პოლიტიკა

მოუწევს თუ არა „ნატოს“ ომი უკრაინა-რუსეთის გაერთიანებულ არმიასთან

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 31.01

არესტოვიჩი
დაკოპირებულია

ოლექსი არესტოვიჩი, აქამომდე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის რომელიც დედოფლისწყაროშია დაბადებული და მაშინ ალექსეად იწოდებოდა, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. თავად მიიჩნევს, რომ არსადაც არ გაქცეულა, როგორც ამას, მისი თქმით, მისივე ოპონენტები ამბობენ, რადგან უკრაინის საზღვრები ჩაკეტილი არ არის და ნებისმიერს შეუძლია ქვეყნიდან გასვლა. თუმცა საქმე მთლად ასეც არ არის: უკრაინიდან გასაწვევი ასაკის მამაკაცების გასვლა შეზღუდულია, თუ მათ არ აქვთ ობიექტური მიზეზები: არ დაქორწინდნენ ქვრივსა ან მრავალშვილიან ქალზე, არ არიან დაჭრილები ან დაჭრილების გამყოლები. ასეა თუ ისე, ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის პოზიცია რადიკალურადაა შეცვლილი და თუკი ომის დაწყებისა და მისი მიმდინარეობის პირველ ნახევარში ის დარწმუნებული იყო, რომ უკრაინა არათუ დაამარცხებდა რუსეთის ფედერაციას, არამედ თბილისსაც ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, შესულიყო ცხინვალის რეგიონსა და დე ფაქტო აფხაზეთში, თუ არადა, უკრაინელი გოგო-ბიჭებით გვემუქრებოდა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდოდნენ და ჩვენს საქმეს გააკეთებდნენ. გვამუნათებდა, რომ ლაჩრულად ვიქცეოდით. მაგრამ ხანი გამოხდა და ხსენებული ყოფილი ჩინოვნიკი აბსოლუტურად განსხვავებულად აფასებს უკრაინა-რუსეთის ომს და უკრაინა-დასავლეთის ურთიერთობებს, ოღონდ დასძენს, რომ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ეწევა, მისი პოზიცია კი ურყევია. ურყევია თუ მერყევი, გთავაზობთ ალექსი არესტოვიჩის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიდან ამონარიდებს, რაც შეიძლება, ბოლომდე სიმართლე არც იყოს, მაგრამ სავარაუდო სცენარის ვერსია ნამდვილადაა.

კითხვას, თუ რას ნიშნავს 2024 წელს „ნატოს“ მიერ დაგეგმილი უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები „ცივი ომის“ პერიოდიდან, რომელიც უნდა ჩატარდეს გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 41 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 ხომალდი და შესრულდება 700 გაფრენა სამხედრო თვითმფრინავებით, რუსეთის მოსაგერიებელი სცენარით, შემდეგნაირად პასუხობს:

ოლექსი არესტოვიჩი: „ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ რცხვენიათ, თქვან, რომ ემზადებიან, თავი დაიცვან რუსეთისგან. მანამდე იგონებდნენ რაღაც თეთრ, წითელ, ფერად სახელმწიფოებს, რომლებსაც აპირისპირებდნენ რუსეთთან, ახლა კი პირდაპირ ამბობენ, რომ ატარებენ სწავლებას, რათა მოიგერიონ რუსეთის თავდასხმა ევროპაზე. მეორე – 40 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 ხომალდი და 700 გაფრენა ზემსხვილი სამხედრო სწავლებაა, რაც მიუთითებს, რომ სერიოზულად აფასებენ სამხედრო მომზადების საკითხს, ემზადებიან რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის და არ ერიდებათ ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ სამხედრო მოქმედებების ახალი მეთოდები დაამუშაონ, იმ გამოცდილებით, რაც მიიღეს უკრაინაში საომარ მოქმედებებზე დაკვირვებით. ამიტომ, დიახ, ეს აჩვენებს, რომ „ნატო“ ემზადება ულტიმატუმის საპასუხოდ, დავუბრუნდეთ 1997 წლის საზღვრებს.

* * *

უკრაინის „ნატოში“ მიღება, რა თქმა უნდა, აშშ-ის მსხვილი საგარეო პოლიტიკური მიღწევა იქნებოდა, და აჩვენებდა, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურები აქტიურია მუდმივი მტრისადმი დამოკიდებულებაში, მაგრამ მე სიფრთხილით ვუყურებ უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანებას. დღეს ველაპარაკე ამერიკელ გენერალს, ევროპის შეიარაღებული ძალების ყოფილ სარდალს და ჩემს კითხვაზე, რა წინააღმდეგობა არსებობს უკრაინის „ნატოში“ გასაწვრიანებლად, მან მკაფიოდ მიპასუხა, რომ უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანების წინააღმდეგობა არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, იმიტომ რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კარგა ხანია, დაამტკიცეს, რომ მზად არიან „ნატოში“ გასაწევრიანებლად. წინაღობები, ძირითადად, სამოქალაქოა. კერძოდ, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და მსგავსი საკითხები. „ნატო“ არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, მას აქვს სამხედრო-პოლიტიკური სტანდარტები და სანამ არ დააკმაყოფილებ პოლიტიკურ სტანდარტებს, არ მიგიღებენ. „ნატოს“ წევრი ქვეყნების არმიები სტრუქტურულად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მისი პოლიტიკური სტანდარტები მკაცრია, ამიტომ უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანება უფრო პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული, ვიდრე სამხედროებზე.

* * *

მოდი, ვნახოთ სხვადასხვა სცენარი. რაკი ჩემს თავზე ავიღე სიმართლის მთქმელის უმადური როლი, ბოლომდე ვიტყვი: „ნატოსგან“ არის სიგნალი უკრაინის ნატოელი მეგობრების დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე. ანუ, გეგმა, რასაც ახლა დასავლეთი გვთავაზობს, ასეთია: ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება და გარანტიები დიდი შვიდიანისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მხრიდან. „ნატოში“ უკრაინის გაწევრიანებაზე ლაპარაკი გასაკვირიც კი იქნებოდა, მაშინ, როდესაც უნგრეთი არ უშვებს „ნატოში“ შვედეთს; სად შვედეთი და სად უკრაინა?! ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ შედარებით იოლად შეგვეძლო მოგველაპარაკა, ნახევარი წლის შემდეგ კიდევ უფრო ძნელი იქნება. მართალია, გეგმაა ევროკავშირი პლუს გარანტიები, მაგრამ ახლა რუსეთი დაიწყებს დარტყმებს ინფრასტრუქტურაზე, რუსეთი მსხვილ შეტევას ამზადებს, რომელიც ან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყება, ან მალევე ამის შემდეგ და თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება დასავლეთის დახმარება, რუსეთის შეტევის შეჩერება ძალიან რთული იქნება. სავსებით მოსალოდნელია ახალი ტერიტორიული დანაკარგები, უფრო მეტი ადამიანი მოექცევა ოკუპაციის ქვეშ. ვეუბნებით ადამიანებს ამის შესახებ; ვამზადებთ იმისთვის, რაც მოსალოდნელია?! ემზადება არმია?! ვყიდულობთ დრონებს? ვაფართოებთ წარმოებას?! ვაკეთებთ ამ ყველაფერს?! ჩემი პასუხი უარყოფითია, თუმცა შეიძლება, მე სრული ინფორმაცია არ მაქვს. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ 2024 წელს უკრაინისთვის დადებით სცენარებს, შეიძლება, ცა გაიხსნას კიდეც და რაღაც შეიცვალოს, მაგრამ არ ველი არაფერ პოზიტიურს არც კონფლიქტის გაყინვის და არც არგაყინვის შემთხვევაში.

* * *

პუტინმა მკაფიოდ მიანიშნა – ისეთ წინადადებას, რაც 2022 წლის მარტში შემოგვთავაზა, აღარასდროს შემოგვთავაზებს. მეტიც, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ჩვენ არ დავთმობთ, რაც ომით დავიკავეთ, ამატებს, რომ ისინი მიმართავენ სისტემურ მცდელობებს, რადაც უნდა დაუჯდეთ (ხაზს ვუსვამ – რადაც უნდა დაუჯდეთ), რომ შემდეგი წინადადება, რომელსაც შემოგვთავაზებენ, იყოს უფრო ხელსაყრელი მათთვის და უფრო არახელსაყრელი ჩვენთვის. მოლაპარაკებები რომ ახლა დაიწყოს, არ დაგვიბრუნებენ ყირიმსა და იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა უკავიათ, მაშინ გვაძლევდნენ. მათი ყოველი მომდევნო წინადადება იქნება უფრო და უფრო უარესი წინა წინადადებაზე და ისინი ამბობენ, ხომ თავად ავკრძალეთ ჩვენთან ნებისმიერი მოლაპარაკება?! ამ დროს ჩვენი პრეზიდენტი (ზელენსკი) გამოდის დავოსის ფორუმზე და პუტინს უშვებს სამ ასოზე, ეუბნება, შენ ხარ ცხოველი, ამიტომ, მეგობრებო, მოდი, გავერთიანდეთ და მოვუღოთ მას ბოლო. დარბაზი დიდხანს უკრავდა მას ტაშს. ყველა აღფრთოვანდა ჩვენთანაც, რომ აი, ჩვენ გვყავს საუკეთესო პრეზიდენტი, რომელიც არ ჩაჰბარდება პუტინს. კარგი და როგორ ფიქრობთ, როდესაც გვაქვს ორი ვექტორი: ერთი მხრივ, ერთი ამბობს, რომ შემდეგი შემოთავაზება იქნება უარესი და მეორე მხრივ, მეორე ამბობს, რომ ჩვენ არ მოვილაპარაკებთ თქვენთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე, შედეგი როგორი იქნება?!

* * *

არის ასეთი წინასწარმეტყველური ფილმი: „გაზაფხულის 17 გაელვება“. ის ბევრჯერ აქვთ ნანახი, მაგრამ ცუდად უსმენდნენ. მატარებელში გერმანელი გენერალი შტირლიცს ეუბნება: ამერიკელებს ერთი წელია, ვეომები და ამ ბრიყვებს მათივე ტექნიკა დაღუპავს. ბოლო სიახლეა ის, რომ 400 საკონტინენტთაშორისო ამერიკული რაკეტა მოდერნიზაციას არ ექვემდებარება და ექვსი თაობით ჩამორჩება ამ სფეროში დღევანდელ მიღწევებს. ეს ის არის, რაც ისრაელს მოუვიდა, რომელიც მზად იყო მცირეხნიანი ომებისთვის. როდესაც საცოდავ „თალიბებს“ უყურებდნენ 15 თანამგზავრიდან 10 ბომბდამშენით 40 სპეცრაზმელი და 150 ელექტრონული სენსორები და, ამასთან, მათკენ მიფრინავდა სამი ჭკვიანი რაკეტა, მიუხედავად ამისა, თალიბებიც კი მეტნი აღმოჩნდნენ, ხოლო დიდ კონტინენტურ ომს ისრაელი ვერ გაუძლებს. ქვეყანა, რომელიც შემოჭრილი დრონის გასანეიტრალებლად იყენებს 2-მილიონიან რაკეტას, ცუდ ომს აწარმოებს.

* * *

თუ უკრაინა წააგებს ომს რუსეთთან, ბაიდენმა უკვე თქვა, რომ მაშინ მათ მოუწევთ იომონ უკრაინისა და რუსეთის გაერთიანებულ არმიასთან, ეს ბაიდენის პირდაპირი ციტატაა და იგივე გაიმეორა ოსტინმა. ამ ნათქვამის არსი ისაა, რომ, თუ რუსეთი დაიპყრობს უკრაინას და ჩვენ ნამდვილად წავაგებთ ამ ომს დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, ადამიანების ნაწილი მოხვდება რეპრესიებში, რუსეთი იმოქმედებს წახალისებისა და დასჯის მეთოდით და ვინც არ მოექცევა რეპრესიებში, მათ ევროპის წინააღმდეგ ომში გარეკავენ. და როდესაც 400 000-ათასიანი რუსებისა და ჩვენი 800 000-იანი არმია მიადგებიან ევროპას, „ნატოს“ ისეთი რამ მოუვა, რომ ამერიკელები იდაყვებს დაიკბენენ, მაგრამ ძალიან გვიან იქნება. აქ სამი სახალისო მომენტია: როდესაც ეს არგუმენტად ვთქვი, მაშინვე მომაწებეს „ეფ ეს ბეს“ აგენტის იარლიყი, არესტოვიჩი უკვე უკრაინული და რუსული არმიების გაერთიანებაზე ლაპარაკობსო. ტალინში, სადაც ეს ვთქვი, იქაური ტელევიზიის თანამშრომლები მოცვივდნენ და ნერვიულად მეკამათებოდნენ, მლანძღავდნენ. მივიდნენ და, ახლა ბაიდენი და ოსტინი გალანძღონ იმავეს თქმისთვის?! მეორე მომენტი: თუ ბაიდენის ადმინისტრაცია იძულებულია, ასეთი არგუმენტი დაასახელოს, ესე იგი, საქმე ძალიან ცუდადაა. აშშ-ის პრეზიდენტი იყენებს უკანასკნელ არგუმენტს, სხვა არგუმენტი აღარ არსებობს. ისიც გავიგე, რომ ოსტინმა კონგრესში უთხრა მათ, ვინც ჩვენთვის დახმარების გამოყოფის მომხრეა, რომ მათ ნათესავებს გამოიძახებს და გაუშვებს რუსეთის წინააღმდეგ საომრად. ესეც ძალიან უკიდურესი არგუმენტია და წარმოუდგენელიც კი ამერიკული პოლიტიკისთვის. ხოლო მესამე მომენტიაა, რომ ეს საფრთხე რეალურია და რაც ადრე გააცნობიერებენ ამას ევროპელები, მით უკეთესი იქნება მათთვის და ამერიკელებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული