პოლიტიკა

რატომ აირჩია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დასასუსტებლად პროქსი–ომებში მისი ჩართვა

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 16.10

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

მართალია, უკრაინა–რუსეთის ომს შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა, რომ აშშ ემზადება რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის, მაგრამ ამას უკვე დოკუმენტური მტკიცებულებაც დაემატა. ახლახან გასაჯაროვდა აშშ–ის კონგრესის ანგარიში „ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ნაციონალური სტრატეგიის შესახებ“ (ის 2024 წლის ივლისს წარედგინა აშშ–ის კონგრესსა და პრეზიდენტს). შესაბამისად, იბადება კითხვა, რატომ და როგორ მივიდა ვითარება აშკარა მესამე მსოფლიო ომის საფრთხემდე, რომელიც, თუ რეალობად იქცა, ბირთვული კატასტროფით დასრულდება. ამ თემაზე თავის აზრს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გაგვიზიარებს.

– რა ასეთი დაუძლეველი საფრთხე დაინახა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში, რომ, ფაქტობრივად, ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა?

– ვფიქრობ, ივლისის ბოლოს ამერიკის კონგრესისა და პრეზიდენტისთვის წარდგენილი დოკუმენტი სრულად ასახავს მიმდინარე პროცესებს: თუ რა უდევს საფუძვლად ამ დაძაბულობას, რატომ ხდება ეს ყველაფერი და რა არის საბოლოო მიზანი. არაერთხელ აღვნიშნე და მოკრძალებით შემიძლია, ვთქვა, რომ, რაც ხაზგასმითაა ამ დოკუმენტში აღწერილი, ამაზე ვლაპარაკობ არაერთი წელია. ჩემი თაობის კაცს, რომელიც ორ სისტემაში ცხოვრობდა და უწვრილმანეს დეტალებში იცის, როგორ ფუნქციონირებდა წინა სისტემა, არ შეეძლო, არ დაენახა ის გადახრები, რაც შეერთებულ შტატებში ბოლო 30 წლის განმავლობაში მოხდა. შეერთებული შტატები იდეოლოგიურად ასცდა მამა-დამფუძნებლების მიერ ჩაყრილ უზარმაზარ კონცეპტუალურ საძირკველს, რამაც შეერთებული შტატები გახადა ისეთი ძლიერი, როგორიც ის იყო. მე არაფერს ვამბობ ამერიკელთა შიდა მოწყობაზე. კლასიკური ეპოქის პირობებში. ეს ის არის, რაზეც ქართველს არაერთხელ უოცნებია. მაგრამ მთავარია, რომ ანგლოსაქსებმა შექმნეს მსოფლიო სისტემა – პაქსა-ამერიკანა, 200-წლიანი ისტორიით. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, მთელი მსოფლიო ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები, ფინანსური ნაკადები კონტროლდებოდა ერთი ელიტის მიერ. ბუნებრივია, ამ პირობებში შემოიყვანეს სხვადასხვა ქვეყანა, მარტო ხომ არ იქნებოდნენ?! და მოხდა ის, რაც მათ ვერ გაითვალისწინეს, მათმა იდეოლოგიურმა გადახრამ შეუშალა ხელი, დროზე დაენახათ – სხვა ქვეყნებმა განვითარება დაიწყეს.

– რატომ არ უნდა დაეწყოთ, თუ დემოკრატიის ექსპორტია, ეს ხომ გულისხმობს კეთილდღეობისა და განვითარების ექსპორტსაც?

– სისტემაში შეყვანილი ქვეყნები მხოლოდ სისტემას უნდა მომსახურებოდნენ, მაგრამ მათ დაიწყეს განვითარება.

– რუსეთიც ეკუთვნის ამ ქვეყნების რიგს?

– რუსეთი ყველასგან განსხვავდება, იმიტომ რომ 30 წლის წინათ მათ სრულად გაანადგურეს რუსეთი. მიწასთან იყო გასწორებული, ჰყავდათ აბსოლუტურად მარიონეტული რეჟიმი, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა და ამერიკელებმა დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა, როდესაც სრულად უგულებელყვეს რუსეთი. მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო მიწასთან გასწორებული ქვეყანა და თქვენ გახსოვთ, რა იყო რუსეთი 90-ანებში და ამდენად, მხოლოდ დროის საქმე იყო მათ სიმდიდრეებზე სრული კონტროლი. და აქ მოხდა ჯერჯერობით აუხსნელი რამ: რუსეთი არ დაიშალა, მაშინ, როდესაც კენჭისყრა შედგა. მამა ბუშისა და ჩეინის ჯგუფებს შორის იყო სერიოზული დაპირისპირება. მამა ბუშის ჯგუფი მოითხოვდა დსთ-ის შექმნას, ეს ამერიკული პროექტი იყო, ჩეინის ჯგუფი კი მოითხოვდა რუსეთის 50 სახელმწიფოდ დაშლას. მათ რომ გაემარჯვათ, რუსეთის დაშლას 50 სახელმწიფოდ ნამდვილად არავინ შეუშლიდა ხელს, პირიქით, რუსეთის ხელისუფლება ამისკენ იყო მიდრეკილი, მაგრამ რაღაცამ არ იმუშავა და 20 წლის თავზე, ამერიკის სრულ ჰეგემონურ მიზნებსა და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ერთადერთი ქვეყანა დაუპირისპირდა – სწორედ ის მიწასთან გასწორებული ქვეყანა, რომელიც უბრალოდ, სხვა ფასეულობათა სისტემაზეა აგებული. მე არ ვაფასებ, რა არის კარგი ან ცუდი, მე აღვწერ მდგომარეობას. ბრძოლის მთავარი არსი არის ბრძოლა უპირატესობისთვის. იმ სისტემის უპირატესობისთვის, რომელსაც გაუჩნდა ალტერნატივა და აღმოჩნდა, რომ ეს ალტერნატივა ძალიან სერიოზული იყო. როგორ შენიღბეს რუსებმა, არ ვიცით, მაგრამ მათ, მიუხედავად მეცნიერების უზარმაზარი მიგრაციისა – 300 000–მდე მაღალი კლასის მეცნიერი და ინჟინერია წასული რუსეთიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომლებიც, თითქმის ყველანი, შეერთებულ შტატებში არიან – შეძლეს, რომ სტრატეგიული შეიარაღების სფეროში რუსეთს ჰქონოდა უპირატესობა. როდესაც ამას ვწერდი, ლამის იმ კაცად შემრაცხეს, პუტინი რომ ყოველდღე აფინანსებდა, მაგრამ ეს ყველაფერი იმ დოკუმენტში წერია.

– როგორც ჩანს, რუსეთიც ემზადებოდა ამ დაპირისპირებისთვის, იმიტომ რომ გვახსოვს, რუსეთმა სრულად გაისტუმრა საგარეო ვალი და ოქროს რეზერვები გაზარდა.

– პირდაპირ ვთქვათ, რუსეთში სამი ელიტა არსებობს: სამხედროების, სპეცსამსახურებისა და ელცინის პერიოდში ჩამოყალიბებული ნეოლიბერალური ელიტა, რომელიც სახეცვლილებაა იმ ელიტებისა, რომლებიც ყოველთვის იყვნენ რუსეთის შიდა მტრები. ყველაზე პატრიოტული ამ ელიტებში ყოველთვის იყო სამხედრო ელიტა. როგორც ჩანს, სპეცსამსახურების საღი ნაწილიც სამხედროებზე იყო ორიენტირებული, იმიტომ რომ მესამე ელიტა რუსეთის სრული ტრაგედიაა და ჯერაც ვერ ჰყავთ მოცილებული ხელისუფლებიდან. ოდესღაც გავიგებთ, როგორ შენიღბეს რუსებმა აბსოლუტურად კორუმპირებული თავდაცვის სამინისტროთი რეალური პროცესები. თუ გახსოვთ, სერდიუკოვი იყო მინისტრი და წავაწყდი შეფასებას, რომ სერდიუკოვით ნიღბავდნენ იმ რეალობას, რაც ხდებოდა ამ სამხედრო კომპლექსის შიგნით. მოკლედ, მოხდა სრულიად გაუგებარი რამ: რუსეთს აღმოაჩნდა სტრატეგიული შეიარაღება, იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე შეერთებულ შტატებს. ეს უკვე აღიარეს თავად ამერიკელებმა.

– დიახ, გამოქვეყნდა მონაცემები, რომელ ქვეყანას რამდენი ბირთვული ქობინი აქვს.

– და იმ დოკუმენტში წერია, რომ ეს არის მსოფლიო დონის მიღწევები. ეს დოკუმენტი მომზადებულია უსერიოზულესი ხალხის მიერ შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად და ამ სიტუაციაში, პარალელურად, დასავლეთის მიერ სისტემაში შემოყვანილი, ამერიკელების მიერ ფეხზე დაყენებული ჩინეთი საოცარ წარმატებებს აღწევს და შემთხვევითი არ არის ამერიკელების სიფრთხილე. ჩინელების მხრიდან შევხედოთ ამას. ჩინელები მიხვდნენ, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თვალის დაუხამხამებლად შეუძლია, ატომური იარაღის გამოყენება და უკვე გამოიყენა, არის მხოლოდ შეერთებული შტატები. რუსები ცოტა მოდუნებული ხალხია, ათას რამეს ერიდებიან. აზროვნების დიდი დამოუკიდებლობა არ აქვთ. ნახეთ, რამდენი საფეხურის გავლა დასჭირდათ, რომ თავიანთ ბირთვულ დოქტრინაში ბოლო ცვლილებები შეეტანათ?! მივაქციოთ ყურადღება, ლეგენდარულმა სამხედრომ, მაკგრეგორმა აბსოლუტურად ზუსტად თქვა, საქართველოს „ნატოში“ მისწრაფება ნიშნავს, რომ საქართველო ბირთვული დარტყმის სამიზნე გახდა. იცით, როგორი საშინელი რეაქციით ვამბობ ამას და არა იმიტომ, რომ მე არ მინდა სადმე შესვლა: უბრალოდ, ქვეყანა განადგურდება. არსებობს გეოპოლიტიკური სიტუაცია, გეოპოლიტიკური შეზღუდვები. თუ ეს არ იცი ადამიანმა, მაშინ შეიძლება, ზერელედ ილაპარაკოს, მე, რასაც მინდა, იმას გადავწყვეტ და სადაც მინდა, იქ შევალ. ეს ყეყეჩური საუბრები პროფანული საუბრებია, რასაც გაუნათლებლობა უდევს საფუძვლად. ესე იგი, მივედით იქამდე, რომ ერთადერთი ქვეყანა დადგა ამერიკის შეერთებული შტატების მიზნების საწინააღმდეგო გზაზე და რაკი ომი დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ დანახარჯებთან და ძალიან დიდ რისკებთან, ამერიკელებმა ბრწყინვალედ გაათამაშეს პროქსი-ომები და ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყეს რუსებს, როდესაც, ფაქტობრივად, ერთი ხალხი ერთმანეთს წაკიდეს და უზარმაზარ საომარ მოქმედებამდე მიიყვანეს საქმე. არც არასდროს მალავდნენ ამერიკელები, რომ უკრაინა სჭირდებოდათ რუსეთის წინააღმდეგ და ისინი მზად იყვნენ, ბოლო უკრაინელამდე აბრძოლონ ისინი. „ნატოს“ გაფართოების ერთადერთი მიზანი იყო რუსეთის შეზღუდვა. იმავე ბჟეზინსკის სტრატეგიაზე დაყრდნობით, შავი ზღვიდან, კავკასიიდან, შუა აზიიდან რუსეთის განდევნა. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ვულფოვეცის დოქტრინა, რომელიც 1992 წელს შეიქმნა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს შეერთებულმა შტატებმა დომინირებასა და უპირატესობას პოსტსაბჭოტა სივრცეში და იქ აშკარადაა ნათქვამი, რომ შეერთებული შტატების მიზნებს უნდა დამორჩილებოდა ყველა. აი, ამისთვის იბრძვიან ახლა.

– ევროკავშირს ეს არ ესმის?

– ამერიკელებმა ბრწყინვალედ შეასრულეს ეს გეგმა და ევროპული გაერთიანება გახადეს სრული სატელიტი. მთლიანად წაართვეს პოლიტიკური დატვირთვა და დღეს მსოფლიოში ევროკავშირი ცნობილია, როგორც პოლიტიკური ჯუჯა, რომელსაც არაფერი საკუთარი აღარ გააჩნია. ნახეთ, რა კურიოზული ხელისუფლებები ჰყავს ევროპულ ქვეყნებს და დარჩა ერთადერთი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე აქვს და, აგრეთვე, გარკვეული ალტერნატიული შეხედულებათა სისტემა. მოხდა ის, რომ ამერიკელებს შეეშალათ რუსეთის შეფასება. იმ უზარმაზარი ინტელექტისა და მეცნიერული დონის ქვეყანას, როგორიც შეერთებული შტატებია, იდეოლოგიური გადახრების გამო, პროფესიული თვალსაზრისით, შეეშალა რუსების შეფასება: მისი პოტენციალის, მისი კულტურის, მისი ხალხის განწყობის. აღმოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ, რეალურად რა ხდებოდა და რუსეთი არა მარტო არ დაიშალა, ნახეთ, როგორ წერია ანგარიშში?! არა მარტო არ დაიშლება, არამედ უახლოეს ხანში ამის არანაირი ნიშანი არ არისო. ანუ ამერიკელები ყველაფერს აფასებენ ობიექტურად, მაგრამ, რაკი ამ ქვეყნის სამხედრო გზით დამარცხება ვერ ხერხდება, ტაქტიკა შეიცვალა და თუკი ის მუდმივ ომებში იქნება, ყოველ შემთხვევაში, შეფერხდება მისი განვითარება – აი, ესაა ამერიკელების სტრატეგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა