პოლიტიკა

პროგრესის რეგრესი

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 09.04

პროგრესის რეგრესი
დაკოპირებულია

ანუ ჭკვიანი მანქანები და შტერი ადამიანები?!

ადამიანი ისედაც სიზარმაცისკენ მიდრეკილი არსებაა, ამდენად, შეიძლება, ითქვას, რომ სულზე მოუსწრო ხელოვნურმა ინტელექტმა (კუთხურს მოვიშველიებ: ისემც გაუხმათ თავი მის შემქმნელებს, იქ ინტელექტისა არაფერი ერიოს), იმიტომ რომ აწ მხოლოდ დავალების გაცემა დაევალება (თუ, რა თქმა უნდა, მანქანა, საბოლოოდ, მარად დამყოლი აღმოჩნდება). მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუდენტებმა ბოროტად დაიწყეს ტექნიკური მიღწევის გამოყენება, რაც, საბოლოოდ, ადამიანის გონებრივ დეგრადაციას გამოიწვევს. კერძოდ, მეცნიერებმა კვლევაც ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ChatGPT-ის გამოყენებამ სტუდენტების მეხსიერების დაქვეითება გამოიწვია, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რაც ზემოთ დავწერე (მეხსიერების გარეშე ვერ აზროვნებ).

ყველაზე ხშირად ChatCPT-ს, თურმე, სწავლა-განათლებაში გადავარდნილი და დროის სიმცირის მქონე სტუდენტები იყენებენ. მეორე მხრივ კი, სტუდენტები, რომლებსაც სწავლით თავის გამოჩენა, ანუ მაღალი ქულების მიღება სურთ, იშვიათად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. რატომ? ვინაიდან ეშინიათ, რომ ლექტორებმა არ შენიშნონ და ქულები არ ჩამოაკლონ. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდი, რომ ჩათბოტების შესაძლებლობებს ის სტუდენტები იყენებენ, რომლებიც ვერც გონებრივი მონაცემებით ბრწყინავენ და ისედაც დაბალ ქულებს იმსახურებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება აპირებს, აკრძალოს ChatCPT-ის გამოყენება თავის ქვეყანაში. მოტივი გასაგებია, არ უნდათ, რომ ტვინგამორეცხილი მომავალი თაობა ჰყავდეთ, რადგან ტვინგამორეცხილების მართვა და უცხო ინტერესების გავლენის ქვეშ მოქცევა ძალიან მარტივია.

რთული სათქმელია, რით დასრულდება ადამიანის ტვინისა და ადამიანის ტვინითვე შექმნილი ციფრული ტექნოლოგიის ჭიდილი, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, როგორ გაუწევს ადამიანი (რაც უნდა სხლავდეს მისი ტვინი) კონკურენციას მანქანას, რომელიც უფრო სწრაფია, არ იღლება, არც ავად ხდება, არც სითბო სჭირდება, არც გაგრილება, არც უფლებების დაცვა ... ან რატომ მიიჩნევა, რომ მანქანები ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან, როდესაც საქმე პირიქითაა: სამართავად კომფორტული მანქანები დაიკავებენ ადამიანების და არა მხოლოდ სამუშაო ადგილებს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი