პოლიტიკა

ობლის კვერის პერსპექტივა

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 20.11, 2023 წელი

ობლის კვერის პერსპექტივა
დაკოპირებულია

ანუ გულის წყვეტები

გასულ კვირას სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ, ევროკავშირი, უდიდესი ალბათობით, დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, აქვე შეგახსენებთ, რომ ეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ გაცილებით ადრე მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში, ერთი მხრივ, სისხლისმღვრელი ომია, მეორე მხრივ კი, უსაზღვრო კორუფცია, ხოლო მოლდოვა, ჯერ ერთი, დსთ-ის წევრია, მეორე მხრივ კი, მოლდავურ კორუფციაზე ლეგენდები დადის.

ბუნებრივია, შური ცუდი თვისებაა, მაგრამ ჩვენ გული დაგვწყდა, რომ იმ რამდენიმე თვის წინ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ გაიმეტეს, ხოლო საქართველოზე, ყველა პარამეტრით, ჩამორჩენილ ზემონახსენებ ორ ქვეყანას ულაპარაკოდ მიანიჭეს.

გულის წყვეტა იქით იყოს (გული ცუდი მრჩეველია), საკითხი რაციონალურად შევაფასოთ: ფაქტია, ეს ორივე გადაწყვეტილება, თავდაპირველად, ევროკავშირის პარამეტრებისთვის სრულიად შეუთავსებელი ორი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ულაპარაკოდ მიცემა, მოგვიანებით კი – ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ხისტი განცხადებებისა (მე ვიტყოდი, მუქარანარევისაც), კანდიდატობის სტატუსის მინიჭებისთვის მწვანე შუქის ანთება, არც მეტი, არც ნაკლები, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

შესაბამისად, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ის ესადაგება ევროკავშირის პოლიტიკურ ინტერესებს, აქედან გამომდინარე კი, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყველაფერს მართავს ინტერესები და არა ის, ხარ თუ არა უზადო და თანამდებობისთვის შესაფერისი.

ამის პარალელურად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარეც (ეს მეორე მხარე რფ-ის რეაქციაა და ამ რეაქციას ის გამოამჟღავნებს არა დასავლეთის, არამედ საქართველოსადმი, იმიტომ რომ ეს ორი ერთმანეთს, ძირითადად, სხვებით ურახუნებს) და, რაც მთავარია, ფონი; იმას გარდა, რომ ნებისმიერი მონაპოვარი გულისხმობს ხარკის გაღებასაც (ეს არა მხოლოდ პოლიტიკის, ზოგადად, სამყაროს წესია).

თუმცა, იდეალურ სცენარში, საქართველო შესაძლოა, გახდეს რეგიონის ლოკომოტივი და უფრო მეტად საჭირო სამხრეთელი, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მეზობლებისთვის. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, ობლის კვერი, საბოლოოდ, მაინც გამოცხვება და არ დანახშირდება...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული