რატომ არ მიიპატიჟეს აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა ევროკავშირი სუფრასთან და როგორ აღმოჩნდა ბრიუსელი „მენიუში“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 19.03

მართალია, კანადის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობა გაერთიანდა და გამწევ ძალად ფსონი ვოლოდიმირ ზელენსკიზე დადეს აშშ-თან დასაპირისპირებლად, უკრაინას დახმარებასაც ჰპირდებიან და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც გეგმავენ, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ამ ძალისხმევის მიზანი აშშ-ის იძულებაა, დააფინანსოს „ნატოც“ და უკრაინისთვის დახმარების გაწევაც განაგრძოს. რა სვლები და შესაძლებლობები აქვს ევროპას და მაშინ, როდესაც გაურკვეველია ევროკავშირის მომავალი, რატომ ლაპარაკობს ჩვენებური ოპოზიცია ძველებური ჟინითა და შემართებით ევროასოცირებაზე? – ამ თემას ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილთან ერთად გავარჩევთ.
– აქვს ევროკავშირს იმის პოტენციალი, რა მიზნებსაც ისახავს?
– ტურბულენტობის ხარისხი გაიზარდა, იმიტომ რომ უკრაინის ომი დასასრულისკენ მიდის და ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები. ძველი მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ამერიკული ჰეგემონიის ქოლგის ქვეშ არსებული მსოფლიო წესრიგი, ფაქტობრივად, დაინგრა და იკვეთება ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც სამი დიდი მოთამაშის – ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის – გარიგების შედეგად უნდა შეიქმნას. ერ-რიადში ამ წუთას მიმდინარეობს ძალიან დიდი მოლაპარაკებები და მასში ჩართულები არიან არა მხოლოდ რუსები და ამერიკელები, არამედ ჩინელებიც. ევროპა ამ პროცესის მიღმაა, ვინაიდან მას თავისი დამოკიდებულება არ შეუცვლია და ებღაუჭება ძველ წესრიგს, რომელიც რეალურად აღარ არსებობს და არანაირი იმედი აღარ არის, რომ ის აღდგება. აი, ამ წესრიგზე დამყარებული წესრიგის მომხრე ევროპის პოლიტიკა უპერსპექტივოა, რაც ნათლად გამოჩნდა მიუნჰენის კოფერენციაზე ვენსის ცნობილი გამოსვლით. მან პირდაპირ უთხრა ევროპელებს, თუ პოლიტიკას არ შეიცვლით, თქვენთან ერთად უსაფრთხოების კონფერენციის გამართვა აზრსაა მოკლებული, ვინაიდან თქვენ ხდებით მთავარი საფრთხე და, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ უღალატა თავის ფუნდამენტურ ფასეულობებს. როგორ შეიძლება უსაფრთხოებაზე საუბარი, როდესაც, მაგალითად, რუმინეთში აპატიმრებ გამარჯვებულ კანდიდატს, ვისაც ხალხმა ხმა მისცა ან როგორ შეიძლება, ლაპარაკი უსაფრთხოებაზე, როდესაც, მაგალითად, ბრიტანეთში აპატიმრებენ ადამიანს, რომელიც ლოცულობდა საავადმყოფოდან ას მეტრში?! ეს ნიშნავს, რომ იმ პოლიტიკას, რასაც ევროკავშირი ახლა ატარებს, არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ეს კიდევ უფრო ხაზგასმით ჩანს უკრაინის ომისადმი დამოკიდებულებით. ევროკავშირი ღალატობს თავის მთავარ ღირებულებას, ევროპა სხვა რამაა. ევროკავშირის მთავარი მოწოდებაა მშვიდობიანი თანაარსებობა და სამართლიანობა. ვესტფარიის ზავის ხუთი მთავარი პრინციპი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტი გახდა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ომებისგან თავის შეკავება და კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ დიპლომატიის გზით. ხოლო დღეს ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები გამოდის მშვიდობისთვის და ევროკავშირი ამას ეწინააღმდეგება და იცავს იმას, რის დაცვაც შეუძლებელია.
– ესე იგი, ევროკავშირი მოითხოვს ამერიკისგან, მოგვეცით ფული, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები და გიკარნახოთ ჩვენი პირობები.
– ამერიკელებისგან მოითხოვენ ჩართვას იმ სამშვიდობო პროცესში, რაც ახლა მიმდინარეობს: ევროპელები გააგზავნიან თავიანთ სამშვიდობო კონტინგენტებს უკრაინაში და ამერიკამ ეს უნდა უზრუნველყოს ყოველმხრივ: არა მარტო ფულით, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს ცოტა გაუგებარი რამაა, ვინაიდან შეერთებული შტატები ამის წინააღმდეგია და ცდილობს, რომ ამ კონფლიქტის მთავარ მხარეებს შორის გარკვეული გარიგება შედგეს და ეს მოიცავდეს არა მარტო ცეცხლის შეწყვეტას, არამედ, საბოლოო ჯამში, ეგრეთ წოდებული, იალტა-პოტსდამის ანალოგიურად ახალ საერთაშორისო წესრიგს. ამ პროცესისთვის აუცილებელია, ცეცხლი შეწყდეს და ამ ომის დასასრული გამოჩნდეს. მარკო რუბიომ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ერთი წლით გააგრძელონ საომარი მოქმედებები, რადგან რუსეთი უფრო მზად იქნება დათმობებისთვის, სრული უაზრობაა, იმიტომ რომ პირიქით მოხდება. უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა და, თუ ომი გაგრძელდება, რუსეთს უფრო ძლიერი პოზიციები ექნება და ამით, უპირველესად, უკრაინა დაიღუპება: უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გაგრძელდება. გარდა ამისა, შეუძლებელია, ეს ქვეყანა ვიღაცების პოლიტიკურ ამბიციებს შეეწიროს და ყოვლად უპერსპექტივო იდეას, აღდგეს ის წესრიგი, რომელშიც ევროპა ყველაზე დაცულად გრძნობდა თავს, ანუ თავი ქუდში ჰქონდა. ეს დამთავრდა, ევროპას საკუთარ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე თავად მოუწევს ზრუნვა. მაგრამ, ვინადან ძველი წესრიგის მომხრეა, მას არ დასვამენ მაგიდასთან. ვენსის განცხადებებითა და ზელენსკისთან დაკავშირებული სკანდალით სწორედ ამას ეუბნებიან, თქვენ არ ხართ მაგიდის წევრები და ეს მსჯავრია იმ ქვეყნების ხელისუფლებებისთვის, რათა ისინი შეიცვალონ მომავალში. ევროპაში მოხდება ის, რაც დაიწყო ამერიკაში, კონსერვატიული შემობრუნება და ამ სახელმწიფოებისთვის მთავარი გახდება ეროვნული ინტერესები და არა ის გლობალისტური იდეები, რასაც ახორციელებენ ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელები. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას ევროპისადმი: ის მკაფიო და ნათელია. ჩვენ ვართ ევროპული ორიენტაციის ქვეყანა, ჩვენი ღირებულებები ფუნდამენტურად ევროპული ღირებულებებია: ეს არის: ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა, სამართალი და სამართლიანობა და ქრისტიანული მადლი. ეს ღირებულებებია ჩვენთვის საერთო და ესაა ჩვენთვის ევროპა.
– ჩვენთვის ნამდვილად ესაა, მაგრამ დღევანდელი ევროპისთვის რა არის ევროპა?
– ეს ჩვენი ორგანული ღირებულებებია, უბრალოდ, ძალიან დასანანი და საწყენია, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ბიუროკრატია ამის საპირისპიროდ იქცევა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვეროკავშირის რეფორმირება მოხდება და მივიღებთ ერების ევროპას და არა ევროპულ ბიუროკრატიას. მსოფლიო წესრიგის პარადიგმაში ევროკავშირი ჩაიწერება, როგორც სრულად რეფორმირებული და სახეცვლილი კავშირი თავისუფალი ერების, ერი-სახელმწიფოების; ყველა ევროპული ერი დაიბრუნებს თავის უმთავრეს უფლებას – სუვერენიტეტს და აღარ იქნება ევროპელი სიუზერენების გადასაწყვეტი, როგორი იქნება ევროპის მომავალი.
– მე ვერ ვიტყვი, რომ საპროტესტო ტალღა აზანზარებს ყველაფერს-მეთქი, მაგრამ მაინც არ ცხრება. რისი იმედი ასაზრდოებთ?
– ძალიან მარტივია, იმიტომ ეს თავიდან ბოლომდე ეს არის პატრონ-კლიენტური სისტემა, გლობალისტური ელიტები, როგორც პატრონები, ქმნიან სისტემას, რომელშიც მათ კლიენტები ჰყავთ. კლიენტი რა არის? ჯგუფი ან ისეთი სუბიექტი, რომლებსაც საკუთარი ინტერესი კი არ აქვთ, არამედ პატრონის ინტერესს ახორციელებენ გარკვეული სარგებლის გამო. ეს სარგებელი შეიძლება, იყოს პოლიტიკური ძალმოსილება, ანუ ძალაუფლება ან პირდაპირ ფული. ჩვენი ოპოზიციის, ამ, ეგრეთ წოდებული, ლიბერალური პლასტის, იმიტომ რომ დღევანდელი ლიბერალიზმი სხვა რამაა და კლასიკურ ლიბერალიზმთან ცოტა რამ აქვს საერთო, ინტერესია ფული და ძალაუფლება და სანამ ევროპაში ეს გლობალისტური ელიტები ინერციის ძალით არსებობენ, ისინიც იქნებიან, თუმცა არსებული გლობალური პოლიტიკური ტენდენცია მიუთითებს, რომ ეს უპერსპექტივოა. ევროკავშირის დღევანდელი მესვეურების პოლიტიკას პერსპექტივა არ აქვს და ეს პოლიტიკა აუცილებლად დასრულდება. ეს შეუჩერებელი ტენდენცია, რაც გამოიხატა იმ პროცესის დაწყებით, რასაც შეიძლება, ვუწოდოთ ტრამპიზმის გამარჯვება. ეს უდიდესი მოვლენაა, ამას უწოდებენ კონსერვატიულ გარდატეხას. შეგვიძლია, ასეთი ანალოგიაც კი მივუსადაგოთ: დაახლოებით ისაა, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა; შემოტრიალება მოხდა ღირებულებებისკენ და არა კორპორაციული ინტერესებისკენ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა, რომელთა მიზანი იყო მეტი ფული და მეტი ძალაუფლება. ის ასრულებდა გლობალისტური ძალების შეკვეთებს, რაც ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა იმავე აგვისტოს ომის დროს; იმ სისტემით, რაც მათ ციხეებში შექმნეს. ციხეებში შექმნილი სისტემა იყო კოპირება აბუგრეიბისა და გუანტანამოს ციხეების. ეს არ იყო ქართული გამოგონება, პირდაპირ იყო გადმოტანილი და ეს იყო პირდაპირი დავალება, მიმართული იქითკენ, რომ გამოეყვანათ ახალი ადამიანი, ანუ ყველა, ვისაც კი გააჩნდა დამოუკიდებელი პიროვნული ძალა, უნდა გაეტეხათ და ექციათ ბიომასად. საუბედუროდ, ასეა. ეს დამთავრდა და დღეს გლობალური მასშტაბით მოხდა ის, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს და ეს დაიწყო შეერთებული შტატებიდან. უპირველესად, წინააღმდეგობაში მოვიდა ჩვეულებრივი ამერიკელების ინტერესებთან და ამიტომ ამერიკამ გააკეთა ის, რაც გააკეთა. ხუმრობით ისიც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ყველაზე დიდი ბიძინა არის ტრამპი. ტრამპი არის მთავარი „ქოცი“ და, თუ ბრძოლა უნდათ „ქოცებთან“, შეუძლიათ, ებრძოლონ.
– საქართველოზე ევროკავშირიდან ზეწოლა გაიზრდება?
– როგორც ვხედავთ, ჩვენთვის ნაკლებად მოიცლიან, იმიტომ რომ ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა დღევანდელი ევროპული პოლიტიკური ელიტები, რასაც ტრამპი შეშლილ რადიკალებს უწოდებს. ისინი ძალიან გაღიზიანებულები არიან, რაკი მოლაპარაკების მაგიდასთან არ ეძახიან. პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ხმა არ აქვთ. პუტინსა და ტრამპს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რაშიც მონაწილეობს ჩინეთი და ეს სამი დიდი მსოფლიო ძალა, ფაქტობრივად, იმპერია ავლებს მომავალი წესრიგის კონტურებს და ევროპელებს ხმა არ აქვთ, იმიტომ რომ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში. ისინი იცავენ იმას, რაც სრულიად უპერსპექტივოა. აქედან გამომდინარე, არიან მენიუში და არა მაგიდასთან და ჩვენთვის ნაკლებად სცხელათ. ჯერ უნდა დავაკვირდეთ პროცესს, იმიტომ რომ ის დაკავშირებულია, თუ რა ფორმით დამთავრდება უკრაინის ომი. ეს რეალურად იქნება ევროპული გლობალისტური ელიტების განაჩენიც. მათ, რომლებსაც დღეს აქვთ ძალაუფლება ევროკავშირში, პოსტ-ფაქტუმ აცნობებენ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აი, ეს მდგომარეობაა. იმის თქმაც არ შეიძლება, რომ მათ ძალა არ აქვთ. მათ ჯერ კიდევ უზარმაზარი რესურსი აქვთ, სამწუხაროდ, და ეს არ არის ევროპული რესურსი. ეს არის ამერიკის ფინანსური ელიტის რესურსი. უოლსტრიტი არსად წასულა, გლობალისტების მთავარი ბუდე ისევ იქ არის... თუ გახსოვთ, მეგა-კორპორაცია „ბლეკ როკს“ უკრაინასთან აქვს ექსკლუზიური კონტრაქტები და ტრამპი რომ ცდილობს, შეერთებულმა შტატებმა მოიპოვოს უკრაინის რესურსებზე წვდომა, ამით უპირისპირდება „ბლეკ როკის“ კონტრაქტებს. ცალკე კონტრაქტია ბრიტანეთსა და უკრაინას შორის და ბრიტანეთსაც აქვს გარკვეული წილი უკრაინის რესურსებში. ეს ყველაფერი ძალიან დიდ წინააღმდეგობებს უკავშირდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყოვლად შეუძლებელია, გლობალიზმი არ დამარცხდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან