პოლიტაუქციონი?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 24.09
ანუ კარტოფილი vs 14 მილიარდი
გასულ კვირას აშშ-ის სენატში, დასავლელთა შეფასებით, „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონის შესახებ“ მოსაზრებებს მოუსმინეს. სენატშიო, ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, ვინაიდან ეკა გიგაურს („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი) სენატის საგარეო კომიტეტში მოუსმინეს, რათა ერთად დაერისხებინათ განგაშის ზარები, რომ ვცილდებით ევროკავშირს (და მერე რა, რომ აშშ ევროკავშირის წევრი არ არის?!) და აუცილებელია საქართველოში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის გადარჩენა (ეს კი, თავისთავად ბადებს მორიგ „მერე რას“ – თუ სუვერენიტეტი და დემოკრატიაა, სხვა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რატომ უნდა არჩევდეს, რა კანონი მიიღოს ან არ მიიღოს ამა თუ იმ ქვეყანამ?!).
მოკლედ, ერთი მხრივ, ქ-ნმა გიგაურმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია და სუვერენიტეტი საფრთხის ალყაში მოექცევიან, თუ საზოგადოება შეიტყობს არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლებს (აქვე გეტყვით, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ისედაც იციან, კანონიდან გამომდინარე), მეორე მხრივ, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის პატივცემულმა წევრებმა განაცხადეს, რომ ვერ დაუშვებენ საქართველოს ან სხვა რომელიმე ქვეყნის მიერ დასავლური წარმოშობის ფულის შემოწმების საკითხს, იმიტომ რომ ეს ფული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება.
შიგადაშიგ საქართველოს ხელისუფლების აშკარა საგინებელი შეფასებებიც ისმოდა, თუმცა, რაკი გამოხატვის თავისუფლებაა, როდესაც რომელიმე ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ბედი გაღელვებს, სავარაუდოდ, ლანძღვაც მოსულა. ამის პარალელურად ქ-ნმა ბოკუჩავამ („ნაციონალური მოძრაობის“ თავქალმა) გვაუწყა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის დაძაბვის გამო ქვეყანა 14 მილიარდ ევროს დაკარგავს. მართალია, ეს 14 მილიარდი ის 14 მილიარდი არ არის, როგორც საქართველოს რომელიმე მოქალაქეს შეიძლება, წარმოედგინოს (ამ თემაზე არ შევჩერდები, ვინაიდან ქართული მედია ამ საკითხს სულ გამოწვლილვით არჩევს), მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თითოეულ ამომრჩეველს 14 მილიარდს ჩაუკუჭავენ ჯიბეში (ან, სულაც იმ 14 მილიარდს 3 მილიონ 700 ათას ამომრჩეველზე გაყოფენ და რაც გამოვა, თითოეულს, იმას ჩაუკუჭავენ), იბადება რიტორიკული კითხვა: რატომ იჩაგრებიან ზეთი და კარტოფილი, ანუ რა განსხვავებაა ამომრჩევლის პროდუქტებითა და დიდი ფულით (თან, როდესაც ის დიდი ფული დიდი ფული არ არის) მოსყიდვას შორის?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან