პოლიტიკა

„მოდის მატარებელი, გულის გამხარებელი“?!

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 03.05, 2022 წელი

მოდის მატარებელი
დაკოპირებულია

ანუ ნაჭერი ობლის კვერიდან

კარგა ხანია, ცნობილია, რომ ჩინეთმა შეიმუშავა პოლიტიკა –„ერთი სარტყელი – ერთი გზა“ და ჩვენც, ცხადია, ვიმედოვნებდით, რომ ერთ-ერთ სარტყელში მოვხვდებოდით, ამ (თუ სხვა) მიზნით, ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთიც კი ვაშენეთ, რომელიც შენებისა და შემდგომ ეტაპებზე აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის უფრო იყო ხელსაყრელი (იმიტომ რომ ჩვენს რკინიგზას ართმევდა ტვირთებს, შესაბამისად, პორტებსაც), მაგრამ მოვახერხეთ, რომ ეკონომიკურად წაგებიანი სარკინიგზო მონაკვეთი კიდევ უფრო ზარალიანი გაგვეხადა კრედიტის გამო (არადა, წესითა და რიგით, ბაქოსა და ანკარისთვის შეგვეძლო, გადაგვებარებინა ხარჯები და აქვე მაინც შეგახსენებთ, რომ პროექტი წინა ხელისუფლების დროს შეთანხმდა, თუმცა არც ახლანდელებს უჩაუქიათ მაინცდამაინც).

ასე თუ ისე, რაკი ეს წუთისოფელი ზოგისთვის (დავამატებდი, დროსაც აქვს მნიშვნელობა) დედაა, ზოგისთვის – დედინაცვალიო, ფორტუნა თითქოს ჩვენ მხარეს შემობრუნდა, მაშინ, როდესაც უკრაინას სრულად აქცია ზურგი (ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ესაა მუდმივი), ვინაიდან ჩინური სააგენტოს („სინჰუა“) ცნობით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო (რუსეთის ტერიტორიაზე გავლა-გამოვლა უსაფრთხო არ არისო), ჩინეთმა პირველი საცდელი სარკინიგზო სატვირთო შემადგენლობა გამოუშვა გერმანიისკენ, ცხადია, რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით. მატარებელი, 42 კონტეინერით დატვირთული, ქალაქ სიანიდან 13 აპრილს გამოვიდა, ხოლო მას შემდეგ კი, რაც გადაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვას – ბორნით, აზერბაიჯანს, საქართველოს, ფოთის პორტიდან ბორნით – ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს (საერთო ჯამში 11 ათას 300 კილომეტრს) გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ჩავა. ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება ამ მატარებელს დანიშნულების ადგილამდე ჩასვლისთვის (და ხარჯის ოდენობაც – რფ-ის ტრამალებზე გადაადგილება უფრო მარტივია), იმედი ვიქონიოთ, რომ ობლის, ანუ ჩვენი, თუ მთლად ბოლომდე არ გამოცხვება, იმ კვერიდან ერთ ნაჭერს მაინც მოგვიციცქნიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი