პოლიტიკა

რას შეცვლის ამერიკის არჩევანი მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასა და კონკრეტულად საქართველოსთვის

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 20.11

თემურ მაისურაძე
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ სრულიად დასავლეთი, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენო, აბულინგებს საქართველოს (მშობლიურად თუ ვიტყვით, ჩაგრავს და ლანძღავს), რაკი, მათი შეფასებით, დასავლურ კურსს ვუგანეთ. ამის პარალელურად, ადამიანებს ტვინში უჭედავენ, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის, რითიც პრობლემებს ვუქმნით კეთილსა და უანგარო დასავლეთს და უმადურობასაც ვამჟღავნებთ. დასავლეთის ამ ტექნოლოგიაში ვერ ვხედავ პრობლემას, ვინაიდან გეოპოლიტიკური ინტერესები გულისხმობს მანიპულაციის ასეთ მეთოდებს. ამ თემაზე პარლამენტის ყოფილ წევრს, პროფესორ თემურ მაისურაძეს გავესაუბრეთ.

– ან ისინი რატომ მოქმედებენ ასე ჯიქურ, ან ჩვენ რატომ დავრჩით მარად ბავშვებად?

– ეს გაპირობებული იყო გარემოებათა ერთობლიობით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩვენი ქართული ცხელსისხლიანობა, საბჭოთა კავშირი იშლებოდა და შემოვიხიეთ ტანზე. ერთადერთი რესპუბლიკა, რომელიც სრულად დაზარალდა, სადაც მთლიანად მოისპო ეკონომიკა, ვიყავით ჩვენ და ამის შემდეგ სახელმწიფო დათანხმდა ნებისმიერ დახმარებაზე, რომელიც გამოგვიწოდეს. შესაბამისად, გეოპოლიტიკის მამებმა, რომლებსაც რეგიონში უნდოდათ დომინაცია მიზეზთა გამო, თადარიგი დაიჭირეს. ერთია ეკონომიკური ინტერესი და თქვენ იცით, რომ მაშინაც არსებობდა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ გეგმა, რაც ძალიან კარგად იცოდა დასავლეთმა, ამას ემატებოდა გლობალური სამხრეთის რეალური ფაქტორი და ჩვენ ვიყავით კარგი თოფი რუსეთის წინააღმდეგ.

– ანუ ეს ყველაფერი ჩანდა გასული საუკუნის 90-ანებში, როდესაც საბჭოეთი იშლებოდა.

– დიახ, მაგრამ თვითონ საბჭოთა კავშირის დაშლა იმ ადამიანების სინდის-ნამუსზეა. მაგრამ ჩვენ უკვე ისეთნაირად ვიყავით დაცემული, რომ ხელის ნებისმიერ გამოწვდენას იძულებულები გავხდით, დავთანხმებოდით. ამან გამოიწვია ჩვენი მრავალწლიანი მორჩილება და როდესაც მათ მოინდომეს, რომ ეს მორჩილება უფრო ინტენსიური ყოფილიყო და დაჩქარებულიყო, თქვენ იცით, რაც მოხდა შევარდნაძის დროს – ფერადი რევოლუცია და ხელისუფლებაში მოიყვანეს ის ტიპაჟი, რასაც ჰქვია ზელენსკის ტიპაჟი, სანდუს ტიპაჟი, ეს ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი ქალბატონი სალომე რომ არის, ის ტიპაჟი. ეს ერთნაირი ავანტიურისტული ცნობიერების ხალხია. აი, ამის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით, პროცესი გაეჭედათ და არა 2012 წელს. 2012-ში ზეგავლენები გრძელდებოდა, გვაშანტაჟებდნენ იმით, რომ გამოიყენებდნენ სანქციებს, გაგვიჩერებდნენ „სვიფტს“ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით, რომ ნებისმიერი ფინანსური თუ სხვა საკითხები შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან. ჩვენი ეროვნული ბანკი მთლიანად ემორჩილება ამ ორ ინსტიტუციას, იმიტომ რომ, როდესაც ამხელა საგარეო ვალი გაქვს, დამოუკიდებელი არ ხარ და ვერ იქნები და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, სადამდეც ჩვენ მოვედით. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ საგარეო ურთიერთობებში ჩაკეტილი გვქონდა თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა. მხოლოდ და მხოლოდ ბრიუსელსა და ვაშინგტონში უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ შეიძლება, ყოფილიყო ჩვენი საგარეო პარტნიორი, ვისთან შეიძლებოდა, გვქონოდა ეკონომიკური კავშირები და ვისთან – არა. ეს სისტემა ნელ-ნელა გადაიყვანეს სრულ დამორჩილებაზე.

– დაახლოებით იგივე ხდებოდა, რასაც ამბობდნენ რუსეთზე, რომ შევარდნაძეს აიძულებდნენ, ძალოვანი მინისტრები მოსკოვის მითითებით დაენიშნა?

– დიახ, რეალურად, რუსეთშიც დასავლეთის გავლენით ინიშნებოდნენ თანამდებობის პირები. მაშინ რუსეთი, უფრო ზუსტად, რუსეთის ელიტა, შეიძლება ითქვას, ისევე გაიყიდა დასავლეთზე, როგორც ჩვენი ელიტა და ვინც არ გაიყიდა, ჩამოირეცხა. ანუ იქაც ეს მოდელი მუშაობდა. იცით, რომ რუსეთმა კინაღამ თავისი თავი დაიღუპა დასავლურ ილუზიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რაზე დგას დასავლეთის გლობალური დოქტრინა: აშშ-ის უამრავ დოკუმენტშია გამოთქმული დომინაციის სურვილი ძალიან კარგად, რომ ნეოკონსერვატორების მთავარი იდეაა, მთელ მსოფლიოში გავრცელდეს ამერიკული ცნობიერების, ამერიკული ინსტიტუციური სისტემის სპეციფიკა და ვინც წინააღმდეგი იქნება, პირდაპირაა ეს ჩადებული მათი მოქმედების წესში, მის წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ იარაღი. ამ ვითარებაში აღმოჩნდა ისეთი სახელმწიფო, როგორიც პატარა საქართველო. გარედან ბევრი ლაპარაკობს, ამას ვიზამდი, იმას ვიზამდიო, მაგრამ მაინტერესებს, რას იზამდნენ?! იმიტომ რომ სახელმწიფოს მართვა არ არის ბლა-ბლა, ეს არის უზარმაზარი ინსტიტუციების სისტემა, პლუს შენ და იმის წინა ხელისუფლებების მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც შენი შესასრულებელიცაა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, აი, ამ დარჩენილ ვიწრო დანის პირზე როგორც გაატარებ სახელმწიფოს, რომ მიხვიდე იმ მიზნამდე, რომ ამის შემდეგ ფეხზე წამოდგე. როგორც ისტორიულად ხდებოდა ხოლმე, დაგვიპყრობდნენ, მაგრამ ვნახულობდით დროსა და სივრცეს, როგორ დაგვებრუნებინა სახელმწიფო, ანალოგიურად გვჭირდებოდა ასეთი მომენტის მონახვა. და მაშინ, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, დაიძაბა საერთაშორისო სიტუაცია, ჩამოიხსნა დასავლური დემოკრატიის ფუმფულა ნიღბები, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ცოტათი წელში გამართვა და სახეში გარტყმაზე სახეში გარტყმით შეპასუხება.

– აქვს თუ არა პოტენციალი და ყოფილა თუ არა პრეცედენტი, როდესაც უპირისპირდები ამდენად დიდ მოთამაშეს, მცირე ქვეყანამ სილები ულაწუნოს გამლაწუნებელს და თვითონ არ მოჰყვეს ნანგრევებში?

– მაშინ, როდესაც მარტო ვიყავით და ეს მოვყევი ახლახან, ყველა საკითხში მათი თანხმობა იყო აუცილებელი. ახლა მარტონი არ ვართ.

– ვინ იგულისხმება ჩვენ გვერდით?

– „ბრიქსი“ და გლობალური სამხრეთი და ახალი მსოფლიო გადანაწილების სახელმწიფოთა ერთობლიობის სისტემა, რომელიც მზადაა, ჩაანაცვლოს ამერიკის დომინაცია ალტერნატიული მეორე პოლუსით. სამყაროში არ არსებობს ერთპოლუსიანი სისტემა. ფიზიკაშიც უარყოფითს აქვს დადებითი მუხტი, დედამიწასაც ორი პოლუსი აქვს. ანუ ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს გადაიყვანო ერთპოლუსიან სისტემაში, წაგებით დასრულდება.

– სამყარო წონასწორობაზე დგას.

– ზუსტად ამიტომაც გაჩნდა ამერიკაში პრობლემები, რომლებიც ახლა სკდება და ამიტომაც გვეძლევა ახლა საშუალება. პრობლემები იმდენად დიდია არა მარტო საქართველოსთან, არამედ მთელ მსოფლიოსთან, რომ ჩვენ სწორედ ახლა შეგვიძლია, გავიმართოთ წელში, თორემ, რომ არ ყოფილიყო ეს გარემოებები, არ არსებობდა ვარიანტი, რომ საქართველოს ეს გაებედა. ნელ-ნელა ბოლომდე ჩავიძირებოდით ჭაობში. უბრალოდ, მადლობა ღმერთს, რომ საგარეო ურთიერთობებში ისეთი პროცესები წავიდა, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსხლტომოდით, ანუ გამომძვრალიყავით მათი პირდაპირი ზეწოლისგან ისე, რომ მათ ექნებათ ზეწოლების მცდელობა, მაგრამ მთელ მსოფლიოს ვერ დაუპირისპირდებიან. გადაივლის არჩევნები და ვნახავთ, როგორ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს დემოკრატიის აკვანი. მას უნდა ჰქონდეს მორალური უფლება, ვინმეს მისცეს შენიშვნა. შეერთებულ შტატებს მოუწევს თავისი დოქტრინის კარდინალურად ცვლა და უკვე იმ კონკრეტულ მოცემულობაში სად და რის დომინაციას შეძლებს, ამის გადახედვა. ამერიკაში შიგნითაა მმართველი ძალების დაპირისპირება. ანუ ის ფინანსურად ძლიერი ძალები, რომლებიც, ერთი მხრივ, „დემოკრატების“ მხარეს დგანან, მეორე მხრივ – „რესპუბლიკელების მხარეს, ადრე რაღაცებში შეთანხმებულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტია მოდიოდა ხელისუფლებაში, თამაშის კონკრეტული წესები არ ირღვეოდა. ეს წესები უკვე დაირღვა. შესაბამისად, შიდა ბრძოლაა, ამ ბრძოლას კი ვერავინ გააჩერებს, ვიდრე სისტემა კანონზომიერებაში არ მოექცვა. მე ახლა ვლაპარაკობ, როგორც ზუსტი მეცნიერების წარმომადგენელი. სისტემა ან ირღვევა, ან ნახულობს ახალ პოლუსებს და მათ შორის გადანაწილდება.

– ერთი ჰეგემონი არც შეიძლებოდა, ჰყოლოდა კაცობრიობას, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი, 10-20 თუ 30 პროცენტი, რომლებსაც სჯერათ, რომ კარგავენ ყველაფერს დედამიწის ზურგზე, თუ ევროკავშირში არ გაწევრიანდებიან. აი, ეს ჩვენი შიდა პრობლემა როგორ მოგვარდება?

– ზოგადად, ყველა სახელმწიფოს ჰყავს 10 პროცენტამდე ფანატიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები, დღეს ჩვენ ერთი მესამედი გვყავს ადამიანები, რომლებიც აცდენილები არიან მოვლენების განვითარების რეალურ ლოგიკას და იმ ათ პროცენტს ეს 20 პროცენტი რომ დაემატა, ეს არის განათლების ცუდი სისტემის შედეგი. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ყველას ვეუბნებოდით, რომ ევროპა – ეს არის მომავალი, ბრწყინვალება, გადარჩენა და ამის უცბად ამოშანთვა შეუძლებელია. ერთადერთი გზა, რაც რჩება, მათ აყურებინო, რა ხდება მსოფლიოში და კანონიდან ნებისმიერ გადახვევას უპასუხო კანონით, ანუ გადაკვეთა „წითელი ხაზი“? უნდა დაისაჯოს. ყველამ უნდა იცოდეს, სად გადის „წითელი ხაზი“, იმიტომ რომ ის, ვინც შეპყრობილია იდეით, მათთვის სპეციალური ადგილია და არავინ აძლევს ასეთებს სახელმწიფოს მართვის უფლებას. ასეთი შეპყრობილები, ოღონდ სხვაგვარად შეპყრობილები არიან დღეს უკრაინაში, რომლებმაც დაადუღეს უკრაინა. ასეთები არიან სანდუს მხარდამჭერებსა და სანდუს მმართველ რგოლში. ასეთები არიან ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატებში“, რომლებიც უკვე ყველა ზღვარს გადავიდნენ და ზუსტად ასეთები არიან ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში. აი, ეს არის პრობლემა. ამიტომ ამას ჩვენ გადავიტანთ, გადავხარშავთ, მაგრამ ეს ადამიანები იქ მოხვდნენ ძალიან დიდი ფინანსური ინსტიტუტებისა და ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერის ხარჯზე, მაგრამ, როდესაც მოვლენა არაკანონზომიერია, ის ნებისმიერ შემთხვევაში სადღაც უნდა დაირღვეს და შემდეგ ეს რღვევა მიდის ძალიან სწრაფად. ჩვენ ახლა ვუყურებთ ამ პროცესს. ახალი პარადიგმა, რომელიც ჩნდება „ბრიქსის“ სივრცეში, ანუ ახალი რეალობა გახდება უკვე შეჯიბრებითობის ადგილი. შენც გინდა, იყო კარგად? მოდი, შემომიერთდი და ერთად ვაკეთოთ ეს. ამ შემთხვევაში ხდება ვექტორების შემოტრიალება უკვე კარგი, ჯანმრთელი მიზნის მისაღწევად, რომელიც მიმართულია ადამიანის გამდიდრებისა და ამავე დროს სახელმწიფოს ერთობლივად მშენებლობისკენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა