პოლიტიკა

რა საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის გადინება და მიგრანტების შემოდინება საქართველოს

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 08.10

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

ეუთო ოდირმა უარი თქვა დამკვირვებლების გამოგზავნაზე, ვერ მოვასწრებო, თუმცა, მეორე მხრივ, იმავე ეუთო ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა, მაგრამ მას არც არავინ მოუსმინა და შემდეგ ის თავადაც შეაშინა საკუთარმა დასკვნამ. ხოლო, რაკი ევროსტრუქტურები ისევ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, გამოდის, რომ ეუთო ოდირის დასკვნას არც არანაირი მნიშვნელობა ჰქონია. ამდენად, იბადება კითხვა: მაშინ რა აზრი აქვს, დააკვირდება თუ არა ვინმე არჩევნებს, თუკი დასავლეთი გამეცადინებულია, რომ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომ მისი შედეგები ცნონ, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ამომრჩევლის უმეტესობამ ხმა? – ამ თემაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.

– თუ მათი დასკვნა არაფერს წყვეტს, რა საჭიროა მათი არათუ ჩამოსვლა, არსებობაც კი, თუ რა თამაშია ეს?

– დიახ, თამაშია, ოღონდ რაღაც მომენტამდე. მაგალითად, უკრაინის ომამდე ეს თამაში რაღაც მნიშვნელობას ატარებდა. უფრო სწორად, თამაშის მონაწილეები ანიჭებდნენ მას მნიშვნელობას, მათ შორის, ჩვენც, საქართველო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართლაც თამაშია და არანაირი მნიშვნელობა ამას აღარ აქვს, რასაც ახლა ადასტურებენ თავიანთი მოქმედებით. ამას მოწმობს პასუხი ორგანიზაციიდან, რომელიც დემოკრატიის დამკვიდრებასა და განვითარებას უწყობს ხელს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სხვაგან უფრო მოკლე დროშიც კი აგზავნიან თავიანთ დამკვირვებლებს. ხოლო, თუ შეიძლება, რომ არ ჩამოხვიდე და არ დააკვირდე, გამოდის, რომ ან შენ არაფერს ნიშნავ და არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებ შენს საქმიანობას, ან დადარაჯებული ხარ, მე რომ არ ვიყავი, გაყალბდაო. პირველ შემთხვევაში იდიოტიზმია, მეორე შემთხვევაში – მზაკვრობა.

– ჩვენ ვგონივართ სულელები, თავად იქცევიან სულელებივით თუ ორივე ერთადაა?

– არა, სულელები კი არა, დაბნეულები არიან. უკრაინის ომმა, ტრამპის მოსვლამ უამრავ რამეს ჩამოხსნა ნიღაბი და ბევრი რამ გამოააშკარავა. აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთში გაცილებით სერიოზული მოვლენაა, ვიდრე ევროპარლამენტი, ევროასამბლეა... უკვე გაეროსაც კი აღარ აქვს მნიშვნელობა. არავის უნდა ამ დამყაყებული ვითარების შეცვლა, იმიტომ რომ ყველა მიჩვეულია და პროცესი თვითდინებით, ინერციით მიდის. სწორედ ამ ინერციამ მიიყვანა ომამდე მსოფლიო შუაგულ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში – ისრაელისა და პალესტინის პრობლემამდე.

– რატომ გაუკეთეს ისრაელს ის, რაც გაუკეთეს? უცებ რატომ მიჰყვნენ და აღიარეს პალესტინა დასავლურმა სახელმწიფოებმა?

– ისრაელში ზოგი ამბობს, რომ ანტისემიტიზმის გამოვლინებაა და შეიძლება, არის კიდეც ამაში სიმართლის მარცვალი. მაგრამ ამ გადაწყვეტილების სარჩული არის ის, რომ გამოტენილია ევროპის ქვეყნები მუსლიმი მიგრანტებით და ვხედავთ, რა ხელისუფლებებიც ჰყავთ. ასეთ ხელისუფლებებს, რომელთა რეიტინგი ეცემა, ხმის ერთადერთი მიმცემი რჩებათ: მიგრანტები. სწორედ ამიტომ უწყობდნენ ყველანაირად ხელს შტატებში „დემოკრატები“ მიგრაციას, უკანონოსაც კი, ეგებ, ამით მაინც გავიმარჯვოთ არჩევნებშიო.

– ფაქტობრივად, გამოდის, რომ ისრაელი გაწირეს იმისთვის, რომ ევროპის ხელისუფლებებმა შეინარჩუნონ ძალაუფლება?

– ასეა, მიგრანტების გარდა ამომრჩეველი, მგონი, აღარ რჩებათ. გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჰოლანდიაში უზარმაზარი მიტინგებია. ასე მოხდება ყველგან და ახლა ხელისუფლებები ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას. ამიტომ მოკლეს კირკი, დახოცეს გერმანიაში პოლიტიკოსები. სწორედ მიგრანტების გამო. შეხედეთ საფრანგეთის ნაკრებს, გინდა ფეხბურთში, გინდა კალათბურთში. ნაკრებს ვინ ჩივის, ჩემპიონატს უყურეთ და თუ მოიძებნება 11 კაცში ერთი მაინც წარმოშობით ფრანგი, ესეც დიდი შედეგია. ისეთი გადაგვარების გზაზე დგანან, უკვე ფეხბურთის თამაშიც კი ეზარებათ. ეს ლიბერალური სინამდვილე გადაღებილი კომუნისტობაა, იმიტომ რომ ამ სიტყვის ხსენება აღარ გამოდის. მახსოვს, თავის დროზე, ხრუშოვი რომ გამოვიდა და სტალინის კულტი დაგმო, იმის გამო კი არ შეფუცხუნდნენ, რაც თქვა, ეს რატომ თქვი საჯაროდო, თორემ ხალხი რომ დახოცილი იყო, ამის დარდი არ ჰქონდათ.

ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: ახლა ეს პროცესი უახლოვდება დასასრულს, იმ ცხონებულმა ბიჭმა, ჩარლი კირკმა რომ დაარქვა, შემობრუნების წერტილი, ჩვენ გვისაუბრია ამის შესახებ. ბრუნდება ნელ-ნელა პროცესი, ჭრიალით, უჭირს, მაგრამ ბრუნდება. წალეკა შტატების დიდი ქალაქები დამნაშავეობამ და ტრამპიც ცდილობს, ეს ამბავი როგორმე დათრგუნოს. ვაშინგტონში გეუბნებიან, ცენტრის იქით არ გახვიდეო, არადა დედაქალაქზეა ლაპარაკი. წივილ-კივილი აქვთ „დემოკრატებს“, ჯანდაბას, იყოს ძარცვა-გლეჯა, გაუპატიურება, მკვლელობები, ძირითადად, ხომ მიგრანტები სჩადიან ამას, იმიტომ რომ ის ხალხი მათთთვის ხმის მიმცემია. ზვიადის დროს დიდი ხნით ვიყავი ამერიკაში და ერთმა ადამიანმა, მათი სერიოზული ორგანოს თანამშრომელმა, „რესპუბლიკელმა“, გვარს არ დავასახელებ, ჩემს კითხვაზე, რატომ აქვთ „დემოკრატებს“ ასეთი პოზიცია-მეთქი, მითხრა, ესენი ამ ქვეყნისა და კაცობრიობის მტრები არიანო; ვერ ინელებენ სამოქალაქო ომში დამარცხებასო. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ომში დამარცხების შემდეგ შექმნეს სამხრეთელებმა „დემოკრატიული პარტია“, რომელიც გადაბმული იყო კუკლუკს კლანთან და იმდენი მოახერხეს, რომ დღეს ფერადკანიანი მოსახლეობა მათ უჭერს მხარს და არა „რესპუბლიკელებს“, რომლებმაც გაათავისუფლეს მონობიდან შავკანიანები. ლინკოლნი „რესპუბლიკური“ პარტიაა, ხომ?!

– ბიბლიური ჭეშმარიტება ცხადდება: კეთილი საქმე დაუსჯელი არ დარჩება.

– ეს ამბავია რა. ანტისემიტიზმის ქვეცნობიერი თუ ცნობიერი მომენტი არის, მაგრამ ძირითადია ამომრჩეველთა ხმები, იმიტომ რომ მათი ამომრჩეველი იქ აღარ დარჩა. თუ ტვინნაღრძობი არ არის, ადამიანმა შეიძლება, ტროცკისტებს მისცეს ხმა?! აქაოდა სტალინმა ძალაყინით გაუხეთქა თავი მექსიკაში ტროცკის, იმისი სახელწოდების პარტია შეიძლება და კომუნისტების არ შეიძლება, იმიტომ რომ კომუნისტებმა თავი მოიჭრეს. ეს პროცესი დაიწყო 1956-ში, სტალინის მხილებით და შემდეგ – ჩეხოსლოვაკიაში შეჭრით. საბჭოეთის დაშლამ და „პერესტროიკამ“, ხომ, ყველაფერი ამოატრიალა და კინო მორჩა. ახლა ჰქვიათ ლიბერალები, დემოკრატები, რაც გინდა, დაარქვი და მხოლოდ სიგლახით, უღირსობით, უზნეობით უნდა გაიმარჯვონ, აბა, ნორმალური, ღირსეული, გონიერი ადამიანი როგორ შეიძლება, მათ მხარს უჭერდეს?!

– ამ ვითარებაში ჩვენ როგორ უნდა გავიდეთ ფონს? ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უჭირს, ევროპასაც უჭირს. ევროპის ცენტრალური სახელმწიფოების დედაქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება.

– კი ბატონო, ველორბოლა ჩაშალეს პალესტინის მომხრეებმა.

– ჩვენთან კი, უამრავი არაქართველია შემოსული, არც ენა იციან, არც არაფერი. მათი ოდენობაც გაიზრდება წლიდან წლამდე.

– პარდოქსია, რუსები, რომ გამოექცნენ პუტინს, რაღაცას მაინც აკეთებენ აქ. გადასახადს მაინც იხდიან. „აიტიშნიკები“ არიან, მუშაობენ. ბუღაძემ თქვა სასაცილო რამ: ეტყობა, „ეს ეს ბეს“ აგენტები არიან, როგორი გამოწკეპილები და ნავარჯიშები დადიანო. მე შევუთვალე, პრობლემა ის არის, რომ ჩვენი მაყუთა ხალხი ჭამა-სმით სკდება, როგორც კი ფულს იშოვიან. ისინი, პირიქით, იწესრიგებენ თავს, როდესაც ამის საშუალება ეძლევათ. რუსის ატანა არ მაქვს, რომელსაც რაღაც შემოაქვს და ესენი ვიღას დაჰკარგვიან?! ესეც „ნაციონალების“ ნაკვალევია და „ოცნება“, როგორც ყველაფერს, ამასაც აგვიანებს და ისე არ მოხდეს, რომ ძალიან გვიან აღმოჩნდეს.

– რა დიდი საქმე უნდა კანონის მიღებას, რომ კურიერად, მძღოლად, გიდად არ აიყვანო ადამიანი, ვინც ქართული არ იცის? ვითხოვ ქართულენოვან კურიერებსა და მძღოლებს და მწერენ თარჯიმნით: „მე მოვიდა“.

– მაგრამ ამას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და არა თქვენ... აქედან გადის ხალხი, ახალგაზრდობა და შემოდიან ესენი. დემოგრაფია კატასტროფულია, ამათ კი მხოლოდ „დიფ სტეითის“ ლანდები აწუხებთ. არადა ის „დიფ სტეითია“ ის ამბავი, რაც ჩვენთანაცაა. ახლა ტრამპი უკვე გლობალისტებსაც არქმევს მათ. ესაა პრობლემა და გარედან ამით ისარგებლებენ, თუ რამით ისარგებლებენ და მოსარგებლე მართლაც არის. ამას არ ტყუის „ოცნება“, მაგრამ ნიადაგს უმზადებენ და ერთხელაც იქნება, ეს აალდება.

– როგორ უნდა გაუძლოს ქვეყანამ დასავლეთის ოფიციალური სტრუქტურებიდან ზეწოლას?

– ნორმალურად უნდა მოიქცე. თამაშობენ-მეთქი. რუსი თუ შემოვარდება ტანკით, თორემ ისინი ამას არ გააკეთებენ. ამიტომ უნდა იმუშაო, უნდა განმარტო. აბა, რისთვისაა საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები?! უნდა ილაპარაკო, უნდა ჩაატარო ბრიფინგი იქ, ადგილზე, მე კი არ უნდა მელაპარაკო ქართულად?! ესენი მარტო ამომრჩეველზე თამაშობენ, ხომ ხედავთ, დასავლეთი რა საზიზღარიაო და, მგონი, უხარიათ, რაც უფრო უარესად მოიქცევა დასავლეთი, მაგრამ ეს წინ დახვდებათ.

– არჩევანის მრავალფეროვნება არ არის პოლიტიკურ სცენაზე. პროგრამები ხომ უნდა იყოს, გუნდი, ვინ რას გააკეთებს, რატომ გააკეთებს, ეს სად მიგვიყვანს. სახელმწიფოს მიზანი ხომ არ შეიძლება, ვიზალიბერალიზაცია იყოს?

– რა გუნდი, რა პროგრამები?! გამოვიდნენ თუ არა ციხიდან „ლელოს“ ლიდერები, ხელი დაავლეს კუპრაძეს და მერობის კანდიდატად დაასახელეს, თავად კი ბრიუსელში გაცვივდნენ. არადა, არჩევნები აქაა, ბრიუსელში რა გინდა?! მაგრამ იქ მიდიან, რომ უთხრან, აქ ვართ, რაღაცით შეგვეწიეთ. ისინი გაცვივდნენ ვაშინგტონში და უილსონმაც ვალი მოიხადა, უთხრა, 30 კაცს ხელი მოვაწერინე რაღაც სისულელეზეო და ამას აფრიალებდნენ. ახლა ეს ნორმალური ამბავია?! პარლამენტში 150-დან ეყოლებოდათ 61 დეპუტატი. ამაზე რომ უარს იტყვი, მერე ვინმეს უნდა ელაპარაკო პოლიტიკოსობაზე?! ვერანაირ ალტერნატივას ვერ ქმნიან, ეს არის ფაქტი. როგორც კი ალტერნატივა ჩნდებოდა ამ ქვეყანაში, მთავრდებოდა ხელისუფლება. ახლა ალტერნატივა არ არის. გავიმეორებ: ყველა თამაშობს. წინათ ილუზია მაინც იყო, რომ ამ თამაშის უკან რაღაც იდგა, ახლა ესეც აღარაა. თეატრში რომ კარგი მსახიობები არიან, ორი საათის განმავლობაში იჯერებ, რომ შენ წინ, მართლაც რიჩარდ მესამე, ოტელო და ჰამლეტი არიან; მაგრამ, თუ ცუდი მსახიობები არიან და მით უმეტეს, თუ უცბად ფარდა გაიხსნება, აღმოაჩენ, რომ ეს რა ჰამლეტია ან ის რომელი რიჩარდ მესამეა?! აი, ამას ჰგავს ეს ყველაფერი და მებრიქებიან, გინდა თუ არა, დაიჯერეთ, რომ რიჩარდ მესამე ვარო. როგორ გავალთ ფონს?! მივხედოთ შიდა პრობლემებს და გასული ვართ. ამათ კი იფართხალონ თავისსავე დამყაყებულ ჭაობში, გაიხარონ, პრობლემა არ არის. 2012 წელს ივანიშვილმა გაიმარჯვა არჩევნებით და ახლა, კეთილი ინებე და, შენც გაიმარჯვე არჩევნებით და არის კიდევ ერთი თემა: მანამდე ყველა არჩევანი შეთანხმებული იყო ორ ვეშაპს შორის. დღეს ეს შეთანხმება არ არსებობს და ეს პრობლემაც აქვს ოპოზიციას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა