პოლიტიკა

ნებითა თუ ძალდატანებით შეშლილები

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 16.01, 2023 წელი

ნებითა თუ ძალდატანებით
შეშლილები
დაკოპირებულია

ანუ მახათცვენა

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო, ნებით თუ ძალდატანებით, შეიშალა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „კარმენის“ ფინალიც გადააკეთეს (სექსისტურიაო, ანუ დრამატურგიას ხაზი გადაესვა) და მეცნიერს, რომელმაც თქვა, რომ თეთრკანიანებს გაცილებით მეტი ინტელექტუალი ჰყავთ, ვიდრე ფერადკანიანებს, რაც მათი ტვინის განსხვავებებზე მიუთითებსო, ყველა სამეცნიერო წოდება ჩამოართვეს, რაღა გასაკვირია, რომ კარგა ხნის წინათ გარდაცვლილ ფრანკო ძეფირელის (უფრო ზუსტად, „პარამაუნთ ფიქშერზს“) რომეოსა და ჯულიეტას როლების შემსრულებელი მსახიობები უჩივიან.

შეგახსენებთ, რომ ფილმი 1968 წელსაა გადაღებული და მსახიობები, საცაა, 80-ს მიუკაკუნებენ (იმედია, ამ სიტყვას „ეიჯიზმში“ არ ჩამითვლიან თანამედროვე სათუთი ლიბერალები), სავარაუდოდ, ახლაღა გააცნობიერეს, რომ მაშინ არასრულწლოვნები იყვნენ, როგორც თავად ამბობენ, რეჟისორმა მათი გულუბრყვილობით უბრალოდ ისარგებლა და მოატყუა ისინი, დააძალა, გაეხადათ კამერის წინ და იქვე ამატებენ, მანამდე გვარწმუნებდა, მსგავსი არაფერი მოხდებაო.

მოკლედ, რაკი მოსახდენი, მოხდა, მსახიობები კინოკომპანიისგან 500 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვენ, იმ ტკივილის ასანაზღაურებლად, რაც მათ განიცადეს ფილმის გამოსვლის შემდეგ.

აქვე შეგახსენებთ, რომ კადრებში მცირე ხნით ჩანს, რომეოს როლის შემსრულებლის უკანალი და ჯულიეტას როლის შემსრულებლის მკერდი (საბჭოთა მაყურებელს, თავის დროზე, ფილმი ისე აჩვენეს, რომ ეს კადრები იქ არ ყოფილა, რათა საბჭოთა მოქალაქის შეურყვნელი თვალი შეურყვნელადვე დარჩენილიყო).

მეორე მხრივ, ჯულიეტას როლის შემსრულებელი 2018 წელს, სანამ ფრანკო ძეფირელი ცოცხალი იყო (ის 2019 წელს გარდაიცვალა), პირიქით ამბობდა, რომ არაფერი იყო სათაკილო, თუ მათი სხეულის შიშველი ნაწილები ჩანდა ფილმში, მაგრამ, როგორც ჩანს, აწ უკვე აზრი შეიცვალა.

ბუნებრივია, მოვლენა არც ისე მასშტაბურია, თუმცა თქვენი ყურადღება იმის გამო მოვაცდინე, რომ ეს ფაქტიც მოწმობს, თანამედროვე სამყაროში მარაზმი ისეთ ტურბულენტურ ზონაში შედის, არც იმას გამოვრიცხავ, მეან-გინეკოლოგებსაც უჩივლონ, მშობიარეებს სასირცხვო ადგილებში დაჟინებით უცქერენო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული