პოლიტიკა

პრ.-ობიდან ნაპრ.-ობამდე

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.09, 2023 წელი

მედვედევი
დაკოპირებულია

ანუ ხურდის ხურდა

2008 წლის 26 აგვისტოს სწორედ რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გვამცნო, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა დე ფაქტო აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული, „იუჟნაია ოსეტია“. ხოლო ახლა უკვე 2023 წლის აგვისტოს თვეში განაცხადა (ამჯერად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობამდე ჩამოლაბორანტებულმა, როგორც ჩანს. პრ.-ი პუტინი აღარ აპირებს ნაპრ.-ალ მედვედევთან პრეზიდენტ-პრემიერ მინისტრობის პინგ-პონგის თამაშს), რომ დე ფაქტო აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული, „იუჟნაია ოსეტია“ შესაძლებელია, რუსეთს შეუერთდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს „გამწავებაში“, მაგრამ, ვინაიდან ახსენა, რომ ისევ საუბარია საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანებაზე და რუსოფობიამაც იფეთქაო (თავხედობას არ აქვს საზღვარი), უნდა ვივარაუდოთ, რომ „ნატოზე“ უარის თქმა და რუსეთისადმი სიყვარულის გულში აგიზგიზება მიაჩნია არმიერთების საფუძვლად.

ამასთან, დასავლეთს იქვე შეახსენა, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, რადგან აღმოფხვრა საფრთხეები და, რა თქმა უნდა, არც ამჯერად დაუკონკრეტებია, რა საფრთხეები აღმოფხვრა და დასძინა, არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორებაო, ამიტომაც მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელადო. ოღონდ ისევ პასუხგაუცემელია, რა იგულისხმა „გაეროს სულისკვეთებაში“ – ტერიტორიული მთლიანობა თუ ერთა თვითგამორკვევის უფლება და ისიც, ვისთან უნდა დასხდნენ მოსალაპარაკებლად – ჩვენთან თუ დასავლეთთან?!

თუმცა, თუ კვლავ ნაპრ.-ალი მედვედევის სიტყვებს გავიხსენებთ: „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი შემობრუნება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო“, სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებების სუბიექტად ჩვენ არ მოვიაზრებით. მეორე მხრივ, იმ მიზეზით, რომ „იუჟნაია ოსეტია“ კარგა ხანია, ილტვის, ქართული მიწა რუსეთს შეუერთოს, ცხინვალი გაყურსულია, მაგრამ აი, დე ფაქტო აფხაზეთიდან მაშინვე გამოეხმაურნენ ზემონახსენებ განცხადებას, აფხაზეთში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც რფ-სთან შეერთება სურსო და სერგეი შამბამ დაგვარწმუნა, რომ მოსკოვში მყოფი ბჟანია მედვედევს ამის შესახებ გაესაუბრება. აქვე კი შეგახსენებთ, რომ ბჟანია მოსკოვში უქეიფოდ შეიქნა და კლინიკაში მოათავსეს, რაც ასოციაციურად მახსენებს მოსკოვისვე კლინიკაში სერგეი ბაღაფშის უქეიფობასა და, საბოლოოდ, გარდაცვალებას. მე არ ვიცი, რას ეტყვის ბჟანია მედვედევს და, მით უფრო, შეიცვლის თუ არა მედვედევი ნააზრევს, ოღონდ ის კი აშკარაა, რომ, თუ ჩვენ ხურდა ვართ, დე ფაქტო აფხაზეთი ხურდის ხურდაა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა