პოლიტიკა

ავტოებიდან – პლასტმასის ბოთლებამდე

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:29

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ალაგ-ალაგ მზრუნველები

მართალია, ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, იმიტომ რომ, მაგალითად, პლასტმასის ჭიქები, დანა-ჩანგალ-კოვზები აკრძალა და, ზედაც, პლასტმასის ბოთლები მიაყოლა, მაგრამ, როგორც ჩანს, გაახსენდა, მოჩქარეს მოუგვიანდესო და ამიტომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვა 4 წლით გადაავადა.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ? რომელსაც მეტად მარტივი პასუხი აქვს – ცხადია, ჩემი აზრით: იმიტომ რომ პლასტმასის ბოთლებს მსხვილი ბიზნესი იყენებს (მაგალითად, მინერალური წყლების კომპანიები, ისევე, როგორც ზეთისა და ლუდის მწარმოებლები, ამავე კატეგორიას განეკუთვნება პლასტმასის ბოთლებში განთავსებული იმავე ტიპის პროდუქცია) და, სავარაუდოდ, მას ფრიად აზარალებდა ამგვარი გადაწყვეტილება, ამდენად, მოსამზადებლად, ანუ გადასაიარაღებლად დრო სჭირდებათ.

რასაკვირველია, მეტად სასიხარულოა, მთავრობა რომ ბიზნესის საწუხარს ითვალისწინებს, თუმცა გაუგებარია (ბიზნესის კონტექსტში), მაშინ რატომ არ ითვალისწინებს ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებს, როდესაც ორი ენერგოკომპანიის ინტერესის გამო ელექტროენერგიის ტარიფს აძვირებს?! მაგრამ, აბა, რას გაუგებ დიდ ბიზნესსა და მის ქვედა დინებებს.

ამას გაუგებ თუ ვერა, არანაკლებ გაუგებარია, რატომ გაიმეტა საკუთარი მოსახლეობა იმავე მთავრობამ უმანქანობისთვის, მოგეხსენებათ, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟება იმდენად გაძვირდა, რომ მათ ყიდვას უბრალო მოკვდავნი, უდიდესი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ და ამ გადაწყვეტილების მოტივიც მეტად კეთილშობილური დასახელდა – ძველი ავტოებიდან გამონაბოლქვი ვნებს მოქალაქეთა ჯანმრთელობასო (მეორე მხრივ, ხარისხიანი საწვავის საკითხი არც დამდგარა მთელი სიმკაცრით, სავარაუდოდ, იმიტომ რომ საწვავიც მსხვილ-მსხვილ ბიზნესს შემოაქვს).

და თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა არ ზრუნავს მოსახლეობის კომფორტზე, რაკი ავტოების შეძენა შეუზღუდა, თუ ჩავუკვირდებით, საქმე საპირისპიროდაა: ჯერ ერთი, ეს, ეგრეთ წოდებული, „ბასლაინებია“, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თავს დააღწევთ ფრიად უსიამოვნო საცობებს და, რაც მთავარია, უფრო მეტს ვივლით ფეხით, რაც მეტად წაადგება ჩვენს ჯანმრთელობას, და მერე რა, რომ ჰაერი ფრიად და ფრიად დაბინძურებულია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი