პოლიტიკა

პუტინის ისტორია

№53

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 06.01, 2021 წელი

პუტინის ისტორია
დაკოპირებულია

ანუ ფანტაზიები კრემლურად

ვიცით, რომ ამ ბოლო დროს რფ-ის პრეზიდენტი ისტორიით ფრიადაა გატაცებული, ერთი ისაა, რომ მხოლოდ თავისებურ ინტერპრეტაციებს სწყალობს.

ასე, მაგალითად, სულ პირველად, შემოგვითვალა, „ტიფლისსკაია გუბერნიად“ დაგტოვებთო (როგორც მიგიღეთო და მერე რა, რომ რეალურად, უბრალოდ, დაგვიპყრეს და მერე დაგვაგუბერნია-დაგვამაზრეს?!), ამის შემდეგ აქეთ აფხაზეთზე თავდასხმა დაგვაბრალა, იქით – ოსების, ეგრეთ წოდებული, გენოციდი, იმას გარდა, რომ ერთ დროს მისი მთავარი იდეოლოგი (ალექსანდრ დუგინი) ქართველურ ტომებს საერთოდაც სხვადასხვა ეთნოსებად განიხილავდა (მაგალითად, ხსენებული დუგინის მოადგილე კოროვინი პირადად მე მიმტკიცებდა, რომ შერეული ქორწინების ნაშიერი ვარ, რაკი დედა გურული მყავს, მამა – ქართლელი, თუმცა აი, ის დეტალი არ იცოდა, რომ, სახელდობრ, ჩემი გვარი დვალეთიდანაა, რომელიც კარგა ხანია, მიტაცებული აქვს ჩრდილო ოსეთს და იმიტომაც არიან მიმობნეულები ხაჩიძეები ქართლში).

მოკლედ, როგორცაა – მაგრამ მოხდა საინტერესო ფაქტი. სულ ახლახან პრ.-მა პუტინმა (2020 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე) განაცხადა, რომ, საერთაშორისო სამართლით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილია და, ზედაც, დაამატა, თვით სომხეთმა არ აღიარა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და ამ გარემოების გათვალისწინებითაც, ის აზერბაიჯანიაო.

რა თქმა უნდა, ეს ასეა, იმიტომ რომ გაერომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, სწორედ, სსრკ-ის დაშლის მომენტისთვის არსებულ საზღვრებში გვცნო, შესაბამისად, ცხინვალიც და სოხუმიც საქართველოა, ყირიმი კი – უკრაინა, თუმცა, რაკი თანამედროვე პოლიტიკაშიც პატარა კაცსა დიდ კაცთან არასდროს გასვლია მართალი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, თუ თურქეთისნაირი პარტნიორი ვერ ვიპოვეთ, მთლად კარგადაც ვერაა ჩვენი საქმე, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთში ერთი მოდგმის ხალხი ცხოვრობს, ხოლო ჩვენ გარდა კი ამ დედამიწაზე იბერო-კავკასიელები არ არსებობენ, პერსპექტივა არც თუ სახარბიელოა, მაგრამ, მეორე მხრივ, არც იმას გასვლია ყავლი, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად საკუთარი ხელები უნდა გაანძრიო (ტვინის პარალელურად).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი