პოლიტიკა

„ნატო“, როგორც ჰორიზონტი

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 06.03, 2023 წელი

ნატო როგორც ჰორიზონტი
დაკოპირებულია

ანუ დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი

ერთია, რას ამბობენ დასავლელი პოლიტიკოსები (იმიტომ რომ ისინი, ავად თუ კარგად, მეტ-ნაკლები დიპლომატიის ფარგლებში მოქმედებენ და მეტყველებენ) და მეორე – რას წერს დასავლური მედია (მას, იმას გარდა, რომ არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც მთავარია, შეუძლია საზოგადოებრივი აზრის მოთელვაც და შემზადებაც).

შესაძლოა, ამიტომაც, ამერიკული Bლოომბერგ-ის ცნობით (ომიდან ერთი წლის თავზე), „უკრაინის მომავალი არ არის დაკავშირებული „ნატოსთან“. თვალსაწიერ მომავალში უკრაინა ვერ გახდება „ნატოს“ წევრი.”

მართალია, ეს იმთავითვე ცხადი იყო (არადა, სწორედ „ნატოში“ სწრაფვის გამო დაესხა რუსეთი თავს უკრაინას), მაგრამ ამის საკუთარი თვალებით წაკითხვა, დამეთანხმებით, უფრო უსიამოვნოა (თუმცა მოყვარეს, სწორედაც რომ, პირში უნდა უძრახო), მით უფრო, რომ 2008 წელს რუსეთი ჩვენც სწორედ „ნატოში“ გაწევრიანების გაცხადებული სურვილის გამო დაგვესხა თავს.

ოღონდ ჩვენ მაინც ვერა და ვერ შევიგნეთ, რომ პოლიტიკას რომანტიზმის არაფერი სცხია და სულაც რომ ყურებზე გაიარო, თუ პოლიტიკური ინტერესები არ მოითხოვს, „ნატოში“ კი არადა საქათმეში არ შეგშვებენ.

უფრო მეტიც, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ახლახან განაცხადა, რომ უკრაინა „ტაიფუნის“ ტიპის ავიაგამანდგურებლების მიღებას ომის დასრულების შემდეგ შეძლებს – მფრინავების მომზადებასაც დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ეს ჯობია, ახლავე დავიწყოთო.

სიახლე არც თუ სასიამოვნოა, იმიტომ რომ ომში ცვილის კი არა ნამდვილი ჯარისკაცები იხოცებიან, თუმცა, რაკი, მით უფრო, გეოპოლიტიკისთვის უცხოა სენტიმენტალიზმი, მით მეტად ვრწმუნდები, რაოდენ დიდი ადამიანური სიშტერეა ომი. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის დროსაც კი ვაშინგტონი მოსკოვს უთანხმებს აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ჩასვლას, იმ მარტივი მიზეზით, რომ რომელიმე გზააბნეულმა ან დამიზნებულმა რაკეტამ არ შეაშფოთოს.

ამ უკანასკნელმა ფაქტმა, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებაც გააღიზიანა, თუმცა, ვფიქრობ, შფოთი ამაოა, ვინაიდან შეთანხმების ფაქტი მოწმობს, რომ ორივე მხარე ადეკვატურობის ზონაშია, მაგრამ იმასაც, რომ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის დანარჩენი ყველა და ყველაფერი გაიწირება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი