პოლიტიკა

ოინბაზი დიქტატორი

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.11, 2021 წელი

ოინბაზი დიქტატორი
დაკოპირებულია

ანუ მოვაჭრე „ბაწკა“

სანამ, სახელდობრ, ჩვენ რუსთავისა და გლდანის ციხეებს შორის დავრბივართ (ზოგი ფიზიკურად, ზოგიც – ვირტუალურად, ანუ სოციალური ქსელებით ან ტელევიზიით ადევნებს თვალყურს მოვლენებს), ბელარუსიდან პოლონეთისა და ლიეტუვას საზღვრებს ახლო აღმოსავლელი ლტოლვილები მიაწყდნენ. აქედან გამომდინარე, პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელორუსი ამ ამბის პროვოცირებაში დაადანაშაულეს და სანქციებითაც დაემუქრნენ.

თუმცა ბელორუსის პრეზიდენტი არ შემდრკალა, თადარიგი დაიჭირა და ევროკავშირს შეუთვალა (რეკომენდაციის სახით) – სანამ სანქციებს დამიწესებთ, დაფიქრდით, გაზი და ის ტვირთები გაიხსენეთ, რომლებიც თქვენკენ და თქვენგან ბელორუსის გავლით მიდი-მოდიანო. მაინც მოვიყვან ციტატას (ცხადია, ბელორუსის პრეზიდენტისა): „და თუ ჩვენ თქვენ დაგიკეტავთ გაზის ტრანზიტს? უკრაინიდან ვერაფერს მიიღებთ, იმიტომ რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარი ჩაკეტილია. ბალტიისპირეთის გავლით გზა არ არსებობს“ და დასძინა, რომ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად უკან არაფერზე დაიხევს (ის კიდევ სხვა საქმეა, რუსეთის ჭკუაზე სიარული როგორი სუვერენიტეტია).

ასეა თუ ისე, აქამომდე, როგორც თავად ლუკაშენკო განმარტავს, აკავებდა მიგრანტებს, მაგრამ ახლა (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ევროკავშირის მიერ უკვე დაწესებული სანქციების გამო მიგრანტების შეკავების არც ძალა გვაქვს და არც ფულიო.“

ცხადია, ჩვენ არ ვიცით, შეისმენენ თუ არა ლუკაშენკოს შეგონებას (უფრო მუქარას) ევროკავშირლები (უდავოა, ბელორუსის პრეზიდენტმა მეტად სარფიანი დრო შეარჩია მიგრანტების შეკავებაში უძალობის აღიარებისთვის, ანუ ზამთარი), მაგრამ ფაქტია, რომ, როცა ხელში კოზირები გაქვს, პოლიტვაჭრობა ერთი სიამოვნებაა. ყოველ შემთხვევაში, რუსთავის ციხიდან გლდანის ციხემდე სირბილს აშკარად უჯოკრავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი