პოლიტიკა

მიმობნეულები

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 23.02, 2021 წელი

რესპუბლიკელები
დაკოპირებულია

                                                               ანუ ხათუნა თავგადადებული

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დასავლეთი ამ ჩვენს ერთადერთ მედასავლეთეებად მოაზრებულ (თავიანთი აზრით) პოლიტიკურ პარტიებს უკიჟინებს, შედით და იმუშავეთ პარლამენტშიო, ჯერ არც ის გადაწყვეტილა საბოლოოდ, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი და მისი თანაპარტიელი არიან გამონაკლისი თუ სხვებსაც აქვთ გუმანში გაპარლამენტარება.

განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც 1-პროცენტიანი ბარიერის ან სხვა პარტიის სიაში ჩაწერის გარეშე ვერასდროს იხილავენ დეპუტატის სავარძელს. ასეთთა შორისაა „რესპუბლიკური პარტიაც“. თუმცა, მაგალითად, მათმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ (შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში იყვნენ „მიმობნეულები“) განაცხადა, ჯანდაბას ჩვენი (ანუ „რესპუბლიკელების“) თავი, მომყავს ზუსტი ციტატა: „თუ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე დარეგისტრირდება კანონპროექტი, „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, კენჭისყრის დროს სამი მოსმენით მხარი დავუჭიროთ.”

მეტიც, ოპოზიციონერ კოლეგებსაც იმავესკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით სხვების აზრი ჩვენვის უცნობია, მაგრამ, ვგონებ, ჩვენებური ბედკრული ამომრჩევლისთვის ცხადი შეიქნა, თუ რაოდენ თავდადებულია „რესპუბლიკური პარტია“, რომ განა ერთხელ, თვით სამჯერ მივა პარლამენტში; თან, ისეთი დიადი მიზნისთვის, როგორიც უბარიერო პროპორციული სისტემაა (ცხადია – რაკი ბაღის ასაკის არავინაა და ყველას გვესმის, რომ პარლამენტის სხდომაზე ერთხელ შესვლაც კი საკმარისია ხელფასების მისაღებად).

და თუმცა აშკარაა, რომ ასეთი „თავგანწირვისთვის“ ქ-ნი ხათუნა „თავგადადებულის“ სახელდებას იმსახურებს, ვფიქრობ, რაღა უბარიერო?! ბარემ სიცოცხლის ბოლომდე (ბრეჟნევის მოდელით) დავუმტკიცოთ პოლიტპარტიებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვამდე, ვინ სად იჯდება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი