როგორ შეიძლება, საქართველო მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს იმ ცეცხლოვანი რკალიდან, რომელშიც იმყოფება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00
გეოპოლიტიკური დაპირისპირება ისეთ ფაზაში გადავიდა, რომ რთული სათქმელია, სად მიიყვანს მსოფლიოს ტრამპის (ანუ ზანგეზურის) დერეფნიდან ტრამპის (ანუ ჰორმუზის) სრუტის გავლით. რაკი ჩვენ ირგვლივაც სრული გაუგებრობაა, იბადება კითხვა, როგორ შეუძლია საქართველოს, მოკავშირის გარეშე, ფონს გასვლა, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ყველას და, მათ შორის, საქართველოს აღიქვამს პოლიგონად და საზარბაზნე ხორცად? – ამ საკითხს მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
მამუკა არეშიძე: მე რომ მკითხოთ, ძალიან რთულია, რომ ამ სიტუაციიდან დანაკარგის გარეშე გამოვიდეთ, იმიტომ რომ ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც ხვალ დამთავრდება. ეს არის კონფლიქტი, რომელიც ძალიან დიდხანს გასტანს.
– ორივე კონფლიქტს გულისხმობთ?
– დიახ და, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი და დიდი ძალები ერთვება და ეს კონფლიქტები უფრო ფართოვდება. რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი მხარის უპირობო გამარჯვების პერსპექტივა არ ჩანს არც ერთ შემთხვევაში. აი, ეს პირადად მე მიმანიშნებს, რომ ეს კონფლიქტები შეიძლება, შეწყდეს, მაგრამ მათ დამთავრება არ უწერია. ასე რომ, ჩვენ წლების განმავლობაში ვიქნებით მუდმივ დაძაბულობაში. ამ ტიპის კონფლიქტებს, როგორც ჩანს, მხოლოდ რაღაც ზეიარაღის ჩართვა შეწყვეტს.
– ბირთვულ იარაღს გულისხმობთ?
– დიახ, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება, ეს კონფლიქტი შეწყდეს და არა დამთავრდეს. ეს არის პროცესი, რომელმაც მოიცვა უზარმაზარი სივრცე, მასში ჩართულია უამრავი ქვეყანა და ასე შემდეგ. ამდენად, ვერ შევძლებთ ამის გავლენის თავიდან აცილებას. თან, მე არ ვლაპარაკობ ერთ-ერთი მხარის გამარჯვებაზე, მე ვლაპარაკობ ამ პროცესის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. ეს შედეგები ძალიან მძიმე იქნება და აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩვენს რეგიონზე და მათ შორის, ჩვენზეც. განვიხილოთ ეს პროცესი რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში: უკვე გამოჩნდა მხარეების მთავარი სტრატეგიული მიდგომები. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აუცილებელი იყო, რომ რუსეთი სამომავლოდ ყოფილიყო მისი სატელიტი ჩინეთთან დაპირისპირების კონტექსტში. ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ყოველთვის, უნდოდა და ახლაც უნდა, რომ იყოს დომინანტი მთელ მსოფლიოში, რომ ის მართავდეს მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებს. ამჯერად პოლიტიკურ მართვაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ახლა მთავარი ეკონომიკური პროცესებია და ამისთვის აკეთებდნენ ყველაფერს. ევროკავშირს სხვა ამოცანები ჰქონდა და აი, ამ განსხვავებულმა მიდგომებმა განაპირობა ის, რომ ეს კონფლიქტი შენარჩუნდა და გაგრძელდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ომში ჩართული მხარეების გარდა ყველასთვის ხელსაყრელია ამ კონფლიქტის გაგრძელება. და თუ თავიდან ეს იყო ომი ორ ქვეყანას შორის, ახლა არის კონფლიქტი, რომლის შენარჩუნებაც ძალიან ბევრი მსხვილი მოთამაშის ინტერესია. მათ შორის, ჩინეთისაც, ამერიკის შეერთებული შტატებისაც და ევროპისაც.
– რა დივიდენდებს იღებენ ამ ომით?
– ჯერ ერთი, ჩინეთმა, რუსეთის სახით, უმცროსი პარტნიორი გაიჩინა, რომელიც მის ნებას, ფაქტობრივად, ყველაფერში მიჰყვება იმიტომ, რომ მოსკოვისთვის ჩინეთი ერთადერთი მოკავშირეა, ხოლო ჩინეთისთვის მოსკოვი არის უმცროსი პარტნიორი. ამ ომმა ასეთი სურათი შექმნა და, საბოლოო ჯამში, დღეს ჩინეთი უაღრესად სარგებლობს, ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთის დასუსტებით. ეს გამოიხატება ძალიან დემპინგურ ფასებში ენერგომატარებლების მიღებით; შორეული აღმოსავლეთისა და ცენტრალური ციმბირის მიწების ათვისებით ისე, როგორც მათ სჭირდებათ. რაც მთავარია, იშვიათი წიაღისეულის გამოყენების პერსპექტივაც ძალიან აშკარაა. ამას გარდა, ჩინეთს ყოველთვის ჰქონდა ინტერესი რუსეთის იმ ტერიტორიების მიმართ, რომლებიც უშუალოდ მას ესაზღვრება და მნიშვნელობა ჰქონდა იქაურ წიაღისეულსაც, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მტკნარი წყლის რესურსს, რომელიც თავმოყრილია ბაიკალში. ჩინეთის დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიები, რომლებიც ცარიელია, ძალიან პერსპექტიულია. მას შემდეგ, რაც რუსეთი უფროსი პარტნიორიდან დამყოლ პარტნიორად იქცა, ბევრად უფრო გამარტივდა იმ ტერიტორიების გამოყენება. ჩინეთს არ აქვს რუსეთისადმი ტერიტორიული პრეტენზია. ის არ აპირებს, დაიბრუნოს ტერიტორია, რომელიც მე-17-18-19 საუკუნეებში დაკარგა რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ამ ტერიტორიების ეკონომიკურად ათვისების უზარმაზარი სურვილი აქვს და აითვისებს კიდეც. ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დაპირისპირების კონტექსტში ბევრად უფრო მძიმედ არის საქმე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი ქვეყანაა საომარ ვითარებაში ჩართული – ეს ერთი და მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოირყა და სერიოზული დარტყმის ქვეშ არის უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებისთვის შექმნა. ამდენად, ეს იწვევს ძალიან სერიოზულ იდეოლოგიურ დარტყმას ამერიკისთვის. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ირანის ენერგამტარებლების კონტროლი, რასაც ჯერჯერობით ვერ მიაღწია და, როგორც ჩანს, კარგა ხანს ვერც მიაღწევს. იმიტომ რომ იმ რესურსებით, რაც დღეს აქვს დაპირისპირებულ მხარეებს, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ძალიან რთულია. მაგრამ, რაც ახლა ხდება, ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ირანის შიდა გაძლიერებას. არაბული კი არა, ისლამური სამყაროს გაძლიერებას და ბევრად უფრო ენერგიულ ნაბიჯებზე გადავლენ ისლამისტები იმისათვის, რომ თავიანთი მთავარი დოქტრინა – მსოფლიოში გაბატონება – აისრულონ. ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ამ პროცესმა გამოაჩინა დასავლეთის სისუსტე გადამწყვეტი დაპირისპირების დროს. იგულისხმება ის, რომ, თავისი საზოგადოების სავარაუდო რეაქციის შიშით, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დგამს მთავარ ნაბიჯს, ვერ იწყებს სახმელეთო ოპერაციას.
– შეიძლება, ვერ იწყებს საზოგადოების რეაქციის შიშით, მაგრამ ამერიკელი არასამთავრობო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ს სახმელეთო ოპერაციის დაწყების პოტენციალიც არა აქვს. მაშინ უნდა გამოაცხადონ მობილიზაცია.
– სახმელეთო ოპერაციაში ვგულისხმობ იმ კუნძულების დაკავებას, რომლებსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჰორმუზის სრუტეში. ამის გაკეთებაც კი უჭირთ. გარდა ამისა, ომის ტექნოლოგია შეიცვალა. მაგალითად, თუ ადრე ავიამზიდი გადამწყვეტ როლს ასრულებდა, როგორც დაპირისპირებული მხარეების შემაკავებელი, ახლანდელი ომის დროს ავიამზიდი აღარ არის მნიშვნელოვანი. და ჩანს კიდეც, რომ მათ ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული ამოცანა. ერთი სიტყვით, რადგან ამ ორივე დაპირისპირებამ გლობალური სახე მიიღო, არც ერთს არ უწერია უახლოეს მომავალში დასრულება, თუ არ მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა: ვგულისხმობ ისეთი სიტუაციის შექმნას, როდესაც ერთ-ერთი მხარე აბსოლუტური გამარჯვებულია ან როდესაც მხარეები სახის შენარჩუნებით გამოდიან კონფლიქტიდან.
– დებენ საზავო ხელშეკრულებას?
– დიახ, ოღონდ სახე უნდა შეინარჩუნოს ორივე მხარემ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ, რაც დრო გადის, ირანის ხელისუფლება ახალ-ახალ მოთხოვნას აყენებს და წინა მოთხოვნებზე ბევრად კატეგორიულს. ირანის ხელისუფლება თავის ქვეყანას სწირავს პრესტიჟის გამო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები პრესტიჟის გამო სწირავს თავის რენომეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ: მიმდინარე პროცესები, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, აუცილებლად იმოქმედებს ჩვენს რეგიონზე. უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, რომ ის დრო, რომელიც დარჩენილია და ესაა ერთ-ერთი გამოსავალი, მოხმარდეს რეგიონის ქვეყნების პლატფორმის შექმნას, რაც დააინტერესებს მსხვილ მოთამაშეებს, რომ აქ შენარჩუნდეს სტაბილურობა.
– მაგრამ მსხვილი მოთამაშეებისთვის ხელსაყრელია ამ ჩვენს რეგიონში სტაბილური მდგომარეობა, თუ მათთვის უფრო ქაოსია მისაღები?
– რასაკვირველია, დღეს მსოფლიო ქაოსით იმართება, მართვადი ქაოსით, მაგრამ ისაა, რომ ამ ქაოსის მიღმაც უნდა არსებობდეს რიგი რეგიონები, რომელთა მეშვეობითაც შენი ეკონომიკური საქმეები უნდა აკეთო და ამ თვალსაზრისით, შეიძლება, იყოს საინტერესო ჩვენი რეგიონი მავანისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი მოკავშირე უნდა გყავდეს და ეს მოკავშირე დაგიცავს. დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ტიპის სამოკავშირეო ურთიერთობა განსაკუთრებით ევრაზიულ სივრცეში არის ეფემერული. მე ვფიქრობ, ერთმა მოკავშირემ კი არ უნდა დაგიცვას, არამედ უნდა მოახერხო, რომ მსხვილი მოთამაშეების ინტერესები ნაწილობრივ მაინც დაამთხვიო ერთმანეთს და ეს შეუსაბამო რეგიონის ინტერესებს. ეს ძალიან რთული სამუშაოა, მაგრამ შესაძლებელი. ასეთი შემთხვევები არის საქართველოს ისტორიაში.
– აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებს ეტყობათ, რომ დაინტერესებულნი არიან რეგიონში ასეთი პლატფორმის შექმნით?
– ჯერჯერობით ეს ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს, მაგრამ საქართველოსა და სომხეთს აქვთ ამისი სურვილი, ეს იგრძნობა ხელისუფლების მეთაურების ხშირი შეხვედრებითაც და იმ თემებითაც, რომლებიც იმ შეხვედრებზე განიხილება. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ აქეთკენ მიდის საქმე, მაგრამ აზერბაიჯანი ჯერჯერობით სხვა საქმითაა დაკავებული. აზერბაიჯანი ცდილობს, რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ითამაშოს და ჯერჯერობით ეს გამოსდის. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ არის მუდმივი, იმიტომ რომ აზერბაიჯანის ასეთი ტიპის პოზიციონირება ბევრს უკვე არ მოსწონს. შესაბამისად, აზერბაიჯანის ხელისუფლებაც, ადრე თუ გვიან, ალბათ, მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს პლატფორმა შესაქმნელია. არ ვიცი ამ შემთხვევაში, როგორ მოიქცევა თურქეთი, რომელსაც ამ დიდი კონფლიქტის დაწყებამდე აბსოლუტურად სხვა ამოცანები ჰქონდა. მაგრამ ჩვენ ჩვენი მაინც უნდა ვცადოთ. აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა. სხვათა შორის, ჩვენს მთავრობას დღეს საყვედურობენ, რომ ის პრორუსულადაა განწყობილი და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ეს არის სწორი. ჩვენი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ცდილობს, ზუსტად ამ მიმართულებით იმუშაოს, მაქსიმალურად მოახერხოს ამ ვითარებაში ისეთი მიდგომების შერჩევა, რომლებიც ქვეყანას სტაბილურობას შეუნარჩუნებს, რათა დააინტერესოს მსხვილი მოთამაშეები. ამაზე მეტყველებს მუშაობა ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და, ალბათ, რუსეთთანაც და რეგიონის ქვეყნებთანაც. ბევრმა გააკრიტიკა ხელისუფლება ირანთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების გამო, მაგრამ საბოლოოდ, ყველას ისტორია განსჯის და, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ყველა მოთამაშესთან, ვინც ჩართულია კონფლიქტებში, სიტუაციის დალაგება, ანუ მათი დაინტერესება რეგიონის სტაბილურობით, ეს იქნება ძალიან კარგი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





