პოლიტიკა

„ნახეს უცხო მოყმე ვინმე, დგა მტირალი“

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.03

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მიუნჰენს ცრემლების სჯერა?!

მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისეთი ამბები დაატრიალა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბ-ნმა ვენსმა, რომ (ანუ ევროპას ისეთები უთხრა, როგორც გურიაში იტყვიან, ყურიდან ყურში რომ არ შეიშვებოდა, თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ, სამწუხაროდ, სრული სიმართლე, ხოლო სიმართლე, ხალხური სიბრძნის თანახმად, თვალის სინათლეა) მიუნჰენის კონფერენციის თავმჯდომარე ქრისტოფ ჰოისგენი ფორუმის დახურვისას, როდესაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის გამოსვლას აფასებდა (სახელდობრ, ბრძანა „ჩვენი და ამერიკის ფასეულობების ბაზა უკვე ძველებურად ერთიანი აღარ არისო“), ცრემლებად დაიღვარა (ანუ, დაახლოებით, ეს სცენა გათამაშდა: ნახეს უცხო მოყმე ვინმე, დგა, არც მეტი, არც ნაკლები, ევროტრიბუნის პირსა). ბუნებრივია, კონფერენციის მონაწილეებმა იგი დაამშვიდეს (პირდაპირ სცენაზე) და გულშიც ჩაიკრეს.

თუმცა, თუ ბ-ნი ჰოისგენის ბიოგრაფიას გავიხსენებთ, ის გერმანიის წარმომადგენელი გახლდათ გაეროში და, ასევე, ანგელა მერკელის მრჩეველი, წესით, ძალიანაც ჩვილი გულის პატრონიც არ უნდა იყოს, მაგრამ შესაძლოა, რაკი ახლა ფემინური მამაკაცები და, საერთოდაც, უსქესობაა მოდური (აშშ-ში – აღარ, მაგრამ, სავარაუდოდ, ევროპის პერიმეტრზე - ისევ), ზემონახსენები კურცხლებიც ნარატივის ამბავი იყოს. მეორე მხრივ, ისეთი ამბები გაირკვა აშშ-ში, რომ სატირლად ნამდვილად აქვს საქმე დემოკრატიას. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ ელონ მასკი თავისი ხუთკაციანი გუნდით (სულ ახალგაზრდები არიან) და ხელოვნური ინტელექტით, ფედერალურ სამსახურებს ამოწმებს და სამი კვირის თავზე გაარკვიეს, რომ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია იყო, თუ იყო, გაშინაურებული კორუფციასთან. ასე განსაჯეთ, რომ აშშ-ის სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაცია (1.3-ტრილიონიანი ბიუჯეტით) 20 მილიონამდე მკვდარ სულს აძლევდა სოციალურ დახმარებას (მათი ასაკი ასიდან ოთხას წლამდეც კი მერყეობდა). და როგორც ზემოხსენებული მასკი აცხადებს, ეს მხოლოდ დასაწყისია. შესაბამისად, ეტყობა, რომ გურამიშვილის თეზა -„ამად ვსწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რაცა ელავს“ – გამონაკლისებს თვით დემოკრატიის აკვანშიც არ ცნობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა