რატომ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება არის ვალი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 23.04

როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მოითხოვა 500 მილიარდი ნატურით, ანუ უკრაინული სიმდიდრით, ფული დავხარჯეთ და ქარს ვერ გავატანო, ზელენსკიმ მოგვიანებით საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს საჩუქარი იყო და არაფრის დაბრუნებას არ აპირებს. თუ გავითვალისწინებთ ტრამპის მიერ წამოწყებულ ეკონომიკურ ომს და ის მხოლოდ და მხოლოდ ფულს უკავშირდება, ჩნდება კითხვა, რის იმედად დაუპირისპირდა ზელენსკი ტრამპს, ანუ ვინ მოიაზრება მისი ეგზომ მამაცური გაცხადებების ზურგად? მეორე მხრივ, „ნატოს“ გენმდივანი გვარწმუნებს, რომ არავინ შეჰპირებია უკრაინას „ნატოს“ წევრობას ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. უდიდესი ალბათობით, რუტის ეს განცხადება ზელენსკის იმ განცხადებას უკავშირდება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინა დაუყოვნებლივ გახდება „ნატოს“ წევრი. რაკი ჩვენ უკვე ვიცით, რომ ოფიციალურ განცხადებებს ჩალის ფასიც არ აქვს, პეტრე მამრაძესთან ერთად ვიმსჯელებთ, რა გეოპოლიტიკური სქემები თამაშდება ჩვენ თვალწინ.
– თქვენი ვარაუდით, რამ გაამამაცა ზელენსკი და გამოიღებს თუ არა შედეგს მისი ეს სიმამაცე?
– უპირველესად, ეს სწორედ შიდა მოხმარებისთვის სჭირდება, იმიტომ რომ ნებისმიერი საღად და ანალიტიკურად მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რომ, რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში, ეს იყო ზელენსკის მიერ თვითლუსტრაცია, რომ არანაირად არ აყენებდა თავისი ქვეყნისა და ხალხის ბედს საკუთარ ინტერესებზე მაღლა, პირიქით. ის რომ ერის მართლაც თავდადებული ლიდერი იყოს, რომელიც მუდამ მზად არის, ფიზიკურადაც გაწიროს თავი და, მით უმეტეს, კარიერა და მდგომარეობა შესწიროს, ოღონდ მისი ხალხი და ქვეყანა იყოს კარგად და გადარჩეს, სხვაგვარად მოიქცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ბევრი ვერ იტანს, მას ისე ელაპარაკნენ ვენსი და ტრამპი, რომ ბევრზე, მაგრამ არა ინტელექტუალებზე, მოახდინა შთაბეჭდილება, რა მაგრად დაუდგაო და მობილიზაციის ეფექტი ჰქონდა. ის ამ ხაზს აგრძელებს და იმაზე დაყრდნობით, რა მარშრუტიც გაიარა: მაშინვე გადავიდა ბრიტანეთში, შეხვდა სტარმერს, იქ აღუთქვეს დახმარება. შემდეგ სტარმერი და მაკრონი ერთად ამუშავდნენ. ამაში ჩაერთო ევროგაერთიანება, პათოსით: ჩვენ დავეხმარებთ უკრაინას. ორიოდე წლის წინ ზელენსკიმ თქვა, ბოლოს და ბოლოს, მე მაინც გამასამართლებენ და მე მაშინვე ვთქვი, რომ, რაც მალე მოხდება ამ მოღალატის გასამართლება, მით უკეთესი, მაგრამ სულ სხვაა, მან რომ ახლა თქვას, ამერიკას დავუთმოთ ესა და ესო, რადგან ჰკითხავენ, სანაცვლოდ რას მიიღებს. ზელენსკი სამართლიანად ამბობს, სხვა საქმეა, როდესაც გაქვს სურვილი, რომ ამერიკა გინდა, დაგეხმაროს, ეს არ უნდა თქვა, მაგრამ ბაიდენის დროს ეს დახმარება რომ მიდიოდა, არც ზეპირი და, მით უმეტეს, არც ხელშეკრულების დონეზე არ იყო ნათქვამი, რომ ეს ვალია.
– ესე იგი, ზელენსკი არ იტყუება?
– არა, ეს რომ ყოფილიყო ლენდ-ლიზი, ძალიან გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტი, რომელიც მერე შეიძლება, ჩამოეწერათ, სხვა საქმეა, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა, ამერიკა ეხმარებოდა უკრაინას და, ასევე, უკრაინას ეხმარებოდა ევროპა და იყო რიტორიკა, რომ თავისი ბრძოლით უკრაინა ჩვენც გვიცავს. გაიხსენეთ, რა თქვა რამდენიმე კვირის წინათ გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელმა, თუ უკრაინაში ომი 2028-2029 წლამდე გაგრძელდა, ევროპა უფრო დაცული იქნება და რუსეთთან ომში ჩვენი ჩაბმის რისკი შემცირდებაო. ეს განწყობა ევროპაში ნამდვილად არის.
– და ამერიკა ამას გადაყლაპავს?
– მოხდა ის, რასაც მე ვამბობდი ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე. ტრამპმა, რომელსაც უნდა, დაასრულოს ეს ომი, რაც შეიძლება, სწრაფად, არც მალავდა, რომ წელსვე უნდა ნობელის პრემიის მიღება მშვიდობის დარგში, ამას ვერ მიაღწია. იმიტომ რომ ამასობაში პუტინის, მისი უშუალო გარემოცვის, მთლიანად რუსეთის ელიტის როგორც სამხედრო, ისე ფინანსურის და მთელი რუსული საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობაა, ცოტაც მოვიკრიბოთ ძალები და გავალთ ბოლოში, ჩვენ ვიმარჯვებთ, გამარჯვება ძალიან ახლოს არის. როდესაც ასეთი განწყობაა, რა უნდა შეეთავაზებინა ტრამპს ისეთი, რომ პუტინი დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტას? პუტინმა იქით უთხრა ძალიან კონკრეტულად, რაც უნდა: ის პროვინციები, რაც უკვე კონსტიტუციითაა შესული რუსეთის შემადგენლობაში, დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ყირიმი – თავისთავად, შევთანხმდეთ, რომ რუსეთის ტერიტორიაა; კურსკიდან უნდა გავიდეს უკრაინის ჯარი. მიაქციეთ ყურადღება, ამ ჩამოთვლილ მიწებს რუსეთის არმია ჯერჯერობით სრულად ვერ აკონტროლებს. ესე იგი, პუტინის მოთხოვნა ნიშნავს, გავიდნენ უკრაინის ჯარები, თუ უნდათ, რომ ცეცხლი შეწყდეს, თან, ვერც კურსკიდან ყრის მათ. მეტიც, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმატებული კონტრიერიშები ჰქონდა უკრაინის არმიას და სოფლები დაიბრუნეს. პუტინი, ასევე, აცხადებს, არანაირი „ნატო“ არასდროს, რასაც ზელენსკი კატეგორიულად უარყოფს.
– „ნატოს“ გენერალური მდივანიც ამბობს, არ დავპირებივართ მიღებასო. ეს განცხადებებიც სიტყვების თამაშია?
– მაგრამ ზელენსკი ამბობს, მხოლოდ ამ პირობითო და ეს უკვე შანტაჟია „ნატოსა“ და ევროკავშირის მიმართ. თუ მივიღებ გარანტიას, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკრაინას მიიღებენ „ნატოში“ და ეს იქნება გარანტია, რომ არავინ არასდროს დაგვესხმება თავს, მაშინ შევწყვეტ ომს. პუტინი კი ამბობს, არა მხოლოდ არანაირი „ნატო“, არამედ არანაირი ჯარი არ უნდა ჰყავდეს უკრაინას; ამბობს, რომ უკრაინა უნდა გადავიდეს გაეროსა და ამერიკის მმართველობის ქვეშ; ამბობს, რომ მიუღებელია ევროპული სამშვიდობოების განთავსება, თუმცა ეს მხოლოდ ლაპარაკია. პუტინის ულტიმატუმი ნიშნავს უკრაინის სრულ კაპიტულაციას. შესაბამისად, ჩიხზე ლაპარაკობენ საერთაშორისო ანალიტიკოსები და ეს ჩიხი გამოწვეულია იმით, რომ პუტინი ტრამპს პირდაპირ ეუბნება, აი, ეს არის ჩვენი პირობები, თუ ამას მიიღებს ზელენსკი, კი ბატონო, თუ არადა ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას. თუმცა ზელენსკიზე ჩემი აზრი გითხარით, ის მაინც პრეზიდენტია და ან თავზე ხელი უნდა აიღოს, გაწიროს თავი და მაინც არაფერი გამოუვა, იმიტომ რომ ხალხში სხვანაირი განწყობაა, ან უპირობო კაპიტულაციას უნდა მოაწეროს ხელი.
– მაგრამ ტრამპი ცარიელ ადგილას ხომ არ მოითხოვდა, რასაც მოითხოვს?
– გახსოვთ, რას ამბობს ტრამპი?! ზელენსკი მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაჭარი ყოფილა, რამდენჯერაც ჩამოვიდა ვაშინგტონში, იმდენჯერ წაიღო ათობით მილიარდი დოლარი და ახლა დავაბრუნებინებთო.
– იმას იყენებს, რომ უკრაინაში, როგორც ამბობენ, ერთეულები გამდიდრდნენ ამერიკისგან მიღებული დახმარებით?
– წამყვანი ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, რომ დასავლეთსა და შეერთებულ შტატებს არანაირი დიდი სტრატეგია უკრაინისადმი არ ჰქონიათ. ეს რას ნიშნავს? როდესაც ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჩერჩილი და რუზველტი შეხვდნენ ერთმანეთს და დასახეს დიდი მიზანი: ჰიტლერის გერმანიის სრული დამარცხება. ამისთვის რა გვჭირდება? წავიდეთ ალიანსზე სტალინის საბჭოთა კავშირთან. მიზანი იყო მკაფიო: გერმანიისა და იაპონიის ბოლომდე დამარცხება, რაც გაკეთდა. ამ შემთხვევაში არაფერი მსგავსი არ ხდება. ბაიდენის ადმინისტრაციაში არავის ჰქონია მკაფიო მიზანი, უბრალოდ, ამბობდნენ, კიდევ დავეხმაროთ უკრაინას, მაგრამ წვეთ-წვეთად რომ ეხმარები, ესე იგი, ეხმარები იმდენს, რომ რუსეთმა ბოლომდე ვერ აიღოს უკრაინა. სწორედ მაშინ შეიქმნა ეს ტერმინი და როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციას უნდოდა, უკრაინას გაეგრძელებინა ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე.
– როგორ იომებ გამოზომილი ფულითა და შეიარაღებით?
– რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს ხედვა, არ მიგიღია გადაწყვეტილება, თუ რა არის შენი მიზანი. იბადება კითხვა, მაშინ რა ხდება?! იმდენ შეშას ვუყრით, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს?! ცხადია, ეს დიდი დანაშაულია.
– ახლა ევროპა მისდევს იმავე დევიზს, ომი ბოლო უკრაინელამდე, აშშ-ისგან რომ გადაიბარა უკრაინის დახმარება?
– ევროპაში ყველაფერი ნათელია: ამერიკამ აშკარად აქცია ზურგი, აღარ უნდა ევროპის დახმარება და ტრამპმა არაერთხელ თქვა, მიხედეთ საკუთარ უსაფრთხოებასო. ტრამპი ევროკავშირს აღარ ახსენებს და ამიტომ ევროპის მიზანია, გადაერთონ სამხედრო ინდუსტრიის შექმნაზე, რაც მთლიანად გაინადგურეს. საჭიროა რეზერვები, რესურსების მოზიდვა. ამისთვის 800 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებენ, რათა შეიქმნას არმიაც და სამხედრო ინდუსტრიაც, რასაც დრო და კადრების მოზიდვა სჭირდება. ლაპარაკობენ, რომ აღადგინონ სამხედრო გაწვევა. დღეს ევროპაში სიმბოლური ქვედანაყოფებია. მხოლოდ პოლონეთსა და ფინეთს ჰყავთ არმიების მსგავსი და სწორედ ამას ეფუძნებოდა პუტინის ნათქვამი ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში, რომ მოვინდომო, ვარშავას ავიღებ საათ-ნახევარშიო. ამდენად, ევროპას სჭირდება თავდაცვის გაძლიერება, ამას კი დრო უნდა. უკრაინა რომ დღეს დამარცხდეს, ევროპაში პანიკა დაიწყება. იცით, რომ ევროპაში გამოაცხადეს, ყველა ოჯახმა უნდა იქონიოს 72 საათის სამყოფი სურსათი და წყალი. ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ აზრს ამზადებენ იმისთვის, რაც საზოგადოებას სიკვდილივით არ უნდა. კერძოდ, ჩვენ რომ პარლამენტში საკითხს დავაყენებთ ფულის გამოყოფის შესახებ და შესაკვეცი გახდება სოციალური, სამედიცინო პროგრამები, საზოგადოება არ იყოს წინააღმდეგი. იქ საზოგადოების აზრი საპირისპიროა: გაგონება არ უნდათ სამხედრო გაწვევის და ამბობენ, ნუ გვაშინებთ ომით. მართლებიც არიან, პუტინი ნამდვილად არ აპირებს ევროპაზე შეტევას.
– არ სჭირდება.
– დიახ, მაგრამ იქაურ ელიტებში პანიკა ნამდვილად არის, ოღონდ ამბობენ, რომ მოვიგოთ, 4-5 წელი გჭირდება მოსამზადებლადო. დღეს უკრაინის ფრონტი სჭირდებათ იმისთვის, რომ იქ იხარჯება რუსული ცოცხალი ძალა და იარაღი და ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც რუსეთის არმიის საქმეა ბრწყინვალედ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან