ფრანგული ჭორი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.01, 2022 წელი

ანუ სქესთა ჭიდილი
მაშინ, როდესაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ისე გაუხდა საქმე მსოფლიო პოლიტიკას და არც ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რაში დაგვახურდავებენ (ან, ღმერთმა ქნას არ დაგვახურდაონ), საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მეორე ვადით არჩევა შესაძლოა, მოესურვილოს მოქმედ პრეზიდენტ მაკრონსაც (თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ მერკელი უკვე წარსულის კუთვნილებაა, ევროკავშირში კი, ჟარგონს თუ მოვიშველიებთ, „სტოსი“ საფრანგეთსა და გერმანიას მიჰყავთ, იმანუილის, განა კანტის?! მაკრონის სურვილი სავსებით ბუნებრივია).
შესაძლოა, ამიტომაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი ქალია და დაბადებით ვაჟი იყო. ყველაზე საინტერესო (რასაკვირველია, ჩემი მოკრძალებული აზრით) ისაა, რომ ბრიჯიტი აპირებს, სასამართლოში იჩივლოს (გოგონად დავიბადეო). აქვე შეგახსენებთ: მას პირველი ქორწინებიდან სამი ზრდასრული შვილი ჰყავს (და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტრანსგენდერი ქალები შვილებს ვერ აჩენენ – მოგეხსენებათ, ამ უსქესობის ზეობის ჟამსაც კი, შვილის გასაჩენად, სულ მცირე, საშვილოსნოა აუცილებელი, თორემ კვერცხუჯრედს რამენაირად იშოვის მონდომებული ადამიანი).
მე არ ვიცი, რა სქესი ჰქონდა დაბადებისას ბრიჯიტ მაკრონს და არც ის, გახდება თუ არა მეორე ვადით საფრანგეთის პრეზიდენტი იმანუელ მაკრონი, მაგრამ უნდა ვაღიარო, მესიამოვნება, თუკი საფრანგეთის პირველი ქალბატონი ამ ცილისწამებას გაასაჩივრებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან