პოლიტიკა

პოლიტელიტა თუ კვახი?!

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 04.05

პოლიტიკა თუ კვახი
დაკოპირებულია

ანუ როგორ დავბოლდეთ ეფექტიანად...

მას შემდეგ, რაც ჩვენმა ევროკავშირელმა პარტნიორ-მეგობრებმა ჩვენებურ პოლიტიკოსებს გვარიანად შეუნთეს ცეცხლი (თუმცა სინამდვილეში - სავარაუდოდ, გვარიანად შეაჯანჯღარეს), იმას გარდა, რომ ვიხილეთ კადრი, თუ როგორ იდგა ქართული პოლიტელიტა, დატუქსული ბალღებივით, ევროკავშირელი ფრიად მაღალ-მაღალი ჩინოვნიკის ვიდეოგამოსახულების წინ (რამაც უბრალოდ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ელიტა არა - კვახი, მაპატიეთ ასეთი პირდაპირობა, მაგრამ მოყვარეს პირში უძრახეო), პარლამენტიც გაბევრდა (აქამომდე რომ ტანთ იხევდნენ, რიგგარეშე არჩევნებიო, მათმა ნაწილმა უკვე დაიკავა ხალხის რჩეულის სავარძლები) და, დიდი ალბათობით, პირობაც დადეს, რომ აწი კარგად მოიქცევიან (ერთი ის დეტალი მაქვს დასაზუსტებელი, აუზში წყალს ჩაუსხამენ თუ ისევ თავებით უნდა მიეხეთქ-მოეხეთქონ ფსკერს).

ასეა თუ ისე, რაკი ჩვენი თანამემამულეების ნაწილმა (ასე, 60 000-მდე ამომრჩეველმა) ხმა „გირჩს“ მისცა (ანუ დეზერტირობისა და დაბოლების „თავისუფლებას“), უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აწ „გირჩელებითაც“ დამშვენდა: სიმართლე გითხრათ, მე იმას უფრო ვშიშობ, საოკუპაციო ხაზთან ნაცად მეთოდს ამ ორგანოშიც არ მიმართონ და ოპონენტებს ერთ დღესაც უკანალმოშიშვლებულები არ გამოეცხადონ.

მეორე მხრივ, ისიც არანაკლებ საინტერესოა, რაკი პარლამენტის წევრს, წესითა და კანონით, ევალება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა, როგორ გადაწყდება ეს ამბავი, სახელდობრ, „გირჩელებთან“, ვინაიდან მათგან ერთ-ერთმა (ვახტანგ მეგრელიშვილმა), საერთოდაც, პირდაპირ ეთერში გააბოლა მარიხუანა.

გააბოლა თუ დაბადებიდანვეა დაბოლილი, ხსენებულმა აწ უკვე დეპუტატმა ბრძანა, რომ საკუთარ თავს განათლების კომიტეტში ხედავს (ხედავს და, თუ გინდა, შარვალი წაართვი?!).

მიუხედავად იმისა, რომ ის (მაშასადამე, დეპუტატი მეგრელიშვილი) ნაუბრით მთლად დალაგებულის შთაბეჭდილებასაც ვერ ტოვებს (მაგრამ არც ისაა გამორიცხული, გენიოსების დარად ჰქონდეს გადახრა ნორმიდან), ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა უნდა შესთავაზოს ჩვენებურ, ისედაც დაკოდილ განათლების სისტემას: როგორ დავბოლდეთ ეფექტიანად თუ როგორ „დავტყდეთ“ ბრძოლის ველიდან გასაბერი „ეკლესიის“ „მადლით“?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

14- 20 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

რკინადეფიციტური ანემია

როგორ მოვიქცეთ რკინადეფიციტური ანემიის დროს