პოლიტიკა

რატომ შემოიტანა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში რელიგიური მდგენელი

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

დავით ზარდიაშვილი
დაკოპირებულია

მოგეხსენებათ, გეოპოლიტიკური პროცესების საკმაოდ რთულ ალყაში ვართ და არა მარტო ჩვენ – მთელი დედამიწა, ამ დროს კი აშშ-ის პრეზიდენტი, გარდა იმისა, რომ ჰგონია საკუთარი თავი და მისი ქვეყანა პოლიტიკურად უპირატესი, საკუთარ თავსაც აღიქვამს უფლის რჩეულად, ღმერთის მიერ ამ პლანეტის მმართველად არჩეულს. არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპი შეშლილია ან ის ადამიანები, სასულიერო პირები, რომლებიც მას ოვალურ კაბინეტში ეწვივნენ, არიან შეშლილები, ფაქტია, რომ ეს გარკვეულ მიზანს ემსახურება და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილთან ერთად.

– რატომ გახდა საჭირო რელიგიური მდგენელის ჩართვა გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში?

– ამის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ჩინური წარმოშობის კანადელი პროფესორის, ძიან სიუეცინის ახსნა. ის ამას უწოდებს ესკატოლოგიური კონვერგენციის კანონს. ეს პროფესორი თამაშების თეორიის სპეციალისტია და რამდენიმე სერიოზული მოვლენა იწინასწარმეტყველა, მათ შორის, რომ ამერიკა ომს დაუწყებდა ირანს. მისი მოსაზრება ემყარება იმას, რომ რეალპოლიტიკაში ყველაზე უფრო კარგად ორგანიზებულები ხდებიან ის ძალები, რომლებსაც შეუძლიათ, ესკატოლოგიურ ხედვებს დაეყრდნონ. ესკატოლოგიური ხედვა არის ისტორიის დასასრულის შესახებ გარკვეული ნარატივი; რითი მთავრდება ისტორია ამა თუ იმ კულტურულსა და ცივილიზაციურ ტრადიციაში. ასეთი ესკატოლოგიური ხედვები დამახასიათებელია თითქმის ყველა ცივილიზაციისთვის, გამონაკლისია ჩინური და ინდური ცივილიზაციები. ისინი ციკლურ ისტორიას მიჰყვებიან, მათთვის ისტორია არ სრულდება, თავის თავს უსასრულოდ იმეორებს. მაგრამ დასავლური ან ებრაული ტრადიციისთვის ესკატოლოგია ერთ-ერთი უმთავრესი ხედვაა, რაც ორგანიზებას უწევს საზოგადოებას. ხსენებული პროფესორი ფიქრობს, რომ, თუ ისტორიას განვიხილავთ, როგორც გარკვეულ ოპერაციულ სისტემას, ისტორიის ფინალი ადამიანების უდიდეს ინტერესს იწვევს და ამ ესკატოლოგიურ ხედვებს შეუძლია საზოგადოების საუკეთესოდ მობილიზება, როდესაც თამაშია ნულოვანი ჯამით, რაც არის დღევანდელი პოლიტიკა. როდესაც ერთის წაგება მეორის გამარჯვებაა და პირიქით და ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოები და ცივილიზაციები, რომ გაიმარჯვონ; ისინი თითქოს შეიარაღებულები არიან ამ ესკატოლოგიური ხედვებით. აქედან გამომდინარე, შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარულია იუდეურ-ქრისტიანული სიონიზმი. მაგალითად მოჰყავთ ჰეგსეთი, ომის მინისტრი, რომელსაც ჯვაროსნების დროშა ახატია მკერდზე და ამ სიმბოლიკითაც ცხადია, რომ თავს მიიჩნევს ესკატოლოგიური მიზნებისთვის მებრძოლად, რომ მიაღწიოს ევანგელისტი ქრისტიანების სიონისტურ მიზანს.

მიზანი კი შემდეგია: უნდა შეიქმნას დიდი ისრაელი, აღდგეს მესამე ტაძარი, რაც ქრისტიანებისთვის აუცილებელი პირობაა ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის და მათი ესკატოლოგიური ხედვაა, რომ ისინი ელოდებიან ქრისტიანების ზეცად ამაღლებას არმაგედონის დროს და შემდეგ უკვე ქრისტეს ათასწლოვან მეუფებას დედამიწაზე, ზეციური იერუსალიმის ჩამოსვლას ამ სამყაროში. ამდენად, ისინი ცდილობენ, რომ დააჩქარონ ეს ისტორიული პროცესი – რაც შეიძლება, სწრაფად მივიდნენ ესკატოლოგიურ ფინალამდე და ეს ფინალი გახლავთ, არც მეტი, არც ნაკლები, არმაგედონი. ასე რომ, ისინი ისრაელს უჭერენ მხარს იმიტომ, რომ შეიქმნას დიდი ისრაელი და მესამე ტაძარი აშენდეს. ეს თითქოს ზღაპარს ჰგავს, მაგრამ დღეს რეალური პოლიტიკური სცენარების საფუძვლადაა გადაქცეული. ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წამყვანი პოლიტიკური ტენდენცია გახდა აქსელერაციონიზმი, ანუ ისტორიის დაჩქარება, რომ სწრაფად მოვიდეს ესკატონი, ჟამთა დასასრული, მეორედ მოსვლა, ზეცად ამაღლება, ქრისტიანების ხსნა და, საბოლოოდ, სიკეთის მეუფების შექმნა. თითქოს ფანტასტიკაა, მაგრამ ეს არის რეალური პოლიტიკური პროექტი, პროგრამა. ამის უკან უამრავი ინტერესი დგას და ისინი ამ რელიგიურ-ესკატოლოგიური წარმოდგენების ქვეშ არიან გაერთიანებული. ტრამპი არის ამ აქსელერაციონისტების ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. ისინი, რომლებიც ესკატოლოგიურ თვალსაზრისს იზიარებენ, შეადგენენ ამერიკელი თეთრკანიანი ამომრჩევლის ძალიან დიდ უმრავლესობას, რაც დაახლოებით, 30 მილიონი კაცია. ამ ბოლო დროს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რის თანახმადაც, 100 მილიონზე მეტი ამერიკელი ელოდება ჟამთა დასასრულს და მიაჩნიათ, რომ უშუალოდ მოესწრებიან ამ აპოკალიფსს.

– მაგრამ აპოკალიფსი ეს ხომ არ არის, პირდაპირი გაგებით, სცენა, როდესაც ქრისტე ტახტზე დაჯდება და ამას აცხონებს და იმას ჩამოახრჩობს? ქრისტე მოვა თითოეულის გულში.

– ეს ჩვენი შეხედულებებია, ჩვენ ჩვენი ესკატოლოგია გვაქვს, რომელიც განსხვავდება მათი ხედვისგან. ეს საკმაოდ დიდი ხნის ისტორიაა. მათი წარმოდგენით, ვიმყოფებით მეშვიდე ეტაპზე, როდესაც უნდა მოხდეს ქრისტეს მეუფების, ანუ ზეციური სამეფოს ჩამოტანა დედამიწაზე. აი, ამას ელოდებიან ისინი და ეს ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

– და ტრამპსა თუ მის უკან ან წინ მდგომ ძალებს ამისი სჯერათ, თუ იყენებენ ამ ვერსიას?

– როდესაც პოლიტიკაში რაღაც კურსი აირჩევა ხოლმე, ძირითადი მასა განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს, განსაკუთრებით, ისრაელთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. იმიტომ რომ ისინი, ფაქტობრივად, სიონისტები არიან. მათი რწმენით, ისტორიის ბოლო ეტაპია, რომ აღდგეს დიდი ისრაელი, ნილოსიდან ევფრატამდე, რომელიც მოიცავს დღევანდელ არაბულ სახელმწიფოებს, რომლებსაც ირანი ესვრის და რაც მთავარია, ალ აქსას მეჩეთის ადგილას უნდა აღდგეს სოლომონის მესამე ტაძარი, რათა იქ წარიმართოს მსხვერპლშეწირვა, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის. ებრაელებს კი თავიანთი ესკატოლოგია აქვთ. ისინი ელიან მათი მესიის, მეშიახის მოსვლას. ხოლო ეს მეშიახი ევანგელისტი ქრისტიანებისთვის ანტიქრისტეა და, საბოლოოდ, ეს სიონისტები გაიყოფიან. ერთ მხარეს იქნებიან ქრისტიანი სიონისტები, მეორე მხარეს – ებრაელი სიონისტები, მაგრამ ორივეს აერთიანებს ეს აქსელერაციონიზმი, ანუ ისტორიის დაჩქარება და ტრამპი აქ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთგვარი აქსელერატორი, ინსტრუმენტი, რაც ამ ისტორიის დაჩქარებას უზრუნველყოფს. ამიტომ ის ორივე მხრიდან განიცდის ზეწოლას, რომ სწრაფად განვითარდეს მოვლენები. დაახლოებით, ასე ხსნის მოვლენებს პროფესორი ძიანი, თამაშების თეორიიდან გამომდინარე. ცხადია, მოვლენათა განვითარება დაგვანახვებს, არის თუ არა მართებული ეს ახსნა.

– რა დივიდენდს აძლევს ეს ტრამპსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს?

– ეს არის საუკეთესო ხერხი საზოგადოების მობილიზებისათვის. 30 მილიონზე მეტი არის ევანგელისტი ქრისტიანი და ეს მისი უდიდესი საარჩევნო ბაზაა. გარდა ამისა, ის ქრისტიანი სიონისტების აშკარა ზემოქმედების ქვეშაა. მეორე მხრივ, თუ ესენი „ნათელი“ აქსელერაციონისტები არიან, ასევე, არსებობენ ბნელი აქსელერაციონისტები. მათი მაგალითია ნიკ ლენდი, ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, რომელსაც მატერიალისტური და კიბერნეტიკული იდეები აქვს. მის თეორიას უწოდებენ ბნელგანმანათლებლობას. ის ამბობს, რომ ტექნოლოგიები წყვეტს ყველაფერს, მისი წარმოდგენით, არაადამიანური ინტელექტი, ანუ ხელოვნური ინტელექტი, გარკვეული დემონური ძალაა, რომელიც მატერიალიზდება დღევანდელ პირობებში. და აი, ეს დემონური ძალა, არაადამიანური ინტელექტი, საბოლოოდ გაიმარჯვებს და მისი სამფლობელო გახდება მთელი სამყარო. ესეც გარკვეული ესკატოლოგიაა, ოღონდ არა რელიგიურ-ქრისტიანული, არამედ ბნელი განმანათლებლობის სახით.

ის მიიჩნევს, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია ხდება ამ დემონური ძალის მიერ, რომელიც თითქოს მომავლიდან მოდის თანამედროვეობაში და სახლს იშენებს, რათა მატერიალიზირდეს, ანუ ამ ციფრული სამყაროთი დაუკავშირდეს ხილულ სამყაროს. ამ თეორიას ემხრობა თითქმის მთელი სილიკონის ველი, ანუ ამერიკის ტექნოელიტის უდიდესი უმრავლესობა. უპირველესად, პიტერ ტილი, ალექს კარპი, ელონ მასკი და უამრავი ადამიანი, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, ანუ ამერიკული კაპიტალიზმის მთელი ელიტა. ისინი ფიქრობენ ესკატოლოგიური კაპიტალიზმის შექმნას, რომ ხსნა არის ტექნოლოგიებში, იგულისხმება ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც აბსოლუტურ ძალაუფლებას მოიპოვებს თავისი გამოთვლითი სიმძლავრის უსასრულობის გამო და დადგება, ეგრეთ წოდებული, ტექნოლოგიური სინგულარობა, რაც მთლიანად გარდაქმნის დედამიწას.

ესე იგი, თუ ქრისტიანი აქსელერაციონისტები უფლის იმედად არიან, უფალი აიტაცებს ზეცაში არმაგედონის დროს, ამ მატერიალურ სამყაროს დაფერფლავს, რომ შემდეგ ხელახლა დააბრუნოს თავისი ეკლესია და დაამყაროს ათასწლოვანი მეუფება, ტექნოაქსელერატორების მიზანია ტექნოლოგიური სინგულარობის დაჩქარება. ორივე დამაჩქარებელია. ორივე იყენებს ტრამპს, როგორც დამაჩქარებელს და ეს ხსნის იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ტრამპი იღებს, რაც თითქოს მართლაც შეშლილობის ზღვარზეა: ირანთან ომის დაწყება, მადუროს აყვანის სპეცოპერაცია ან თვითონ შეერთებული შტატების შიგნით მოქმედება, იგივე ტარიფების ომი და ასე შემდეგ. ის თესავს ქაოსს, ზრდის არეულობას მთელ მსოფლიოში და, საბოლოო ჯამში, მართლაც არის იმის საშიშროება, რომ ირანში ომი გადაიზარდოს ესკატოლოგიურ ომში.

– ბირთვულ ომში მათ გადარჩენის იმედი აქვთ?

– განცდაა, რომ ბირთვული შეკავებაც კი აღარ მუშაობს ესკალაციის შესაჩერებლად, უკვე ბირთვულ იარაღსაც არ ეპუებიან და თითქმის არ არსებობს არანაირი შეგრძნება, რომ, მაგალითად, უკრაინის ომი ოდესღაც გარკვეული პოლიტიკური შედეგებით დასრულდება – ან ძალით, ან შეთანხმებით. მხოლოდ და მხოლოდ ესკალაციის სპირალი ჩანს. არც კი შეინიშნება კატეხონი, რაც შეაჩერებს ამ უბედურებას. ეს მოლაპარაკებებიც იმიტაციურია, მხარეები ერთმანეთის მოსასპობად მუშაობენ. და რაც ყველაზე თავზარდამცემია: ეს არის, ძირითადად, დისტანციური ომი რაკეტებითა და დრონებით და გამოყენებულია დეკაპიტაციური სტრატეგია, ანუ თავის მოკვეთის სტრატეგია. ირანზე სწორედ დეკაპიტაციური დარტყმა განხორციელდა, რაც უპრეცედენტოა. ომი დაიწყო იმით, რომ სახელმწიფოს მეთაურს და გარკვეული რელიგიური მოძრაობის ლიდერს თავი მოჰკვეთეს, ანუ მოკლეს. ეს ისეთ ვითარებას ქმნის, როდესაც ზავის მიღწევა თითქმის გამორიცხულია: ერთ-ერთი მხარე უნდა განადგურდეს. ეს არის ამ ომის სპეციფიკა: ან საკუთარი განადგურება უნდა აღიარონ შიიტებმა, გადაყლაპონ ეს საშინელი დამცირება და შეურაცხყოფა და, ფაქტობრივად, მოსპობა. შიიზმი, როგორც რელიგია, უნდა დასრულდეს, თუ ისინი დანებდებიან, ან ისრაელი უნდა განადგურდეს, როგორც პოლიტიკური ერთეული და მომავალი. მთლად ამ მასშტაბის არა, მაგრამ თითქმის მსგავსი გამოუვალი მდგომარეობა ჩანს უკრაინაშიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი