ბირთვული მშვიდობა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:30
ანუ თავგზააბნეული დრო
თუმცა დედამიწის მოსახლეობა გასული კვირის სამშაბათის ღამიდან დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებულ ჯოჯოხეთს ელოდა, რომელიც ირანში უნდა დატრიალებულიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვითარება განიმუხტა. მართალია, დონალდ ტრამპმა თავის მიერვე დაწესებული ჯოჯოხეთი ორი კვირით გადაავადა, მას შემდეგ, რაც უშვერი სიტყებით მოიხსენია ირანი და ირანელები და ამ მომენტისთვის იქით – აშშ ამტკიცებს, რომ გაიმარჯვა, აქეთ კი – ირანი, მაგრამ გაირკვა, რომ ამ ყოვლად მიუღებელი, როგორც თანამედროვენი ამბობენ, „ვორდინგის“ უკან ფრიად გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობდა.
უკვე პოსტ-ფაქტუმ შევიტყვეთ, რომ საქმეში, ანუ მოლაპარაკებებში მოჯთაბა ჰამენეიც იყო ჩართული და, რა თქმა უნდა, პაკისტანი (ბირთვული სახელმწიფო). სახელდობრ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირით შევიტყვეთ, რომ მოლაპარაკებას პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ძმური თხოვნის შედეგად დათანხმებიან (დაუღალავი ძალისხმევა გასწიესო).
მოკლედ, მოლაპარაკებები დაიწყება აშშ-ის 15-პუნქტიანი და ირანის 10-პუნქტიანი გეგმების საფუძველზე. როგორც ამბობენ, ჩინეთსაც შეუწევია სიტყვა ამ ამბისთვის, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ მოჯთაბა ჰამენეის დახმარებით მიუღიათ. მეორე მხრივ, პროცესში ჩართული ყოფილა ჯემ დი ვენსიც (უნგრეთოდან, სადაც ის ორბანის მხარდასაჭერად ჩავიდა, ტელეფონით ერთვებოდაო).
სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა კი პაკისტანში დაიგეგმა და მას ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებსო, რითიც ფრიად მაღალ-მაღალ ქულებს ჩაიწერს საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. თუმცა ამჟამად, რაკი თავგზააბნეულ დროში ვცხოვრობთ, სანამ ჩემი ნაწერი სტამბის გავლით თქვენამდე მოვა, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს და ზეციურ საქართველოშიც კი შევხვდეთ ერთმანეთს (მე მაპატიეთ შავი იუმორი).
ზემოთქმული მოწმობს, რომ, ჯერ ერთი, სიკვდილი არავის უნდა (ანუ ბირთვული არმაგედონი), მეორე – როდესაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი გაქვს, ეს ფაქტი თავდამსხმელს სერიოზულად დააფიქრებს ხოლმე და, რაც მთავარია, როდესაც შენს მეგობარს (ვგულისხმობ პაკისტანს) აქვს ბირთვული იარაღი, თავდამსხმელის ბირთვული ვნებები უცებ ცხრება ხოლმე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





