პოლიტიკა

რატომ აღარ არის თანამედროვე მედიცინა ორიენტირებული პაციენტის გამოჯანმრთელებაზე

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 23.10

ლევან ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

მართალია, ამბობენ, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ცვენაა, სულო და გულო, რაც გაგიხარდება, შეიძენო და ასახელებენ 6 000 დასახელების მედიკამენტს, მაგრამ, სინამდვილეში, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ 800 დასახელების ნივთიერებაა (უნდა იყოს – 8 000), ანუ იმ 6 000-ს სხვადასხვა დასახელების წამალში ხსენებული 800 ნივთიერება მეორდება. შესაბამისად, ექიმი, რომელიც ამა თუ იმ კლინიკაში მუშაობს, ხოლო ის კლინიკა ამა თუ იმ ფარმაცევტული კომპანიისაა, პაციენტს უწერს მედიკამენტებს, რომელთა გამოწერაც აქვს დავალებული ან რომლებიც არის ბაზარზე და არა იმ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს განკურნავს. რეალურად ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების დეფიციტია და საერთოდაც გაქრა აფთიაქებიდან იაფიანი და ეფექტიანი საშუალებები, მაგალითად, ანტივირუსული პრეპარატები, B6 და B12 ამპულებში, ალოე (თუმცა მისი შეცვლა ნედლი ალოეთია შესაძლებელი, უბრალოდ, ამპულა უფრო იაფი ღირს), ბორის მჟავა, შაბი, ასევე, იაფფასიანი, მაგრამ ეფექტიანი მალამოები კანის დაავადებების სამკურნალოდ. ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მეორე მხრივ კი, უხვადაა შემოსული საკვები დანამატები თუ ვიტამინები, რომლებიც არც გვნებს და არც გაჯანმრთელებს, მათი ფასი კი 20-40-ჯერ უფრო ძვირია. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– რატომ გაქრა სააფთიაქო ქსელებიდან ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები?

– პასუხი არ იქნება რთული გასაცემი, რადგან საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რაც განსაკუთრებით ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გაიარა არა მარტო საქართველომ, არამედ კაცობრიობამ. მხედველობაში მაქვს ცრუმედიცინა, უფრო ზუსტად, ფაშისტური მედიცინა. მიმაჩნია, რომ ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე მძაფრი გამოვლინება სამედიცინო ფაშიზმი იყო და შესაბამისად, მასთანაა მიბმული სხვა ნაწილებიც: „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა და ნებისმიერი სხვა პროპაგანდა. ეს ყოველივე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მზადდებოდა და ამ ყველაფრის უკან იდგა, ეგრეთ წოდებული, „ბიგ ფარმა“, ანუ დიდი ფარმაცევტული მაფია. ჩვენ უკვე იმ ასაკის ვართ, როდესაც ანეკდოტის დონეზე დადიოდა, საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მსოფლიოშიო. ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ყველა ხუმრობაში ურევია სიმართლე, სინამდვილეში, იმ პერიოდის მედიცინა გაცილებით ჯანსაღი იყო და ორიენტირებული ადამიანის გამოჯანმრთელებაზე. მაგრამ გასული საუკუნის, განსაკუთრებით, 90-ანი წლებიდან ნელ-ნელა მოიკიდეს ფეხი იმ ფორმატით, რასაც ვუყურებთ ბოლო წლების განმავლობაში და აღარც მალავენ ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, ჯანმო და მისი წარმომადგენლები, რომლებსაც ვითომ სიკეთე უნდათ, რომ მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის, გაუგონარი შედეგების მომტანი ექსპერიმენტები. სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის ფარმაკოლოგიური ნაწარმები ისინჯება ადამიანებზე, რომლებსაც სხვადასხვა სახელები ჰქვია. შესაბამისად, წლების განმავლობაში გაქრა ნამდვილი შემადგენლობის „ანალგინი“, „პენტალგინი“, გაგიგიათ, ალბათ, რომ ასეთი ტიპის აბებში თითქოს რაღაც აღმოჩენილა. ახლა უკვე ყველამ დაინახა, რომ სამედიცინო ბიზნესი ადამიანების გამოჯანმრთელობაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ ადამიანის დაავადებაზე, რომ ხანგრძლივად ჰყავდეთ პაციენტები. მარტივ მაგალითს გეტყვით: შემთხვევით შევხვდი ერთ ევროპელსა და ერთ ამერიკელ ტურისტს. დაათვალიერეს ქალაქი, სეირნობდნენ თბილისში და, როგორც ხდება ხოლმე, გამომელაპარაკა ორივე, რაღაც აინტერესებდათ. მკითხეს, ყველაფერი ლამაზია ამ ქვეყანაში, სამზარეულო – სასწაული, ხალხი – მოღიმარი, კეთილგანწყობილი, მაგრამ ეს ხალხი რატომ არის დაავადებული?! გამიკვირდა ამ კითხვის დასმა ასეთი შექების შემდეგ. რას ჰქვია, ავად არიან-მეთქი და, აბა, ამდენი აფთიაქი რა საჭიროაო.

– ვთქვათ, ჯანმოს პოლიტიკაა მოსახლეობის დაავადება, მაგრამ B6 და B12 რომ შემოიტანო, ჯანმო ხელებს გადაუგრიხავს ვინმეს?

– ვიღაცამ უნდა შემოიტანოს და იმ ვიღაცის ინტერესი არ არის, რომ შემოიტანოს. ოღონდ ის ვიღაც ხელისუფლება კი არ არის, არიან კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის მფლობელები. ვისია „პე ეს პე“?! „ნაციონალი“ ოქრიაშვილის. „ავერსი“ ვისია? ვანო მერაბიშვილის დამხმარის, პაატა კურტანიძის, „ფარმადეპო“ და „ჯი პი სი“ – ავადსახსენებელი გამყრელიძის. შესაბამისად, გეკითხებით, ვინმეს ინტერესია მოსახლეობის გამოჯანმრთელება?! პირიქით, რაც შეიძლება, დიდხანს უნდა ჰყავდეთ ექიმებს პაციენტები. არ ვიცი, ინტერვიუში იქნება თუ არა სწორი ამის თქმა, მაგრამ 1968 წლამდე აფთიაქებში ექიმები რეცეპტით ჩვეულებრივად გასცემდნენ ხოლმე ყველა ტიპის მძიმე დაავადების სამკურნალოდ ოპიუმს. ის ნომერ პირველ წამლად ინიშნებოდა. გაიცემოდა რეცეპტით, მაგრამ ექომები უწერდნენ, ვისაც სჭირდებოდა. ვსვამ კითხვას: გასული საუკუნის 50-60-70-80-ან წლებში გინახავთ ონკოლოგიური პაციენტი არა მარტო საქართველოში, საბჭოთა კავშირში ან, თუნდაც, ევროპაში?!

– ასეთი ბუმი არ ყოფილა.

– და ბუმი რას ნიშნავს?! შეგნებულად მოწყობილ რაღაცას, ხომ?! ამ ყველაფერს ათეული წელი მოანდომეს და ვის ხელშიც იყო კონტროლი, ის ადამიანები ჩაეფლნენ კორუფციაში. ყველაფერს ღუპავს კორუფცია – სახელმწიფო ჩინოსნის გარიგება ვიღაც მეწარმესთან და მის პრივილეგირებულ მდგომარეობაში დაყენება, რაშიც ფულს იღებს ჩინოვნიკი. ერთმანეთთან არიან შეკრულები სააფთიაქო ქსელები და თავისთავად ცხადია, ცდილობენ, რომ სახელმწიფოს სარმა დაუდონ. თორემ B6 და B12-ს შემოტანა რა პრობლემა უნდა იყოს?!

– ამბობენ, მოთხოვნა არ არის და არ შემოგვაქვსო, მაგრამ, თუ ექიმები არ გამოწერენ პრეპარატებს, მოთხოვნა როგორ იქნება?

– ესაა ზუსტად საბედისწერო წრე. ჯანმო აწვდის გაიდლაინს – გამოწერ სტანდარტულად ამა და ამ მედიკამენტებს. ზუსტად ისე, როგორც პანდემიის დროს ჰქონდა ჯანმოს ერთი პროტოკოლი კოვიდის სამკურნალოდ, რომელიც უკვე ოფიციალურად შეირაცხა, როგორც მკვლელი პროტოკოლი, იმიტომ რომ გამორიცხული იყო, იმ მკურნალობით, ადამიანი ცოცხალი დარჩენილიყო. გახსოვთ ამის პრაქტიკული შედეგი: ვინც თავისი ფეხით შევიდა კლინიკებში, ყველანი გამოასვენეს. თან, ეს ხდებოდა სხვადასხვა კლინიკაში. აღიარეს კიდეც, რომ ექიმებს არ ჰქონდათ უფლება, დაენიშნათ სწორი მკურნალობა. შეგახსენებთ ერთ ფაქტს: 2022 წლის მაისში საქართველოში, ჩვენი მოთხოვნით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრა ზენეკას“ წარმომადგენლებმა, სადაც ერთ-ერთმა ქართველმა ექიმმა პირდაპირ თქვა, მე ვარღვევდი პროტოკოლს, რომ გადამერჩინა პაციენტიო. კაციშვილს ხმა არ ამოუღია. პირიქით, ტაში დაუკრეს. ეს უკვე სისტემური თემაა და ის სისტემა სახელმწიფოების ხელისუფლებებს არ ექვემდებარება. საქართელოს ხელისუფლებას არ ექვემდებარებოდნენ გამყრელიძე და მისი კლასტერი, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. დადასტურებულია, პაატა იმნაძე (თავისი პირით თქვა ტელევიზიით) დანიშნა თავისმა ძმაკაცმა, პენტაგონის დირექტორის მოადგილემ და ხელი არ მახლოთო. გამყრელიძე კი ჯანმოდან ყოველთვიურად იღებდა პენსიას – 8 448 დოლარს. ეს წერია მის დეკლარაციაში. ფაქტია, პაატა იმნაძემ მილიონ-ნახევრად შეიძინა აპარტამენტი. ანუ, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ინგრეოდა, ის აშენდა და შეხედეთ ექიმებს, ვინ როდის აშენდა და გამდიდრდა?! შეკრული წრეა: ექიმი-აფთიაქი-კლინიკა-ჯანმოს პროტოკოლი. ყველა ადამიანს რაღაც სჭირდება სამედიცინო სფეროდან და ამიტომ სახელმწიფოს არ აკონტროლებინებენ. რას ითხოვდა ამ წლების განმავლობაში ჯანმო და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ქვეყნებისგან? გაგვიფორმეთ ხელშეკრულებები, რომ შემდეგი პანდემიებისას ჩვენ გადმოგვეცეს მართვა. ამის ჩანასახი იყო გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძე, სამი მუშკეტერი და ისინი რასაც ეუბნებოდნენ, იმას აკეთებდა სახელმწიფო. ამას ემატებოდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც პანდემიამდე ერთი წლით ადრე შეცვალა კანონი ჯანდაცვის შესახებ პუნქტით ეპიდემიებისა და პანდემიების შესახებ, რითიც გზა გაუხსნა იმ მამაძაღლობას, რაც მოხდა. მანამდე კი ისინი დადიოდნენ ათეულობით შეკრებაზე, მათ შორის იყო სერგეენკოც, რომელიც უცებ გაქრა პარლამენტიდან.

– სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად, პარლამენტის გარეშე, როგორ შეიტანდა ცვლილებებს?

– საკანონმდებლო ინიციატით შევიდა და არავინ მიიჩნია ის პუნქტი მნიშვნელოვნად. მართლა ვერავინ აზრზე ვერ მოვიდოდა, სალომე ზურაბიშვილმა კი წინასწარ იცოდა. მაშინ პარლამენტში სულ სხვა ტიპის დეპუტატები ისხდნენ. „ბიგ ფარმის“ პრინციპია, რომ ერთსა და იმავე ადამიანებს კლინიკებიც აქვთ და აფთიაქებიც, ესე იგი, თავიანთ ექიმებს თვითონ ეუბნებიან, რა უნდა გამოუწერონ პაციენტებს. თანდათან ყველა ეფექტიანი პრეპარატი გაქრება. თორემ, რატომ არ უნდა იყოს ბორის მჟავა, შაბი, კალიუმის პერმანგანატი, ანუ „მარგანცოვკა“?!

– მისგან ნარკოტიკს ამზადებენო.

– ბენზინითაც ამზადებენ, მაგრამ ბენზინი აკრძალულია?! საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა კალიუმის პერმანგანატი. ასე ნელ-ნელა აკრძალავენ ყველაფერს, რაც არჩენს ადამიანს.

– ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ ამდენი ექიმია, რომლებიც მზად არიან, ადამიანები გაწირონ?

– მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ, ადამიანებმა ბევრი რამ „გაატარეს“. თუ გახსოვთ ქართული ფილმი: „დაანებე თავი, გიჟია“, რატომ გვყავს ამდენი არაკეთილსინდისიერი ექიმი?! იმიტომ, რომ „გავატარეთ“, არ მოვთხოვეთ პასუხი, როდესაც გვინგრევდნენ მთავარ ფასეულობებს. 90-ანებში ყველა სარდაფში სამედიცინო ინსტიტუტი იყო გახსნილი და ბევრმა იყიდა დიპლომი. გავიდა დრო და უკვე ექიმები არიან – 25 და 27 წლის სტაჟით! ლიბერალური ფაშიზმის მთავარი ლოზუნგია: თუ გინდა, მოსპო ერი, უნდა დაუნგრიო განათლება; უნდა დასცინო მის ავტორიტეტებს, რომ მისაბაძი მაგალითები არ ჰყავდეს და უნდა გაუყალბო ისტორია. აი, ამ სამიდან რომელიმე ერთი აკლდა ამათ მოქმედებას?! სახელმწიფო უნდა ეყრდნობოდეს განათლებას, ჩვენ კი საჯარო სკოლები გვაქვს, როდესაც უნდა გვქონდეს საშუალო სკოლები. საჯარო სკოლებს თავიანთი პროგრამები აქვს, რაც ჩვენი ნიჭიერი თაობებისთვის უინტერესოა, იმიტომ არ სწავლობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა