ვერ ხვდები, სად ხარ და რა უნდა მოიმოქმედო, ეს ქმნის საფუძველს შფოთისთვის. ეს შფოთი შემდეგ გადადის აგრესიაში. მოკლედ, ესაა მექანიზმი, რაც შეიძლება, გლობალური კონტექსტიდან დავინახოთ.

– საქართველო რით განსხვავდება და თუ განსხვავდება გლობალური კონტექსტიდან?

– რაც შეეხება საქართველოს: აქ გლობალურ კონტექსტს სხვა რაღაცებიც ემატება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ შფოთებს. საქართველოში ჩამოყალიბდა მოსახლეობის არც თუ მცირე სეგმენტი, რომელსაც ახასიათებს რესენტიმენტი, რაც ნიშნავს საკუთარი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობის სხვაზე გადაბრალებას და იმ სხვაში მტრის ხატის ძებნას. შენს წარუმატებლობას აბრალებ სხვებს და გაქვს ქრონიკული მარცხის განცდა ან გაიგივებული ხარ დამარცხებულ მხარესთან და არ აქვს მნიშვნელობა, რაში მარცხდები: შეიძლება, პოლიტიკაში; შეიძლება, ბიზნსესში და ასე შემდეგ და ამ მარცხებს აბრალებ ყველას, გარდა საკუთარი თავისა, ყველას – იქნება ეს ხელისუფლება, პოლიტიკური ოპონენტი, მეზობელი, მშობელი, ნათესავი თუ ნებისმიერი ვინმე ან რამე. ამდენად, ეს სეგმენტი თავის ამ რესენტიმენტს გამოხატავს აგრესიული დამოკიდებულებით, აგრესიული ქცევით. ეს არის, მაგალითად, ეთიკური ჩარჩოების გადალახვა. ვიცით, რომ მორალი არის რაღაც დებულებები, რაზეც შეთანხმებულია საზოგადოების უმრავლესობა. სხვა საკითხია, როგორია ეს დებულებები. შეიძლება, მეც არ ვიზიარებდე გარკვეულ შეხედულებებს, მაგრამ ყოველგვარი ხელმოწერის გარეშე ვთანხმდებით, რომ ასე და ასე უნდა ვიქცეოდეთ. მაგრამ ამ სოციალურმა ჯგუფმა გადალახა ეს ყველაფერი და უკვე ხდება ტოქსიკური, ანუ თავის უიმედობას, პესიმიზმს, აგრესიას მიმართავს სხვებისკენ და, რაც მთავარია, არიან აბსოლუტურად დაუნდობლები. მათთვის მიუღებელია სხვა მოსაზრება; არგუმენტებსა და რაციონალურ პოლემიკაზე შეგნებულად ამბობს უარს. ამბობს, იმიტომ რომ მე ვარ მართალი და ისე უნდა იყოს, როგორც მე მგონია, რომ უნდა იყოს. ვინაიდან შეუძლებელია რეფლექსია, როდესაც რევანშიზმზე ხარ ორიენტირებული. ამ დროს შენ არ გჭირდება არგუმენტები, შენ გჭირდება თავად ამ აქტის განხორციელება, ანუ შურისძიება. მეორე მხრივ, უმრავლესობა მკაფიოდ არ მიუთითებს ამ ჯგუფს, რომ ასე არ უნდა იქცეოდნენ, რომ ეს დაუშვებელია; არ ეუბნება, თქვენ არღვევთ ჩვენს სივრცეს და ამიტომ ნელ-ნელა ეს აგრესიული ტრენდი თავის ადგილს იმკვიდრებს.

– თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ადეკვატურია?

– დიახ, უმრავლესობა რომ ადეკვატური არ იყოს, სრულ საგიჟეთში ვიცხოვრებდით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს აგრესიული ტრენდი, ასეთი დამოკიდებულება ლეგალური ხდება. მაგალითად, მოგვიანებით გავიგე, რომ კახეთში, ქორწილში მომხდარა ინციდენტი – კონფლიქტი, როგორც ჩანს, უცხოელის უმსგავსო საქციელის გამო და ჩვენ ვნახეთ მამაკაცის მხრიდან ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი საპასუხო ქცევა და როგორია ამ ქცევაზე რეაქცია სოციალურ ქსელში?! მომხმარებლები, რომელთა იდენტიფიკაცია შეიძლება, წერენ, რომ მეტის ღირსი იყო, შენს მარჯვენას გაუმარჯოს, ეს რუსი ღორები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც ამდენი ერთი და იმავე რეაქციის ბევრი მომხმარებელი ერთიანდება რაღაც პოსტის ქვეშ, ესე იგი, ამგვარი დამოკიდებულება აბსოლუტურად ლეგალურია. ერთ-ერთი ასეთი პოსტის ქვეშ წავიკითხე 200-მდე კომენტარი და ერთი ადეკვატური კომენტარიც კი ვერ ვნახე. შემდეგ შევედი კომენტარების ავტორების გვერდებზე: მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ავატარად ჰქონდა უკრაინის დროშა ან ევროკავშირის დროშა; ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო და ასე შემდეგ. არადა ეს სეგმენტი თავს გვამახსოვრებს იმით, რომ იცავს ქალთა უფლებებს; ნებისმიერ ტრანსგენდერზე თავდასხმას აგრესიით ხვდებიან და გამოდის, რომ თავის მიერვე დამკვიდრებულ სტანდარტზე ამბობენ უარს ნებაყოფლობით, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ვიღაც ქალი იყო ეთნიკური რუსი. იმას აღარ ვაზუსტებ, რომ იყო რუსი უკრაინიდან, რომ მისი თანხმლები პირები უკრაინელები იყვნენ, რომლებსაც სოციალურ ქსელებში, ასევე, უკრაინის დროშა აქვთ გამოფენილი. ეს ხალხი ვერ ხვდება, რომ, რასაც აკეთებენ და ქადაგებენ, ეს არის რასიზმი, ფაშიზმი, ქსენოფობიაც აღარ არის. ანუ ამბობენ: ნეტავ, კიდევ უფრო მეტად გეცემა, ნეტავ, სხვებიც გეცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მათ არც ღირებულებები გააჩნიათ და მათი მთავარი მიზანია რევანში და არ აინტერესებთ, რა ხერხებით მიაღწევენ რევანშს. მათ არ აქვთ პრინციპები, მათ არ აქვთ მორალური კრიტერიუმები ან ღირებულებები. ისინი ორიენტირებულები არიან მხოლოდ ფიზიკურ აგრესიაზე, ნგრევაზე, შეურაცხყოფაზე. ყველაზე სასაცილოც ის არის, რომ ვერ ხვდებიან, რასაც ამკვიდრებენ, როდესაც ამართლებენ აგრესიას, რომელიც იმ მამაკაცმა ჩაიდინა, ამით გზას უხსნიან მსგავს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. განსაკუთრებით, ქალები კადრულობენ უკადრებელს. და ეს მათი დამოკიდებულება სხვებისადმი მათზე რომ გადავიტანოთ, მაშინ, ესე იგი, ნაცემი უნდა იყოს მათგან ყოველი მეორე, მეტი თუ არა. თუ ამ ტიპის ქცევის ლეგალიზაციას ახდენ, მომავალში ასეთი ქცევის ობიექტი შენ იქნები, იმიტომ რომ ზუსტად ისევე იქცევი.

– წლების წინ მახსოვს ბაია პატარაიას სტატუსი, ცოლზე მოძალადე მამაკაცი დასაჯა სასამართლომ და იმ მამაკაცს ისეთი სიტყვებით მოიხსენიებდა და ისეთები უსურვა, შემზარა. თუ იმავენაირად იქცევი, როგორც მოძალადე მოიქცა, მაშინ რა განსხვავებაა მათ შორის?

– დიახ, ურთიერთგამომრიცხავ თეზისებს ამკვიდრებენ. მაგალითად, ამბობენ, რომ არიან ფემინისტები და მიაჩნიათ, რომ ქალი და მამაკაცი არის თანასწორი, მაგრამ იმავდროულად, მოითხოვენ განსაკუთრებით დამოკიდებულებას ქალებისადმი, მიუხედავად იმისა, რაც უნდა ჩაიდინოს იმ ქალმა მამაკაცისადმი. აი, ეს წინააღმდეგობები, ორმაგი და სამმაგი სტანდარტი ან გარკვეულ ვითარებაში უარის თქმა ყველანაირ სტანდარტზე, ახასიათებს ამ ჯგუფს და მთავარი: საპასუხო აგრესიასაც სწორედ ეს ჯგუფი იწვევს.

– რამ გამოიწვია ასეთი ტიპის ადამიანების მომრავლება ამ ეპოქაში? ეს ბუნებრივად მოხდა, თუ წახალისდა და დამკვიდრდა?

– ბევრი ფაქტორია. აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ აგრესიას მამაკაცის მხრიდან, ძირითადად, ქალები ამართლებდნენ და ეს საინტერესო ფენომენია, რომელიც სოციოლოგიურ თეორიას უკავშირდება, რის თანახმადაც, რუსოფობიით დედის რძესავით იკვებება შვილი, რომელსაც ზრდის ქალი, ვისაც სხვადასხვა მიზეზთა გამო უარყოფითი დამოკიდებულება აქვს სლავი ქალებისადმი. უმთავრესი მიზეზია კონკურენცია, რომ სლავმა და, განსაკუთრებით, რუსმა ქალმა შეიძლება, წაგართვას ქმარი, საყვარელი...

– სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ რუს მამაკაცებს ყოველთვის ძალიან მოსწონდათ ქართველი ქალები და ახლაც მოსწონთ.

– ეს სხვა ამბავია და მარტო რუს მამაკაცებს არ მოსწონს ქართველი ქალები. ქართველი ქალები მოსწონთ ევროპელებს. როდესაც საქართველოში გაეროს პირველი ოფისი და საელჩოები გაიხსნა, ცნობილი ოჯახების ცოლები გაშორდნენ ქმრებს და ცოლად გაჰყვნენ უცხოელებს. ანუ მე სხვა რამეს ვამბობ, თორემ, ჩემი აზრით, ქართველი ქალი ყველაზე სექსუალურია და ეს ვიცოდი, როდესაც საკმაოდ პატარა ვიყავი. ამჯერად მე ვლაპარაკობ გარკვეულ კატეგორიაზე. რაც ვთქვი, ეს არის ერთ-ერთი კომპლექსი, ამას შემდეგ სხვა ფაქტორებიც ემატება.

ის ელიტა, რომელიც ხელისუფლებაში იყო არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ დროს, ჩათვალეთ, ისინი 20-25 წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული. დღეს თითქმის ყველანი, ეროვნული მოძრაობიდან და შევარდნაძის პირველი პარლამენტიდან დაწყებული, ოპოზიციაში არიან, იმიტომ რომ განდევნილები არიან ელიტიდან. რის შემდეგაც მათი მარგინალიზაცია უკვე ბუნებრივი პროცესია. ამას ვერ ეგუებიან. მეორე პრობლემაა თაობათა კონფლიქტი; „ოცნება“ უკვე 15 წლის განმავლობაშია ხელისუფლებაში და თაობები ამ ხელისუფლების პირობებში გაიზარდნენ, ისინი გრძნობენ ფსიქოლოგიურ შეუთავსებლობას, რაც გადადის აგრესიაში, ვინაიდან მათი ნებისმიერი მცდელობა მთავრდება წარუმატებლობით. ეს არის 18-25 ასაკობრივი ჯგუფის 20-25 პროცენტი და ეს არც თუ მცირე სეგმენტია. ერთი სიტყვით, ყველა ეს კომპლექსი გროვდება და ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ „ოცნებაც“ აძლევს საბაბს და ეს ბუნებრივია. როდესაც ამდენი წელია, ხარ ხელისუფლებაში, გინდა თუ არა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჩნდება საბაბი, რომელიც აძლიერებს იმ ადამიანის მოტივაციას, რომელიც უბრალოდ, უკმაყოფილოა ამ ხელისუფლებით სხვადასხვა მიზეზით. ეს შეიძლება, იყოს საყოფაცხოვრებო მიზეზი; შეიძლება, რაღაც რეგულაცია არ მოსწონდეს; შეიძლება, ვიღაცას რაღაცის ნებართვას არ აძლევენ... ჩვენ ვსაუბრობთ მათზე, რომლებიც ქმნიან შფოთის რეზონანსს.

– ეს თავისთავად წავა მინავლებისკენ თუ გაძლიერდება?

– როდესაც ვამბობ, რომ ამ ჯგუფს უმრავლესობა მკაფიოდ არ მიუთითებს, რომ ასეთი ქცევა დაუშვებელია, როგორც ჩანს, უმრავლესობამ აირჩია პოზიცია, რომ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი