პოლიტიკა

„მზეზე მაღალი“

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 15.06, 2021 წელი

დაკოპირებულია

ანუ შარლ მიშელმა დაგვიბარა

მართალია, ოპოზიცია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საყველპუროდ რომ იტყვიან, კანიდან ხტებოდა, არჩევნები გაყალბდა და ჩვენნაირი უმწიკვლო წარსულისა და სინდისიერი არსებებისთვის ასეთი გაყალბების შედეგად არჩეულ პარლამენტში ადგილი არ არისო (თუმცაღა მე გარწმუნებდით, რომ შევლენ კი არადა, ერთმანეთს შეასწრებენ, თუკი მიხვდებიან, რომ, როგორც მათთვისაა ხელსაყრელი, მოვლენები ისე არ განვითარდებოდა), მაგრამ ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) პროგნოზი გამართლდა. და აწ უკვე მივიღეთ სინამდვილე, როდესაც ერთმანეთს ასწრებენ ხალხის რჩეულთა სკამების დასაკავებლად (ცხადია, ჩვენი ბედნიერებისთვის, თორემ მათ ხმელა პურიც კი ეყოფათ, ოღონდ კი სამშობლოს ემსახურონ).

ასეა თუ ისე (უფრო კი, ვაი რომ, ჭაკად) ამ ჩვენს ორგანოს (ამჯერად უმაღლეს საკანონმდებლოს) კიდევ ერთი ფრაქცია შეემატა, მე ვიტყოდი, ანეკდოტური სახელწოდების: „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“. იგი შვიდკაცაა (არადა, „კრიმანჭული“ უფრო მოუხდებოდა სახელად, მაგრამ კაცია და გუნება), სახელდობრ, ამიერიდან უკვე შარლ მიშელისტები ბრძანდებიან: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე. ოღონდ ზურაბ ჯაფარიძემ (რომელიც ვერ გავარკვიე, სახელდებითაც „გირჩელია“ თუ მხოლოდ შინაგანი არსი დარჩა „გირჩული“) განმარტა, რომ მეშვიდე კაცად შევიდა, რადგან ფრაქციას ექვსნი ვერ ქმნიდნენ. ამდენად, არც ის ვიცი, შარლ მიშელისადმი წრფელი გრძნობები აკავშირებს თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ანგარებაა.

თავქალად ხათუნა სამნიძე აირჩიეს (როგორც იქნა, მისი კოჭიც დაჯდა ალჩუზე, ანუ სკამზე), მან კი დაგვაიმედა, რომ მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულებას კი არ გააკონტროლებენ, არამედ სხვა რამე-რუმეებსაც. ბუნებრივია, ჩვენთვის უცნობია, რა რეაქცია აქვს შარლ მიშელს, რომ მის სიცოცხლეშივე უკვდავყვეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მისი სახელი და მთლად ხელთუქმნელი თუ ვერა, ვაზელინიანი ძეგლი დაუდგეს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩემი ძალიან თამამი და საკმაოდ კრეატიული პოლიტფანტაზიისთვისაც კი წარმოუდგენელი გახლდათ ასეთი სახელწოდების მოფიქრება, რადგან, არც მეტი, არც ნაკლები, გასული საუკუნის 20-ანი წლების ბოლშევიკების ტვინის ნაჟურის ანარეკლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი