რა გავლენას ახდებს საპროტესტო აქციები ეკონომიკურ ზრდაზე, ლარის კურსსა და ფასებზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 12.02

ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება, ხოლო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ძალ–ღონეს არ იშურებენ, რომ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს დელეგაციებს ხმის უფლება შეუწყდეთ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემები შეექმნათ. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს (მე რომ მკითხოთ, დაგვიანებით), საკუთარი ხმა მიიტანოს ევროპულ სტრუქტურებამდე, ამასობაში კი ლარის კურსი ეცემა, ტურიზმის სექტორსაც ექმნება პრობლემები: ტურიზმიც აცოცხლებს სასტუმროებისა და კვების ობიექტების შემოსავლებს და ფასებიც ძვირდება, რასაც, ჩვეულებისამებრ, შეუქცევადი ხასიათი აქვს: ვითარების დასტაბილურების შემდეგ ფასები აღარ იკლებს. ამ თემებს სტატისტიკის სპეციალისტთან – ნოდარ კაპანაძესთან ერთად გავარჩევთ.
– როგორ მოქმედებს ვალუტის კურსზე, ტურისტების ნაკადსა და ამასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, ასევე, ფასებზე საპროტესტო აქციები?
– საქართველოში არასტაბილური ვითარებააო, ვერ იტყვი.
– სასტუმროებისა და რესტორნების ჯავშნები უქმდებაო.
– ეს არსებითი არ არის. მაგრამ ეს აქციები, მაგალითად, „ჩააფურთხე“, აუცილებლად აისახება რესტორნების, კაფეებისა და სხვა საზოგდოებრივი კვების ობიექტების შემოსავლებზე. პირადად მე ძალიან მიკვირს, რესტორნების გილდია, თუ ასეთი არსებობს, რატომ არ იღებს ხმას და არ შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, ვინაიდან მათი ზარალის დათვლა, რაც მათ ამ მოწოდების შემდეგ მიიღეს, შესაძლებელია. თუ გახსოვთ, როდესაც ხმა გავრცელდა, შაურმაში ვირის ხორციაო, საშაურმეებმა მაშინ ძალიან დიდი ზარალი ნახეს და მე მიკვირს, რატომ ელოდება ყველა პრობლემების მოგვარებას მთავრობისგან. საშაურმეებს თუ აქვთ სოლიდარობის მსგავსი განცდა, მაშინ უნდა ეჩივლათ, ვინაიდან, ჯერ ერთი, საქართველოში სად არის იმდენი ვირი, რომ მათი ხორცი საშაურმეებში გამოიყენონ (ოთხფეხა ვირებს ვგულისხმობ). მე არ მინახავს რესტორნების ბრუნვა, როდესაც გამოქვეყნდება მეოთხე კვარტალის მონაცემები, ვნახავთ ზარალის ოდენობას და დარწმუნებული ვარ, ამ მოწოდებას ზეგავლენა ექნებოდა, მაგრამ ეს ისეთი რამ არ არის, რაც ლარის კურსზე გავლენას მოახდენდა. რაც შეეხება ჯავშნების გაუქმებას: არ მგონია, ეს მასობრივი იყოს. საქართველო დიდი ხანია, ცხოვრობს „ჭიქაში ქარიშხლის“ რეჟიმში და ერთ-ერთი ასეთი „ქარიშხალი ჭიქაში“ არის საპროტესტო აქციებში მონაწილე, რომელიღაც სასტუმროს მეპატრონის, განაცხადი, რომ გაუუქმდა ჯავშანი.
ლარის გაცვლით კურსზე კი ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს: მათ შორის, უცხოეთიდან გზავნილები, რომელთა რაოდენობა 2024 წელს შემცირდა, ტურიზმი და სხვა. მეოთხე კვარტალის მონაცემები, როგორც გითხარით, ჯერ არ დადებულა, მაგრამ მესამე კვარტალში აშკარად ზრდა იყო ტურისტულ სფეროში, თუმცა ის გარემოება, რომ თბილისის ტურისტული ცხოვრების ერთ–ერთი მთავარი ობიექტი უკვე მეორე თვეა, ამოვარდნილია მიმოქცევიდან, თუ ასე შეიძლება, ითქვას, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად მოქმედებს. ეს ეროვნულ მასშტაბზე ვერ მოახდენს ზეგავლენას, მაგრამ ის ობიექტები, რომლებიც იქ არის განლაგებული, გრძნობს ამ გავლენას.
– რატომ შემცირდა ფულადი გზავნილების ოდენობა?
– როგორც ვიცი, 2024 წელს ფულის შემოდინება წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ ამ შემცირების მიზეზი ის არის, რომ 2022 და 2023 წლებში განუზომლად დიდი იყო რუსეთიდან გამოქცეულთა ფულის მოცულობა. წელს ეს მოცულობა არ არის. თუ შევხედავთ დინამიკას, 2022 და 2023 წლების კუზი ამ დინამიკაში სწორედ რუსეთიდან შემოსული გზავნილების გამოა გაზრდილი, შესაბამისად, რუსეთიდან გამოგზავნილ ექსტრემალურ გზავნილებს თუ გამოაკლებ, ფულის შემოდინება წრფივად იზრდება, ანუ ჩვეულებრივი ზრდაა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
– ევროკავშირის განაცხადი, რომ არ დაეხმარება მთავრობას, ანუ ბიუჯეტს, იქონიებდა გავლენას ლარის კურსზე?
– ევროკავშირის გადაწყვეტილებას პირადად მე ოლიმპიური სიმშვიდით შევხვდებოდი. მე საერთოდ არ მესმის, რატომ ვართ რელიგიური რწმენით განწყობილი ევროკავშირის მიმართ.
– ამ გადაწყვეტილებამდე კობახიძემ თქვა, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირის დახმარებაზე, სანამ 2028 წლის ბოლოსკენ ისევ არ გავხსნით მოლაპარაკებასო.
– ამდენად, შეუჩერეს და შეუჩერეს დიპლომატიური პასპორტების მოქმედებაც. ვერ ვხედავ პრობლემას, ვერ ჩავალ და ვნახავ სურათებზე. იმას, რომ ვიზებს მიუქმებ, ქვეყანას ვერ გადავაყოლებ. ქვეყანა შეიძლება, გადააყოლო, თუ მათ მიერ შემოთავაზებული გზით ივლი. წინ გვაქვს მოლდოვასა და რუმინეთის მაგალითები და იქაც მთელი მხიარულება ჯერ კიდევ წინაა. ამდენად, მე ამ შეჩერებას ტრაგედიად ვერ აღვიქვამ, თუმცა მეტ-ნაკლებად იკვეთება ეკონომიკური და პოლიტიკური ვექტორები, მაგრამ მკაფიოდ გამოკვეთილი მიმართულებები მაინც არ არის. მაგალითად, როდესაც ვლაპარაკობთ შუა დერეფნის პერსპექტივებზე, მე არსად მინახავს მოდელირება, თუ რატომ არის ეს შუა დერეფნის პროექტი ჩვენთვის ასე სასურველი და მნიშვნელოვანი?! დეკლარირების დონეზე მესმის, რომ ეს კარგია, მაგრამ გაზომილად არ მინახავს: ამდენი და ამდენი ტვირთის გატარება რამდენ შემოსავალს მოიტანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგივე ეხება ანაკლიის პორტსაც. მე გავაკეთე რაღაც გათვლები, მაგრამ მთავრობა უნდა ამბობდეს ამას.
– ასევე, საინტერესოა, რამდენის გატარება შეუძლია ჩვენს ინფრასტრუქტურას და არა მხოლოდ, იმ ქვეყნებისასაც, რომლებზეც გადის შუა დერეფანი.
– ერთია შესაძლებლობა და მეორე, გიგანტური ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობანები, რკინიგზის ინფრასტრუქტურა, ხომ, ამისთვისაა?! ჩვენ არ გვაქვს ადამიანურ ენაზე მოწოდებული ინფორმაცია, არ არის დათვლილი კონკრეტულად, რომ სპეციალისტმა თქვას, ეს ნიშნავს ამას და ამას. მთლიან შიგა პროდუქტს რომ რაღაც მოემატება, გასაგებია, მაგრამ მოსახლეობას, კონკრეტულ ადამიანს აინტერესებს, კონკრეტულად მისთვის რას ნიშნავს ეს?! ეკონომიკური ზრდა დიდებული რამაა, მაგრამ მხოლოდ ეკონომიკური ზრდა არაფერს ნიშნავს, მთავარია, მოსახლეობის რა ნაწილს რამდენად მიუწვდება ხელი ამ ზრდაზე. ტენდენციები აჩვენებს, რომ საქართველოში არცთუ ცუდი ცვლილებების ვექტორებია. ახლა ვწერ, რამდენია საშუალო ფენა საქართველოში და როგორია დინამიკა 2009-2023 წლის ჩათვლით. არის შესანიშნავი ტენდენციები, დავასრულებ და გავავრცელებ, მაგრამ ამას მთავრობა უნდა აკეთებდეს.
– მთავრობა იმასაც უნდა აკეთებდეს, რომ ხალხს მიაწოდოს ინფორმაცია, ამ დერეფნის ამოქმედების შემდეგ, რა სფეროები დაიტვირთება ან ახალი თუ გაჩნდება, რომ ბიზნესი მოემზადოს, ვისაც არ აქვს ბიზნესი, შეიძლება, რაღაც მოიფიქროს. ამ ტიპის კვლევები რატომ არ არის, ვერ ვხსნი.
– მანტრასავით მაქვს რამდენიმე წინადადება, რომლებსაც ყოველთვის ვიმეორებ: მმართველი ჩვეულებრივი პოლიტიკოსისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკოსი მისდევს საზოგადოებრივ აზრს, ხოლო მმართველი ქმნის საზოგადოებრივ აზრს. დღეს საზოგადოებრივი აზრი და ქართული საინფორმაციო სივრცე სავსეა ჩვეულებრივი ჭორაობით: ამან ის განაცხადა და თქვენ რას ფიქრობთ; იმან ის განაცხადა და თქვენ რას უპასუხებთ; თან, ამ განმცხადებლების ათი ნათქვამიდან ცხრა არაფრად ღირს და ისეთი საზოგადოებრივი აზრია შექმნილი, ბოლო 33 წელია, რომ დანაშაულად ითვლება, თუ რაღაც კარგი თქვი ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მანამდეც დავდიოდი ამ გამზირზე და ახლაც დავდივარ, გამზირი გახდა გაცილებით კომფორტული. ეს წამომცდა სოციალურ ქსელში: დამმარხეს და მერე მოტკეპნეს, როგორ შეიძლება, რამე კარგად იყოსო. ერთმა მითხრა, იცი, იქ რა გადახარჯვები იყო?! მე ვიცი ის, რომ გამზირი იყო უფრო ცუდი და ახლა გამზირი არის უფრო კარგი. გადახარჯვა აუდიტის სამსახურის საქმეა.
– თემების აღრევა ჩვეულებრივი ამბავია უკვე, არადა ბაღში ვკამათობდით ხოლმე ასე ბავშვები. როდესაც არგუმენტი არ იყო, სხვა ამბებს ვიხსენებდით.
– ინფანტილიზმი არის ჩვენი საზოგადოებრივი დაავადება გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან, როდესაც ბავშვური წარმოდგენები გვქონდა და, სამწუხაროდ, ბევრს აქვს ისევ შემორჩენილი სახელმწიფოზე. სახელმწიფო არ არის საამქრო, რომ მოგებაზე მუშაობდეს; სახელმწიფოსა და მოსახლეობის ბედი შენს ოცნებებს არ უნდა გადააყოლო, უნდა აიღო რეალური ვექტორები და რეალურ ძალთა პარალელოგრამი.
– რას შეიძლებოდა, ემოქმედა ლარის კურსზე: ეს შეიძლება, იყოს პანიკა ან კერძო ბანკების, ან რომელიმე მსხვილი კომპანიის ნამოქმედარი, რომელმაც მოითხოვა ბევრი დოლარი, რამაც დოლარის დეფიციტი გამოიწვია?
– ამ დასკვნის გაკეთებას უფრო დეტალური ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ არ ვიცი, მაგრამ, საქართველოში თუ ლარის გაცვლის კურსი დიდია, უფრო საგარეო ფაქტორების გავლენაა. მე არ მგონია, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუარესება ხანგრძლივი და გრძელვადიანი მოვლენა იყოს და, სავარაუდოდ, დაუბრუნდება ძველ ნიშნულს. ამის იმედს მაძლევს პრემიერის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტი და ბევრმილიარდიანი ინვესტიციის გაჩენის პერსპექტივა. ამდენად, არ მგონია, რომ ლარის გაუფასურება დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ ლარის კურსზე ემოქმედა.
– ეს პირდაპირი ინვესტიციაა, თუ არ არის ჯერ ცნობილი?
– დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა მე მაქვს მეორე მანტრაც: ჩვენთან რელიგიური რწმენის დონეზეა პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა. მაშინ, როდესაც ინვესტიციების არც ბუნებასა და არც შინაარსზე წარმოდგენა არ აქვთ.
– მე ვიცი, რატომ ვსვამ ამ კითხვას.
– მიწა თუ გაყიდე, ეს ინვესტიცია არ არის, ეს ჩვეულებრივი იდიოტობაა. მაგრამ ინვესტიციაა, თუ, როგორც ადრე, მაგალითად, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ააშენე მეტალურგიული ქარხანა, რომელშიც მუშაობს ხალხი, იღებს ხელფასს და ქარხანა უშვებს პროდუქციას და მოგება არ გადის ქვეყნის გარეთ, აქვე გროვდება. აი, ესაა ინვესტიცია. მაგალითად, რკინიგზაში ინვესტიცია განხორციელდა ორჯერ: ერთხელ 1871 წელს, როდესაც ნიკოლოზ პირველის დროს ჯერ ბაქოდან ფოთამდე გაიყვანეს და მეორე, როდესაც 50-იან წლებში მთელი ამ რკინიგზის ელექტრიფიკაცია მოხდა. რკინიგზის გაყიდვას რომ აპირებდნენ ცალკეული ამხანაგები ნეტარხსენებული მიშას დროს, ეს ინვესტიცია არ იყო, იყო ჩვეულებრივი იდიოტობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან