პოლიტიკა

რატომ არიან ქართველები და საქართველო წინასწარმეტყველი ერი და ქვეყანა კაცობრიობისთვის და რატომ დაიწყო და რატომ გაქრა პანდემია უკვალოდ

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 18.01

ერეკლე შონია
დაკოპირებულია

პანდემია, როგორ მოულოდნელადაც მოვიდა, ისევე მოულოდნელად წავიდა და თუმცა კოვიდსაწინააღმდეგო აცრების გამო მთელ დედამიწაზე ვაიუშველებელი ატყდა, არავის გამოუქვეყნებია მონაცემები, თუ რა როლი შეასრულეს აცრებმა კორონავირუსის ეპიდემიური ავანსცენიდან გაქრობაში, იმას გარდა, რომ, ცხადია, არც ვირუსული ინფექციები წასულან არსად, ვერც წავიდოდნენ და არც წავლენ. ამ მეტად უცნაურ ვითარებას მკვლევართან და მეცნიერთა კონგრესის ხელმძღვანელთან ერეკლე შონიასთან ერთად განვიხილავთ.

- ანონსდებოდა სამყაროს აღსასრული და უცებ ყველაფერი ისე მინელდა, თითქოს არაფერი მომხდარა. რატომ დაიწყო ან რამ დაამთავრა?

- ხალხი მიხვდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი შემადგენელი იმ ვითარების, რაც დღეს ხდება. გარკვეულ პერიოდებში დედამიწაზე გროვდება უარყოფითი მუხტი და შემდეგ ხდება განმუხტვა. ეს ერთჯერადი მოვლენები არ არის, ციკლური პროცესია. არსებობს როგორც 50 და 80-წლიანი, ისე ათასწლიანი ციკლები და ეს მხოლოდ დედამიწისა და მხოლოდ ადამიანების აღგზნების გამო არ ხდება. მოგეხსენებათ, დედამიწა, ადამიანი, კოსმოსი ერთიანი სისტემაა, ისინი ზემოქმედებენ ერთმანეთზე და ასეთი პერიოდების დადგომა მხოლოდ ჩვენზე, ადამიანებზე, არ არის დამოკიდებული. მართალია, ვამბობთ, რომ სწორედ ჩვენ მიერ დაგროვილი ცოდვებისა და უარყოფითის შედეგია უარყოფითი მოვლენები, მაგრამ ასე არ არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სამყაროსეულ რა მონაკვეთებს გადის დედამიწა. თითოეულ ამ მონაკვეთში ახალი გამოსხივებაა, ახალი პრინციპებია, ახალი წესებია, რაც იწვევს ცვლილებებს.

- როდესაც ამბობთ, რომ გადის, რას გულისხმობთ? დედამიწის ბრუნვას თავისი ღერძის გარშემო, მზის გარშემო?

- რა თქმა უნდა, სამყარო მუდმივ მოძრაობაშია, უძრაობის წერტილი არ არსებობს. შესაბამისად, მოძრაობის დროს, გამომდინარე იქიდან, კოსმოსის რა უბანს გადიან პლანეტები, რა ურთიერთქმედებებია მათ შორის და ზემოქმედების რა არეებში შევდივართ, იქმნება გარკვეული სირთულეები. არც ეს პანდემია იყო შემთხვევითი, ანუ ამ ვირუსს თავისი დანიშნულება ჰქონდა, ადამიანების გაცხრილვა და გადარჩენილების მეტად შეგუება ახალ მდგომარეობასთან, რაც, საბოლოოდ, მაინც გადარჩენას ემსახურებოდა.

- იყო თუ არა მოსალოდნელი პანდემიის დაწყება?

- 2016 წლიდან კონტაქტორების მეშვეობით სხვადასხვა ინფორმაცია მოდიოდა ჩემთან. იცით, რომ კონტაქტორები არიან ადამიანები, რომლებსაც კავშირი აქვთ სამყაროსეულ ძალებთან. 2019 წელს ერთ-ერთი ძლიერი რუსთაველი კონტაქტორისგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ გავრცელდებოდა დიდი დაავადება, რომელიც გაცრიდა ადამიანებს, ხოლო 2019 წლამდე მხოლოდ მოსალოდნელ ომზე ვაგროვებდით ინფორმაციას კონტაქტორებისგან. გვქონდა ათობით ადამიანისგან მოსული წინასწარმეტყველებები. პანდემიის დაწყებამდე მოხდა ისე, რომ ბიძაჩემი, ბიოქომიკოსი გელა შონია ნულიდან მასწავლის მედიცინას, მამუშავებინებს მეთოდიკას და მამზადებს მოსალოდნელი დიდი დაავადების მოსვლისთვის, მამზადებს მაგალითებით...

- მამზადებს, ანუ როგორ უნდა დაგეცვათ თავი?

- ნულიდან მასწავლა მედიცინა. მასთან მივდიოდი წინასწარ ჩამოწერილი კითხვებით და ადამიანი, რომელიც უკვე აბსოლუტურად დაბრმავებული იყო, არც კი მაცდიდა კითხვების დასმას, პასუხობდა ჩემ მიერ ჩამოწერილ კითხვებს ისე, რომ ვერც კი ხედავდა მათ. მისგან მივიღე ცოდნა, რომ მოდიოდა დაავადება, ისიც გავიგე, თუ რა ტიპის იყო ეს დაავადება. მაგალითებით მაჩვენებდა და მასწავლიდა, რა პროცესი გვიახლოვდებოდა, ანუ როგორი ტიპის სირთულეები წარმოიქმნებოდა. ამდენად, პანდემიის დადგომამდე სრულად ვიყავი შემზადებული: ერთი მხრივ, წინასწარმეტყველებებით მიღებული ცოდნით და, მეორე მხრივ, სამედიცინო ცოდნით, რომელიც გადმომცა ბიძაჩემმა, რომ გამეგო პროცესი. გახსოვთ, როგორ შფოთავდა საზოგადოება და ის დღეც, პირველი ირანელი პაციენტი რომ შეიყვანეს კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით. ჩავწერე მიმართვა, ხალხი დავამშვიდე, შემდეგ მე და ჩემმა დამ დავიწყეთ მიმართვების ჩაწერა და რაც შემეძლო, ვამშვიდებდი ადამიანებს. სათქმელს შორიდან იმიტომ მოვუარე, რომ ამ ყველაფრის მიუხედავადაც, მე არ ვიცოდი, როგორი იყო მთლიანი სურათი, საიდან იმართებოდა პროცესი. სწორედ იმ პერიოდში ჩემთან მოვიდა მამაჩემისდროინდელი კონტაქტორი რუსთავიდან. სხვათა შორის, რუსთავი, ზოგადად, ძალიან დიდი ენერგიის ცენტრია, ცოლთან ერთად იყო, რომელსაც, ასევე, უნიკალური თვისებები აქვს და სწორედ მისმა ცოლმა მითხრა, გამომეცხადა მამაშენი და მისი მოთხრობა უნდა წავიკითხოო. მე ვუთხარი, რომ მამაჩემი არ წერდა მოთხრობებს, ვიცინით, ვხუმრობთ და უცებ გამახსენდა, რომ 1992-1993 წლებში მამაჩემმა სცენარის დაწერა დაიწყო, რომელიც არ დაუმთავრებია, ვეღარ მოიცალა, ხოლო 1996 წელს, მოგეხსენებათ, გარდაიცვალა. მოვძებნე ის სცენარი და ერთად დავიწყეთ კითხვა. მასში ზუსტადაა მითითებული ის მოვლენები, რომლებიც ახლა ხდება და აღწერილია ახალ ერაში გადასვლა, როდესაც ადამიანებს მოულოდნელად უჩნდებათ სხვადასხვა ნიჭ-უნარები, რაც ადრე არ ჰქონდათ.

- საიდან უნდა მიეღო მამათქვენს, თალეს შონიას, მსგავსი ინფორმაცია?

- ეჭვი მაქვს, რომ სცენარის თემატიკა მამას მოუვიდა 1989 წელს, როდესაც ის, ერთ-ერთი ძლიერი კონტაქტორის წყალობით შეხვდა არამიწიერი ძალების წარმომადგენლებს. იმ კონტაქტორს გურამი ჰქვია და მასზე ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული. ამის შემდეგ მამა სამი დღის განმავლობაში ფეხზე ვერ დგებოდა და სწორედ იმ წელს გაჩნდა მის ბლოკნოტში ჩანაწერი, რომ 8 წლის შემდეგ კვლავ შეხვდებოდა მათ. ეს პერიოდი ზუსტად დაემთხვა მის ორმოცს. სავარაუდოდ, იმ შეხვედრიდან მოდის ეს სცენარი, იქ ნახა რაღაც, იმიტომ რომ გარდაცვალების წინ ჩემი ოჯახის წევრები სთხოვდნენ, იქნებ უშველო შენს თავს და გამოაჯანმრთელოო, მაგრამ უარობდა, აფხაზეთის ომში დაღუპული ბევრი ბიჭის სულია, რომლებსაც გზამკვლევი სჭირდებათო. მამაჩემი მთელმა ოჯახმა გავაცილეთ და, ფაქტობრივად, ვახლდით გარდაცვალებისას. იცოდა, სად მიდიოდა; ისიც, რამდენ ხანში გაეთიშებოდა ფეხები, ხელები, ბოლოს კი - თვალებით მართავდა სიტუაციას. ექვსი საათის განმავლობაში მიდიოდა ამ ქვეყნიდან. როგორც გითხარით, მის სცენარში აღწერილია მოვლენები, რომლებიც შემდგომ განვითარდა და რის მოწმენიც ახლა ვართ: ბუნებრივი კატაკლიზმები, ეპიდემია, ომები. საერთოდ, როდესაც ასეთ ზონაში შედის დედამიწა, ამას პირველი გრძნობს ნაძვნარი და ხმება, იმიტომ რომ ვერ იტანს ახალ გამოსხივებებს, დედამიწა იწყებს გუგუნს, იწყება დაძაბულობა, მიწისძვრები, ხანძრები, რაც გვირგვინდება მასობრივი ფსიქოზებით. ამ დროს იწყება აღგზნება დედამიწაზე და განსაკუთრებით ისეთი ძლიერი ზემოქმედების ადგილებში, როგორებიცაა კავკასია, ტიბეტი, ბალკანეთი, სამხრეთ ამერიკა. ანუ რასაც ძალის ადგილებს ვუწოდებთ და თუმცა იქ მაცხოვრებელი ერები ათასობით წელია, შეგუებულები არიან ასეთ ადგილებში ცხოვრებას, ამ ადგილებში მაინც იწყება დუღილი - რევოლუციები, ომები, სიგიჟეები, ხდება ატიპური დანაშაულები. მიაქცევდით ყურადღებას, რომ ჩვენთან 2016 წლის შემდეგ უცნაური დანაშაულები ხდება, რაც არ არის დამახაიათებელი სხვა, ჩვეულებრივი პერიოდებისთვის: ვიღაცამ დედა შეჭამა, მამამ შვილი მოკლა, ძმამ - ძმა, გააუპატიურეს მონაზონი და ასე შემდეგ. დედამიწის მასშტაბით კი იწყება ახალი ომები, იმიტომ რომ წონასწორობის ახალი ეტაპი უნდა დადგინდეს. ანუ ასეთ პერიოდებს თან ახლავს გეოპოლიტიკური გადანაწილებებიც.

- რაც ახლა ხდება უკრაინაში. და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ციკლი?

- ასეთ სირთულეებს 10-წლიანი ციკლი ახასიათებს. რაკი 2017 წელს დაიწყო, გაგრძელდება 2027 წლამდე, ამიტომ ჩვენ ხანგრძლივ დისტანციაზე უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა, გონიერება, სიმშვიდე, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ. ზოგადად, ადამიანის ფსიქიკა ვერ იტანს ხანგრძლივ დაძაბულობას, მით უფრო, ისედაც დაძაბულია დედამიწაზე სიტუაცია და ადამიანი ამას გრძნობს. ყველას უაქტიურდება შეგრძნებები, ბევრს საკვების მიღების წესიც კი ეცვლება, ბევრი ოჯახს ანგრევს, ვერ პატიობენ ერთმანეთს უმნიშვნელო რამეებსაც კი. ანუ იმ დატვირთვებს, რასაც ადამიანი ადრე, ჩვეულებრივ პერიოდში, იტანდა, აღგზნების პერიოდში ვერ იტანს და ამ პერიოდის გადასაგორებლად აუცილებელია სიმშვიდე, გონიერება და თავისთავად - რწმენა. ეს არის ამ პერიოდის წამალი. ადამიანი და სამყარო იმდენადაა გადაჯაჭვული, რომ, თუ შენ, ადამიანი, ან საზოგადოება აირევი და ბევრ უარყოფით ენერგიას გააფრქვევ სამყაროში, ეს მოქმედებს, როგორც ნავთი ცეცხლზე.

- როგორ უნდა მოიპოვონ ადამიანებმა სიმშვიდე, როდესაც ერთს ეუბნები და მეორე ესმით?

- ერთი რეცეპტი არ არსებობს. ზოგს სხვაზე ზრუნვა სჭირდება, ზოგს - შემოქმედებაზე გადართვა, ზოგს - ბოღმის გაშვება. იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ნიჭუნარები აქვთ, აუცილებლად სჭირდებათ ამის გახარჯვა. ოღონდ თავიანთთვის კი არა, სოციუმის სასარგებლოდ. ჩვენი, ქართველების, დანიშნულებაა სოციალური სოლიდარობა. თუ, მაგალითად, ინდოელს შეუძლია, მარტო იჯდეს და მიაღწიოს ნირვანას, ჩვენ სხვა დანიშნულება გვაქვს: აქ ჩვენ-ჩვენს დარგებში უნდა გავხდეთ ლიდერები და სოციუმს, ქვეყანას შევეშველოთ, თუ გვინდა, რომ დავმშვიდდეთ და გავძლიერდეთ. ანუ ყველა ერს, თავის გეოგრაფიიდან გამომდინარე, თავისი ფუნქცია აქვს, ჩვენი ერის ზოგადსაკაცობრიო დანიშნულებაა ცოდნის გადმოტანა, ჰუმანიზმის ჩვენება, ამიტომ ასეთ რთულ პერიოდებში ჩვენი ერი ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს: იქმნება შესანიშნავი მხატვრული ნაწარმოებები, ფილმები, ტილოები, სამეცნიერო აღმოჩენები, გადაიცემა ცოდნა, ჰუმანიზმი, მაგრამ, თუ არასწორად წარიმართა პროცესი, მაშინ ამ პოტენციალის მქონე პიროვნებები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ხოცავენ, რაც დაგვემართა კიდეც მეოცე საუკუნის 90-ანებში. ოღონდ, თუ 90-ანებში ეს იყო მცირე მასშტაბის, ახლა მსოფლიო მასშტაბი შეიძინა მსგავსმა სირთულემ. ანუ ჩვენი ერი და ქვეყანა ერთგვარად წინასწარმეტყველია, რომელიც პირველი იღებს ინფორმაციას და პირველი იწვნევს თავის ტყავზე სიძნელეებს. მიაქცევდით ყურადღებას: დაიწყება აქ ხანძრები და შემდეგ წელს მთელ დედამიწაზე ჩნდება ხანძრები; დაიწყება წყალდიდობები, შემდეგ ყველგან წყალდიდობებია. შესაბამისად, 90-ანებიც ღმერთმა იმიტომ გაგვატარა, რომ, როდესაც რეალური აპოკალიპტური პერიოდი დაუდგება მსოფლიოს, რაც დღეს ხდება, ჩვენ ვიყოთ ძალიან ძლიერად და სხვისი იმედი გავხდეთ. რაც ახლა დედამიწაზე ხდება, ამის გამოცდილება დედამიწას არ აქვს, ჩვენ კი გვაქვს. დედამიწა რომ დაიკეტა პანდემიისას, კაცობრიობა ასეთი დარტყმისთვის მზად არ იყო არც ინფრასტრუქტურულად და არც ფსიქოლოგიურად, მაგრამ, აბა, გაიხსენეთ, ყველაზე მდიდარი საბჭოთა რესპუბლიკა ერთ წელიწადში ქვის ხანისდროინდელ ქვეყნად რომ ვიქეცით?! ანუ ისეთი წრთობა გავიარეთ, ახლა სხვასაც შეგვიძლია, ვურჩიოთ, ოღონდ ამისთვის უნდა დალაგდეს მმართველობის ყველა სისტემა: განათლებით დაწყებული და სოფლის მეურნეობით დამთავრებული. დიახ, რაც ჩვენ ჩავიდინეთ ერთმანეთის წინააღმდეგ 30 წლის განმავლობაში, ის არც ერთ ერს არ ჩაუდენია, მაგრამ, სამაგიეროდ, ამით დიდი გამოცდილება მივიღეთ და ამიტომაცაა, რომ ჩვენთან ნებისმიერი ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, ადამიანობით, პოლიტიკური გამოცდილებით, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ევროპარლამენტარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი