პოლიტიკა

რა კავშირი აქვს უკრაინის შეჭრას კურსკის ოლქში სამხრეთ კავკასიაზე ზეწოლის გაძლიერებასთან

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.09

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

მოგეხსენებათ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და კურსკის ოლქის ნაწილი დაიკავეს. ვარაუდობენ (ერთ–ერთ ვერსიად), რომ შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური ატომური ბომბიც გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე, თუნდაც, იმ მიზნით, რომ რფ პასუხს ვერავის დაუბრუნებს. რუსეთ–უკრაინის ომად შეფუთული დასავლეთ–რუსეთის დაპირისპირებაზე დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

– ვითარება შემთხვევით არ წავიდა ესკალაციისკენ. ცხადია, აქ არანაირი უკრაინული ფაქტორი არ არის და უკრაინელები გამოიყენეს ფარად. მხოლოდ ახლა, ოპერაციის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ, ოფიციალურად დაიწყო საუბარი, რომ „ნატო“ ინსტრუქტორებს გააგზავნის. ეს უკვე პირველი ლეგალიზებული ნაბიჯია. პირველი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ აქ მთავარია გეოპოლიტიკა და ეს ოპერაცია არ დაუგეგმავთ უკრაინელებს, ვინაიდან მათ ეს არაფერს აძლევს, რაც აშკარად გამოჩნდა. მათ ოპერაციაში ჩართეს საუკეთესო ნაწილები, რომლებსაც ინახავდნენ და უკვე 5 000 ადამიანზე მეტია დაღუპული. ამერიკელები წერენ, რომ ტყეები გარდაცვლილებითაა გადავსებული. ამ ოპერაციას შედეგი ვერ ექნება და წინსვლა კურსკის ოლქის რომელიმე უბანზე არაფერს ნიშნავს, უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვთ. ზუსტად აფასებენ ამას ამერიკელები – შესანიშნავად ჩანს ზემოდან.

– უკრაინელები შედეგს ვერ მიიღებენ, მაგრამ რა შედეგს მიიღებს „ნატო“?

– მივადექით მთავარს. მეოთხე-მეხუთე დღესვე გასაგები იყო, რომ კურსკის ოპერაცია „ნატოს“ გენერლებმა დაგეგმეს, ბევრი გადაცმული ნატოელი მონაწილეობს ამაში და რატომ?! იმიტომ რომ 1 000–კილომეტრიან ფრონტის ხაზზე უკრაინაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. პოკროვსკის დაცემის შემდეგ (რაზეც ბრიტანელებმა ახლახან დაწერეს, მხოლოდ დროის ამბავიაო; პოკროვსკი დნეპროპეტროვსკის ოლქშია), ანუ, თუ მოხერხდა მისი აღება, იხსნება გზა კრამატორსკისკენ, რომელიც ისე გამაგრებული არ არის, როგორც პოკროვსკი და ამის შემდეგ არანაირი რეალური თავდაცვის ზღუდე აღარ აქვთ უკრაინელებს. 1 000–კილომეტრიან ფრონტის ხაზზე რუსებმა საერთოდ შეცვალეს ტაქტიკა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და მთელ ამ ხაზზეა ზეწოლა. ცხადია, ეს უნდა შეეჩერებინათ. იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც შეტევები დაიწყება, „ნატოსთვის“ ძნელი იქნება თავისი კრახის დამალვა, ამიტომ ისინი წავიდნენ ბოლო ოპერაციაზე, რომ როგორმე გაართულონ შიგა მდგომარეობა რუსეთში. რაზეც რუსეთის დამარცხებაზე შეიძლება, გქონდეს გათვლა, ეს არის შიგა ბუნტი, მეხუთე კოლონის გამოყენება, გადატრიალება, ანუ მთავარი პირების დახოცვა და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა. სხვა შანსი დასავლეთს არ აქვს. არათუ იარაღით რუსეთის დამარცხების შანსი არ აქვს, არამედ თავადაა დამარცხებული და დასავლეთში ამას აღარავინ უარყოფს. საქმე ისაა, რომ ევროკავშირი და „ნატო“ არ წარმოადგენენ პოლიტიკურ მოთამაშეებს. აქ არის ერთადერთი მოთამაშე – შეერთებული შტატები.

–დავაზუსტებ, უკრაინა-ევროკავშირი-„ნატოა“ გამოყენებული შეერთებული შტატებისა და რუსეთის დაპირისპირებაში?

– დიახ და ამერიკელებს ორი კოზირი კიდევ აქვთ ხელში: ევროკავშირი და „ნატო“. კოლოსალური შეიარაღება მიიღო პოლონეთმა. ესე იგი, ინტენსიურად ემზადებიან. ნახეთ, როგორია გერმანელების განწყობა: ისინი, უბრალოდ, დღეს მზად არ არიან ომისთვის არც ტექნიკურად, არც შეიარაღებით. მათ სჭირდებათ, სულ ცოტა, 3-4 წელი, რომ მზად იყვნენ რუსეთთან საომრად. ამიტომ პროცესი 3-4 წელს უნდა გაიჭიმოს და გადაიდგა, მოდი, რუსული სიტყვა გამოვიყენოთ, „ატჩაიანნი“ ნაბიჯი, იქნებ შესაძლებელი იყოს რუსეთის ხელისუფლების ჩამოგდება შიგა ბუნტის მეშვეობით და ძალიან გააქტიურებულია რუსეთში მეხუთე კოლონა. კარგად იცით, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ წყდება უმაღლესი ჩინის გენერლების დაჭერა. 30 მილიარდ დოლარამდეა გამქრალი და აქედან უდიდესი ნაწილი უკრაინის ოპერაციის დაწყების შემდეგაა მოპარული რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. წარმოგიდგენიათ, რამხელა საბოტაჟია?! ჯერჯერობით ლიბერალური ბლოკი, რომელიც თავიდან ბოლომდე განაგებს რუსეთის ეკონომიკურ ბლოკს, ხელუხლებელია. მათ პუტინი ჯერჯერობით ხელს ვერ ჰკიდებს. არადა ამ ლიბერალურმა ბლოკმა ჩატოვა 300 მილიარდი დასავლეთში და იმდენი არ იცოდნენ რუსებმა, რომ პრობლემა შეექმნებოდა იმ 300 მილიარდს, როგორც კი უკრაინაში ოპერაციას დაიწყებდნენ?! ცხადია, ამან დიდად არ იმოქმედა რუსეთზე: კარგად იცით დღევანდელი ეკონომიკური მონაცემები. წარმოუდგენლად უკეთესი მდგომარეობაა, ეკონომიკა 6.4 პროცენტით იზრდება; ხელფასების ზრდა სტაბილურია მთელ ქვეყანაში, იმიტომ რომ სამხედრო სფეროში მუშების გადადინებამ სამოქალაქო სფერო აიძულა, კადრის შესანარჩუნებლად ხელფასები აეწია. ხელფასების აწევამ გაზარდა მოხმარება. ხელფასები წლის დასაწყისიდან 10 პროცენტზე მეტადაა გაზრდილი და პროცესი არ ჩერდება. უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა: 2.4 პროცენტი. მსოფლიო ბანკმა რუსეთი გადაიყვანა მაღალი შემოსავლების ქვეყნებს შორის. დასავლეთი შოკირებულია, ვინაიდან ერთადერთი მიზანი იყო რუსეთის ეკონომიკის დამხობა და შიგა გადატრიალების მოწყობა. ამ დროს კი, დასავლეთის უნებური დახმარებით, რუსები წელში გასწორდნენ და თუ შიგა ცვლილება შეძლეს, მათი განვითარების შეჩერება შეუძლებელი იქნება. ცხადია, ეს ყველაფერი შესაჩერებელი იყო. ამდენად, კურსკის ოპერაციის მთავარი მიზანია არა მოსკოვის აღება, არამედ რუსეთის შიგნით პრობლემების გაჩენა; რაც შეიძლება, დიდი უკმაყოფილების გამოწვევა, მაგრამ მოხდა საპირისპირო: არანაირი მობილიზაცია არ სჭირდება რუსეთს, იმიტომ რომ მტერი შემოვიდა რუსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის ხელისუფლებამ ამით მოიგო. ვფიქრობ, კურსკის ოლქის, ფაქტობრივად, დაუცველად დატოვება შემთხვევითი არ არის. რუსები მებრძოლი ხალხია, 40 000 ყოველთვიურად ნებაყოფლობით ეწერება არმიაში. ეს არის ჯარგამოვლილი ხალხი და მით უმეტეს, ახლა იღებენ უდიდეს გამოცდილებას. ამერიკელები აშკარად წერენ, რომ დღეს რუსეთის არმია უძლიერესია, მაშინ, როდესაც ამერიკულ ჯარს რეალური ომების წარმოების არანაირი გამოცდილება არ აქვს. ტექნიკის მდგომარეობამ აჩვენა, რომ ლიბერალურმა მიშვებულობამ ძალიან დააზიანა შეერთებული შტატებიც კი. მოკლედ, რუსეთის შესაჩერებლად და რუსეთში შიგა არეულობის მოხდენის მიზანია შეჭრა, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთდა უკრაინელების ხარჯზე და ამ დასავლურ ავანტიურას უკრაინა შეეწირება.

– რა ვადიანი გათვლა აქვს აშშ–ს? ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს პროცესი?

– თუ ვინმე ფიქრობს, რომ შტატების ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთზე ზეწოლა შეჩერდება, ცდება, იმიტომ რომ ჯერ ყველა რესურსი გამოყენებული არ არის. ცხადია, ამერიკელები და რუსები მიუსხდებიან მაგიდას, ოღონდ, მას შემდეგ, როდესაც ამოიწურება ყველა რესურსი. პირველი რესურსი ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და „ნატო“, მაგრამ ისიც აუცილებლად ამოიწურება, არაერთხელ დამიწერია, ეს იქნება უკანასკნელი სტადიის უკრაინა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ის, რასაც ჩვენ შეიძლება, ვუწოდოთ „იალტა–2“. მანამდე არაფერი შენელდება, პირიქით, სანქციები გაიზრდება იმ იმედით, რომ რუსეთში შიგა სიტუაცია დაიძაბოს. ვფიქრობ, მომავალი 2-3 თვე გადაწყვეტს, რამდენად რეალისტური იქნება ეს გათვლა. დასავლეთი ცდილობს, როგორმე 3-4 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა, რომ ამასობაში გერმანიამ და ევროპის „ნატოს“ წევრმა ქვეყნებმა მოასწრონ მზადყოფნა რუსეთთან დიდი ომისთვის. „ნატოც“ არ არის მზად. ისინი რომ მზად ყოფილიყვნენ, ამდენი ხნის განმავლობაში რუსეთს მიწასთან გაასწორებდნენ. მაგრამ არაფერმა გაჭრა და არც იყო გასაკვირი, იმიტომ რომ დასავლეთმა სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.

– სხვა მონაწილეები არ ჩაერთვებიან ამ ომში? მხოლოდ ევროკავშირი და „ნატო“?

– როგორც ვატყობ, პირველი ეტაპი იქნება ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ჩართვა, რომ ამას არ მიეცეს სახე, თითქოს კოლექტიური „ნატო“ შევიდა რუსეთში. მიუხედავად იმისა, არავისთვის არაა საიდუმლო, რომ კურსკის ოლქში „ნატოა“ შესული, რუსებიც აბსოლუტურად მშვიდად არიან. არანაირი ემოცია, არანაირი იმპულსური მოქმედება.

– ჩემდა სამწუხაროდ, პუტინი დინჯად იქცევა.

– დიახ, რატომ იცი? უკრაინას რუსები არ დაბომბავენ იმ მასშტაბით, რასაც დასავლეთი ელოდა და საქართველოშიც ელიან. უკრაინელი და რუსი მონათესავე ხალხია და რუსები არ გაჟლეტენ თავიანთ ხალხს მასობრივად. ამიტომაა დასავლეთი 1000 პროცენტით დარწმუნებული, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში. რა თქმა უნდა, შეტევები დანაკარგებთანაა დაკავშირებული და რუსეთსაც ბევრი ადამიანი ეხოცება, მაგრამ, როგორც მე ვატყობ, შეჩერების არანაირი მცდელობა არ იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა ახლახან განაცხადა, მზად არ ვართ მოლაპარაკებისთვის, რომ ტერიტორიები დავთმოთო. ეს დასავლეთის ნაკარნახებია. გახსოვთ, დასავლეთი ერთხანს საუბრობდა იმაზე, რომ უკრაინას დათმობებზე მოუწევდა წასვლა, ახლა კი საპირისპირო განაცხადა ზელენსკიმ. დააკვირდით ერთ რამეს: კურსკი რუსეთმა გამოიყენა იმისთვის, რომ ხელ-ფეხი გახსნოდა და მოლაპარაკების არანაირი სახელშეკრულებო ვალდებულება არ ჰქონოდა. ახლა გაცილებით უკეთესად იკითხება ის ნაბიჯი, რომელიც კურსკის მოვლენების წინ გადადგა რუსეთმა: ორიოდე თვის წინ პუტინმა წარადგინა მშვიდობიანი მოლაპარაკების წინადადება. ეს არავინ გაიზიარა, მაგრამ რუსეთმა თავისი ვალი მოიხადა: კარგი იყო თუ ცუდი, გადადგა ნაბიჯი. მოხდა კიდევ ერთი რამ, რაც უკრაინისთვის კარგი არ არის. აბსოლუტურად განსხვავებული სამშვიდობო წინადადება ჰქონდა ჩინეთს. ჩინეთმა ნაბიჯი ამისკენ გადადგა და მას გეოპოლიტიკურად დაარტყეს. კურსკის ოლქში შეჭრა უკრაინის მხრიდან ნიშნავდა იმას, რომ ჩინეთს, ფაქტობრივად, დაარტყეს. და ეს არც თუ ისე უბრალო ქვეყანაა, უხეშად რომ ვთქვა, ფეხებზე დაიკიდეს. მაგრამ ახლა უკრაინაში ჩავიდა ინდოეთის პრემიერი მოდი, ჩინეთის საპირისპირო მხარე. მოდიმ ზელენსკის მიანიშნა, რომ კაპიტულაციის შემთხვევაში, უკრაინის მრეწველობას აღადგენენ. გასაგებია, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოდი არ გადადგამდა ნაბიჯს, რომელიც არ იქნებოდა შეთანხმებული რუსეთთან. იმიტომ რომ ინდოეთის ინიციატივითა და, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის დახმარებით 200-წლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო: ინდოეთის ოკეანეზე გასვლა და უკვე გავიდნენ რუსები იქ. ჩვენ ჯერ კარგად არ გვესმის, რა დარტყმაა ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრადიციული ურთიერთობებისთვის. რუსეთი, ფაქტობრივად, სპარსეთის ყურეში შევიდა. ბუნებრივია, ამიტომაცაა ნომერ პირველი ამოცანა რუსეთისთვის აქ პრობლემების შექმნა, რაც გამოიხატება სამხრეთ კავკასიაზე დიდი ზეწოლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა