პოლიტიკა

რატომ არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით სამომხმარებლო ტარიფების მუდმივი ზრდა

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

არჩიბალდ მეკეში
დაკოპირებულია

სემეკმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა, რა თქმა უნდა, „ენერგოპროჯორჯიასა“ და „თელასის“ მოთხოვნით, თუმცა ტარიფების ზრდა გარდაუვალია და ამის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაა. მეორე მხრივ კი, გაზრდილი ენერგოტარიფები აძვირებს ყველაფერს, მით უფრო, რომ ირანში ომმა უკვე გამოიწვია გაძვირების ტალღა მთელ მსოფლიოში. ამჯერადაც და წინა ჯერზეც ტარიფის მატებაში გათვალისწინებულია კომპანიის დანახარჯი ინვესტირებისთვის. მართალია, ცალკე პრობლემაა, რომ კერძო კომპანია მომხმარებლის ხარჯზე ახორციელებს ინვესტიციას და, წესით, ინვესტიციაზე დახარჯული თანხის ამოღების შემდეგ მომატებულმა იმავე პროპორციით უნდა დაიკლოს. მაგრამ ასე არ ხდება, ხოლო, თუ რა ხდება ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით, ამის შესახებ თავის მოსაზრებას ბლოგერი არჩიბალდ მეკეში გაგვიზიარებს.

– არის თუ არა შესაძლებელი ტარიფების მუდმივი მატების პროცესის შეჩერება?

– ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და სისტემურად უნდა გავიაზროთ, რომ წინააღმდეგობის ენერგია უაზრობაში არ დავხარჯოთ, იმიტომ რომ ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით ნებისმიერ არხზე, პროსახელისუფლებო იქნება თუ პროოპოზიციური, დაიწყება წყლის ნაყვა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე დიდი ბიზნესისა და დიდი კორპორაციების ინტერესებსაა მორგებული. ჩვენ ვართ ნეოლიბერალური სახელმწიფო, რაც დაცულია კონსტიტუციით. იმთავითვე უნდა ვთქვათ, რომ „ენერგოპრო“ არის ჩეხური კომპანია, „თელასი“ კი ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, სექტემბერში გაიყიდა, ის ამერიკულმა „ეი ი ესმა“ მიჰყიდა რუსულ „ინტერრაოს“. ხოლო მას შემდეგ მისი წილი გაზარდა და, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ 2020 წელს არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაუკლია გაყიდვა, არადა, თუ „თელასში“ შენარჩუნდებოდა 75%-იანი სახელმწიფო წილი, ეს შეიძლებოდა, გამოყენებულიყო ტარიფების დასარეგულირებლად. მაგრამ 2020 წელს თანაინვესტირების ფონდმა „თელასის“ 25-პროცენტიანი წილი მიჰყიდა ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას. მოდი, ვნახოთ, სად არის პრობლემის სათავე: საქართველოს კანონმდებლობა პროცედურულად მორგებულია ტარიფების ზრდას. ესე იგი, აძვირებენ კანონის დაცვით. შემდეგ ხუთწლიან სატარიფო გეგმას აწესებს სემეკი. რის მიხედვით აწესებს სემეკი ამ ტარიფებს? კომპანიები – ამ შემთხვევაში „ენერგოპროჯორჯია“ და „თელასი“ წარადგენენ დოკუმენტებს, თუ რა ინვესტირება უნდა მოახდინონ ინფრასტრუქტურაში და რამდენად იზრდება მოხმარება. მოხმარების ზრდას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ, ფიზიკის კანონებით, ქსელში არის ავტომატური დანაკარგი და, შესაბამისად, თუ ტარიფი იზრდება, დანაკარგის ღირებულებაც იზრდება.

– და თუ იმატებს მოხმარება, ცხადია, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის გაფართოება.

– შევისწავლე დოკუმენტები და წილობრივად, ორივე კომპონენტი 50/50-ზეა. მართალია, ტარიფი კანონიერად გაიზარდა, მაგრამ სწორედ კანონია პრობლემა. „ენერგოპროჯორჯიასაც“ და „თელასსაც“ აქვთ მოგების რეკორდული მაჩვენებლები. ერთი ჩეხური კომპანიაა, მეორე – რუსული 75 პროცენტით. „ენერგოპროს“ აქვს 417-მილიონიანი სუფთა მოგება ერთი წლის განმავლობაში, „თელასს“ – 105-მილიონიანი. ოღონდ საქართველოს კანონმდებლობა ისე არის მოწყობილი, რომ სემეკს არ აქვს უფლება, წინა წლების მოგება ჩაუთვალოს კაპიტალში, რომლის რეინვესტირებაც უნდა გააკეთოს კომპანიამ მომავალში. კანონით, წინა წლებში მიღებული ყველა მოგება არის მფლობელის კერძო საკუთრება. შესაბამისად, გაზრდილი დანახარჯები სემეკს გადმოაქვს ტარიფზე. სხვათა შორის, „ენერგოპროჯორჯიაც“ და „თელასიც“ უფრო მეტის მომატებას ითხოვდნენ: გათვალისწინებული იყო ფილიალის დირექტორების, დირექტორთა საბჭოს წევრების ძალიან მაღალი ხელფასები. ანუ ესეც ჩვენ უნდა დაგვეფინანსებინა გაზრდილი ტარიფით.

– ანალოგიური რამ ხდება კლინიკებშიც: ხელმძღვანელთა ხელფასები და რემონტის ხარჯი პაციენტების მომსახურებაშია ასახული.

– დიახ. ამას დაწვრილებით იმიტომ ვხსნი, რომ კანონების შეცვლა უნდა მოვითხოვოთ და კონსტიტუციის შეცვლაზეც კი არის საუბარი. კანონით, საქართველოში კერძო კომპანიას აქვს უფლება, რომ ნებისმიერი სამომავლო ინვესტირება ასახოს ტარიფში, ანუ მომხმარებელზე. მეორე მხრივ, რადგან ვერ ცვლი კანონს, რის საფუძველზეც მიიღო სემეკმა გადაწყვეტილება, საიდანღაც უნდა მოხდეს ამ გაზრდილი ტარიფის გადახდა. ან მოსახლეობა იხდის თავისი ჯიბიდან, ან სახელმწიფო, მაგრამ ბიუჯეტიც ჩვენი ფულია. ესე იგი, რაღაცას უნდა მოაკლო და გამოდის, რომ გაზრდილი ტარიფი ისევ მოსახლეობის ჯიბიდან დაფინანსდება. ეს რომ არ მოხდეს, ანუ ხალხის ფული არ დაიხარჯოს, ჯიბიდან იქნება თუ ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს რჩება გამოსავალი, რომ ზემოგების გადასახადი დაუწესოს, მაგალითად, ენერგეტიკულ კომპანიებს. მაგალითად, შემოიტანოს დამატებითი მოგების გადასახადი „თელასისა“ და „ენერგოპროსთვის“. ამდენად, ბიუჯეტიდან დაასუბსიდიროს გაზრდილი ტარიფი, მაგრამ რეალურად ის სუბსიდირება დაფინანსდება დამატებითი მოგების გადასახადიდან. იმიტომ ვხსნი ასე დეტალურად, რომ, ვიმეორებ, ვიცი, რომ წყლის ნაყვა დაიწყება ტელევიზიებიდან და ვცდილობ, წინასწარ გავერკვეთ, თუ რა არის პრობლემა.

– მაგრამ ვერც გადასახადებს გაზრდი და ვერც ახალს დააწესებ, ამას სჭირდება რეფერენდუმი.

– დიახ, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით, ასეა, ეს პირადად მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა. იკრძალება დამატებითი მოგების გადასახადის დაწესება, ანუ რასაც პატარა შპს ან ინდმეწარმე იხდის, მოგების გადასახადის სახით, იმავეს იხდიან დიდი კორპორაციები და კონსტიტუციით არის აკრძალული ამ გადასახადის გაზრდა. დიახ, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომ შეცვალო ეს მუხლი. შემდეგ კი რეფერენდუმის შედეგი უნდა გაიტანო პარლამენტზე, რომ კონსტიტუციიდან ეს მუხლი ამოიღონ. ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც დღევანდელ პარლამენტში არ არსებობს ოპოზიციის ბოიკოტის გამო. აქვე გეტყვით, რომ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებულია სააკაშვილის დროს, 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. მაშინ არაერთმა ადამიანმა დააყენა ამ მუხლის ამოღების საკითხი, მაგრამ მაშინ „ქართული ოცნება“, ეკა გიგაური, რადიო „თავისუფლება“, ყველანი, ერთ მხარეს იყვნენ და იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს აქტი არ ამოეღოთ საქართველოს კონსტიტუციიდან. აქტი, რომლითაც ხეირობენ სოსო ფხაკაძეც, ამერიკული ბანკებიც, ჩეხური „ენერგოპროც“, რუსული „ინტერრაოც“ და ასე შემდეგ. ანუ კონსტიტუციითაა გარანტირებული, რომ ახალი მოგების გადასახადს დიდ კორპორაციებს ვერ გავუზრდი, მაგრამ, იმავე კონსტიტუციით, ხსნილია, რომ ხალხს გაუძვირო გადასახადები.

ველოდებოდი მთავრობის რეაქციას ტარიფების შესახებ. ინტუიცია მიგრძნობდა, რა თემასაც დაუკავშირებდნენ და უკვე ნარმანიაც და კობახიძეც გამოვიდა დაიწყეს, წუწუნი, რომ საქართველოს არ აქვს საკმარისი ელექტროენერგია. ამას დაუკავშირებენ „ნამახვანჰესის“ საკითხს, აი, რომ აგვეშენებინა, ტარიფი არ გაძვირდებოდა. არადა ამ საკითხს კავშირი არ აქვს ტარიფის გაძვირებასთან. ტარიფის გაძვირება დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყიდეს ყველა დიდი და საშუალო ზომის ჰესი, რომლებიც ახლა კერძო საკუთრებაა და ამ დიდი და საშუალო ჰესების უმეტესობა დღეს არის „ენერგოპროსა“ და „თელასის“ საკუთრება. ისინი საკუთარი თავისგან ყიდულობენ ელექტროენერგიას იმ ტარიფად, რა ტარიფსაც ჰესები, ანუ თავად აწესებენ.

– იგივე სქემაა, რაც ბანკებში.

– დიახ, ერთნაირი ჰოლდინგური სქემით მუშაობენ. აქ შეგვიძლია, მთავრობას მოვთხოვოთ, თუ რატომ არ აამუშავა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ან რატომ არ ამუშავებს ახლა, ან რატომ არ იღებ ხმას, რომ დისტრიბუტორებმა – „ენერგოპრომ“ და „თელასმა“ – საკუთარივე ჰესებიდან ნაყიდი ელექტროენერგიით მაქინაცია არ ჩაატარონ. გვაჯერებენ, რომ ბევრ ელექტროენერგიას მოვიხმართ და რადგან არ ვაშენებთ დიდ ჰესებს, არ გვყოფნის ელექტროენერგია, თითქოს ჩაწიკწიკებული ინდუსტრიული პოლიტიკა გვაქვს. ამიტომ ბევრი ჰესი უნდა ავაშენოთ, თორემ, აბა, რას უნდა შევუერთოთ ქარხნები?!

– რომ იყოს, მართლაც, რას უნდა შევუერთოთ?

– ჯერ იყოს და მერე ვილაპარაკოთ, ანუ ეს ცალკე თემაა. რატომ ვახსენე ნამახვანჰესი: რა სიმძლავრის გამომუშავებაც შეუძლია ნამახვანჰეს, იმ სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია ენგურჰესსაც, თუ მოხდება მისი რეაბილიტაცია. სპეციალურად არ აკეთებენ ამას, იმიტომ რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წყალობით არის სოციალური ტარიფები. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ოლიგოპოლიაა საქართველოში და, რა თქმა უნდა, ჩეხური „ენერგოპროსა“ და რუსული „თელასისთვის“ არ არის ხელსაყრელი ენგურჰესის რეაბილიტაცია. ერთი გვირაბია შესაკეთებელი, იმიტომ რომ არის წყლის დიდი დანაკარგი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან კრედიტს იღებენ, თუ არ ვცდები, 300 მილიონი ლარის ოდენობით და წლებზეა გაწერილი ეს საკრედიტო პროგრამა. მაინცდამაინც, 9-მეტრიანი კაშხალი უნდა ავაშენოთ ქუთაისის თავზეო. არადა საქართველოში აშენებული ჰესების აბსოლუტური უმრავლესობა არის კერძო.

– პირადად მე ნამახვანჰესი და ეკოლოგია ნაკლებად მაინტეერსებს, მაინტერესებს, რა ხეირს მოუტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, შეამცირებს თუ არა ტარიფს და დაეხმარება თუ არა ამით მოსახლეობასა და ადგილობრივ ბიზნესს.

– სახელმწიფომ ხომ უნდა დამანახვოს, რომ ამისთვის მუშაობს?! ხომ მიზანმიმართულად არ აკეთებ ენგურჰესის გვირაბს, რომ ტარიფები იყოს მაღალი?! მე უნდა დაგიჯერო, რომ ჰესებს აშენებ იმისთვის, რომ ტარიფი გააიაფო, არადა არ აშენებ ამისთვის. ერთი წლის წინ დააბრეხვეს, რომ ნამახვანჰესი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნებოდა, ჩვენ ავაშენებთო. მაგრამ ბიუჯეტის ფულით არის აშენებული, მაგალითად, ქარის ელექტროსადგურები გორთან, მაგრამ მეორე თუ მესამე დღეს პრივატიზაცია გაუკეთეს. ენგურჰესის რეაბილიტაცია რომ მოხდეს, ის მთელ ქვეყანას მოამარაგებს, ეს კი მიუღებელია „თელასისა“ და „ენერგოპროსთვის“. დღესაც კი ენგურჰესი მოხმარების ნახევარს ფარავს. რეაბილიტაციის შემთხვევაში იმპორტს ჩავეხსნებოდით, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ კეთდება, იმიტომ რომ ოლიგოპოლიაა. არ მინდა, მხოლოდ კრიტიკა გამომივიდეს, ამიტომ გამოსავალიც მინდა, შევთავაზო ხელისუფლებას: გამოსავალია სუბსიდირება, 450 მილიონ ლარზეა საუბარი და სახელმწიფო ბანკის დაარსება. მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა საქართველოს სახელმწიფო განვითარების ბანკის დაარსება. ჰოდა, ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, გამოაცხადოს გაზრდილი ტარიფის 450-მილიონლარიანი სუბსიდირება და იმავე დღესვე გამოაცხადოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ, რომელიც მოგების მინიმალური მარჟით შემოვა ბაზარზე და მონოპოლისტი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი